"ისედაც არც ისე იოლი მომავალი ვარგუნე ჩემს შვილს და ნარკომანის გვერდით ვერ გავზრდი..." - ონლაინრომანის გაგრძელება - მშობლები

"ისედაც არც ისე იოლი მომავალი ვარგუნე ჩემს შვილს და ნარკომანის გვერდით ვერ გავზრდი..." - ონლაინრომანის გაგრძელება

2022-01-05 18:26:48+04:00

"მთვარის შვილი" - ონლაინრომანი

იხილეთ მეორე ნაწილი

* * *

სკოლის დამთავრების შემდეგ ირინამ და ლიკამ თავ-თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ლიკამ მშობლების რჩევით ეკონომიკურზე ჩააბარა, საბანკო საქმის განხრით. ირინამ კი ბევრი ფიქრის შემდეგ მოულოდნელად გადაწყვიტა, იურიდიულზე ჩაებარებინა. ბევრს გაუკვირდა მისი არჩევანი, განსაკუთრებით მასწავლებლებს - სკოლაში გაკვეთილს ვერ ყვებოდა და როგორ აპირებს ან ჩაბარებას, ან მერე მაგ პროფესიის მიყოლასო. მხოლოდ ლიკას სჯეროდა მისი - მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ირინას მხოლოდ კომპლექსები უშლიდა ხელს, თორემ შესანიშნავადაც სწავლობდა და თუ

ცოტა მეტი სითამამე შეემატებოდა და ამ კომპლექსებსაც დააღწევდა თავს (რისი იმედიც ნამდვილად ჰქონდა), მისგან მშვენიერი სპეციალისტი დადგებოდა.

მართლაც, ირინამ მშვენივრად ჩააბარა გამოცდები. წარმატებამ სტიმული შესძინა, ცოტა მეტად გაიხსნა, ცხოვრებისეული მიზნები მკაფიოდ დაისახა და უნივერსიტეტში სტუდენტებს შორისაც მალე გამოარჩიეს ლექტორებმა. ამიტომ იყო, რომ მესამე კურსზე, როცა საზღვარგარეთ სტაჟირებაზე გასაგზავნ სტუდენტებს არჩევდნენ, სწორედ ირინაზე შეაჩერეს არჩევანი. ასე აღმოჩნდა პუტკუნა და მორცხვი 19 წლის გოგო თავისუფლებისა და სიყვარულის ქალაქში - პარიზში.

თუმცა სანამ საფრანგეთს მიაშურებდა, მანამდე თბილისში კიდევ ერთი მტკივნეული რომანი დატოვა, კიდევ უფრო მტკივნეული, ვიდრე სკოლაში გადახდენილი ცალმხრივი სიყვარული იყო.

...უნივერსიტეტში ჩაბარების აღსანიშნავად მშობლებმა კომპიუტერი უყიდეს. როგორც ხდება ხოლმე, კომპიუტერთან ერთად მის ცხოვრებაში ჯერ ინტერნეტი შემოვიდა, მერე კი მუდამ აქტუალური და მოდური - ჩატი. ინტერნეტურთიერთობებისას აღმოაჩინა, რომ მეტად გახსნილი და თავისუფალი იყო, ვიდრე რეალობაში. იქ მის გარეგნობას არ აფასებდნენ, იქ მის მსჯელობას უსმენდნენ და მის აზრებს იზიარებდნენ. მამაკაცებთან ინტერნეტსივრცეში თავისუფლად შეეძლო ლაპარაკი, გაწითლებისა და დამორცხვების გარეშე. რამდენიმე ვირტუალური ინტერნეტ-მეგობრობის გაბმის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს თავისდა უნებურად ინტერნეტრომანშიც აღმოჩნდა გარეული.

უცნობი ბიჭი, რომელიც ჩატში ნიკით დაიმონ-40-ით გაეცნო, ირინასთვის ჯერ მეგობრად იქცა, მერე კი თანდათან - საყვარელ ადამიანადაც. ლექციების მერე სახლში გიჟივით ბრუნდებოდა, ჭამაც კი არ ახსოვდა, პირდაპირ კომპიუტერს მიუჯდებოდა და თავის ახალ ნაცნობს ელაპარაკებოდა, დაღამებამდე. ლიკაც კი ეჭვიანობდა, რადგან მასთან სალაპარაკოდ აღარც დრო რჩებოდა ირინას და აღარც ენერგია. მთლიანად ვირტუალურ სამყაროში იყო ჩაფლული.

დიდხანს ისე საუბრობდნენ და სიყვარულიც ისე აუხსნეს ერთმანეთს, არც სურათი ენახათ და არც ხმა გაეგონათ ერთმანეთის. მერე ტელეფონის ნომრები გაცვალეს. ირინას საკმაოდ სასიამოვნო ხმა ჰქონდა და "დაიმონი" კიდევ მეტად მოიხიბლა მისით. თანდათან შეუჩნდა, შევხვდეთო. ირინა კარგა ხანს იცილებდა თავიდან ამ თხოვნას, ვერაფრით გაებედა პირისპირ შეხვედრა - ღრმად სწამდა, ბიჭმა ის, როგორც ხდება ხოლმე, იდეალურ ქალად წარმოიდგინა, ყოველმხრივ, პირველ რიგში კი გარეგნობით. მასთან პირისპირ შეხვედრა კი ამ ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა.

დაიმონმა იმდენი ქნა, ირინა დააჯერა, შენს გარეგნობას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბრმად მიყვარხარ, მუდამ შენნაირ ქალზე ვოცნებობდიო. ირინამაც გარისკა და ერთ დღესაც შეხვდა...

შეხვდა და იმ დღეს დამთავრდა მათი რომანიც. "დაიმონმა", რომელიც არც თავად იყო დახვეწილი გარეგნობის, ერთი ჩვეულებრივი, საშუალო სიმაღლის გამხდარი ბიჭი აღმოჩნდა (თუმცა ირინასთვის ის მაინც ყველაზე ლამაზი იყო ამქვეყნად), პუტკუნა გოგო დაიწუნა. ჯერ გამომშვიდობებისას ბანალური სიტყვა: "დაგეკონტაქტები" გადმოუგდო, მერე კი თანდათან ჩატიდანაც დაეკარგა...

სასოწარკვეთილი ირინას ცხოვრებაში სწორედ ამ დროს გამოჩნდა ხსნასავით პარიზში გამგზავრება. არც კი დაფიქრებულა, ისე დათანხმდა, ბარგი ჩაალაგა და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყებად გაეშურა უცხო და შორეული ქვეყნისკენ.

ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ექვსი თვე უნდა ესწავლა. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და ამიტომ არ გასჭირვებია. როგორც ხდება ხოლმე, უცხო ქვეყანაში უფრო თავისუფლად და გახსნილად იგრძნო თავი, სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების, რასის თუ აღნაგობის ადამიანებთან ერთად გაცილებით უფრო მეტად დამოუკიდებელი, ხალისიანი და თამამი გახდა. ბევრ რამეს სხვაგვარად შეხედა, მსოფლმხედველობა შეეცვალა, პროფესიული უნარჩვევებიც გამოუმუშავდა და ძალიან ბედნიერი იყო.

წამოსვლამდე ორი თვეღა დარჩენილიყო, როცა ერთ-ერთ ფართიზე დაპატიჟეს - მის საერთო საცხოვრებელში, მეორე სართულზე მცხოვრებ გერმანელ რუდოლფს სტაჟირება დაემთავრებინა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და შინ გამგზავრებამდე გამოსამშვიდობებელი წვეულება მოაწყო. ირინა თავისი ოთახის მეწყვილესთან - პოლონელ ულრიკასთან ერთად წავიდა წვეულებაზე. ძალიან კი არ ეხალისებოდა, იქ უმეტესობას არ იცნობდა, მაგრამ ულრიკამ ლამის ძალით წაათრია. წვეულებაზე ოცდაათამდე სტუდენტი იყო, ბევრი ლუდი და ბევრი ჩიპსები, გართობა და სიხალისე. სწორედ იქ გაიცნო მარკი.

ფერადკანიანი, უფრო სწორად კი, მულატი მარკი, რუდოლფის პარიზელი მეგობარი იყო. მისი თხოვნით, კამერით მოვიდა და ყველა სტუდენტისგან გამოსამშვიდობებელ ტექსტებს იწერდა. ასე მიადგა ირინასაც.

როცა ირინამ თავისი ტექსტი დაასრულა და გერმანელ რუდოლფს ქართულადაც მიმართა კამერიდან, "გერმანიას და საქართველოს გაუმარჯოსო", მარკმა მოულოდნელად კამერა ჩამოიღო მხრიდან, გამორთო და ინგლისურად უთხრა: "ასეთი ლამაზი თვალები ჯერ არც ერთ ქალზე არ მინახავსო".

ირინა დააბნია ფრანგი ბიჭის უცაბედმა ქათინაურმა, თან ასე თამამად და პირდაპირ ნათქვამმა. ამგვარ კომპლიმენტებს არ იყო ჩვეული, თუნდაც საფრანგეთში. მით უმეტეს, მარკი საკმაოდ სიმპათიური, მწვანეთვალება, მაღალი, სპორტული აღნაგობის ბიჭი იყო, 26 წლის.

პირველ კომპლიმენტს მეორე და მესამე მოჰყვა. გამოცდილმა და ურთიერთობებში ძალიან უშუალო მარკმა იმდენი მოახერხა, ირინა ჯერ ლაპარაკში აიყოლია, მერე აცეკვა და მეორე დღეს შეხვედრაზეც შეუთანხმდა.

ის ღამე ირინამ ფიქრებში გაატარა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ხელი ეკრა პირველი მამაკაცისთვის, რომელმაც ნამდვილ ქალად აღიქვა და პირველივე შეხვედრის მერე პაემანზე დაპატიჟა? იქნებ ასეთი შანსი მეორედ არც მისცემოდა. ოდესმე ხომ მასაც უნდა გამართლებოდა მამაკაცებთან ურთიერთობაში? მარკთან არაფერიც არ მოხდებოდა, უბრალოდ, ცოტას გაერთობოდა, რაღაც ელემენტარულ გამოცდილებას შეიძენდა და ცოტა ხნით მაინც სასურველ ქალად იგრძნობდა თავს.

მეორე დღეს ერთმანეთს ეიფელის კოშკთან შეხვდნენ. მარკმა ჰამბურგერზე დაპატიჟა, მერე კოშკზეც აიყვანა და ბოლო სართულზე, საიდანაც პარიზი ხელისგულივით ჩანდა, თვალებში ღრმად ჩახედა, მისი სახე თავის ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ეამბორა. ირინამ მხოლოდ "დედამიწაზე ჩამოსვლისას" აღმოაჩინა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია მამაკაცისთვის, არც გასჩენია ამის სურვილი და რომ ძალიანაც მოეწონა პირველი ნამდვილი კოცნა...

ორი კვირაც არ იყო გასული, მარკმა ირინა მთლიანად შეცვალა - გაამხიარულა, გააკეკლუცა. საღამოებს ერთად ატარებდნენ, ხშირად კოცნიდნენ ერთმანეთს. ირინასთვის ის აღარ იყო ფერადკანიანი უცხოელი მამაკაცი, მარკი მის საყვარელ და ახლობელ ადამიანად იქცა. თუმცაღა, უფრო სერიოზულ ურთიერთობაზე არც ერთი არ ფიქრობდა და არც ლაპარაკობდა. მარკისთვის ეს ჩვეულებრივი დიდი გატაცება და ახალი თავგადასავალი იყო, ირინასთვის - პირველი სერიოზული გამოცდილება და პირველი თავქარიანი და თამამი ნაბიჯი.

ერთი თვის თავზე, მარკმა ირინა თავისთან სახლშიც დაპატიჟა... ყველაფერი ისე იყო, როგორც რომანტიკულ ფილმებში ხდება და როგორც ქალები ოცნებებში თუ წარმოიდგენენ ხოლმე. თუმცა პარიზში ხომ ოცნებების ახდენაც შეიძლება. მით უმეტეს, ასეთი ოცნებების. ირინამ დაასკვნა, რომ ფრანგ მამაკაცებს ყველაზე უკეთ აქვთ ათვისებული ქალების ფსიქოლოგია და მათი ლოგინში იოლად და "საკუთარი ნებით" შეტყუების მეთოდები. მარკიც ფრანგი იყო, თანაც, მულატი - ტემპერამენტიანი და მამაკაცური...

იმ ღამით, სანთლების შუქზე გატარებული რომანტიკული ვახშმის, ყურში ჩაჩურჩულებული სასიყვარულო სიტყვების, ნაზ მუსიკაზე ცეკვის შემდეგ ირინა ქალწულობასაც გამოემშვიდობა და მას მიაყოლა ყველა ქალური ტკივილი და იმედგაცრუება. იმ ღამეს ძალიან ბედნიერი იყო - ქალურად ბედნიერი და არაფერზე სხვაზე, არანაირ "მოსალოდნელ თუ მოულოდნელ შედეგებზე" არ უფიქრია.

...ერთი თვეც გავიდა და ირინას სტაჟირება დასრულდა. მის გამოსამშვიდობებელ წვეულებას პარიზში შეძენილი ყველა მისი მეგობარი ესწრებოდა - ფართი ულრიკამ მოაწყო, მხიარულმა და ანცმა პოლონელმა და ყველა დაპატიჟა, ვისაც იცნობდა თუ არ იცნობდა ირინა. რასაკვირველია, მარკიც არ დავიწყებია. წვეულების შემდეგ მარკს და ირინას გამოსამშვიდობებელი ღამეც ჰქონდათ. ჯერ პარიზის ქუჩებში ისეირნეს, დაღლამდე, მერე მარკის სამფლობელოში მოაწყვეს "ბოლო ღამე" და ერთმანეთს გულმხურვალედ, ვნებიანად და მგზნებარედ დაემშვიდობნენ, ყოველგვარი პირობების გარეშე. მარკმა მადლობა გადაუხადა ულამაზესი და უბედნიერესი ერთი თვისთვის, რომელიც ირინამ მას აჩუქა. ირინამ კი - თავისუფლების მინიჭებისა და მასში ნამდვილი ქალის აღმოჩენისა და გახსნისთვის, რომელიც აღარ დაიკარგებოდა.

* * *

თბილისის აეროპორტში ბედნიერი მშობლები ელოდნენ - წარმატებული შვილი ჩამოუვიდათ საფრანგეთიდან. ლიკაც მათ გვერდით იყო, ოღონდ უფრო შეფიქრიანებული სახით. მას ირინასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონდა და მისი პარიზული რომანის შესახებაც ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ირინაზე ათასჯერ აქტიური, თამამი და კომუნიკაბელური იყო ყოველთვის, მამაკაცებთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია და "ქორწინებამდელი ურთიერთობების" პანიკურად ეშინოდა. ახლაც, როცა ირინასა და მარკის ამბები გაიგო, მხოლოდ ის უტრიალებდა თავში, ამ ყოველივეს ირინას მომავალზე ცუდად არ ემოქმედა. თუმცა ირინას გასხივოსნებული და ბედნიერი სახე რომ დაინახა ტრაპზე, მიხვდა, ეს ის ირინა აღარ იყო, უსუსური და მორცხვი, აქედან რომ გააცილა. ამიერიდან იქნებ თვითონ უფრო გამხდარიყო მასზე დამოკიდებული, ვიდრე პირიქით. ირინას უკვე გამოცდილი, იღბლიანი, წარმატებული, თავისუფალი ადამიანის სახე ჰქონდა, რომელსაც ცხოვრებისეული სიძნელეები ვეღარ შეაშინებდა... ასეც მოხდა.

* * *

გარკვეული დროის შემდეგ ირინამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. ორივე მეგობრისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა გამოდგა. დიდხანს და ბევრი იფიქრეს ერთად, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. აბორტზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა - ირინას მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ ბავშვ გააჩენდა, რადგან ის მისი ცხოვრებისეული გარდასახვების და პირველი ნამდვილი ქალური ემოციების ნაყოფი იყო. იმაზე ფიქრობდნენ მხოლოდ, ირინას მშობლებისთვის როგორ ეთქვათ ეს ამბავი, საზოგადოება რას იტყოდა, მით უმეტეს, თუ ბავშვი მამას დაემსგავსებოდა - უკანონო შვილი და თანაც ფერადკანიანი, ეს უკვე მეტისმეტი იყო.

ირინას არ ჰქონდა იმედი, რომ მშობლები გაუგებდნენ. საკმაოდ კონსერვატიულად და ტრადიციულად აზროვნებდნენ და მათთვის ეს საშინელი დარტყმა იქნებოდა. იმ აზრს მალე მიეჩვია, რომ ამ ახალ ამბავს არაფრით არ მიიღებდნენ, უფრო იმაზე ნერვიულობდა, რამე არ დამართნოდათ მიღებული სტრესის გამო. ბოლოს "სამეგობრო საბჭოზე" გადაწყვიტეს, რომ ირინა ლიკასთან ერთად მისულიყო სახლში და მშობლებს სერიოზულად დალაპარაკებოდა, მეგობრის თანდასწრებით.

...იმწუთიერი რეაქცია შედარებით მშვიდი აღმოჩნდა - ლიკას ირინას დედის გაოგნებული, მაგრამ უტყვი სახე და მამის გაყინული მზერა სამუდამოდ დაამახსოვრდა. ლიკასთან ეცადნენ, არაფერი შეემჩნიათ. მთელი ცხოვრება ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, რომ მათი ოჯახის საქმეებში უცხოები არ ჩაერიათ და ახლაც ამ პრინციპს მიჰყვებოდნენ. მათი ოჯახური ამბები მხოლოდ მათი ოჯახური ამბები იყო, არავის არ რევდნენ საკუთარ საქმეებში და მით უმეტეს, მათი "ლაწირაკი" შვილის "ლაწირაკ" მეგობარს არ აჩვენებდნენ, სინამდვილეში რას გრძნობდნენ ან რას მოიმოქმედებდნენ. მაგრამ როგორც კი ლიკამ ზღურბლს გადმოაბიჯა და მის უკან მიიკეტა მეგობრის სახლის კარი, იქ ნამდვილი ალიაქოთი დატრიალდა.

გაცოფებული მამა ყველაფერს ამტვრევდა, ისე გამოვიდა მწყობრიდან, ასეთი ირინას არასდროს უნახავს. ირინას ოთახში მთელი არაფერი დაუტოვებია. პირველ რიგში კომპიუტერს ეცა, რომელიც მისი აზრით ყველა უბედურების თავი და თავი იყო, და აივნიდან გადაისროლა. დედა ყველანაირად ცდილობდა, ნაკლებად ხმაურიანად გამოეხატა აღშფოთება - ამქვეყნად ყველაზე მეტად იმის ეშინოდა და რცხვენოდა, მისი სახლიდან ხმამღალი სიტყვა არ გასულიყო, სულ ეამაყებოდა, რომ ჰარმონიული ოჯახი ჰქონდა და მათ შესახებ ვერც ერთი მეზობელი ვერაფერ ცუდს ვერ იტყოდა. ახლა კი, ჯერ შვილმა დაასხა თავზე ლაფი, მერე ქმარმა იმდენი ქნა, საშვილიშვილო სკანდალი ატეხა მეზობლებში...

არადა, მამაც ყოველთვის თავშეკავებული იყო და რაიმეზე განაწყენებული ან გაბრაზებული ყვირილითაც კი მოზომილად ყვიროდა. ირინას მუდამ აღიზიანებდა მისი მშობლების ასეთი, მოზომილი და მოწესრიგებული ცხოვრება. განსაკუთრებით ახლა, როცა თვითონ გათავისუფლდა და გათამამდა, პარიზის ვნებებსა და ემოციებს აჰყვა, საერთოდ ვეღარ გებულობდა ამ მოჩვენებით სიწყნარესა და სიმშვიდეს. ამიტომ მამის ეს რეაქცია უფრო გასაგები იყო მისთვის, ვიდრე "პირმოკუმული ყვირილი".

...არადა, ჯერ ბავშვი არ გაჩენილიყო და ჯერ მშობლებმა ის ამბავიც არ იცოდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი უკანონო შვილიშვილი შეიძლებოდა ფერადკანიანი მოვლენოდა ქვეყანას. ირინას ეგ აღარ დაუკონკრეტებია მშობლებისთვის - მომავალი შვილის ფრანგი მამა რომ ფერადკანიანი გახლდათ. აღარ ჩათვალა საჭიროდ, მეტად აღარ ატკინა გული. მერე მაინც გაიგებდნენ, მაგრამ ასე ერთბაშად ვერ "გაიმეტა"...

ცოტა ხანს უყურა მამის აღშფოთებას და სახეშეშლილი დედის ცრემლებს და ბევრი აღარ უფიქრია, ატირებულმა და აღელვებულმა სამუდამოდ გამოიკეტა მშობლიური სახლის კარი და გაიქცა, საით, მაშინ თვითონაც არ იცოდა. მხოლოდ ის ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მშობლებთან დარჩენა გამუდმებულ საყვედურებს, ნიშნის მოგებას, შენიშვნებს ნიშნავდა და ისევ საკუთარ თავში უნდა ჩაკეტილიყო, დაკომპლექსებულიყო და სამუდამოდ გამოკეტილიყო "შერცხვენილი". ბავშვის გაჩენაზე ხომ ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა მათთან. ისევ მშობლების დაკარგვა არჩია და ახალი ცხოვრების ახალ პრობლემებთან გამკლავებაზე დაიწყო ფიქრი. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ერთგული მეგობარი ამოუდგა მხარში.

* * *

უნივერსიტეტში ერთი კურსიღა ჰქონდა დარჩენილი. ლიკას მამა უკვე გარდაცვლოდა, თორემ ვერც მამამისი გაუგებდა ირინას და სახლში ალბათ არც ის შეუშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ირინა მისი შვილის საუკეთესო და ბავშვობის მეგობარი იყო. ლიკას დედა კი ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდა, რაც კი მის შვილს სურდა. რაკი ლიკამ გადაწყვიტა, რომ ირინას დროებით მათთან უნდა ეცხოვრა, სანამ სწავლას დაამთავრებდა და ფეხზე წამოდგებოდა, ასეც უნდა ყოფილიყო. თავისი ხელფასით ასე თუ ისე გაჰქონდათ თავი, სოფლიდანაც ეხმარებოდნენ სურსათ-სანოვაგით და შიმშილით არ დაიხოცებოდნენ. თანაც, ეს ხომ დროებითი გადაწყვეტილება იყო.

ირინამ ის კურსი ისე დაასრულა, დიდი მუცლის ხათრით დაუწერეს ნიშნები, თორემ ამ არეულ-დარეულობაში ვერც ერთი გამოცდა ვერ მოამზადა. მერე ანუკაც გაჩნდა - პატარა მულატი, მამის მწვანე თვალებით, შავი კულულებით და წითელი სქელი ტუჩებით.

ირინას მარკთან ურთიერთობა არ განუახლებია, არც წერილი მიუწერია, როგორც დაჰპირდა და არც უთქვამს, რომ შორეულ საქართველოში მისი შვილი გაჩნდა. გადაწყვიტა, მარტოს მოეგვარებინა ყველაფერი.

ბოლო კურსზე ძირითადად პრაქტიკები ჰქონდა ორივეს - ლიკასაც და ირინასაც. ამიტომ, როდის რომელს ეცალა, ის იჯდა ბავშვთან და ის უვლიდა, საღამოს კი ნინო დეიდას - ლიკას დედას აბარებდნენ ანუკას და თვითონ თავაუღებლად მეცადინეობდნენ. ამდენ ნერვიულობასა და პრობლემებთან გამკლავებაში ირინა თანდათან ისე გახდა, მისი შემხედვარე ვერც იტყოდი, რომ ერთ დროს პუტკუნა გოგო იყო. სულ მალე იგრძნო, რომ მის გარდასახვას გარშემო მყოფთა სათანადო რეაქცია მოჰყვა - მამაკაცებმა მასში სექსუალური ქალი დაინახეს, ქუჩაში თუ სასწავლებელში, ყველგან გრძნობდა მათ დაჟინებულ ყურადღებას.

გარეგნობის წყალობით სამსახურიც მალე იშოვა - პირველივე გასაუბრებაზე ადვოკატის თანაშემწედ აიყვანეს. გარდა იმისა, რომ მართლა ჭკვიანი იყო და საკუთარ პროფესიას კარგად დაუფლებოდა, მისი მომხიბლავი გარეგნობის წინაშეც უძლური აღმოჩნდა მისი პირველი უფროსი და ხელფასიც კი იმაზე გაცილებით მეტი დაუნიშნა, ვიდრე მანამდე ვარაუდობდა.

ასე დაიწყო ირინას წინსვლა კარიერაში. სულ მალე ბინაც იქირავა, ანუკას ძიძა აუყვანა და დამოუკიდებელ ცხოვრებას დამოუკიდებლად შეუდგა. გაჩნდნენ პირველი აქტიური, მომაბეზრებელი, საქმიანი თუ სხვა სახის თაყვანისმცემლებიც. მათი დაჟინება კიდევ უფრო მატულობდა, როცა შეიტყობდნენ, რომ ირინა მარტოხელა დედა იყო - ეს მას რატომღაც "მეტად მისაწვდომის" სტატუსსაც ანიჭებდა მათ თვალში. გარდა ამისა, სწორედ ამ გარემოების გამო, უმეტესობას მისგან მხოლოდ "სიყვარულის გაზიარება" და საყვარლობა უნდოდა, ვიდრე უფრო სერიოზული ურთიერთობები. ირინა კი სულაც არ აპირებდა, შეძლებული "სპონსორის" კისერზე ეცხოვრა და ანუკას ისედაც გამორჩეულობისთვის ისიც დაემატებინა, რომ დედამისი ვიღაცის საყვარელი იყო. სერიოზულ წინადადებას ნამდვილად ელოდა, ოღონდ სანდო და საიმედო ადამიანისგან, რომელიც მის შვილსაც შვილად აღიარებდა და ტრავმას არ მიაყენებდა. ასე თვითონაც მოიცილებდა თავიდან ამდენ მომაბეზრებელ უხამს წინადადებას და მუდმივ ჭორაობას მისი მდგომარეობის გამო. თუმცა ასეთი ადამიანები ნაკლებად ჩანდნენ.

* * *

...ანუკა რომ ოთხი წლის გახდა და ირინამ დამოუკიდებელ ადვოკატად დაიწყო მუშაობა (ერთ-ერთი კერძო საადვოკატო ბიურო გახსნა რამდენიმე კომპანიონთან ერთად), მაშინ გამოჩნდა ჰორიზონტზე გურამი. ის იმ უბანში ცხოვრობდა, სადაც ირინამ ბინა იგირავა. მაშინვე შენიშნა ახალგადმოსული ლამაზი ქალი და მალე შეუყვარდა კიდეც. რამდენჯერმე ირინას ბარგის სახლამდე მიტანა შესთავაზა, მისი ბავშვის ძიძას გაეცნო და ერთი-ორჯერ ანუკასაც მოფერებია თბილად, ისე, რომ ძიძის კეთილგანწყობაც მოიპოვა და ანუკასიც. მალე ირინამ ისიც შეამჩნია, რომ გურამს უბანში საკმაოდ კარგი სახელი ჰქონდა და მის მიმართ პატივისცემა ირინაზეც გადმოდიოდა. სხვანაირი მოწიწებით დაუწყეს ყურება, "ბირჟაზე" მამაკაცები მორიდებით ესალმებოდნენ და უკმეხად არ აყოლებდნენ თვალს. ცოტა ხანში იგრძნო, რომ გურამის სახით საიმედო მფარველი და საყრდენი იპოვა, ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა...

ერთად ცხოვრება კანონიერად დაიწყეს - გურამის მშობლებს არ გაუპროტესტებიათ, შვილიანი ქალი რომ შეირთო მათმა ვაჟმა. ყოველ შემთხვევაში, ირინას ყურამდე არაფერი ამგვარი არ მისულა. გურამმა მშობლებს ამაყად წარუდგინა, უთხრა, ეს ჩემი ოცნების ქალიაო და მათაც დალოცეს მომავალი ცოლ-ქმარი. ანუკასაც ქორწილში თბილად მიეფერნენ, თუმცა ურთიერთობა ამით დასრულდა - ირინა გურამთან არ გადასულა საცხოვრებლად, არც დაუპირებია და სიმართლე რომ ითქვას, არც არავის შეუთავაზებია. გურამი გადავიდა მასთან.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. გურამი ირინას ყველანაირად მხარში ედგა, ოჯახში მამაკაცი რომ იყო, ეს მალევე დაეტყოთ. მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე პატარა მაღაზიაში ფლობდა თავის წილებს და შემოსავალი მოსდიოდა. დღეებს ძირითადად "ბირჟაზე" ატარებდა, მაგრამ არ სვამდა, სკანდალებს არ აწყობდა, ირინას სამსახურში აცილებდა, მაღაზიიდან ამოჰქონდა სურსათ-სანოვაგე, შინ თუ რამე გაფუჭდებოდა, აკეთებდა, ანუკას ეთამაშებოდა ხოლმე და ერთი შეხედვით, ნამდვილად ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ.

თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ცოტა ხანში რეალობამ პრობლემებიც თან მოიტანა და ნაკლოვანებებიც გამოჩნდა.

თანდათან ირინამ აღმოაჩინა, რომ გაჰყვა მამაკაცს, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობდა. მის ზოგიერთ ჩვევას, ლაპარაკის მანერას, ხანდახან რაიმე რეპლიკას თუ სხვა რამეს გაოცებული ხვდებოდა. მალე ისიც გააცნობიერა, რომ გურამს მართალია ის გიჟურად უყვარდა, მაგრამ გიჟურადვე ეჭვიანობდა, ყველაზე და ყველაფერზე. ამის გამო თავიდან პატარ-პატარა კამათები ჰქონდათ, მერე კი თანდათან ხმასაც აუწიეს და კამათის ხანგრძლივობაც გაიზარდა. ირინა ყველანაირად ცდილობდა, ქმრისთვის გაეგო, ნაკლებად მიეცა ჩხუბის საბაბი. სამსახურში წაიყვანა, ყველა კოლეგა გააცნო, თავის კლიენტებთან კი ყველასთან ნათქვამი ჰქონდა, რომ საღამოს საათებში არ უნდა დაერეკათ მასთან. ცდილობდა, ძლივს შექმნილი ოჯახი მისი მიზეზით არ დანგრეულიყო. არც ის სურდა, ანუკას თვალწინ სცენები მოეწყოთ და ბავშვისთვის ტრავმა მიეყენებინათ. საშინაო საქმეებსაც ასწრებდა. სადილს ანუკას ძიძა აკეთებდა ხოლმე, მაგრამ შინ მისული ირინა ქმარს მაგიდასთან იხმობდა, გაუწყობდა, ეკითხებოდა დღის ამბებს, თავისას უყვებოდა, ღამით ანუკას დაწვენის შემდეგ ცოლქმრულ სარეცელსაც დაუყვედრებლად და მორჩილად უზიარებდა და არ აძლევდა არავითარ საბაბს, ქმარი მისით უკმაყოფილო ან მასზე რაიმენაირად ნაწყენი ყოფილიყო. იმდენად გურამის სიყვარული არ ჰქონდა, რამდენადაც ოჯახს ჩააფრინდა - ცდილობდა, ეს საყრდენი არ გამოსცლოდა ხელიდან.

* * *

ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად დილას, სანამ ირინა სამსახურში წავიდოდა, ანუკას ძიძამ - მზიამ სთხოვა, რაღაც სალაპარაკო მაქვს და იქნებ მოგვიანებით გახვიდე სახლიდანო. სანამ ძიძამ ბავშვი ბაღში წაიყვანა, გურამს ეზოდან დაუძახეს ბიჭებმა და იქით გაემართა, ირინაც მოთმინებით დაელოდა დამხმარე ქალბატონს.

მზია მალე მოვიდა. საკმაოდ შეფიქრიანებული სახე ჰქონდა.

- ირინა, არ მინდოდა, ჩვენს ლაპარაკს ან ანუკა დასწრებოდა, ან მით უმეტეს, გურამი.

ირინას სახე დაეძაბა.

- რა იყო, მზია, რა ხდება?

მზია ცოტა ხანს გაჩუმდა, ეტყობოდა, უჭირდა სათქმელის გადმოცემა.

- ირინა, ცუდად არ გამიგო, ძალიან მინდა ბედნიერი იყო და კარგი ცოლქმრობა გქონდეთ... მაგრამ...

- რა ხდება, მზია, ნუ დამიმალავ ნურაფერს, შენ მთელი დღე სახლში ხარ და ალბათ რაღაც ისეთი იცი, რაც მე არა, ხომ?

მზიამ თავზე უხერხულად გადაისვა ხელი და შორიდან დაიწყო.

- შენთვის ადრე მომიყოლია ჩემი ოჯახური ტრაგედიის შესახებ, თუ რატომ დავრჩი ასე მარტო და რატომ ვძიძობ სხვის შვილებს.

- კი, მახსოვს... შენი ქმარი წამალზე იჯდა...

- ჰო, ირინა, წამალზე იჯდა და მერე ამ ყოველივეს ჩვენი ოჯახური ურთიერთობა და რაც მთავარია, ჩვენი შვილი შეეწირა... - მზიამ მძიმედ ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი ცხვირსახოცით შეიმშრალა, - ქმარმა ყველაფერი გაგვიყიდა, რაც კი სახლში გვქონდა, წამალზე გაცვალა... ერთ დღეს კი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიადგა ბაღში ბავშვს წამოსაყვანად, მე არაფერი ვიცოდი... უკან წამოსვლისას მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა... თვითონ გადარჩა, ჩემი უბედური შვილი კი... - მზიას ცრემლები წასკდა.

ირინა მიეფერა ქალს, გრაფინიდან წყალი ჩამოუსხა...

- მზია, წყალი დალიე, დამშვიდდი... ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, ნუ იფიქრებ ამაზე... ოღონდ ვერ გავიგე, ამ ამბავს რატომ მიყვები?

ქალმა წყალი მოსვა, ცოტა დამშვიდდა და ირინას თვალებში შეხედა.

- ირინა, მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ შენი ქმარიც იკეთებს...

...ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე ქუხილივით იყო. ირინას თავზარი დაეცა, აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ის დღე სამსახურში ვეღარ გაჩერდა, სულ ეჩვენებოდა, რომ კაიფში მყოფი მისი ქმარი ანუკასთან მარტო იყო დარჩენილი და ათას უბედურებას წარმოიდგენდა. იფიქრა, ქმარს დალაპარაკებოდა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო მართალი ეს ამბავი და ურთიერთობა გაეფუჭებინა, თანაც უმიზეზოდ? იქნებ ეს მხოლოდ მზიას წარმოსახვის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი?

დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, მოვლენების განვითარებას დალოდებოდა, მეტად დაკვირვებოდა ქმრის ქცევის მანერას და მისი სპეციალობის ენით თუ ვიტყვით, მეტი მტკიცებულებაც მოეგროვებინა.

დიდხანს ცდა არც დასჭირდა. ერთ შაბათ-კვირას შინ დარჩენილმა შენიშნა, რომ დღისით გურამი უცნაურად იქცეოდა - აგზნებული იყო, აგრესიული, ათას რაღაცას მიედ-მოედებოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა. ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. მერე ძმაკაცებმა დაუძახეს, ჩავიდა და ერთ-ორ საათში სულ სხვანაირი ამოვიდა - თითქოს დამშვიდებული, მაგრამ უფრო მოდუნებული. თვალები ასწითლებოდა, გუგები კი არაბუნებრივად დაპატარავებოდა... ირინა მიხვდა, ეს რაც იყო და რომ მზიას ეჭვი მართლდებოდა.

იმ ღამით შინაგანად მოამზადა საკუთარი თავი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა მალე დასრულდებოდა და კვლავ მარტო მოუწევდა ცხოვრების გაგრძელება. ნარკომან ქმართან ცხოვრებას, მით უმეტეს, მასთან ერთად ერთადერთი ქალიშვილის გაზრდას და კიდევ უფრო მით უმეტეს, მისგან შვილის გაჩენას არ აპირებდა. მოსალოდნელი საუბრისთვისაც მოემზადა და მოსახერხებელ დროს დაელოდა. დაგეგმა, ერთ დღეს მზია და ანუკა მაკდონალდსში გაეგზავნა, საღამოს, როცა თვითონ დაბრუნდებოდა სახლში, და ქმართან მოწმეების გარეშე ელაპარაკა. თუმცა გურამმა ამდენი არ აცალა - მისდაუნებურად მოვლენები კიდევ მეტად დააჩქარა.

მეორე საღამოსვე, შინ დაბრუნებულს ანუკა ჩაფიქრებული და მოღუშული დახვდა. მზიამ ვერაფრით აუხსნა, რა იყო ანას წუხილის მიზეზი. მოულოდნელად მოიბუზა და მას მერე მთელი დღე ასე გაბუტული ზისო. ირინამ ძიძა შინ გაუშვა და ანასთან განმარტოვდა.

- დედი, რა იყო, საყვარელო, ვინმემ გაგაბრაზა?

დედის სიტყვებმა ბავშვს გული აუჩუყა. თვალებზე ცრემლები მოადგა, დედას მაგრად ჩაეხუტა და ატირდა. ირინას გული გადაუქანდა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა სჭირდა ანას.

- დედი, გტკივა რამე?

ანამ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია და ტირილს უმატა.

- კარგი, დედი, დამშვიდდი, მითხარი, რა ხდება?

ბავშვს თვალებზე ცრემლები მოსწმინდა, სახე მაგრად დაუკოცნა, გულში კიდევ ერთხელ ჩაიხუტა. ანაც ცოტათი დამშვიდდა და ძლივს ამოღერღა:

- დილას გურამიკო ტუალეტში დავარდა, ხელზე ნემსი ჰქონდა გაკეთებული... მოკვდება გურამიკო?

ირინას ელდა ეცა. სახე შეეშალა. მიხვდა, რაც ხდებოდა. სცადა, ბავშვთან არ შეემჩნია. დაამშვიდა:

- არა, საყვარელო, ალბათ ცოტა თავი ასტკივდა და ექიმმა გაუკეთა ნემსი. არ მოკვდება, კარგად იქნება.

თან ბავშვს ამშვიდებდა და თან უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, გურამს დასცილებოდა.

გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც.

* * *

გურამი დიდხანს და გულდაგულ უარობდა, იფიცებოდა, არაფერი მსგავსი არ ხდება, გეჩვენებაო, მაგრამ ირინა შეუვალი იყო და გურამსაც მოუწია, ეღიარებინა. მწარე აღიარებას საკმაოდ მტკივნეული მონოლოგიც მოჰყვა. როცა სენტიმენტალურ ხასიათზე დგებოდა, ირინას ხშირად ახსენდებოდა გურამის მაშინდელი გამომეტყველება, მისი სევდიანი, არა, სევდიანი კი არა, უფრო იმედგაცრუებული და ჩამქრალი თვალები, მისი დარცხვენილი სახე, რომელზეც ყველაფერთან ერთად ისიც იკითხებოდა, რომ ეს ადამიანი ძლივს ნაპოვნ ბედნიერებას ეთხოვებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ ძალუძდა...

- შენ ჩემი ერთადერთი იმედი იყავი... - ასე დაიწყო მაშინ მონოლოგი გურამმა და ირინამ მის თვალებში ცრემლი შენიშნა, მაგრამ მზერა აარიდა, რომ ამ ცრემლებს მასზე და მის გადაწყვეტილებაზე არ ემოქმედა. ემოციებს აყოლა მისთვის მორიგი შეცდომის დაშვებას ნიშნავდა... - ირ, ვიცი, ძნელია ჩემი გაგება, მაგრამ როგორც ყველა ნარკომანს, მეც ამ გზაზე დადგომის საკუთარი ისტორია მაქვს... ძალიან კარგად იცი, მომიყოლია შენთვის, ბავშვობიდან არაფერი მაკლდა. ინტელიგენტურ ოჯახში ვიზრდებოდი - დედა მასწავლებელი იყო სკოლაში, მამა - მეცნიერ-თანამშრომელი. წიგნები არ მაკლდა და აღზრდის დახვეწილი მეთოდები. შემოსავალიც ნორმალური გვქონდა - მამას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად და ნორმალურად უხდიდნენ. ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშიც უწევდა წასვლა მივლინებებში და სკოლაში ვინმეს თუ ეცვა რამე უცხოური და "იმპორტული", პირველი მე ვიყავი. სწავლითაც კარგად ვსწავლობდი. მერე ფეხბურთმა გამიტაცა. გაგიჟებული ვიყავი ამ სპორტზე. ცნობილი ფეხბურთელების პლაკატებით მქონდა აჭრელებული ოთახის კედლები. მშობლებმა მხოლოდ იმ პირობით ჩამწერეს ფეხბურთის წრეზე, თუ სწავლას არ მოვუკლებდი. ასეც იყო, თავს ვიკლავდი სწავლით, ოღონდ კი ფეხბურთი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. იმ წლებიდან მომყვება დიმასთან მეგობრობაც... შენ ძალიან კარგად იცი, დიმა რას ნიშნავს ჩემთვის...

16 წლის ვხდებოდი, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ცუდად დავვარდი, საზიზღარი ტრავმა მივიღე და ექიმების დიაგნოზიც საზიზღარი იყო - ფეხბურთისთვის თავი უნდა დამენებებინა... ირ, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა იყო ეს ჩემთვის, განაჩენი უფრო, ვიდრე დიაგნოზი... როგორც ახლა ვუყურებ ცხოვრებას, ეს მართლა განაჩენად მექცა... ყველაფერზე ავიცრუე გული. აღარც სწავლა მინდოდა. სკოლაში ცუდად ვიქცეოდი, მასწავლებლებს ვეჩხუბებოდი, მშობლებს ვეუხეშებოდი. იძულებულნი გახდნენ, ღამის სკოლაში გადავეყვანე, ატესტატი რომ როგორმე "გაეჩალიჩებინათ".

იქ სულ სხვა წრეში მოვხვდი. სრულიად სხვა საზოგადოება გავიცანი, სხვა ფასეულობები ჰქონდათ... ან საერთოდაც არ ჰქონდათ ფასეულობები... მაშინ გავიგე, რა იყო "შავი გაგება", გარჩევებზე სიარული დავიწყე, ვყოყლოჩინობდი. ჩემი მაშინდელი ძმაკაცები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, თავი კარგად მეგრძნო მათთან ერთად, მაგულიანებდნენ, საქმის გარჩევაზე, როგორც ნაკითხ და შედარებით "სერიოზული წარსულის" მქონე ადამიანს მალაპარაკებდნენ და მერე მაქებდნენ. დიმა სულ მეჩხუბებოდა, მირჩევდა, გონს მოვსულიყავი, ცუდ გზას ადგახარო, მეუბნებოდა. ისიც კი უთქვამს, მაგათ შენი გამოყენება უნდათ, ჩაგითრევენ და ვეღარ დაეხსნები თავიდან, სანამ შენც და შენს ოჯახსაც ბოლომდე არ გამოწურავენო... არ ვუჯერებდი. თან ცოტათი მშურდა კიდეც მისი, ის ხომ ისევ ფეხბურთს მისდევდა, წარმატებებს აღწევდა და თითქოს ჩემს არარეალიზებულ ცხოვრებას მასში ვხედავდი. ნერვები მეშლებოდა. ერთი პერიოდი ისე ვეჩხუბე, დავშორდი კიდეც, მერე ისევ თვითონ მიპოვა და სცადა, წუმპედან ამოვეყვანე...

რაღა ბევრი გავაგრძელო, ცოტა ხანში კაიფი დავიწყე. ჯერ მსუბუქი რამეებით, "პლანი", "მანაგუა"... სანამ სახლში შევიდოდი, ჩემებს რომ არ შეეტყოთ რამე, ხან კორპუსს 20 წრესაც კი ვარტყამდი, რომ "გავნიავებულიყავი"... მერე კი ერთ დღეს, "სამეგობრო წრეში", რაღაც წვეულების მერე, "ბეზ პონტა" რომ ვიყავით, ნემსიც გავიჩხირე... გავიჩხირე და გავიჩხირე... ამის მერე სკანდალებმაც იმატა სახლში, მოპარულმა ნივთებმაც. რა აღარ სცადეს ჩემებმა, ჩხუბიც, მუქარაც, დაყვავებაც, მონასტერშიც გამიშვეს ცოტა ხანს, მაგრამ აღარაფერმა მიშველა. ჩავირეცხე სრულიად... ერთი ეგ იყო, ლაპარაკი ისევ არ მეშლებოდა. მალე შავი გაგების ხალხში რაღაც-რაღაცების გამო პატივისცემა მოვიპოვე, უბანშიც პატივსაცემი ტიპი გავხდი, ჩემი სიტყვით ბევრის ბედი წყდებოდა. ამის "წყალობით" რაღაც-რაღაც წილებშიც ჩავჯექი, ასე თუ ისე შემოსავალი გამიჩნდა, თუმცა ფულის უდიდესი ნაწილი ისევ კაიფზე მიდიოდა... მერე კი შენ გამოჩნდი... ჩემს იმედად იქეცი, ცხოვრებისეულ იმედად. ჩემი მშობლებისთვისაც... იფიქრეს, რომ შენი სიყვარული ამომიყვანდა ამ წუმპიდან... მაგრამ ეს ისეთი რამეა, ვერასდროს დაეხსნები... ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვეხსნები... ირ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, თუ ეს რამეს შეცვლის, რომ ახლა, რაკი ფული ასე თუ ისე მაქვს, სუფთას ვიკეთებ, ნაკლებად გაშტერებული დავდივარ, კაიფში გაპარვის საფრთხეც ნაკლები მაქვს და სახლიდანაც არაფერს წავიღებ, არც შენ დაგიშავებ ოდესმე რამეს... იმ დღესაც, ანუკამ რომ დამინახა, ვიცი, შეეშინდა. იაღლიში მომივიდა, მასეთი რამ არ განმეორდება არასდროს, - ეს ბოლო სიტყვები ხვეწნას უფრო ჰგავდა, გურამი ბოლო შანსს ელოდა, ცხოვრებაში ბოლო შანსს ალბათ...

თუმცა ირინასთვის ბევრი ვერაფერი შვება აღმოჩნდა მისი "სუფთა" წამალი და სამომავლო დაპირებები.

- გურამ, მე რომ ახლა ვიწყებდე ცხოვრებას, იქნებ, ამხელა რისკზე წავსულიყავი კიდეც, მაგრამ მე პირველ რიგში დედა ვარ, ჩემს ანუკაზე ვარ პასუხისმგებელი... მის მომავალს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაგდებ და ნარკომანის გვერდით ვერ გავზრდი, ვერც შვილს გავაჩენ შენგან ასეთ სიტუაციაში... ეს კი აღარც ოჯახი იქნება, არაფერი... ვიცი, ამით შეიძლება შენს ცხოვრებას და ცხოვრებისეულ იმედებს წინ აღვუდგები და ტკივილს გაყენებ, მაგრამ, გურამ, მაპატიე, სიმართლე ყოველთვის მტკივნეულია - ჩემთვის ახლა შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი, და წარმოიდგინე, არც ჩემი პირადი ამბიციები ან სურვილები დგას ახლა წინა პლანზე, ახლა მე ჩემი შვილის სასარგებლოდ უნდა გავაკეთო არჩევანი... მას ისედაც არც ისე იოლი მომავალი ვარგუნე ჩემი შეცდომების გამო, ასე ვერ გავწირავ, რომ მუდმივი რისკის ქვეშ ვამყოფო...

* * *

გურამმა კიდევ სცადა გაბრძოლება. "ბოლო საუბარს" რამდენიმე სკანდალი და სახლში მოვარდნა მოჰყვა, მაგრამ შემდეგ თანდათან შეეჩვია იმ აზრს, რომ მისი საყვარელი ქალი მისი აღარ იყო. მის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდოდა, მაგრამ მის ძალებს აღემატებოდა ნარკოტიკებისგან გადაჩვევა... ამის მერე ხანდახან გაბრაზებული თუ დაურეკავდა ხოლმე, თავს შეახსენებდა, ან ძალიან გაბრუებული თუ იყო და მონატრება გააგიჟებდა, მაშინაც შეეხმიანებოდა და სიყვარულს უხსნიდა... ირინა კვლავ შეუვალი იყო. ეცოდებოდა და ძალიანაც სტკიოდა გული, მაგრამ საღი აზრი არ ღალატობდა და ამ შეცოდების გამო გადაწყვეტილებას არ იცვლიდა.

რამდენიმე თვეში დაიბრუნა გირაოს ფული, ცოტაც დაამატა და ერთ-ერთ პერიფერიულ უბანში ერთოთახიანი ბინა იყიდა. მზიაც თავისთან გადაიყვანა - საწყალ ქალს მაინც არავინ ჰყავდა ახლობელი და ირინას დედა შეუცვალა, ანუკას კი - ბებია. ასე დაიწყეს ცხოვრება სამმა. კაცი აკლდა მათ ოჯახს, მაგრამ სამაგიეროდ, მშვიდად იყვნენ, ერთმანეთს არ ერჩოდნენ და ნაკლები სადარდებელი ჰქონდათ.

გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი