* * *
ირინა და ლიკა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, უფრო სწორად, მე-7 კლასიდან. ლიკა მანამდე სხვა სკოლაში სწავლობდა, მაგრამ მისმა მშობლებმა ახალაშენებულ კორპუსში მიიღეს ბინა და ასე აღმოჩნდა სკოლაში, სადაც ირინა პირველი კლასიდან უჯდა მერხს. თავიდანვე მოეწონათ ერთმანეთი, როგორც მერე იხსენებდნენ ხოლმე, გულმა გული იცნოო. არადა, ყველას უკვირდა მათი დამეგობრება. ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდნენ, როგორც ცა და დედამიწა. ლიკა მხიარული იყო, გახსნილი, ყველასთან კომუნიკაბელური, არ უჭირდა ურთიერთობა, ბევრი ამხანაგი, ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. ირინა კი უფრო ჩაკეტილი იყო, ყველასთან ვერ აბამდა ურთიერთობას, მხოლოდ ლიკა ჰყავდა მეგობრად, მეტი ვერავინ უგებდა. გულჩათხრობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იცოდა გაკვეთილი, მოყოლის და სხვების წინაშე გამოსვლის კომპლექსი ჰქონდა და ამიტომაც, სამიანი მეტი ჰქონდა, ვიდრე ხუთები და ოთხები. არადა, მართლა სწავლობდა. როგორც წლების მერე აღიარა, ყველა ეს კომპლექსი მის გარეგნობას უკავშირდებოდა - ლიკასგან, ქერა, გამხდარი, სიფრიფანა და ცისფერთვალება გოგონასგან განსხვავებით, რომელიც ბიჭებსაც მოსწონდათ ხოლმე, ფერიას რომ ჰგავდა, ირინა საკმაოდ პუტკუნა იყო. რას არ აკეთებდა, ათასგვარ დიეტას იცავდა, თითქმის არ ჭამდა საჭმელს, მაგრამ ვერ იკლებდა. არადა, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა და საკმაოდ ქალური ფორმებიც, რომლებსაც უფროსი მამაკაცები ხშირად ამჩნევდნენ და უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. მშობლიურ სოფელშიც თუ ჩადიოდა, ხშირად ესმოდა კომპლიმენტები - "ჯიშიანი" გოგონა იქ სარძლოდაც მოსწონდათ და საცოლედაც. მაგრამ ქალაქში, მით უმეტეს, სკოლაში მის თანატოლებთან, საერთოდ არ ჩანდა. ადრეც მომწიფდა და მოზარდ გოგო-ბიჭებში უფროსი ქალივით უფრო გამოიყურებოდა, ვიდრე თანატოლივით. ამიტომაც ერიდებოდა ყველასთან ურთიერთობას, ტანისამოსსაც ისეთს იცვამდა, ნაკლებად გამოეკვეთა ქალური ფორმები, მკერდს მალავდა, ბიჭებს თვალებში ვერ უყურებდა. ერთი ლიკასთან ნახულობდა შვებას - მასთან იყო გახსნილი და ხანდახან მხიარულიც კი. ერთად როცა იყვნენ, ჭორაობდნენ და ათას რამეს მიედ-მოედებოდნენ, მაშინ გრძნობდა თავს "თინეიჯერად", მაშინ ამხელდა თავის სანუკვარ ოცნებებს. ლიკასაც უყვარდა ირინა და მასთან ერთად ყოფნა - ის ყველაზე გულდაგულ უსმენდა, კარგ რჩევებს აძლევდა, რაც მთავარია, გრძნობდა, რომ ირინას ყველაზე მეტად უყვარდა და მის ერთგულებასა და სიყვარულს დიდად აფასებდა.
ასე გასტანა ამ მეგობრობამ მრავალი წელი. თუმცა ამ წლების განმავლობაში მათი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და ბევრი რამ ისე არ მოხდა, როგორც ოთახში განმარტოებულები ოცნებობდნენ ხოლმე.
* * *
- ახლა უსიამოვნო თემებს თავი ავარიდოთ და ცოტა გავხალისდეთ, ხომ? - ირინამ ჩანთა სკამზე შემოდო, ტანზე მომდგარი ჯემპრი მოხდენილად გაისწორა და ჩამოჯდა.
- კი ბატონო, ავარიდოთ, მეც მაგის მომხრე ვარ, - ლიკა უფრო უხალისოდ დაჯდა სკამზე და იქაურობას თვალი მიმოავლო. კაფეში კანტი-კუნტად იყო ხალხი, ერთი-ორი წყვილი იჯდა და ერთ მაგიდასთანაც, მათ პირდაპირ, ოთხი მამაკაცი ილხენდა. როგორც ჩანს, ფხიზლები იყვნენ, არ ყაყანებდნენ, შედარებით წყნარად საუბრობდნენ. თუმცა ლიკამ შენიშნა, რომ მათი შესვლისას აწრიალდნენ, მერე კი, ირინამ რომ მოხდენილი მოძრაობები გააკეთა დაჯდომამდე და თავისი სექსუალური ტანი შეარხია, საერთოდაც ოთხივეს თვალები მათ მაგიდაზე დარჩათ. ლიკას ამაზე ოდნავ ჩაეღიმა, ის მათ პირდაპირ უყურებდა, ირინა კი ზურგით მოექცა. ლიკა შეჩვეული იყო ამგვარ რეაქციებს, როცა ირინასთან ერთად მიდიოდა სადმე. რაც უნდა სცმოდა და როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო, ირინა კაცებს ყველგან "იკიდებდა". ხანდახან ეს სასიამოვნოც იყო, მერე ამ ამბებზე მაგრად ერთობოდნენ, თუმცა ხდებოდა ისეც, საერთოდ არ სურდათ, ვინმეს ყურადღება მიეპყროთ და ირინა მაინც ყველგან ჩანდა.
- რა იყო, ლიკ, ვის მიაშტერდი?
- მე კი არ მივაშტერდი, ოთხი კაცი ზის უკან და ოთხივე შენ მოგშტერებია, ოღონდ არ გაგიკვირდეს ახლა, - ამ სიტყვებზე ორივეს გაეცინა.
- ნორმალურები მაინც არიან?
- კაი ახლა, ოთხივეს ნუ გამარჩევინებ და ნუ აღმაწერინებ, იყვნენ თავიანთთვის, მაგათ სანახავად ხომ არ მოვედით, - ლიკამ თმა გაისწორა და მენიუს სწვდა, - რა ავიღოთ, აბა, მიბრძანე!
ირინამაც ჩაიხედა მენიუში. მცირე ხანს ორივენი ჩასჩერებოდნენ წარწერებს. მერე ისევ ლიკამ დაასწრო:
- მოდი, ქათმის სალათა შევუკვეთოთ, ოღონდ პურის გარეშე, ორი ნამცხვარი და ორიც ყავა. შენ გინდა კიდევ რამე?
- არა, პრინციპში, მშიერი არ ვარ, იყოს ეგრე... - ირინამ ოფიციანტს უხმო.
ახალგაზრდა, ნაზი გარეგნობის სუფთად ჩაცმული ბიჭი მაშინვე მიუახლოვდათ და შეკვეთა მშვიდი სახით მიიღო.
- ლიკ, გახსოვს, ერთხელ კაფეში მთელი ყავა ზედ რომ გადმოგექცა?
- აუ, ეგ არ გამახსენო, თან მაშინ ვიღაცებს ვეპრანჭებოდით, - ლიკას თვალებში სხივი ჩაუდგა, გამხიარულდა.
- ჰო, ვიღაც ტიპები იყვნენ, დაგვპატიჟეს, აღარც მახსოვს, მგონი ქუჩაში გავიცანით, - ირინას გაეცინა, - პატარები ვიყავით მაშინ.
- ჰო, პატარები და მხიარულები, - ლიკა მოგონებებში წავიდა, - სახელებიც არ მახსოვს.
- რა გემახსოვრება, რაც იმ ყავაში ამოითხვარე, მას მერე ახლოს აღარ გაგვკარებიან, - ორივემ მხიარულად გადაიკისკისა.
- ფუ, იცი რა საშინელება იყო? ეგ კი მახსოვს, თხელი კაბა მეცვა და მთლიანად ზედ მომეკრა. კიდევ კარგი, ტაქსის ფული გვქონდა და ისე არ მომიწია მთელი ქალაქის შემოვლა.
- ისე მართლა, ტაქსის ფული კი გვქონდა მაშინ, არადა, ხან საერთოდ უკაპიკოდ ვიყავით.
- მე იცი რა მახსენდება? შენთან ამოსვლა რომ მინდოდა და თუ ფული არ მქონდა, შენ რომ მირეკავდი, ჩაჯექი ტრანსპორტში და მე გადაგიხდიო. გაჩერებაზე მხვდებოდი და მძღოლს შენ აძლევდი ფულს.
- კი, ეგეთი რამეებიც იყო. ერთხელ მეც შემემთხვა ამგვარი რამ, ფული არ აღმომაჩნდა საფულეში, არადა, უკვე სამარშრუტოში ვიჯექი. გაზეთებს მოვათრევდი სახლში და მძღოლს სულ ძალით შევტენე ის გაზეთები, მგზავრობის საფასურად აიღე-მეთქი. კი ღირდა იმაზე მეტი, კაცმა რომ თქვას...
- მე კი სულ მეშინოდა ხოლმე მასეთ დროს, ვაითუ ირინამ დააგვიანოს ან "მარშუტკა" ვერ დაინახოს და არ შევრცხვე-თქო...
- ეჰ, მაინც კაი დრო იყო, - ირინა მოწყენილად ჩააჩერდა მაგიდაზე მდგარ საფერფლეს.
ამ დროს ოფიციანტი წამოადგათ, ლანგრით ხელში.
- იცით, იქით მაგიდაზე რომ ბატონები სხედან, მთხოვეს თქვენთვის გადმომეცა, რომ ანგარიში მათ მივუტანო, - თან ლამბაქებს ალაგებდა, ისე თქვა ეს სიტყვები ახალგაზრდა ბიჭმა.
გოგონები შეიშმუშნენ. ირინამ წარბი შეკრა, მკვეთრად მოტრიალდა და უკან გაიხედა. მამაკაცები თბილი ღიმილით და ოდნავი დამორცხვებით იყურებოდნენ მათი მაგიდისკენ. ირინა ცოტათი წამოწითლდა, ოთხი მამაკაცის მზერას რომ წააწყდა, მაგრამ წარბი არ გაუხსნია, ისე შეუბრუნდა ოფიციანტს:
- არა, თუ შეიძლება უთხარით, რომ ჩვენ თვითონ გადავიხდით. უცხო ადამიანებისგან ამგვარ საჩუქრებს არ ვიღებთ.
ოფიციანტმა ცარიელი ლანგარი აიღო და მამაკაცებისკენ გაეშურა. სულ რამდენიმე წამში ერთ-ერთი წამოდგა. ირინას და ლიკას გაღიმებული მიუახლოვდა.
- ქალბატონები, მაპატიეთ, თუ გაწყენინეთ, მინდოდა პატივი მეცა თქვენი სილამაზისთვის...
- ვაა, ზურაა? - ლიკამ გაოცებისგან პირი დააღო და კაცს მიაშტერდა. ირინაც მიშტერებოდა და თან ფერი მთლიანად წასვლოდა.
კაცი დაიბნა. ლიკას გაოცებულმა შეხედა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდა:
- ლიკა! - წამოიძახა უცებ, - როგორ ვერ გიცანი? ისეთივე ხარ ზუსტად, როგორიც სკოლაში იყავი.
ლიკას ეცა და მაგრად ჩაეხუტა. ლიკაც გახარებული ჩაეკრა ყოფილ თანაკლასელს, თან ღიმილით უთხრა:
- რას მიცნობდი, ირინას შეჰყურებდი ალბათ მარტო.
კაცს სახეზე კიდევ უარესი გაოცება დაეტყო. ირინასკენ გაიხედა.
- ვინ ირინას? მე ამ ქალბატონს ვიცნობ? - პირდაღებულმა შეხედა.
ირინამ ახლაღა ამოიღო ხმა.
- კი, მიცნობ, მეც შენი კლასელი ვარ, ირინა, - წამოდგა და შედარებით მოზომილი მოძრაობებით გადაეხვია ზურას, რომელიც გაოცებისგან ხმას ვეღარ იღებდა.
- მოიცა, შენ ის ირინა ხარ? პუტ.. - ვეღარ გააგრძელა, ენაზე იკბინა. თუმცა ირინამ დაამთავრა:
- ჰო, ის პუტკუნა ირინა ვარ, - და ძალით გაიღიმა.
ზურამ ოდნავ შემელოტებულ თავზე უხერხულად გადაისვა ხელი. ეტყობოდა, ძალიან აღელდა.
- შეიძლება, ჩამოვჯდები ცოტა ხანს? - უფრო ლიკას სთხოვა, თითქოს მისგან ელოდა შველას.
- დაჯექი, ზურა, რა შეკითხვაა? - ლიკამ თავისი ჩანთა აიღო ერთ-ერთი სკამიდან და თავის სკამზე ჩამოკიდა. ზურა მძიმედ დაეშვა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ზურა ხან მაგიდას ჩააჩერდებოდა, ხან ირინას შეხედავდა დაფეთებული თვალებით. ირინაც ღელავდა, ტუჩებს იკვნეტდა და ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა. სკოლის პერიოდმა სულ თვალწინ გადაურბინა, პირველი უიმედო და ცალმხრივი სიყვარული, რომლის გამოც უამრავი ღამე უთენებია, ახლა პირისპირ ეჯდა და მასზე ათასჯერ უფრო უსუსურად გამოიყურებოდა. ლიკამაც იცოდა, როგორ უთრთოდა ირინას ზურაზე გული სკოლის პერიოდში, მიხვდა, ახლა რა დღეში იქნებოდა მეგობარი, ამიტომ ეცადა, სიტუაცია განემუხტა და ორივესთვის მიეცა გონს მოსვლის საშუალება.
- ზურა, შენ როგორ ხარ, მითხარი, საით ხარ, რას აკეთებ? - მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი და თავისკენ მოაბრუნა გაშტერებული კაცი.
- ააა, რრრ... რა ვიცი, ლიკა, კარგად ვარ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, მენეჯერად... თქვენ რას საქმიანობთ? - სათითაოდ გადახედა.
- მე ბანკში ვმუშაობ, ირინა კი საკმაოდ წარმატებული იურისტია! - ომახიანად თქვა ლიკამ, თითქოს დაქალს რეკლამას უკეთებდა.
ზურა ისევ ირინას მიაშტერდა.
- ვაა, მართლაა?
ირინა მოულოდნელად წამოხტა ადგილიდან. ლიკას შეხედა:
- ლიკ, ამ წუთას მოვალ, დასარეკი მაქვს, გამახსენდა, - მობილურს წვდა და გარეთ გავარდა. მაგიდასთან დარჩენილმა მამაკაცებმა მოურიდებლად გააყოლეს თვალი. მერე ისევ ზურასკენ გამოიხედეს, ელოდნენ, როდის უხმობდათ ძმაკაცი ქალების გასაცნობად. თუმცა ძმაკაცი არ ჩქარობდა.
ირინას გასვლისას ცოტა გონს მოეგო. ლიკასკენ მიიწია და ისე ჩუმად უთხრა, თითქოს ვინმე უსმენდათ:
- ლიკა, მისმინე, ეს ის ირინაა მართლა?
- ჰო, რა იყო, რამ გაგაოგნა, აბა, ყველა ისეთი ხომ არ რჩება, როგორიც ბავშვობაშია, დაქალდა, შეიცვალა...
- თან მაგრად შეიცვალა, - თითქოს დანანებით თქვა ზურამ და კარისკენ გაიხედა. ისევ თავზე მოისვა ხელი და ისევ განაგრძო:
- არადა, მე მგონი ვუყვარდი სკოლაში, არა?
ლიკას გაეღიმა.
- კი, მე მგონი, უყვარდი და შენ კი საერთოდ არ აქცევდი ყურადღებას. როგორც ვიცი, შენ და დანარჩენი ბიჭები ამ ამბავზე ხალისობდით კიდეც, - ბოლო სიტყვები ნიშნის მოგებით დააყოლა.
ზურას სიწითლემ გადაუარა.
- კი, წარმოიდგინე, ასე იყო, - ცოტა ხანს ჩაფიქრდა, - ვა, რა ქალი დავკარგე! - ისე ამოიოხრა, ლიკას გული დაეწვა.
- რატომ დაკარგე, - ეშმაკურად გაუღიმა, - გვიანი არასდროს არ არის.
- არ თქვა ახლა, რომ ქმარი არ ჰყავს, - ზურა თითქოს კვლავ გონს მოეგო, ყურადღებით მიაცქერდა ლიკას.
- არა, გაშორდა ქმარს და მარტო უვლის შვილს... მაგრამ ახლა ამას რომ გეუბნები, ირინამ შეიძლება ჩამომკიდოს, - ტუჩზე იკბინა ლიკამ. ამ დროს ირინამაც შემოაღო კარი, ოდნავ დაწყნარებული, "განიავებული" სახით და მაგიდას უფრო დამაჯერებელი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
ზურაც გამოცოცხლებული დახვდა. წამოხტა, სკამი გამოუწია და დასვა.
- ირინა, მე და ლიკა ახლა სკოლის ამბებს ვიხსენებდით. - ღიმილით შებედა ირინას. მასაც გაეღიმა, უკვე დაწყნარებულიყო და ამ შეხვედრის მოულოდნელობაც გადაეხარშა. სკოლისდროინდელი დაკომპლექსებული ირინა გარეთ დაეტოვებინა და კვლავ ის ამაყი, სექსუალური და თავდაჯერებული ქალი შემობრუნებულიყო.
- ჰო, სკოლის ამბები კარგა ხანია წარსულს ჩაჰბარდა, - გაღიმებულმა უპასუხა, - შენ ხვდები კლასელებს? მე და ლიკა კი სულ ერთად ვართ, მაგრამ სხვებთან არ გვაქვს ურთიერთობა.
- მე ძირითადად ბიჭებს ვხვდები, მე, კოტე და გურამი ვმეგობრობთ ბავშვობიდან, ხანდახან ნიკასაც ვხვდებით, პატრულში მუშაობს და ხშირად გვაჩერებს ხოლმე, - გაეცინა.
- ვა, ნიკა პატრულში მუშაობს? - ირინამ და ლიკამ ერთად დააღეს პირები გაოცებისგან.
- ჰო, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენი ძველი ბიჭების უმრავლესობა ძაღლობაში მოხვდა ბოლოს.
- კი, მაგაში გეთანხმები, - ირინამ ყავა მოწრუპა, - ნამდვილად მასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია, თუ ციხემდე არ მივლენ, სამართალდამცველ ორგანოებში გადაბარგდებიან ხოლმე.
ლიკამ წინა მაგიდასთან მსხდომ მამაკაცებს შეამჩნია, რომ იშმუშნებოდნენ და ზურას ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ.
- ზურა, შენს მეგობრებს არ ეწყინოთ, რომ წავართვით შენი თავი.
- ვაი, სულ დამავიწყდა ეგენი, - ზურა წამოვარდა და ბიჭებს ანიშნა, მოვდივარო, - ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა, - ლიკა გადაკოცნა, მერე ირინასკენ მიტრიალდა, - ირინა, ვეღარ გითხარი კომპლიმენტი, მაპატიე, ძალიან გალამაზებული და დამშვენებული ხარ.
ირინას გაეღიმა.
- მადლობა, ზურა, ქათინაურისთვის.
- თუ პატივს დამდებთ, იქნებ თქვენი ტელეფონის ნომრები მითხრათ და შეგეხმიანებით ხოლმე, ნუღარ დავკარგავთ ერთმანეთს, - ეს უფრო ირინას გასაგონად თქვა, ვიდრე ლიკასი.
ლიკამ მობილურში ჩააწერინა თავისი ნომერი, ირინამ კი სავიზიტო ბარათი ამოიღო და მრავალმნიშვნელოვნად გადასცა . მცირე ხანს მზერა ორივემ შეაყოვნა, მერე კი ზურა მიტრიალდა და მეგობრებს შეუერთდა. სულ რამდენიმე წუთში ოთხივენი წამოდგნენ, ზურა გამოსამშვიდობებლად მიეახლათ მაგიდასთან:
- ახლა წავალ, ძალიან გამახარეთ თქვენი ნახვით. იმედია, გადახდაზე ამჯერად მაინც არ მეტყვით უარს, უცხო ხომ აღარ ვარ? - გაუღიმა გოგონებს. ისინიც დათანხმდნენ. ოფიციანტს ფული გადაუხადა და კაფედან გავიდა.
ირინამ შვებით ამოისუნთქა.
- ინერვიულე ჰო, ირ? - ლიკამ ხელზე ხელი გადაუსვა. ირინას ხელები გაყინული ჰქონდა.
- წარმოიდგინე, კარგა ხანია ასე არ მინერვიულია, პატარა გოგოსავით ავღელდი...
- ისე, ახლაც სიმპათიურია ჩვენი ზურა, - ლიკამ ონავრულად გაუცინა.
- ჰო, ძველებური ეშხი აქვს შერჩენილი, - ირინასაც გაეცინა, - ალბათ უკვე დაცოლშვილებულია...
- მე კი მგონია, რომ არა, ისე მეკითხებოდა შენზე და ისე გაუხარდა, რომ თავისუფალი ხარ...
- რას ამბობ, ლიკ, ეგ როგორ უთხარი? - ირინა აღშფოთდა, - არ ეგონოს, რომ მირიგებ.
- კაი რა, გირიგებ არა. რა მოხდა, იქნებ ახლა გამოგივიდეთ რამე, თუ არა და, გულს მაინც გადააყოლებ, - ლიკამ უდარდელად აიქნია ხელი, თუმცა სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არ ფიქრობდა ამგვარ საკითხებზე.
- ლიკა, ხომ იცი, რომ ეგრე არ იქნება. წარსული წარსულში დარჩა, თანაც ახალი ურთიერთობებისთვის და ახალი ტკივილებისთვის ნამდვილად არ ვარ მზად...
ლაპარაკი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.
- შენია, ირ, უპასუხე.
ირინა მობილურს დასწვდა. კომპანიონი ურეკავდა, ბიუროდან.
- ჰო, გუჯა... კი, მახსოვს, როგორ არა, გუშინ გადავხედე მაგ საქმეს... ჰო... გასაგებია... ვიცი, შეწყალებას ითხოვს... დღესვე მივალ კოლონიაში და ვინახულებ. კარგი, გუჯა, დროებით... მერე შეგეხმიანები...
- რაო, კიდევ ვინმე გაჭირვებული გიხმობს? - ლიკას გაეღიმა.
- ქალთა კოლონიიდან არის ვიღაც, ათი წელი აქვს მისჯილი და შეწყალებაზე უნდა შუამდგომლობა. მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რამე გამოვიდეს. მძიმე საქმე აქვს... - ირინა სკამიდან წამოდგა, - წავიდეთ, დღეს რაღაც ბევრი ემოცია დაგვიგროვდა.
ლიკაც ადგა.
- კარგი, წავიდეთ, მეც ცოტა დავიღალე. წავალ სახლში, წამოვწვები, ხვალ კი სოფელში გავუტევ.
* * *
ქალთა კოლონიაში ირინა ხშირი სტუმარი იყო. მის დახმარებას ბევრი ითხოვდა. ბევრსაც დახმარებია, აპელაციასა თუ სხვა საკითხებში. ბევრი ქალისთვის საერთოდაც აურიდებია აქ მოხვედრა და სასამართლოს დარბაზიდან მათი გათავისუფლებისთვისაც მიუღწევია. მოკლედ, აქ შინაური იყო. ბადრაგიც და პატიმრებიც ისე ღებულობდნენ, როგორც თავისიანს, მოიკითხავდნენ ხოლმე გულიანად. თუმცა იმ პატიმარს, რომელმაც ახლა იხმო, ნამდვილად არ იცნობდა. თავისუფლებაზე მყოფმა მისმა მეგობარმა ქალბატონმა, ვინმე მერიმ მიაკვლია ირინას იურიდიულ კომპანიაში და სთხოვა, ჩემს მეგობარს დაეხმარეო.
დაახლოებით აუხსნა ვითარება, მერე კი ირინამაც გამოითხოვა არქივიდან ელენე მაისურაძის საქმე და გადაწყვიტა, ახლოს გაეცნო ეს ქალბატონი, რომელიც უკვე ათი წელია ციხეში იჯდა.
პატიმრის მოლოდინში სკამზე დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ფიქრებში წავიდა. დღევანდელი მოულოდნელი შეხვედრის ემოცია გამოჰყოლოდა.
"ოჰ, ზურა, ზურა... რამდენი ცრემლი მიღვრია შენ გამო, ვინ იცის... ვერც კი მამჩნევდი... ჰმ... ახლა მოვეწონე თურმე. ვერც კი მიცნო, ე.ი. მაშინ საერთოდ არაფრად მთვლიდა... არა, ახლა სულ რომ შუაზე გაიხეს, მე აღარ ჩავთვლი არაფრად. მაშინ მჭირდებოდა სულ ცოტა ყურადღება, ცოტა მეტი თვითშეფასება და თავდაჯერება. მაგან და მაგისნაირებმა დამაკომპლექსეს და საბოლოოდ დამინგრიეს ცხოვრება... არა, რას ვამბობ, ღმერთო ჩემო, ანუკა რომ არ მყავდეს, რა მეშველებოდა..." საათზე დაიხედა: "ანუკას ნახევარ საათში უმთავრდება გაკვეთილები, დროზე მაინც მოიყვანონ ეს ქალი, კიდევ რომ დავაგვიანო, ჩემი სიხარულის ნაღვლიან თვალებს ვერ გავუძლებ... დედა გენაცვალოს, როგორ მეჩაგრები ყველანაირად..."
ფიქრი კარის ხმამ გააწყვეტინა. ბადრაგმა, მოუხეშავმა შავგვრემანმა ქალმა პატიმარი შემოიყვანა. ირინამ მას რომ შეხედა, შეცბა. ამ ქალში იყო რაღაც მისთვის უჩვეულოდ ნაცნობი, საშიშად ნაცნობიც კი.
"ღმერთო ჩემო... რა ნაცნობი ნაკვთები აქვს. ნუთუ სადმე მინახავს? არა, სად უნდა მენახა, ათი წელია ციხეშია, მანამდე კიდევ სადღაც სოფელში ცხოვრობდა... ვა, რა ნაცნობი ნაკვთებია", - წამოდგა და ქალის სკამზე დაჯდომას დაელოდა. ბადრაგი უხმოდ გავიდა ოთახიდან.
ქალი მშვიდი სახით იჯდა და ირინას უმზერდა. ღია ფერის თვალები ჰქონდა, ძალიან სევდიანი. გამხდარი იყო, ცხოვრებისგან დაღლილი და გატანჯული სახით. თმა გაჭაღარავებოდა, თუმცა ჩანდა, ერთ დროს ჩალისფერი ექნებოდა. ნაადრევად დამჭკნარ ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა.
დუმილი ირინამ დაარღვია.
- ქალბატონო ელენე, მე ირინა ვარ, ის ადვოკატი, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
ქალს ოდნავ გაეღიმა.
- დიახ, მივხვდი... თუმცა მე არ მომითხოვიხართ, ჩემმა მეგობარმა მერიმ გაიგო, რომ სანდო და საიმედო ადამიანი ხართ და მან გადაწყვიტა, თქვენთვის მოგვემართა, - საკმაოდ სასიამოვნო ხმით საუბრობდა და ეს ხმაც ირინას რაღაცნაირად ნაცნობად მოეჩვენა. თუმცა ცდილობდა ნაკლები ეფიქრა ამ უცნაურ გარემოებაზე და მთლიანად საქმეზე გადართულიყო.
- რამდენი წლის ხარ, შვილო? - უცებ პატიმარმა განაგრძო საუბარი.
ირინა უხერხულად შეიშმუშნა:
- 26-ის.
ქალს თვალები აუცრემლიანდა:
- ჩემი შვილის ტოლი ხარ...
- მაგრამ თქვენ მგონი შვილი არ გყავთ? - ირინამ გაოცებით ჰკითხა და უნებურად ქაღალდებს დახედა - საქმის მასალებს, რომლების მცირე ნაწილიც წინ ელაგა.
- არ მყავს, მაგრამ რომ მყოლოდა, შენი ხნის იქნებოდა, - ქალი იატაკს ჩააშტერდა.
ირინა სკამზე გაიმართა და საქმიანად წამოიწყო:
- ქალბატონო ელენე, თქვენს საქმეს საგულდაგულოდ გავეცანი...
- ჩემს საქმეს, - ელენეს ჩაეცინა, - ეგ საქმე ჩემი ყველაზე ნაკლებად არის. მანდ მართალი არაფერი წერია.
ირინამ შემწყნარებლურად გაიღიმა:
- არ მოგეწონებათ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ პატიმრების ნახევარზე მეტი მასე ლაპარაკობს...
- ვიცი, ვიცი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მე მართლა არაფერი ჩამიდენია, - ისეთი ხმით თქვა, თითქოს ბედს შერიგებული ადამიანი იყო, რომელიც ამ ფრაზას ყოველი შემთხვევისთვის იმეორებდა.
- მოდით, დავიწყოთ საქმის მასალებიდან, - ირინამ საქაღალდე გახსნა და ფურცლები ააფრიალა, - თქვენ შეწყალება გსურთ, თუმცა საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდით სასჯელს.
ქალმა თავი დახარა.
- გარემოებას ისიც ართულებს, რომ ციხეში მოხვედრამდე კიდევ ერთხელ გქონდათ სასამართლოსთან საქმე...
- ის საქმეც შეთითხნილი იყო და იმიტომაც სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს... - ნერვიულად წამოიძახა პატიმარმა.
- დიახ, აქაც წერია ეგ, მაგრამ როცა უკვე მეორედ აღმოჩნდით მართლმსაჯულების პირისპირ, წარსულში ეჭვმიტანილობა თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ იმეტყველებდა... ისე, თუ შეგიძლიათ, მითხარით, მაშინ რა მოხდა, თქვენი ვერსია მაინტერესებს, თორემ აქ კი წერია...
ქალმა ამოიოხრა.
- ბრალს მდებდნენ, თითქოს ადამიანი თვითმკვლელობამდე მივიყვანე...
- ჩაგერევით, ის ადამიანი თქვენი ქმრის ბებია იყო...
ელენემ გაღიზიანებულმა წამოიძახა:
- საზიზღარი ქალი იყო!
- ანუ მასთან არც ისე თბილი დამოკიდებულება გქონდათ?
- როგორ უნდა მქონოდა თბილი დამოკიდებულება, საზიზღარი ქალი იყო?!
- მაინც რა დაგიშავათ? - ირინა ჩაეძია.
- შვილი გამიყიდა! - ისეთი გაყინული ხმით თქვა ეს ელენემ, ირინას ტანში გააჟრიალა.
ისევ საქაღალდეს ჩახედა გაოცებულმა:
- კი მაგრამ, აქ არსად წერია, რომ თქვენ შვილი გყოლიათ ოდესმე...
- ოდესმე... - ელენემ თავისთვის ჩამარცვლა... - ოდესმე მყავდა, მაგრამ მშობიარობის მერე მითხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა... წლების მერე გავიგე, რომ ოლიას გაუყიდია...
"ღმერთო ჩემო, იმედია, ის გაყიდული შვილი მე არ ვარ და ქვეცნობიერად არ მაქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში ნამდვილი დედის სახე, - ირინას თავში უცნაურმა აზრმა გაუელვა, - არა, იმედია, მთლად მასეთი უიღბლო არ ვარ, რომ ასეთი რამეც მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში... მაგის გამო როგორ შევურიგდე დედაჩემს, რომ ეგ სულელური შეკითხვა დავუსვა... არა, აშკარად ჩემი მშობლების შვილი ვარ, ვგავარ კიდეც". თავი გადააქნია, თითქოს უსიამოვნო ფიქრების მოშორება უნდოდა. დააპირა, უფრო დაწვრილებით გამოეკითხა ეს ამბავი, მაგრამ თან ანუკა ახსენდებოდა, სკოლის კართან ატუზული რომ ელოდა ხოლმე და გადაწყვიტა, ამჯერად შედარებით ზედაპირულად, მხოლოდ მთავარზე ესაუბრა, დეტალებს კი მერე, შემდეგი ვიზიტების დროს ჩაღრმავებოდა. იმას კი უკვე მიხვდა, რომ საქმე არც ისე მარტივი იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და ამ ქალის ნახვა კიდევ ბევრჯერ მოუწევდა...
- ანუ ამის გამო დაიწყო თქვენ შორის უთანხმოება?
- თანხმობა არც მანამდე გვქონდა, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, რა დამემართებოდა? სახლში მივუვარდი, ვეჩხუბე, მივლეწ-მოვლეწე იქაურობა გადარეულმა... რასაკვირველია, მეზობლებმაც გაიგეს ყველაფერი, იმ მეზობლებთან ჭორაობასა და ყავის სმაში ატარებდა ეგ ქალბატონი დღეებს... შემოცვივდნენ და გაგვაშველეს, დამაკავეს, თორემ მართლა მოვკლავდი... - ელენეს თვალებში საშინელი სიბრაზე ჩაუდგა.
- მეორე დილას კი ქალბატონი ოლია საკუთარ სახლში თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს, - ელენეს ნაცვლად ირინამ განაგრძო, - და იმავე მეზობლებმა თქვენ წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი სასამართლოში.
- დიახ, ეგრე იყო... მაგრამ არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მე მაშინ ციხეში მოვხვედრილიყავი და გამათავისუფლეს.
- სამ წელიწადში კი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაგაპატიმრეს...
ელენემ ამოიოხრა:
- ჰო, დამაპატიმრეს, მაგრამ გიგა მართლა არ მომიკლავს და ამას ვერანაირად ვამტკიცებ...
- საქმის მასალებში არის სისხლიანი დანა, რომელზეც თქვენი თითის ანაბეჭდებია, თქვენი მეზობლების მონაყოლი, რომ ხშირად ჩხუბობდით და კამათობდით, და კიდევ ერთი გარემოება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სასამართლოზე ნაფიც მსაჯულთა თქვენდამი დამოკიდებულება - როდესაც დილას პოლიცია შემოვიდა თქვენს სახლში, თქვენი გარდაცვლილი მეუღლის გვამი იატაკზე ესვენა, თქვენ კი მშვიდად გეძინათ...
ელენემ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი და თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა:
- კი, ასე წერია და თითქოს ასეც იყო, მაგრამ ვიცი, რომ მე არ მომიკლავს...
ირინამ საათზე დაიხედა და საქაღალდე დახურა.
- ქალბატონო ელენე, ამჯერად ჩვენი შეხვედრა ამით დავასრულოთ, მე კიდევ მოვალ და უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, იქნებ რაიმე ისეთიც გაიხსენოთ და მითხრათ, რაც გამომადგება, რომ თქვენ სასიკეთოდ გადაწყდეს ყველაფერი. თუ გნებავთ, თუ თქვენ გიჭირთ საუბარი, თქვენს მეგობარს - ქალბატონ მერისაც დაველაპარაკები, როგორც მივხვდი, მისთვის ყველაფერი ცნობილია...
ელენემ სიტყვა შეაწყვეტინა:
- დიახ, დიახ, კარგი იქნება, თუ მერისაც ჰკითხავთ... მე რაც აქ ვარ, მგონი ნორმალურად ლაპარაკიც დამავიწყდა, მან იქნებ უფრო დალაგებულად გიამბოთ ყველაფერი და მეტად დამიჯეროთ...
ირინა შეიშმუშნა:
- არა, როგორ გეკადრებათ, აქ დაჯერება-არდაჯერებაზე არ არის საქმე, ხომ იცით, ადამიანური ემოციები ამ შემთხვევაში არანაირ როლს არ თამაშობს, მთავარი მტკიცებულებებია.
- ვიცი, ვიცი, არ გეწყინოთ, - პატიმარმა მშვიდად შეხედა ადვოკატს და თავადაც წამოდგა, - მადლობა, რომ მოიცალეთ ჩემთვის და რაღაც იმედს მაინც მაძლევთ...
ირინამ კარზე დააკაკუნა. ბადრაგი შემოვიდა, პატიმარი წაიყვანა და ირინაც გარეთ გავიდა. ბევრი აღარც უფიქრია, მხოლოდ ანუკა უტრიალებდა თავში. სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და სკოლისკენ დაიძრა.
* * *
სკოლის ჭიშკართან გააჩერა. შესასვლელთან, ძველებურ ხის სკამზე მოხუცი დარაჯი ჩამომჯდარიყო. მის გვერდით, პატარა ტაბურეტზე ექვსიოდე წლის გოგონა იჯდა მოწყენილი. თავი ხელებში ჩაერგო და გზას გაჰყურებდა. ულამაზესი მწვანე თვალები ამშვენებდა, შავი ხუჭუჭა თმა ორ კიკინად შეეკრა, სქელი წითელი ტუჩები ჰქონდა და ელვარედ თეთრი კბილები - მოკლედ, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო ლამაზი მულატი ბავშვი.
წითელი "ფიატის" დანახვაზე თვალები მხიარულად აენთო, სკოლის ჩანთას დასწვდა, დარაჯს დაემშვიდობა და მანქანისკენ გამოიქცა. ირინას კარი უკვე გაეღო შვილისთვის. მანქანასთან მისულ ანუკას წყენა გაახსენდა, სახე ისევ მოეღუშა და გაბუტული სახით დაჯდა სავარძელზე.
- დე, ისევ დააგვიანე...
ირინას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია, ბავშვისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა:
- ანუშ, ხომ იცი, დედი, რომ ბევრი საქმე მაქვს. სულ ვცდილობ, მოგისწრო, მაგრამ ქალაქში საცობებიც არის და...
მანქანა დაქოქა. ანუკა თანდათან მოხასიათდა.
- დე, იცი, დღეს სკოლაში გვითხრეს, სემესტრის ბოლოს ზეიმი გექნებათო.
- ჰო? ძალიან კარგი. დაგირიგეს უკვე ლექსები და როლები?
ბავშვმა ჩანთაში ჩაიხედა, რაღაც ფურცლები ამოალაგა საქმიანი სახით:
- აი, ეს ორი დიდი ლექსი მე მერგო, და კიდევ მასწავლებელმა თქვა, ალადინის შეყვარებულის ან კლეოპატრას როლს მოგცემო.
ირინას ჩაეღიმა, მიხვდა, მასწავლებელმა ასე ანას გარეგნობის გამო გადაწყვიტა. თუმცა მაინც კმაყოფილი იყო. რამდენიმე თვის წინ სხვა სკოლაში მიიყვანა და იქაურმა მასწავლებელმა საერთოდ ვერ აღიქვა ანკა ბავშვად. მხოლოდ მისი კანის ფერს ხედავდა და გამუდმებით პრობლემებს უქმნიდა. სხვა ბავშვებისგანაც არჩევდა და ანა დათრგუნული ბრუნდებოდა სკოლიდან. ერთ დღეს ირინამ ვეღარ მოითმინა, სკოლაში მიადგა, მასწავლებელი გამოლანძღა და ბავშვი საერთოდ სხვაგან გადაიყვანა. აქ უფრო შეგნებული ხალხი დახვდა, შედარებით იოლად უყურებდნენ ამ საკითხს.
...ირინამ იცოდა, ანას წინ კიდევ ბევრი პრობლემა ელოდა თავისი კანის ფერისა და გამორჩეულობის გამო, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, ცოტათი მაინც აეცილებინა თავიდან ეს სირთულეები, სანამდეც შეძლებდა.
ანკამ ლექსების კითხვა დაიწყო, მაგრამ ლაპარაკი მობილური ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
- ო, ისევ შენი ტელეფონია, - უკმაყოფილოდ ახედა დედას.
ირინა ტელეფონს ჩააჩერდა - კვლავ გუჯა რეკავდა.
- გისმენ, გუჯა... ვიყავი, ვიყავი და კიდევ უნდა ვნახო, ცოტა ჩახლართული საქმე ჩანს... ჰო... მისმინე, იმ ქალის ნომერი ხომ არ გაქვს, ვინც გვთხოვა მაგ საქმის აღება, მერი ჰქვია... ჰოდა, დამიმესიჯე რა, უნდა ვნახო ერთი, მაგასაც დაველაპარაკები... არა, სახლში მივდივარ, ბავშვი სკოლიდან წამოვიყვანე და მიმყავს... კარგი, დროებით.