"თუ ეტყვი, რომ ორსულად ხარ, გაიძულებს, აბორტი გაიკეთო... მერე ცოლს მოიყვანს და წლების შემდეგ კვლავ დაგიბრუნდება, "ლეგალური" საყვარლის სტატუსით..." - ონლაინრომანის გაგრძელება - მშობლები

"თუ ეტყვი, რომ ორსულად ხარ, გაიძულებს, აბორტი გაიკეთო... მერე ცოლს მოიყვანს და წლების შემდეგ კვლავ დაგიბრუნდება, "ლეგალური" საყვარლის სტატუსით..." - ონლაინრომანის გაგრძელება

2022-01-06 15:08:51+04:00

"მთვარის შვილი" - ონლაინრომანი

იხილეთ მესამე ნაწილი

* * *

...დილით ლიკამ ბარგი ნაჩქარევად ჩაალაგა, თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას გაურბოდა. ქვემოთ ტაქსი ელოდა. სადგურზეც მალე მივიდა, მიკროავტობუსში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა და დაადგა გრძელ გზას მშობლიური სოფლისკენ. ჟურნალები ჰქონდა წაღებული გულის გადასაყოლებლად, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მიიქცია მისი ყურადღება, ფიქრები სხვაგან დაქროდნენ და კონცენტრირებას ვერ ახდენდა... მერე მობილური მოიმარჯვა, ყურსაცვამები მიამაგრა და ხმამაღლა ჩართო მუსიკა, თითქოს ამით ცდილობდა ფიქრების გაფანტვას. ამანაც ვერ უშველა. ერთ წამს მისი მზერა ფანჯრის მინას შეეყინა და ერთგვაროვანი ლანდშაფტების ფონზე შორს წავიდა, წელიწად-ნახევრის წინ, ძველ, დაკარგულ, ტკივილნარევ, გარდაცვლილ გრძნობასთან...

...იმ დროს ირინა ჯერ კიდევ გურამთან ცხოვრობდა და ასე თუ ისე, ბედნიერი იყო. უქმეებზე ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ხან ლიკა შეუვლიდა სახლში, ხან - ირინა გამოუვლიდა, ანუკას დაავლებდნენ ხელს, რომელიც ლიკამ მონათლა, როგორც ირინას უახლოესმა და უსაყვარლესმა ადამიანმა, და სადმე გაისეირნებდნენ. როცა გურამს ეცალა, ისიც დაჰყვებოდათ, სახინკლეებში დაჰყავდა გოგოები, მთაწმინდაზე ასეირნებდა. ლიკას უხაროდა, რომ ირინამ როგორც იქნა "თავისი მამაკაცი" იპოვა და მათ გარემოში თავს თვითონაც ბედნიერად გრძნობდა.

ერთ-ერთი მორიგი "პიკნიკი" ირინამ და გურამმა საგულდაგულოდ დაგეგმეს. გურამს ლიკა ძალიან მოეწონა და თავისი უსაყვარლესი მეგობრისთვის, დიმკასთვის "შეიგულა". ირინამ, როგორც ერთგულ დაქალს შეეფერებოდა, ლიკას ყველაფერი უამბო, დაუხასიათა "წარმატებული ფეხბურთელი" და კარგი ბიჭი დიმა და საქმეც გაიჩარხა. ირინას რჩევას ლიკა ყოველთვის გულმოდგინედ უსმენდა. მიხვდა, თუ ირინას მოეწონა, მართლა კარგი ბიჭი იქნებოდა. თან იმ დროს მისი გული თავისუფალი იყო და რატომაც არ უნდა ეცადა?

დიმამაც გურამს მოუსმინა და სიამოვნებით მივიდა დანიშნულ დროს ირინას სახლში. ლიკა უკვე იქ იყო, გულის ფანცქალით ელოდა ამ შეხვედრას, რაღაც უცნაური წინათგრძნობა არ ასვენებდა - რატომღაც ეგონა, რომ ამ მამაკაცს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუკავშირდებოდა.

პირველი შეხვედრა ირინასა და გურამის თანდასწრებით შედგა. შესაბამისად, ახალგაცნობილები ცოტათი მორცხვობდნენ. ლიკა თავდახრილი, შიგადაშიგ ჩუმად აპარებდა მზერას დიმასკენ და მის მზერას თუ იჭერდა, ჭარხალივით წითლდებოდა. ორივეს მაინც მალე შეეტყო, რომ ერთმანეთით მოიხიბლნენ. ლიკა დიმას მწვანე თვალებმა ერთი ნახვით მონუსხა, დიმკას კი მის ფერფლისფერ თმებსა და ცისფერ თვალებზე შეუვარდა მაშინვე გული.

ის დღე საერთო გარემოში გაატარეს. საგურამოში გაისეირნეს, მდელოზე პატარა სუფრა გაშალეს. ლიკამ და ანუკამ ბევრი ითამაშეს, ანუკა გიჟდებოდა ლიკასთან ერთად გართობაზე. ასე კარგად ვერც ერთი მეგობარი ვერ უგებდა. ლიკა მისი ტოლი ხდებოდა და ყველა ახირებაში აჰყვებოდა ხოლმე.

მათმა ყირაზე გადასვლამ დიმაზე კიდევ მეტად იმოქმედა - ლიკა უფრო ბუნებრივი და უშუალო მოეჩვენა, ბავშვთან მისმა ურთიერთობამაც მოხიბლა. მერე კი, როცა მანქანიდან ბურთი გადმოიღეს და ლიკამ და ანუკამ ფეხბურთი გააჩაღეს, რასაკვირველია, თვითონაც ჩაერთო საქმეში. ირინა და გურამი ხის ქვეშ ისხდნენ, ირინას გურამის მხარზე მიედო თავი და თბილი ღიმილით შეჰყურებდა სამეულის გართობას.

მალე დიმამ ისიც აღმოაჩინა, რომ ლიკა მშვენივრად თამაშობდა ფეხბურთს. ლიკა გამოუტყდა, ბავშვობაში ვგიჟდებოდი ფეხბურთზე და სულ თავდამსხმელი ვიყავიო. დიმა კარში დააყენეს და ანუკამ და ლიკამ "მატაობა" გააჩაღეს. მერე ანუკა დაიღალა, მოშივდა, დედასთან მიირბინა წასახემსებლად, ახალგაცნობილმა წყვილმა კი თამაში მეტი აზარტით განაგრძო.

ამ თამაშ-თამაშში, ერთმანეთის ჯაჯგურში და ბურთის წართმევა-გატანაში კიდევ უფრო გახალისდნენ, გამხიარულდნენ და მეტადაც გაშინაურდნენ. რომ მოსაღამოვდა და წასვლის დრო დადგა, ორივეს ეტყობოდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშისგან ქანცგამოლეული და გაოფლილები იყვნენ, ქალაქში დაბრუნება აღარ უნდოდათ. მაშინ ორივე მიხვდა, რომ იმ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი დაიწყო მათ ცხოვრებაში...

ისინიც მიხვდნენ და ირინა და გურამიც. ამიტომ ქალაქში ჩასულებმა რაღაც საქმე მოიმიზეზეს, დიმა და ლიკა მანქანიდან ერთად გადმოსხეს, თვითონ კი გზა განაგრძეს - დიმას საშუალება მისცეს, ლიკა თავადვე მიეცილებინა სახლამდე.

ასეთი იყო მათი პირველი პაემანი - ემოციებით და მხიარული წუთებით დატვირთული. როცა სახეაწითლებული და თვალებგაბრწყინებული ლიკა შინ შევარდა და სარკის წინ დატრიალდა, დედამისსაც გაჰკრა გულში, რომ რაღაც ხდებოდა. დიმა კი ამ დროს მათი სადარბაზოს კართან იდგა და ახალ ემოციებზე გაშტერებული და გაღიმებული ფიქრობდა.

* * *

თითქმის ორი კვირა ისე გავიდა, დღე არ ჩაუგდიათ, ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. ორივე ყურებამდე იყო შეყვარებული. საღამოობით დიმა ლიკას სამსახურში აკითხავდა და მერე გვიანობამდე დახეტიალობდნენ. პირველი კოცნა ერთმანეთს ნარიყალაზე აჩუქეს, იქვე ჩამოსცვივდა ლიკას პირველი სიხარულის ცრემლები, დიმას ალერსიან თვალებში რომ ჩახედა და იქვე უთხრა პირველად, მიყვარხარო. დიმას არ უპასუხია, კიდევ მეტად ჩაიკრა გულში. მაშინ ლიკასთვის მის მიერ ნათქვამ ამ სიტყვას აღარც ჰქონდა რაიმე მნიშვნელობა, დიმას თვალები უკეთ მეტყველებდნენ ამაზე. და ის ბედნიერი იყო, უზომოდ ბედნიერი... თუმცა ბედნიერება ყოველთვის ცოტა ხანს გრძელდება...

ორ კვირაში დიმას ნანატრი მოწვევა მოუვიდა კვიპროსიდან - ერთ-ერთი გუნდის აგენტი გასასინჯად უხმობდა. ამ წინადადებაზე უარის თქმა არაფრით არ შეიძლებოდა, ეს შანსი იყო, წარმატებული კარიერის აწყობის შანსი. დიმასაც არ უთქვამს უარი.

წინა საღამოს ვნებიანად, ცრემლებითა და ალერსიანი სიტყვებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მეორე დილას კი დიმა კვიპროსში გაფრინდა.

ლიკა აეროპორტში არ მისულა, ეს დიმას სურვილი იყო. იქ მისი მშობლები და უახლოესი ადამიანები უნდა შეკრებილიყვნენ მის გასაცილებლად, ლიკას გამოჩენა, მისი აზრით, ჯერ ადრე იყო. ლიკას კი ძალიან დასწყდა გული, მაგრამ მის სურვილს დამორჩილდა და მთელი ის დრო, სანამ დიმა აეროპორტიდან თვითმფრინავში ჩაჯდებოდა, მერე სანამ კვიპროსამდე ჩააღწევდა, დაბინავდებოდა და იქიდან დაურეკავდა, ლოცვაში გაატარა.

* * *

დიმამ კვიპროსში ექვსი თვე დაჰყო. მთელი ექვსი თვე! ეს დრო ისე გაიწელა ლიკასთვის, იმდენად ხანგრძლივი მოეჩვენა ეს პერიოდი, ლამის დეპრესიაში ჩავარდა. კიდევ კარგი, წერილებს სწერდნენ ერთმანეთს და დიმა ხშირად ურეკავდა, თორემ გაგიჟდებოდა.

დედას ვერაფრით გაეგო მისი. როგორ შეიძლება, ორი კვირის გაცნობილ ადამიანზე ასე გადაირიო, რომ ცხოვრება მოიწამლოო. ირინასაც შესჩიოდა ხოლმე ნინო დეიდა, ლიკას ვეღარ ვცნობ, დღე და ღამ კომპიუტერს და მობილურს არის მიჩერებული, სულ მისგან ელოდება ამბებსო. ირინა ცდილობდა დაემშვიდებინა, უხსნიდა, რომ ლიკა პირველად იყო ასე სერიოზულად შეყვარებული, დედამისს ამშვიდებდა, დიმა ძალიან კარგი და წესიერი ბიჭია და ლიკას გულს არ ატკენსო. თუმცა ეს ვერ შველოდა საქმეს. ლიკა ხან საჭმელსაც კი არ ჭამდა, შეეძლო მთელი დღე ისე გაეტარებინა, დედისთვის ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა და ვერც კი გრძნობდა ამას. სულ ფიქრებში იყო ჩაძირული. მხოლოდ მაშინ უნათდებოდა თვალები, როცა მობილური დარეკავდა და საყვარელ ხმას გაიგონებდა, ან მის წერილს მიიღებდა და ათჯერ და ოცჯერ გადაბმულად კითხულობდა ერთსა და იმავეს.

დიმა ძირითადად იქაურ ამბებს უყვებოდა, ამხიარულებდა, ნაკლებად ლაპარაკობდა გრძნობებზე, პირობებზე და ა.შ. ლიკას ესეც სტკენდა გულს. ხვდებოდა, თვითონ მეტს გასცემდა, ვიდრე იღებდა. სულ არწმუნებდა საკუთარ თავს, მორიგი საუბრის დროს ნაკლებად გამოეხატა ემოციები, არ ეთქვა, როგორ უყვარდა და როგორ ენატრებოდა, მაგრამ როგორც კი მის თბილ ხმას მოისმენდა, სიტყვები და ემოციები თავისთავად გადმოდიოდნენ. დიმას სიამოვნებდა და გულით უხაროდა, რომ თბილისში საყვარელი ქალი ელოდა, ლიკა გრძნობდა, მასაც თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ რატომღაც ერიდებოდა ამ თემაზე საუბარს და თითქოს პასუხისმგებლობის აღებასაც. გულში ამართლებდა, ალბათ სიყვარულზე ფიქრი კარიერაში შეუშლის ხელს, მეტად გაუჭირდება იქ ყოფნა, თან ჯერ გაურკვეველია მისი მომავალი, დატოვებენ თუ არა, აქ ჩამოსვლას და საკუთარ გრძნობებში მეტად დარწმუნებასაც ელისო...

ირინა უფრო საღად აფასებდა მოვლენებს და მას მეტად არ მოსწონდა ეს ამბავი. ის ლიკასავით სიყვარულით არ იყო დარბმავებული და დიმას მხრიდან თავის არიდება ამგვარი რამეებისგან, არ სიამოვნებდა. თუმცა ლიკასაც ვერ ეუბნებოდა ვერაფერს. მხოლოდ აწყნარებდა და თან ცდილობდა ჩაეგონებინა, რომ დიმას ჩამოსვლამდე მეტისმეტად არ შეეტოპა გრძნობებში და იმედის კოშკები არ აეგო. ლიკა მშვიდად უსმენდა, თითქოს ეთანხმებოდა კიდეც, მაგრამ როგორც კი მარტო რჩებოდა, ცრემლები ადგებოდა თვალებზე. ბალიშის ქვეშ დიმას ერთადერთი ფოტო ედო, ინტერნეტით გამოგზავნილი, რომელსაც ღამ-ღამობით გულში იხუტებდა.

თვითონაც უკვირდა საკუთარი თავის. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთ დღეში აღმოჩნდებოდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. თავს ვერ ერეოდა, მის გულში აფეთქებული გრძნობა მასზე ძლიერი აღმოჩნდა და მთლიანად შთანთქა და გააბრუა. ერთი სამსახურში თუ პოულობდა შვებას, საბანკო ფურცლებში გახვეული მცირე ხანს ეთიშებოდა სამყაროს, რომელიც მთლიანად დიმათი იყო მოცული...

ამასობაში ოჯახური სიტუაციაც შეიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ. დედა იძულებული გახდა, სახლი გაეყიდა და იმ ფულით საბერძნეთში წასულიყო, საშოვარზე. ლიკა სამსახურში ასე თუ ისე კარგად მოეწყო, დააწინაურეს და ბინის ქირის გადახდას და საკუთარი თავის მოვლას თავისუფლად ახერხებდა. ამიტომ ნინო დეიდა უფრო მშვიდად გაემგზავრა სალონიკში, ძველ მეგობართან, რომელიც ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა. წასვლის წინ ირინას დაუბარა, ლიკას მიმიხედეო და მერეც ყოველდღე რეკავდა შვილის ამბების გასაგებად.

ამ პერიოდში ირინაც დასცილდა ქმარს და მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მეგობრები ისევ ერთმანეთის ამარა დარჩნენ, ერთმანეთის იმედად...

* * *

ექვსი თვეც გავიდა. დიმას გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ მათ "გუნდს არ ერგებოდა მისი თამაშის სტილი" და ნირწამხდარი და იმედგაცრუებული გამოუშვეს უკან. ისეთი განადგურებული დაბრუნდა, არავისთვის არ გაუგებინებია, რომ თბილისში მოფრინავდა. ერთი კვირა მთელ ქვეყანას გამოეთიშა. ლიკა უიმედოდ ელოდა მის ზარს, რაიმე ცნობას მის შესახებ. ირინამ შემთხვევით გაიგო, გურამის ძველი მეგობრისგან, რომ დიმას წასვლა წარუმატებელი აღმოჩნდა და შინ დაბრუნებულიყო. ლიკასაც უამბო, თან დააყოლა, გაუგე, ახლა არავისი თავი არ ექნება, ცოტა გონს მოეგოსო... ეს უფრო ლიკას დასაწყნარებლად, თორემ დიმას ამ ჟესტმა თვითონ საშინლად გააცოფა.

ლიკა კვლავ დაეთანხმა, კვლავ აქვითინდა მარტო დარჩენილი და გულში ისევ გაამართლა საყვარელი ადამიანი...

ერთი კვირის თავზე დიმამ, როგორც იქნა, ინება და დაურეკა. ხმა გაბზარული ჰქონდა, იმედგაცრუებული. ლიკამ არაფერი შეიმჩნია, ისე შეეგება ყურმილში, როგორც გამარჯვებულ ადამიანს. ისეთი გახარებული იყო მისი ზარით, თავი მეცხრე ცაზე ეგონა. მისმა თბილმა შეხვედრამ დიმაც გამოაცოცხლა, გაახალისა, მიხვდა, ახლა სწორედ ეს სტიმული და ეს სიხარული სჭირდებოდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა... იმავე საღამოს ესტუმრა მარტო დარჩენილ გოგონას სახლში...

ლიკას ახლაც მისხალ-მისხალ ახსოვდა პირველი გიჟური ვნება, ორივე რომ ერთიანად ჩაითრია. მკერდზე, კისერზე, წელზე მისი ცხელი თითების შეხება იგრძნო და მთელი სხეული აეწვა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა...

...გონს მოეგო და დამნაშავესავით მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს ვინმემ რამეზე წაასწრო. ტრანსპორტში ყველა მშვიდად იჯდა, მგზავრები თავ-თავიანთ ფიქრებსა და პრობლემებს ჩაღრმავებოდნენ, ლიკას დარდი არავის ჰქონდა. ისევ ფანჯარაში გაიხედა და მოგონებებში გადაეშვა...

...ირინას დიდხანს არ უმხელდა იმ ამბავს, რომ დიმასთან ასე დაახლოვდა და თანაც, მის სახლში. ეშინოდა, მეგობარს არ გაეკიცხა. არადა, დიმას გარეშე მართლა ვეღარ ძლებდა. თითქმის ყოველდღე, როგორც კი შებინდდებოდა, დიმა ჩუმად შეიპარებოდა ლიკას ნაქირავებ ბინაში. ორი საათი ისე ცხოვრობდნენ, როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი - ლიკა უმასპინძლდებოდა, ათასნაირ სასუსნავს ახვედრებდა, ეფერებოდა, ახალ ამბებს გულდაგულ გამოჰკითხავდა, ხან ტელევიზორს უყურებდნენ, მერე კი აუცილებლად ლოგინში ნებივრობით ამთავრებდნენ. ორ-სამ საათში დიმა ისევე უჩუმრად, ქურდივით გაიპარებოდა და სახლში ბრუნდებოდა, ბედნიერი და კმაყოფილი.

ერთ მშვენიერ დღეს "ბედნიერების პიკში" მყოფთ ირინა წაადგათ თავზე. იქვე ახლოს, გვერდით კორპუსში ყოფილიყო შემთხვევით სტუმრად და მეგობრის მოკითხვაც გადაწყვიტა. ლიკა ასეთ დროს მას არ ელოდა, ირინას ძირითადად უქმეებზე ხედავდა ხოლმე, ან შუა დღისას, შესვენებებზე ერთად წაიხემსებდნენ სადმე კაფეში და იჭორავებდნენ. ირინა ყოველთვის დატვირთული გრაფიკით ცხოვრობდა - პროცესები, პატიმრები, ციხეები, საოჯახო საქმეები, ანუკას სკოლის ამბები და ა.შ.

რაოდენ დიდი იყო ირინას გაოგნება, როცა ლიკა ოთახში შეუძღვა და იქ ოჯახის უფროსივით მშვიდი და კმაყოფილი სახით წამოსკუპებული დიმა დახვდა. ლიკაც მოულოდნელობისგან დამუნჯებულიყო, კართანაც ვერ გააფრთხილა მეგობარი, თუ რა ელოდა...

დიმა კიდევ უფრო დაიბნა. წამოხტა და მისალმებაც ძლივს მოახერხა. უხერხულობისგან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ერთ ადგილას ირწეოდა. ირინაც გაოცებული და გაშტერებული უყურებდა. უხერხულობის გასაფანტად ისევ მან მოძებნა გამოსავალი, ნაძალადევად გაუღიმა დიმას, მოიკითხა და ტელეფონთან მივიდა, სახლში დავრეკავ, ანუკას და მზიას გავაფრთხილებ, რომ აქ ვარ, არ ინერვიულონო.

სანამ ის ტელეფონზე ლაპარაკს უნდებოდა, დიმა გონს მოეგო, ლიკაც ცოტა დაწყნარდა. შეყვარებულს სასწრაფოდ მოუტანა ქურთუკი, ისიც ირინას ნაჩქარევად დაემშვიდობა, კართან ლიკაც უხერხულად გადაკოცნა და ჩუმად გაიძურწა.

ლიკა მხრებაწურული დაბრუნდა ოთახში, იცოდა, უსიამოვნო საუბარი ელოდა.

* * *

ირინას არც უცლია გონს მოსვლა, მაშინვე დაფეთებული ეცა:

- არ მითხრა, რომ დიმა აქ დიდი ხანია დადის...

ლიკამ თავი მორცხვად დახარა. ხმა ვერ ამოიღო.

- ჰმ, და მე ამდენ ხანს არ მითხარი... - სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და ნერვიულად გააბოლა.

- ვიცოდი, რომ არ მომიწონებდი... - ლიკა მძიმედ დაეშვა სავარძელზე.

- ჩემი მოწონება რა შუაშია?.. დედაშენს რა უნდა უთხრა? - ნერვიულად ჩააფერფლა და განაგრძო, - უფრო სწორად, რა უნდა ვუთხრათ, პატიოსნად დაგტოვა მარტო, იმედიანად, შენ კი...

ლიკა ისევ დუმდა.

ირინამ ბოლთის ცემა დაიწყო.

- არა, ეს კაცები ყველანი დეგენერატები არიან... რამეს მაინც გპირდება? რა სტატუსით დადის?

ლიკას თვალებზე ცრემლები მოადგა.

- არაფერს არ მპირდება... რას მპირდება, ისიც კი არ უთქვამს ამდენ ხანს, რომ ვუყვარვარ, - ბოლო სიტყვის თქმაზე აქვითინდა.

ირინა კიდევ უფრო გადაირია.

- როგორ გეტყვის, პასუხისმგებლობას როგორ აიღებს საკუთარ თავზე? მაგას არ ურჩევნია, საყვარელივით იძრომიალოს აქ?.. რა ახვარი ყოფილა!

ნერვებმოშლილმა ახლა მაგიდასთან მდგარი სკამი გამოსწია და იმაზე ჩამოჯდა.

- ახლა არ მითხრა, რომ თავსაც არ იცავ?

ლიკამ ტირილ-ტირილით ამოთქვა:

- ყოველთვის არა...

- ლიკა, ნუ გამაგიჟე! - ლამის იყვირა ირინამ, - ჩემი მაგალითი არ არის საკმარისი შენთვის? რატომ ინგრევ ცხოვრებას, რატომ? ეგ მასე ივლის, რაკი ამდენ ხანს ვერ მოაბა თავი ვერაფერს და ბოლოს დაგტოვებს გაღიმებულს...

ლიკამ მავედრებელი თვალებით შეხედა.

- არა, ირ, ცოტაც და ვიცი, რომ რაღაც ჩარჩოებში ჩაჯდება ჩვენი ურთიერთობა, უბრალოდ, ასე მოხდა... ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებს, ვიცი, რომ მართლა ვუყვარვარ, უჩემოდ ვეღარ ძლებს ვერც ერთი დღე, მაგრამ უსიტყვოდ ურჩევნია, რომ ამას მივხვდე...

- როგორ გაძლებს უშენოდ, უფასოდ უშოვია ქალი, მყუდრო და თბილი კერა, - ირონიულად ჩაიცინა ირინამ.

- ნუ ხარ ასეთი დაუნდობელი, გეხვეწები, ისედაც გულზე ვსკდები, სერიოზულად რომ დავფიქრდები საკუთარ თავზე... ჩამითრია ამ ყველაფერმა და ვეღარ გამოვძვერი... - ლიკა წამოდგა, უჯრიდან ცხვირსახოცი ამოიღო და თვალები შეიმშრალა.

ირინა ცოტა მოლბა. ლიკას მიუახლოვდა, ხელები შემოხვია, ჩაეხუტა.

- კარგი, არ გეწყინოს, უბრალოდ, გავცოფდი, აქ ასე ნებიერად წამომჯდარი რომ დავინახე, არ მინდა, ვიღაცამ გამოგიყენოს და მერე... - თვითონაც ცრემლები მოაწვა თვალებზე, - ხომ იცი, მე როგორ ვარ და როგორ ამერია ცხოვრება, ნუ ჩაიგდებ თავს ჩემს დღეში, გთხოვ.

...და თვითონაც გულიანად ატირდა.

* * *

ამ ამბის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა, სანამ ერთ დღესაც ლიკამ შეშფოთებულმა არ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო...

დიდხანს ფიქრობდა, როგორ ეთქვა ახალი ამბავი დიმასთვის, თან ასეთ სიტუაციაში, როცა მათი ურთიერთობა აბსოლუტურად გაურკვეველ ფაზაში იყო შესული. დანამდვილებით იმასაც კი ვერ ამბობდა, თუნდაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, რომ დიმა მისი შეყვარებული იყო, მით უმეტეს, საქმრო.

გადაწყვიტა, რჩევა ისევ საუკეთესო მეგობრისთვის ეკითხა. ირინას რეაქცია შედარებით მშვიდი იყო. ლიკას გაუკვირდა კიდეც, იმდენად მშვიდი.

- ეჰ, ლიკ, მას მერე, რაც დიმა ვნახე შენთან წამოსკუპებული, უკვე ველოდი ამ ამბავს, - ღრმად ამოიოხრა ირინამ, როცა თავიანთ საყვარელ კაფეში ჭიქა ყავასთან ამცნო ლიკამ ახალი ამბავი.

მცირე ხანს ორივე დუმდა. ლიკას წაშლილი ჰქონდა სახე, სრულ გაუგებრობაში მოხვედრილიყო და აზრზეც ვერ მოდიოდა, რა უნდა ექნა. ირინა გამოსავლის ძიებაში ჩაფიქრდა, გონებას უხმო და ათასგვარი ვარიანტი გადახარშა უცებ თავში.

- მისმინე, ახლა ნერვიულობას და თავში ხელების რტყმას აზრი არ აქვს, რამე უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ... - საქმიანად წამოიწყო, - ჯერ ის მითხარი, დიმას საქციელიდან გამომდინარე, შენი აზრით, გაუხარდება ეს ამბავი?

ლიკა წამოწითლდა, თვალები აუწყლიანდა.

- ირ, მაგაში რომ ვიყო დარწმუნებული, რომ ეს ამბავი გაახარებს, როგორ ფიქრობ, პირველ რიგში მას არ ვეტყოდი?

- თუ საერთოდ ოდესმე ფიქრობს, რომ ცოლად მოგიყვანოს და თქვენს ურთიერთობებს სერიოზული სახე მისცეთ, ეს ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა და სწორედ ახლაა ამის დრო. იქნებ მოვიდეს გონს და დაფიქრდეს, გადაწყვეტილებაც მიიღოს?!

ლიკამ ისევ ამოიოხრა:

- შენი თქმის არ იყოს, აქამდე რომ სდომოდა რაიმეს გარკვევა, ამდენი ხანი გაარკვევდა... თან... თან... - აქ მცირე ხანს შეჩერდა და თავი ჩაღუნა.

- რა იყო, კიდევ რამე არ ვიცი? - ირინა ჩაეძია.

- ჰო, არ იცი... - დამნაშავესავით შეხედა ლიკამ, - არც ისე დიდი ხნის წინ სერიოზული საუბარი გვქონდა, მე არ წამომიწყია ოღონდ... თვითონ მიამბო, როგორ ურიგებს დედამისი ვიღაც მდიდარ, ინტელიგენტურ ოჯახში გაზრდილ გოგოს...

- მოიცა, მოიცა, და მაგ დეგენერატმა ეს შენ გითხრა? - ირინას გაცოფებისგან თვალები ლამის გადმოსცვივდა.

- ჰო, შემომჩივლა...

- შემოგჩივლა კი არა, თადარიგი დაიჭირა, მერე რამე რომ იყოს, უკვე "გაიასნებული" მექნება საქმეო - მაგათი ენით რომ ვთქვათ... - სიგარეტის კოლოფი ნერვიულად გახსნა, ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა, - ყველანი ერთნაირები არიან, ათასი მომისმენია მასეთი ამბავი... არა, ისევ ჩემ თავზე ვბრაზობ, როგორ ვერ ამოვიცანი ეს ბიჭი, როგორ ვერ მივხვდი, ვინც იყო, რა ძალა მედგა, რომ გურამს ავყევი და გაგაცანი...

- კარგი რა, ირ, მე ვიყო შტერი, შენი რა ბრალია. თავიდანვე უნდა მივმხდარიყავი, რომ მასთან სერიოზული არაფერი გამოვიდოდა... ახლა, რაც უკეთ გავიცანი, დავრწმუნდი, რომ ნამდვილი დედიკოს ბიჭია. მის გარეშე ნაბიჯს არ დგამს... - ლიკამ კოვზის ტრიალი დაიწყო აკანკალებული თითებით, - იცი, ერთხელ ისიც წამოსცდა, რომ დედამისთან ჩემზე უთქვამს, ჯერ კიდევ კვიპროსში წასვლამდე. ეტყობა, გატაცებული რომ იყო და გახარებული, მასაც ახარა.

- მერე, რაო, ქალბატონმა?

- როგორც დიმას არეულ-დარეული ლაპარაკით გავიგე, დედამისს მისთვის უფრო შეძლებული და წესიერი ქალი უნდა.

- გოგო, რა გჭირს შენ უწესობის? - ირინა ისევ წამოენთო.

- ო, იმდენი ჩახლართული რაღაც არის აქ... - ლიკამ ირინას მზერა აარიდა და ისევ განაგრძო, - მე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, მარტოკა, მამა არ მყავს, დედაჩემი სადღაც არის გადახვეწილი, არც მდიდარი ვარ და არც ინტელიგენტურ ოჯახში გაზრდილი. გარდა ამისა, ჩვენ ერთმანეთი გურამმა გაგვაცნო, რომელიც დედამისისთვის ყოველთვის არეული ცხოვრების და მის შვილზე ცუდი გავლენის მოხდენის საშიშროების სიმბოლოა, და კიდევ... - აქ ლიკა გაჩერდა.

ირინას ირონიულად გაეღიმა და თავადვე განაგრძო:

- და კიდევ, ჩემი დაქალი ხარ. მე კი, მით უმეტეს, დიმას დედის თვალში, თუ მასეთი მენტალობა აქვს, ვიქნები ჩამოყალიბებული ბოზი, რომელიც უცხოეთში წავიდა, ზანგისგან დაორსულდა, მერე გურამისნაირ ნარკომანს გადაეკიდა... გასაგებია, ლიკა, ნუღარ გააგრძელებ. თუ დედამისი ასე ფიქრობს და თუ დიმა დედის კალთას ასე არის მიბმული, მაშინ შანსი არ ყოფილა არაფრის... კაცებს ისედაც უჭირთ დამოუკიდებლად მსგავსი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, შენს შემთხვევაში კი კიდევ უფრო უარესად ყოფილა საქმე...

ისევ დუმილი ჩამოწვა, რომელიც რამდენიმე წუთში კვლავ ირინამ დაარღვია:

- თუ გინდა დაგენაძლევები, ახლა რასაც იზამს... თუ ეტყვი, რომ ორსულად ხარ, ყველანაირად გაიძულებს, რომ მოიშორო, თან დაგპირდება, ამით ჩვენი ურთიერთობა არ დასრულდება, უბრალოდ, ახლა ჯერ ადრეაო... მერე თანდათან იშვიათად მოგაკითხავს, მერე მხოლოდ რამდენჯერმე დაგირეკავს, ბოლოს სულ დაიკარგება...

ლიკამ ამოიოხრა... სიმართლე მეტისმეტად მწარე იყო.

- მერე კიდევ იცი რა იქნება? - და თვითონვე გასცა პასუხი თავის შეკითხვას, - დედიკოს მიერ შერჩეულ ცოლს მოიყვანს, ოჯახს შექმნის და მაშინ გააცნობიერებს, რომ შენ მეტი მართლა არავინ ჰყვარებია, რომ შენ მისთვის ერთადერთი ქალი ხარ... დაგიახლოვდება, მუხლებზე დამხობილი გთხოვს შერიგებას და ისევ ასე, შებინდებულზე შემოიძურწება ხოლმე შენს სახლში, უკვე "ლეგალური" საყვარლის სტატუსით, ღამით კი თავის ცოლთან დაბრუნდება და ვალმოხდილი, ბედნიერი და კმაყოფილი განაგრძობს ცხოვრებას... აი, ყოველივე ამის შედეგად დაზარალებული, უბედური და თავმოყვარეობაშელახული ვინ დარჩება, მაგის გამოცნობას დიდი ნიჭი არ სჭირდება...

ლიკას თვალზე კურცხალი ჩამოუგორდა:

- ვინ და... მე.

- რასაკვირველია, შენ... ასე რომ, კარგად დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. მე შენს პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევი და ვერ გეტყვი, ასე და ასე მოიქეცი-მეთქი, მე შემიძლია გირჩიო და ჩემი ვარაუდები გამოვთქვა. საკუთარი არჩევანი უკვე გავაკეთე და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება დავინგრიე, მაინც ბედნიერი ვარ, რომ შვილი მყავს და საყვარელი საქმეც მაქვს. მაინც არ ვნანობ, რომ ყველაფერი ასე მოხდა... შენ შენი არჩევანი გელის ახლა წინ და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი, რაც გითხარი, არ გამართლდება, დიმა უფრო ღირსეული ადამიანი აღმოჩნდება და მხარში ამოგიდგება...

- ღმერთმა გისმინოს, - ჩაიჩურჩულა ლიკამ და თვალებზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.

* * *

სამწუხაროდ, რეალობა მართლაც მწარეა უმეტესწილად და ირინას წინასწარმეტყველება თითქმის ზუსტად ახდა.

დიმამ ახალი ამბავი რომ გაიგო, ისე შეშინდა და თითქოს დაპატარავდა კიდეც ერთ წამში მოულოდნელობისგან, ლიკას უფრო შეეცოდა, ვიდრე გაბრაზდა მასზე. იმ წუთას ისიც კი ვერ უთხრა, რა შეიძლებოდა მოემოქმედათ, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თითქოს სხვისი საყვარელი ქალისა და სხვისი მომავალი შვილის ბედს წყვეტდა. ამის მერე არავინ იცის, მის "მოფიქრებაში" ჩაერია თუ არა დედამისი, მაგრამ ორ დღეში განადგურებული სახით მიადგა ლიკას და თითქმის სიტყვა-სიტყვით უთხრა ის ყველაფერი, რაც ირინამ ივარაუდა. ერთი ის იყო განსხვავება, რომ სიყვარულით დაბრმავებულ ლიკას მაინც იმედის ნაპერწკალი გაუჩინა დიმას მონოლოგმა, განსაკუთრებით საფინალო ნაწილმა, "ჯერ ადრეა, ყველაფერი წინ გვაქვს და მერე გავაჩინოთ შვილებიო". წყალწაღებულივით მოეჭიდა ამ ჰაერში გაფანტულ დაპირებას, მეორე დღეს კი დიმასთან ერთადვე, მის მიერ შერჩეულ (ან იქნებ დედამისის?) კერძო კლინიკაში გამოემშვიდობა თავისი პირველი სიყვარულის პირველ ნაყოფს.

კლინიკიდან გამოსული, გათეთრებული და ქანცგამოლეული, შიშისგან ასევე გაფითრებულ და კურდღელივით შეშინებულ დიმას მხარზე მიეყრდნო და გულამოსკვნილი ატირდა. თუმცა მომავლის იმედი არ გაჰქრობოდა, მით უმეტეს, რომ საყვარელი ადამიანი ჯერ კიდევ გვერდით ჰყავდა...

იმ საღამოს დიმა შინ არ გაძურწულა, დილამდე მასთან დარჩა... მთელი ღამე ეფერებოდა, გულში იხუტებდა, სასიყვარულო და მანუგეშებელ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა. მხოლოდ მერე მიხვდა ლიკა, რომ ასე ემშვიდობებოდა... თავის საყვარელ ქალს ემშვიდობებოდა, რომელიც მართლა გიჟურად უყვარდა, მაგრამ ცხოვრება და რეალობა ამ სიყვარულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა...

დილას ლიკამ ალერსიანად და სიყვარულით სავსე თვალებით გააცილა დიმა. ისიც, წავიდა და წავიდა. ერთი კვირა არ გამოჩენილა, მხოლოდ ორჯერ დაურეკა, ძალიან ყალბი ხმით მოიკითხა და საქმეები მოიმიზეზა. მეორე კვირაც რომ დადგა და დიმას "საქმეები" არ დამთავრდა, ლიკა მიხვდა, რომ მწარედ შეცდა. მიხვდა, რომ მთელ მსოფლიოში მიმოფანტული უამრავი ქალის ბედი გაიზიარა და მორიგი უსუსური მამაკაცის მსხვერპლი გახდა. ისღა დარჩენოდა, ისევ მეგობრის მხარზე ექვითინა. ირინას მეტი ამქვეყნად თითქოს აღარავინ ჰყავდა. დედა ისე შორს იყო, მასთან თავის უიღბლობაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა. კაცმა რომ თქვას, ერთადაც რომ ცხოვრობდნენ, მაშინაც ვერ ახერხებდა დედასთან მეგობრობას, ვერ იყო მასთან გულახდილი.

დედას არასდროს არაფერი მოუკლია მისთვის, რაც კი ლიკას უნდოდა, ყველაფერს უსრულებდა, მუდამ მხარში ედგა, წელებზე ფეხს იდგამდა, უზრუნველყოფილი რომ ჰყოლოდა, მაგრამ ლიკას მასში მუდამ მეტის დანახვა უნდოდა. დედაში მეგობარს და აზრების გამზიარებელს ეძებდა, რჩევის მომცემს. დედას კი ამისთვის არასდროს არ ეცალა, ან უბრალოდ, არ შეეძლო, სხვანაირი ადამიანი იყო. ქმართანაც არ ჰქონდა "გრძნობისმიერი" ურთიერთობა. თითქოს ჩვევის გამო ცხოვრობდნენ ერთად. ლიკას არასდროს სჯეროდა, რომ მისი მშობლები სიყვარულით შეუღლდნენ. დინებას უფრო მიჰყვებოდნენ. მშვიდად, ჰარმონიულად, წყნარად, მოწესრიგებულად და მოზომილად ცხოვრობდნენ, მაგრამ ემოციებისა და სიყვარულის, ურთიერთგაგების გარეშე.

დედა გულდახურული იყო, საკუთარი ემოციების გამოხატვა, გულისხმიერი საუბარი არ ახასიათებდა. უფრო მოწყენილი და ცოტათი ცივიც კი ეჩვენებოდა შვილს და ხშირად ეცოდებოდა კიდეც.

მამას წლების განმავლობაში ორმაგი ცხოვრება ჰქონდა - ლიკამ მხოლოდ მოგვიანებით, ცოტა წამოზრდილმა ერთ-ერთი თანაკლასელისგან გაიგო, რომ თითქმის შეუღლების დღიდან სხვა ქალთანაც დადიოდა და უფრო მეტიც - მასთანაც ჰყავდა შვილი. ლიკასთვის, მაშინ 14-15 წლის გოგონასთვის, ეს იმდენად მტკივნეული სიახლე აღმოჩნდა, ნერვები ვერ მოთოკა, გაგულისებული და გაცოფებული მივარდა სახლში და დედას საშინელი ისტერიკის სცენა მოუწყო, მამა ამდენი ხანია გატყუებს და რატომ არაფერს იღონებო. რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როცა დედამ მშვიდად უპასუხა, ყველაფერი ვიციო და გოგონასთვის კიდევ მეტად გასაოგნებლად ისიც დასძინა, მამაკაცების ნახევარზე მეტი ასე ცხოვრობს და მაგის გამო ოჯახს ვერ დავანგრევო. ამ საუბარმა დედა-შვილს შორის დისტანცია კიდევ უფრო გაზარდა.

ლიკა ირინას დაუახლოვდა და მას შეაფარა თითქოს თავი - ირინასთან ყველაფერზე შეეძლო საუბარი, მეგობარი ყოველთვის კარგ რჩევას აძლევდა. დედასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა, მშვიდი, წყნარი, მაგრამ ეს ის არ იყო, რას მას უნდოდა.

რაც შეეხება მამას, მასთან ამ თემაზე არც ულაპარაკია. მასთანაც არასდროს ყოფილა ძალიან ახლოს, მამა ყოველთვის თავის საქმეებში და თურმე, მეორე ოჯახშიც ყოფილა ჩართული. რაღას მოსთხოვდა?! ნახევარძმის თუ ნახევარდის გაცნობის სურვილიც არ გასჩენია. არც სქესით დაინტერესებულა ოდესმე. მხოლოდ ერთხელ, ისიც მისი ნების გარეშე, მოხდა მისი და მისი "მამის შვილის" გაცნობა.

როდესაც მამა გარდაიცვალა, მის პანაშვიდებზე უამრავი ადამიანი მოდიოდა, რამდენჯერმე მისი "მეორე ქალიც" იყო, რომელიც ლიკას დედაზე უფრო გულამოსკვნილი ტიროდა და მეტად განადგურებული სახეც კი ჰქონდა. მის სახეზე ლიკამ ამოიკითხა, რომ მას ნამდვილად უყვარდა მამამისი და იქნებ მასთან უფრო ბედნიერადაც კი გრძნობდა თავს, ვიდრე კანონიერ ცოლთან... როგორც მერე გაირკვა, შვილიც დადიოდა პანაშვიდებზე, თუმცა ლიკას ვერავინ შეჰბედა რაიმეს თქმა. გასვენების დღეს კი ერთმა მეტიჩარა ნათესავმა მოინდომა "ჭეშმარიტების აღდგენა" და ერთი მამის შვილების, ერთი სისხლის მქონე ადამიანების ერთმანეთისთვის წარდგენა. ასე გაიცნო, სპონტანურად და უცნაურად ლიკამ თავისი უმცროსი და - მაშინ 15 წლის გოგონა, რომლის სახელი არც კი დაუმახსოვრებია. იმ გაცნობის შემდეგაც აღარ დაინტერესებულა მისით. რატომღაც "სისხლის ყივილი" არ ჰქონია, არ გასჩენია ნათესაური განცდები ამ გოგონას მიმართ, რომელთანაც მამამისი მთელი ცხოვრება ანაწილებდა გრძნობებსა და ემოციებს, იმ გრძნობებს და ემოციებს, რაც ლიკას ეგონა, რომ მთლიანად მას ეკუთვნოდა და მას მოაკლეს...

ამ ყველაფრის ფონზე მშობლები კიდევ უფრო უცხოები გახდნენ მისთვის. ლიკა მთლიანად ირინას მიეწება. მერე კი, როცა ორივე დაქალდა, სხვა ათასი პრობლემა და სადარდებელი გაუჩნდათ, როცა ირინა მშობლებმა საერთოდაც უარყვეს "ცხოვრებისეული შეცდომების" გამო, როცა ლიკას მამა გარდაეცვალა, დედა კი საზღვარგარეთ წავიდა, ერთმანეთის ამარა დარჩნენ, მეტად ჩაეჭიდნენ ერთმანეთს და დედმამიშვილიც შეუცვალეს და მშობელიც.

...ახლაც დედასავით მიეფერა მეგობარი და გულიანად იქვითინა მასთან ერთად. საყვედური არც კი დასცდენია, ეს ლიკას არჩევანი იყო, მისი ცხოვრება. მასთან ერთად გამოიტირა ლიკას გაცრუებული სიყვარული და მისი დაკარგული შვილი, მასთან ერთადვე საიდუმლოდ შეინახა ეს ამბავი.

* * *

დიმა ცოტა ხანს კიდევ რეკავდა, თუმცა ლიკა მის ზარებს აღარ პასუხობდა. დიმამაც ალბათ გული დაიწყნარა, აღარ სჭირდებოდა მხოლოდ ვალდებულების მიზნით მასთან საუბარი და საკუთარი თავის ტანჯვაც. თანდათან ლიკაც დაწყნარდა, დამშვიდდა, მერე კი, ყველაფერი რომ გააანალიზა, მოიფიქრა, რომ ასე უთქმელად და პასუხის მოუკითხავადაც არ შეიძლებოდა დიმა "გაეშვა". უნდოდა, სახეში შეეხედა და ცოტათი მაინც შეერცხვინა მისი საქციელის გამო. თუნდაც გული მოეფხანა, ოდესმე მაინც ხომ უნდა მდგარიყო თავის ადგილზე და ასე სულელურად არ დანებებოდა მის ნებასურვილს.

ცოტაც რომ იფიქრა, მიხვდა, პირისპირ საუბარს მაინც ვერ შეძლებდა - თვალებში რომ ჩახედავდა, ან ტირილი აუვარდებოდა და ვეღარაფერს ეტყოდა, ან შეიძლება კიდევ ერთხელ ეპატიებინა... ამიტომ საბოლოოდ გადაწყვიტა, წერილი დაეწერა და დიმასთვის გადაეცა. წერილობით უფრო კარგად ჩამოაყალიბებდა საკუთარ აზრებს, გულისტკივილს... ლაპარაკის დროს შეიძლებოდა რაღაც გამორჩენოდა, ის, რაზეც ამდენ ხანს ფიქრობდა და ალაგებდა თავში. უნდოდა, მთლიანად გამოეთქვა საკუთარი გულისტკივილი, დაცლილიყო...

მთელი ღამე წერდა. როგორც იქნა, დაწერა ის, რაც უნდოდა და როგორც უნდოდა. რამდენჯერმე გადაიკითხა, საკუთარი ცრემლებიც მიაყოლა თან. მერე კონვერტში ჩადო და დილას, უკვე დამშვიდებულმა და ემოციებისგან დაცლილმა, დიმას ნომერი აკრიფა.

ძალიან შეშფოთებული და შემცბარი ხმით უპასუხა. აშკარად აღარ ელოდა მის ზარს. ლიკამ ყველანაირად სცადა, ნერვები მოეთოკა და ცივად ელაპარაკა. ორი სიტყვით უთხრა, შენი ნახვა მინდა და იქნებ ამ დღეებში შემხვდეო. დიმაც მიკიბულ-მოკიბულად დაჰპირდა, შეგეხმიანებიო. ლიკას ეგონა, შეიძლება აღარც დამირეკოს და ყველანაირად აარიდოს თავი მორიგ შეხვედრასო, ესეც არ იყო გასაკვირი უკვე მისგან. მაგრამ მისთვის მოულოდნელად, მეორე დღეს, დილასვე დარეკა ზარმა.

უფრო მობილიზებული და მშვიდი ხმა ჰქონდა:

- ლიკა, მე ვარ... გუშინდელთან დაკავშირებით...

- ჰო, მოიფიქრე? - მოკლედ და ცივად მოუჭრა ლიკამ. მამაცურად თამაშობდა "მაგარ" და "უემოციო" ქალს.

- დღეს გცალია?

- კი, რასაკვირველია.

- მაშინ, იქნებ დღეს ჩემთან ამოხვიდე, სახლში.

ლიკა ყველაფერს ელოდა, მაგრამ არა ასეთ პასუხს. სულ დაიბნა. სახლში დიმას არასდროს მიუპატიჟია. ვერაფრით გააცნობიერა, რატომ იხმობდა შინ. მოულოდნელობისგან შეკითხვის შებრუნებაც ვერ მოახერხა. დაბნეულივე დათანხმდა, კარგიო.

ყურმილი რომ დაკიდა, თავში აერ-დაერია ყველაფერი. ნუთუ იმიტომ დაპატიჟა შინ, რომ ბოლოს და ბოლოს დადგა ის ნანატრი დრო, როცა მშობლებისთვის უნდა წარედგინა საყვარელი ქალი? ნუთუ ბევრი ფიქრის შემდეგ დიმამ გადაწყვიტა, რომ ლიკას გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო და მისთვის ბრძოლაც გაბედა? იქნებ დედაც დაითანხმა?! მაშ სახლში რატომ იწვევს? სადმე გარეთ შეხვდებოდნენ ერთმანეთს... "ნეიტრალურ ტერიტორიაზე"... მაგრამ უკვე გაფუჭებულ საქმეს რა ეშველება? იმ პაწიას, რომელიც მის მუცელში ჩასახლდა და ასე სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე, ვინღა უშველის? არა, არა, ახლა კიდევ ახალ პაწიებს გააჩენენ, ბედნიერად იცხოვრებენ, გამოისყიდიან ამ დიდ დანაშაულს, სიყვარულით და ურთიერთგაგებით...

ლიკას საოცარი იმედი მიეცა. თვალებში უწინდელი სხივი ჩაუდგა. სარკის წინ დატრიალდა ბედნიერი, კარადიდან ორი თვის წინ დიმას მიერ ნაყიდი კაბა გადმოიღო, სწრაფად გადაიცვა. ფერფლისფერი თმა გაიშალა, სულ ცოტა ფერუმარილი წაისვა ლოყებზე, მაღალ ქუსლებზე შედგა... ირინას მოკლე მესიჯი გაუგზავნა: "ირ, მგონი რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვი ამ საღამოს, ამჯერად არა უსიამოვნოს:)". მეგობრის პასუხს აღარ დალოდებია, ტელეფონი გამორთო, რომ არავის არ შეეწუხებინა ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისას და ლამის ფრენა-ფრენით გავიდა შინიდან.

...კარი დიმამ გააღო. გამხდარი და ფერმკრთალი მოეჩვენა, თვალებიც ჩამქრალი ჰქონდა თითქოს. ლიკას დანახვაზე სახე ოდნავ გაუნათდა:

- რა ლამაზი ხარ... როგორც ყოველთვის, - და ინსტინქტურად, ისე როგორც ყოველთვის, მის საკოცნელად გაიწია. ლიკასაც ამ ჟესტმა კიდევ მეტი იმედი ჩაუსახა, თუმცა დიმა უცებვე მოეგო გონს. ლიკას აღარ შეხებია, ისე შეყოვნდა, სახე კვლავ ცივი გაუხდა, თვალები ჩაუქრა და მშვიდად თქვა:

- შემოდი, შემოდი.

ლიკას გული ამოვარდნაზე ჰქონდა ნერვიულობისგან. ელოდა, რომ შინ მთელი ოჯახი დახვდებოდა. მათზე კარგი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა, დიმას მიერ მის შესანარჩუნებლად დაწყებული ბრძოლა (როგორც თვითონ წარმოიდგინა), მასაც უნდა გაეგრძელებინა... საკუთარი სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის ებრძოლა. თუნდაც ახლა, ძალიან გვიან, როცა მისი პაწია ჯერარდაბადებული არსება უკვე მსხვერპლად შეეწირა ამ მოლოდინს... მაგრამ...

ჯერ დერეფანი გაიარა, მერე სასტუმრო ოთახში შევიდა და ვერსად ვერავის მოჰკრა თვალი. არც საიდანმე ისმოდა ვინმეს ხმა. შინ აშკარად მხოლოდ დიმა იყო.

გაკვირვებულმა მოათვალიერა ცარიელი ოთახი.

- შენები არ არიან სახლში?

დიმამ კიდევ მეტად გაკვირვებულმა უპასუხა:

- შინ რომ ყოფილიყვნენ, აქ ხომ არ დაგიბარებდი?!

ლიკას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. ერთ წუთში გაიყინა და გაშეშდა. ყველა იმედი ერთბაშად გაუცრუეს და ძლივს შეკოწიწებული ოცნების ერთადერთი კოშკიც დაუნდობლად დაუნგრიეს.

- ჰო, რასაკვირველია, მაგ შემთხვევაში შინ არ დამიბარებდი, - თვალებჩამქრალმა ჩამარცვლა ეს სიტყვები, - მე რა გამოსაჩენი ვარ...

- ნუ მტკენ გულს, - დიმამ სიტყვა შეაწყვეტინა.

ლიკას დამცინავი გაუხდა მზერა:

- კიდევ მე გტკენ გულს?

დიმა უხერხულად შეიშმუშნა. სცადა ლაპარაკის თემა შეეცვალა.

- ყავაზე დაგპატიჟებ, სავარძელში დაჯექი, თავისუფლად იგრძენი თავი... ჩემები სოფელში წავიდნენ ერთი კვირით და მარტო ვარ.

ლიკას დამცინავი ღიმილი არ მოსცილებია სახიდან. მაგიდასთან მიდგმული სკამი გამოსწია და ჩამოჯდა.

- სავარძელზე დაჯდომა არ მინდა, არ აიწეწოს და ჩემი კვალი არ დარჩეს... არც ყავის მომზადება ღირს...

- არ გინდა, რა, - დიმა თითქმის შეეხვეწა.

ლიკამ იგრძნო, როგორ უცებ გაუცივდა გული ამ ადამიანის მიმართ, თითქოს ძალაც შეემატა და შეეძლო სრული სიმშვიდით მჯდარიყო, ემოციების გარეშე აღექვა მისი ყოველი სიტყვა და ნაბიჯი. ოთახი შემფასებლური თვალით, გამომწვევად მოათვალიერა, თუმცა ეს დიმას დასანახად უფრო გააკეთა, სინამდვილეში ვერაფერი დაინახა და არც აინტერესებდა, რა იყო გარშემო... ნივთები არასდროს იქცევდა მის ყურადღებას, მით უმეტეს, ახლა არ უღირდა ისინი არაფრად. თუმცა ოთახში შესვლისთანავე ის კი გააცნობიერა, რომ ამ სახლში ნივთებს გაცილებით მეტ პატივს სცემდნენ... ადამიანურ ფასეულობებზე მეტადაც კი...

დიმა კართან იდგა უხერხულად, ვერც გადიოდა, ვერც შემოდიოდა. ლიკას მორიგ სიტყვას ელოდა, იმ წამებში მასზე გახდა დამოკიდებული, დედოფლის ბრძანების მოლოდინში გაქვავებულ საჭურისს დამსგავსებოდა. ასეთი უემოციო, ამაყი და თამამი არასდროს ახსოვდა "ნაზი და თბილი" ლიკა. მის მიმართ საკუთარი დანაშაულის გრძნობაც ჯერ კიდევ არ ასვენებდა და ეს ყველაფერი მთლიანად ანადგურებდა...

- კარგი, შენთან შეხვედრა მინდოდა და შეგხვდი, - ამ სიტყვების თქმისას ლიკა ჩანთას დასწვდა, შიგნით დაიწყო ნერვიულად ხელების ფათური, - წერილი დავწერე... შეიძლება ძალიან სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ ასეთი ვარ, რა ვქნა... - კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო, - მე რომ წავალ, მერე წაიკითხე... რა თქმა უნდა, პასუხს არ ველი და ნურც შეწუხდები ამის გამო... უბრალოდ, წაიკითხე და ამით დასრულდება, აღარ შეგაწუხებ მეტად.

- ლიკა, ძალიან გთხოვ, ნუ...

ლიკამ აღარ დააცადა გაგრძელება. ჩანთა დახურა და სწრაფად ადგა.

- აღარ გვინდა, გთხოვ... შენთან სალაპარაკო მართლა აღარაფერი მაქვს!

კარისკენ გავიდა. დიმა გვერდზე გადგა, გზა დაუთმო. კართან მისული ლიკა მკვეთრად მოტრიალდა:

- არა, მაინც ვერ გავიგე, სახლში რატომ დამიბარე?..

დიმამ კიდევ უფრო შემცბარი სახე მიიღო, თვალები იატაკს ჩააშტერა.

- გეგონა, შესარიგებლად მოვდიოდი და ისევ ლოგინში ჩაგიგორდებოდი, თანაც შენს სახლში?

დიმა წამოწითლდა, შუბლი აუცვარდა... ლიკა მიხვდა, რომ იმ წუთას საერთოდ შეზიზღდა ეს ადამიანი, უფრო სწორად, გულგრილი გახდა მის მიმართ... სიტყვაც აღარ დაუძრავს. კარი გამოიკეტა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები.

როგორც კი გარეთ გამოვიდა, სუფთა ჰაერი და თქეშად მომავალი წვიმა იგრძნო სახეზე, მისი კარგად გათამაშებული უემოციო ქალის როლიც თითქოს წვიმის წვეთებს გაჰყვა. თვალები ცრემლებით აევსო, სახეზე ხელები აიფარა და მწარედ აქვითინდა.

ქუჩაში კანტი-კუნტად დადიოდნენ ადამიანები, მანქანები აქეთ-იქით აშხეფებდნენ გუბეებიდან წვიმის წყალს, უკვე დაბინდებულიყო... ლიკა ვერაფერს ხედავდა გარშემო. მისთვის სრული უკუნი დადგა, სულშიც, გულშიც, სხეულშიც და მის გარეთაც. იმედგაცრუებული, განადგურებული, შეურაცხყოფილი მიიკვლევდა გზას, აქა-იქ გუბეებშიც დგებოდა ისე, რომ ვერ ამჩნევდა. კაბა ზედ შემოტმასვნოდა, დასველებოდა და ატალახებოდა, სველი თმა სახეზე ჩამოშლოდა, ფეხებზეც ტალახის წვეთები ჰქონდა შესხმული - თუმცა ვერაფერს ამჩნევდა. მისთვის ყველაფერი დასრულდა. ბედნიერებისკენ მიმავალი გზა უფრო ეკლიანი და სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. სიყვარული კი სულაც არაფერი ყოფილა. სულაც არ ჰქონია ისეთი ძალა, როგორც აქამდე ეგონა. ყოველ შემთხვევაში, მისმა სიყვარულმა ვერ გაუძლო გამოცდებს და ერთ წუთში ჩამოიმსხვრა.

როგორ მივიდა სახლამდე, თვითონაც ვერ მიხვდა. უფრო ინსტინქტურად დგამდა ნაბიჯებს, ვიდრე გამიზნულად. სახლის კარი რომ გააღო, უკვე ქანცგამოლეული და გათანგული იყო. სააბაზანოში შესვლის თავიც კი არ ჰქონდა. სარკეში საკუთარ განადგურებულ ანარეკლს შეხედა, კიდევ უფრო გულმოკლული აქვითინდა. ფეხსაცმელები შესასვლელშივე დაყარა, კაბა გაცოფებულმა გაიძრო და სანაგვეში მოისროლა. სველი საცვლები საძინებლამდე მისასვლელ გზაზე დაფანტა და სრულიად შიშველი, უსუსური წიწილასავით გაწუწული ლოგინზე დაემხო. ისე გაითიშა, იმის მერე აღარც ახსოვდა არაფერი...

დილას კი, ირინა ესტუმრა შინ და დიმას გარდაცვალების ამბავი ამცნო. ისე შეაშინა ამ ცნობამ, ირინას ვერც კი გაუმხილა, რომ წინა საღამოს დიმას ეწვია თავისი წერილით. დაასკვნა, რომ სწორედ მისმა წერილმა აიძულა დიმა, თავი მოეკლა. სინდისი ქენჯნიდა და კიდევ უარესად დაითრგუნა. სოფელში წასვლა გაქცევას უფრო ჰგავდა, ვიდრე გულის გადასაყოლებლად გამგზავრებას. ოღონდ ვის ან რას გაურბოდა, საკუთარ თავს, დიმას აჩრდილს, დანაშაულის განცდას თუ არეულ ცხოვრებას, ეგ არ იცოდა...

ღრმა ფიქრებიდან სამარშრუტო ტაქსის მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ გამოაღვიძა. დანიშნულების ადგილას ჩასულიყვნენ. მგზავრები აწრიალდნენ, ბარგს დასწვდნენ, ლიკამაც აიღო თავისი სპორტული ჩანთა, მანქანიდან გადავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. საყვარელ სოფელში ისევ ისეთი ჯანსაღი და სასიამოვნო ჰაერი იყო, ისეთივე მშვიდი გარემო სუფევდა, როგორც წლების წინ. თავი ისევ ბავშვად იგრძნო, ბედნიერად და ლაღად, როცა არაფერი აწუხებდა ამქვეყნად და ოდნავ უფრო შემსუბუქებული შეუდგა სოფლის შარას, ბებოს სახლისაკენ.

გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი