5 თვის ორსული გოგოს მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. ახალგაზრდა ქალი საკუთარმა მეუღლემ იმსხვერპლა, რასაც მათი ერთი წლის შვილიც შეესწრო. ბუნებრივია, ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ დღესაც ძალიან ბევრი ქალია საფრთხეში. მათი გადარჩენა შესაძლებელია, თუ ოჯახის წევრები, ახლობლები, საზოგადოება დროულად გამოიჩენს ყურადღებას. რას ფიქრობენ ჩვენი მოქალაქეები ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.
"მშობლებო, თქვენი შვილები რომ გათხოვდებიან, გაიყვანეთ ჩუმად და დაელაპარაკეთ. უთხარით, რომ არასდროს დამალონ ძალადობა და ცუდი მოპყრობა, რომ ყოველთვის იქნებით მათ გვერდით და რაც არ უნდა მოხდეს, სულ შეეძლება მშობლებთან დაბრუნება. თუ ამას ეტყვით, სულ სხვა ზურგი ექნებათ… ასეთ დაჩაგრულ გოგოებს, მშობლების იმედი არ აქვთ ხოლმე და მაგიტომ მალავენ, რა აზრი აქვს, შერიგდიო, მეტყვიან, ოჯახი შეინარჩუნე, მეზობლები რას იტყვიან და ამიტომ არის ეს შედეგი… განსაკუთრებით მამების გულგრილი დამოკიდებულება უფრო უარესია. მამები არ დგანან თავის ადგილზე, არ აქვთ თავიანთ შვილებთან ახლო ურთიერთობა, ამ გოგონებისთვის მამა მარტო ფორმალური სტატუსია, რომლის უნდა ერიდონ და არანაირი იმედი არ ჰქონდეთ. ნარკომანებს და მოთამაშეებს უდგანან გვერდში მშობლები, სახლ-კარს რომ ყიდის, ისეთს, რადგან ბიჭს ყველაფერი ეპატიება და საწყალ გოგოშვილებს, რომლებსაც უდანაშაულოდ ამწარებენ ქმრები, ფეხებზე იკიდებენ. რომ მოკლავენ, მერე ვიშვიშებენ…" "მშობლები იმ სიმართლესაც ეუბნებიან შვილებს, რისი დანახვაც გოგონებს არ უნდათ. მაგალითად, არ გაჰყვნენ მას, ვინც მისი ღირსი არ არის, მაგრამ უსმენს ვინმე მშობელს? ასეთ დროს არ უნდათ მშობლების ჩარევა და რომ შეექმნებათ პრობლემები, მერე სჭირდებათ მშობლები და ახლობლები. "ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, მაგრამ მშობელს, რომელიც სიცოცხლეში შვილს გვერდში არ უდგას, ვერ გავამართლებ და ვერ შევიცოდებ. სანამ ტრაგედია არ მოხდება, რეაგირებას არავინ ახდენს." "საცოდავ გოგონებს წასასვლელი რომ არა აქვთ, მშობლების მხარში დგომის იმედიც არ აქვთ, იმიტომ ითმენენ და აი, ხშირად ასეთია შედეგი". "მოთამაშე, ნარკომან და ლოთი შვილის მშობლებს თავიანთი შვილისთვის ცოლი იმიტომ უნდათ, რომ ეს ჩვევები გამოასწოროს, "ცოლს მოიყვანს და აღარ იზამს”, "ცოლი დააყენებს გზაზე” - ასე ფიქრობენ. თავიანთი ვერ აღზრდილი შვილი რძალმა უნდა აღზარდოს თავიდან. რძალი უნდა იყოს ფსიქოლოგი და ფსიქიატრი. ამ აზროვნების ხალხი არსებობს". "დედამთილებს უნდათ, თავიანთ ლოთ, ნარკომან და მოთამაშე შვილებს რძალმა უთმინოს, უაროს და შესწიროს მთელი ცხოვრება, ასეთი შეგხვდა და რას იზამო". "საქართველოში კაცების 70% ერთი და იგივე მეთოდით არის "აღზრდილი”, აბა ვის უნდა გაყვე?! მაინც ყველა თითქმის ერთნაირია. ახლა რამდენი ბიჭი ვიცი, დადიან "სასტავებად”, ნარკოტიკებზე სხედან. იმდენნი არიან სათვალავი აგერევა… იქიდან რამდენმა გააფრინა, რამდენი გამოეკიდა დანით ცოლ-შვილს… წარმოუდგენლად გაფუჭდა თაობა, მაგრამ ამ თაობის ბრალი არაა ეგ, ძველმა თაობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამაში. 27 წლის ვარ და ჩემი ტოლებისგან ხშირად მომისმენია, მამები როგორ იკეთებდნენ წამალს სახლში და როგორ უსკდებოდათ ვენები… და ბოლოს ჩვენი ერი იმდენად მიჩვეულია, ლოთებს და ნარკომანებს, ეს პრობლემა არც გგონიათ, დიდი ამბავი ყველა სვამს და ყველა ნარკომანია, ეს აკერიათ და ამით თავს იმშვიდებენ." "სანამ ოჯახს შექმნით, გოგონებო, კარგად გაიაზრეთ, ვის უკავშირებთ ბედს. და კიდევ არსად გეჩქარებათ, არსად. ყოველთვის მოასწრებთ გათხოვებას. გაიზარდეთ და გააზრებულად გადადგით ნაბიჯი. გაიცანით მომავალი პარტნიორი ყოველი მხრიდან მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით და თუ მაინც არ გაგიმართლათ და მოძალადეს გადაეყარეთ, გაიქეცით და ნუ აუბედურებთ ნურც ოჯახს, ნურც საკუთარ თავებს. " "ბევრი გამიგია, როცა ოჯახებს, დედამთილს და მისთანებს კბილებით უჭირავთ ახალგაზრდა ოჯახები ტექსით: "ასეთი შეგხვდა და აბა რაუნდა ქნაო, მოითმინოო, დალაგებულო ვის რა აქვსო და სხვა მსგავსი მარაზმები. მერამდენე სიცოცხლე უნდა შეეწიროს ამნაირ მათხოვრებს" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.