"ამბობენ, ცოდვების გამო დაწყევლილები არიანო... თუ ვაჟი ჩნდებოდა, მალე იღუპებოდა, ქალი კი რაღაც მემკვიდრული დაავადებით იბადებოდა..." - ონლაინრომანის გაგრძელება - მშობლები

"ამბობენ, ცოდვების გამო დაწყევლილები არიანო... თუ ვაჟი ჩნდებოდა, მალე იღუპებოდა, ქალი კი რაღაც მემკვიდრული დაავადებით იბადებოდა..." - ონლაინრომანის გაგრძელება

2022-01-10 08:49:49+04:00

"მთვარის შვილი" - ონლაინრომანი

იხილეთ მეხუთე ნაწილი

* * *

წასვლა კი გადაწყვიტა ირინამ, მაგრამ მთლად ისეთი გაბედულიც არ იყო, ამხელა გზაზე, უცხო ადგილას, სრულიად მარტო წასულიყო. ლიკას იმედი ვერ ექნებოდა - დათრგუნული და სასოწარკვეთილი გოგო მშობლიურ სოფელში იშუშებდა ჭრილობებს და ახლა ამ საქმეში მას ვერ გარევდა. სხვისთვის ვისთვის უნდა ეთხოვა დახმარება? სწორედ მაშინ გაახსენდა ზურა. თანაკლასელი და პირველი უიმედო სიყვარული მართლაც კარგ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში. ბოლო შეხვედრის დროს ისიც უთხრა, როცა გინდა მაშინ

შემაწუხე და რაც გინდა მთხოვეო. ირინა აშკარად ნასიამოვნები იყო იმით, რომ როლები გაცვალეს და ახლა ზურა ცდილობდა მის მოხიბვლას. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკულ ურთიერთობებზე უარი უთხრა და მეგობრობაზე დათანხმდა მხოლოდ, გულის სიღრმეში ქალურად უხაროდა ზურას გამოჩენა და საერთოდ მისი არსებობა. ბავშვურ გრძნობებსაც ახსენებდა და უკვე დაკაცებული კიდევ მეტად მომხიბვლელადაც ეჩვენებოდა. ცდილობდა მასზე ბევრი არ ეფიქრა, ცხოვრებისეული შეცდომების გამეორების ეშინოდა, მაგრამ ზურას აჩრდილი ხშირად ახსენებდა თავს. აი, ახლაც, გაუგებრობაში აღმოჩენილს ისევ ზურა გაახსენდა და გადაწყვიტა, მისთვის ეთხოვა დახმარება. იცოდა, სიხარულით წაჰყვებოდა ნებისმიერ ადგილას. თანაც, მანქანაც ჰყავდა - ირინას "წითელი ბუშტი" - მისი საყვარელი "ფიატი" არც ისე კარგ მდგომარეობაში იყო, რომ ამხელა გზაზე გამოეცადა, ზურა კი მშვენიერი "აუდით" დადიოდა და მისი მანქანის იმედი უფრო შეიძლებოდა ჰქონოდა. თან გვერდზე მამაკაცი ეყოლებოდა და მეტად თავდაჯერებული და თამამი იქნებოდა, რაც საქმისთვის უკეთესი იყო. მოკლედ, ყველაფერი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ მეტყველებდა და ირინამ ზურას დაურეკა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გახარებული და აღფრთოვანებული თანხმობა მიიღო. მეორე დილისთვის დაგეგმეს წასვლა. ირინამ მზიას დირექტივები დაუტოვა, ანუკა კარგად დაარიგა, მზიას დაუჯერეო, ჩანთაში აუცილებელი ნივთები ჩააწყო და დილაადრიან მის სახლთან გაჩერებულ ვერცხლისფერ "აუდში" ჩაჯდა.

* * *

ამასობაში ლიკა სოფელში თავისი წინაპრების სამყოფელს მისდგომოდა. ბებიას სახლის ჭიშკარი ჭრიალით გაიღო. ადრეც ჭრიალებდა, მაგრამ რაც აქ არ ყოფილა - თითქმის სამი წელია, კიდევ უფრო "აჭრიალებულა". დიდი ეზო უნდა გადაეკვეთა, სანამ სახლთან მივიდოდა, და კიდევ ერთი სახლი - გუჯა ბიძიასი. ნინოს გათხოვების შემდეგ გუჯა მალევე დაცოლშვილდა და სახლიც ცალკე აიშენა, ოღონდ იმავე ეზოში, ქვრივ დედასთან რომ ახლოს ყოფილიყო. გუჯა ბიძია ლიკას ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა, აი მისი ცოლი კი... ანეტა ბიცოლა თავიდანვე არ მოეწონა, დანახვის დღიდან. ალბათ აიმტომაც იყო, რომ უკვე სამი წლის ბავშვმა, მის კალთაში ძალით ჩასმულმა, "მოახერხა" და კალთაში ჩაუფსა. ანეტა მაშინ ისე გაცოფდა, კინაღამ ძირს დააგდო პატარა "დამნაშავე". იმ დღიდან დაიწყო მათი ცივი ურთიერთობა...

რაღაცნაირი მზერა ჰქონდა, გამჭოლი და ბოღმიანი. ავი ქალი გამოდგა, ლიკას მიმართ განსაკუთრებით იჩენდა ამ სიავეს. სულ ეჩვენებოდა, რომ მისი დედამთილი, ანუ ლიკას ბებია - ელო ბებო ლიკას მიმართ უფრო თბილი იყო და საერთოდაც, ქალიშვილს მეტად ანებივრებდა, ვიდრე ვაჟს. ელოსაც ეკამათებოდა ამის გამო, საწყალ ქალს გამუდმებით ანერვიულებდა და ამტკიცებინებდა, რომ ასე არ იყო. ბოლოს იმდენი ქნა, ლიკას სულ შეაძულა სოფელში ჩასვლა და ისევ ელო ბებო სტუმრობდა შვილსა და შვილიშვილს - ქალაქში თვითონ ჩადიოდა. სანამ შეეძლო. ახლა უკვე კარგად დაბერებული ძლივსღა დადიოდა, ამიტომ ბოლო სამი წელიწადი ისე მოხდა, შვილიშვილი არ ენახა.

ლიკას დედა ნინოც, საბერძნეთში გამგზავრებამდე, არ დადიოდა მშობლიურ სოფელში. ლიკას ყოველთვის უკვირდა ეს ამბავი, მაგრამ რომ გაიზარდა, ჩათვალა, რომ ნინოსაც ავი რძლის გამო არ სურდა ხშირად გამოჩენა მშობლიურ სახლში. თუმცა რეალურად, არც მანამდე იკლავდა თავს სოფლის შარის "დატკეპვნით". თუ რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა, გასვენება ან ქორწილი, ისიც, ძალიან ახლო ნათესავის, მხოლოდ მაშინ თუ გამოჩნდებოდა წინაპრების კერის სანახავად. მაშინაც, რამდენიმე საათით, დაღამებამდეც კი არ რჩებოდა, ღამის გათევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. საღამოს უკვე უკან მიმავალ მარშრუტკაში იჯდა და როგორც ანეტა ამბობდა ხოლმე მწარედ, "თბილისში გარბოდა". მოკლედ, არც დედისგან ჰქონდა ლიკას სოფელში ხშირი სიარულის მაგალითი და ისე გამოვიდა, თვითონაც იმავეს იმეორებდა. ახლაც, ასეთი კრიტიკული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც გაახსენდებოდა აქაურობა. თუმცა ელო ბებო მართლა გულით უყვარდა და ხშირადაც ურეკავდა მოსაკითხად. უბრალოდ, თბილისურმა დატვირთულმა ცხოვრებამ, სამუშაომ, ყოფითმა პრობლემებმა, მერე კი ბოლოდროინდელმა რომანტიკულმა ამბებმა მთლიანად მოიცვა მისი დრო და ენერგია და სოფლისთვის ადგილი აღარ დარჩა. სოფლისთვის, სადაც ბავშვობის უბედნიერეს დღეებს ატარებდა, ბიძაშვილებთან ერთად დილიდან დაღამებამდე უვლიდა ორღობეებს, ტყეში დადიოდა მარწყვისა და სოკოს საკრეფად, მეზობლების ბოსტნებში სიმინდს, სტაფილოს თუ მკვახე ალუჩას იპარავდა, უქმე დღეებში სოფლის კლუბშიც გაისეირნებდა მორიგი ინდური ფილმის სანახავად და პირველი სიყვარულის პირველი ცრემლები და პირველი ბავშვური კოცნაც აქაურობას დაუკავშირა. პირველი გულისტკენაც აქედან ახსოვდა. ისიც "ძვირფას" ანეტას უკავშირდებოდა. ბიძის სახლს რომ ჩაუარა, ისევე გააჟრიალა, როგორც მაშინ, წლების წინ. თვალწინ დაუდგა ის სცენა, რომელიც კარგა ხანია არ გახსენებია.

...მაშინ 13 წლის იყო. საახალწლო არდადეგებზე სოფელში ჩავიდა, როგორც ყოველთვის. გარეთ მსხვილად ბარდნიდა. მოსაღამოვებული იყო. ლიკა ბიძაშვილებთან კარტის თამაშში ატარებდა დროს. გუჯას ღუმელი კარგად გაეფიცხებინა და სახლში სასიამოვნოდ თბილოდა. ანეტამ პურები დააცხო, რძე აადუღა. ლიკა და თავისი ბიძაშვილები - ნუნუკა და მერაბიკოც მიუსხდნენ მაგიდას და გემრიელად ივახშმეს. სამივეს დაწითლებული ჰქონდა ლოყები ღუმელის ალმურისგან. თან მიირთმევდნენ, თან ძველ ამბებს იხსენებდნენ, მეზობლის ქალს როგორ მოჰპარეს ახალდამწიფებული ბალი. გუჯა მათთან ერთად ხალისობდა და მათ ამბებზე მასაც ეცინებოდა, ანეტა კი კოპებშეკრული უსმენდა. ვახშმის შემდეგ ლიკა გარეთ გავიდა, ძალიან კი ეზარებოდა იმ სიცივეში გასვლა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ფიცრული საპირფარეშო სახლთან ცოტა მოშორებით, დაახლოებით 20 მეტრში იდგა. ქურთუკი მხრებზე მოისხა, დიდი ბოტები ამოიცვა და თოვლიანი გზა სულ სირბილ-სირბილით გაიარა. უკანაც მალევე მობრუნდა. სანამ თოვლიან ქურთუკს კარის ზღურბლთან ბერტყავდა, სწორედ მაშინ შემოესმა ანეტას სიტყვები:

- რამდენს ჭამს ეს ლაწირაკი, მართლა ჩვენი მაინც იყოს...

საშინელი იმედგაცრუება იგრძნო მაშინ, ისე ეწყინა, მთელი ცხოვრება მოსდევდა ეს განცდა. შიგნით შესვლაც კი აღარ უნდოდა. წუთით შეირბინა, მოიმიზეზა, ძილი მომერიაო, თავისი ნივთები აიღო და ბებიასთან გაიქცა. არც არაფერი უთქვამს ბებოსთვის, სასწრაფოდ ლოგინში შეწვა და აქვითინდა... მას მერე გუჯასთან არც ერთხელ აღარ უჭამია არაფერი, ანეტაც უფრო შესძულდა, წლების მერე ნაკლები კონტაქტის გამო ბიძაშვილებსაც თანდათან დასცილდა, არადა, ისე მეგობრობდნენ ადრე... ახლა ყველაფერი ხელახლა წარმოუდგა თვალწინ. გუჯა და ანეტა აქ აღარ ცხოვრობდნენ - კარგა ხანია ანეტამ აიძულა, თბილისში ეყიდათ სახლი და სოფლურ ცხოვრებას დაემშვიდობა. ამხელა ეზოში მხოლოდ ელო ბებოღა დაფაჩუნობდა.

...მონატრებული შვილიშვილის დანახვაზე საწყალ მოხუცს თვალები გაუნათდა. ლიკამ კი მას რომ მოჰკრა თვალი, ჩანთა მიწაზევე დააგდო და ბებიასკენ გაიქცა.

- ბებო, როგორ ხარ? როგორ მომენატრე. - მაგრად ჩაიკრა გულში სიბერისგან დაპატარავებული მოხუცი.

- შენ როგორ ხარ, შვილო. როგორ დამეკარგეთ ყველანი, - გულისტკივილით აღმოხდა ქალს.

ლიკას ძალიან შერცხვა, ელო ბებოს ნაღვლიან და ცრემლიან თვალებში რომ ჩახედა. ამ თვალებში იკითხებოდა, რა ძნელი იყო მარტოობა და გამუდმებით ჭიშკრისკენ ყურება, იქნებ ვინმე ჩემიანი გამოჩნდესო. ძალიან შეეცოდა ბებო, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და მისი სურნელიც ღრმად შეისუნთქა - ეს სურნელი ხშირად აგონდებოდა ხოლმე, ბავშვობას ახსენებდა. სოფლის, ღუმელის, ხორბლის, რძის, საბძლის, სიმინდის - ყველაფრის ერთად აღებულის საამური სურნელი, ბებოს სურნელი, ნაცრისფერ გახუნებულ კაბაში გამოწყობილი, ჭრელ თავშალმოხვეული ბებოსი, ცალ მხარეს გაბზარული სათვალე რომ დაეკოსებინა ცხვირზე.

- ახლა შენთან ვარ, ცოტა ხნით აქ დავრჩები.

- რა კარგია, შვილო... - ბებომ ლოყაზე აკოცა, მერე ოდნავ მოსცილდა ლიკას, გვერდიდან დაუწყო სათვალის ზემოდან ყურება, - აბა, შეგხედო... როგორ გაზრდილხარ, მაგრამ რაღაც გამხდარი ხარ, არ ჭამ საჭმელს?

- კარგი რა, ბებო, შენ რომ მოგეწონო, მგონი 100 კილო უნდა ვიყო, - ლიკამ გადაიკისკისა, - მშვენივრად ვჭამ, გამხდარიც არ ვარ.

- კარგი, შვილო, კარგი, მოდი, შევიდეთ სახლში, დაგაყენე მეც ეზოში.

ძველი ხის კარიც ჭრიალით გაიღო. ყველაფერი დაძველებულიყო გარშემო. სახლშიც რაღაცნაირი სუნი იდგა, სოფლის, თითქოს, ცოტა დაძველებული თონის პურის, ოდნავ სინესტისაც, თუმცა "ნაზავი" მაინც სასიამოვნო გამოდიოდა, მით უმეტეს, სოფელს მონატრებული ლიკასთვის. ბებოც დაბერებული მოეჩვენა კიდევ მეტად და გული დაეწვა. საკუთარ თავს უსაყვედურა, ასე იშვიათად რომ ნახულობდა. ეს ერთადერთი ბებოღა შერჩა, მამის მშობლები ადრევე გარდაიცვალნენ, ლიკა ჯერ კიდევ პატარა იყო. ნორმალურად არც ახსოვდა მათი სახეები. ელო ბებო კი ძალიან უყვარდა. ნამდვილი ბებო იყო, გარეგნულადაც, მეტყველებითაც, აზროვნებითაც, საქციელითაც, ნამდვილი ქართველი ბებო. საყვარელი და მოსაფერებელი.

* * *

- ახლა დედაშენის ამბები მითხარი, როგორ არის... საწყალი, როგორ გადამეხვეწა, - თავშლის კუთხით თვალი მოიწმინდა ელო ბებომ და ლიკამ რომ სული მოითქვა და ისადილა, შვილის ამბავი იკითხა.

- არა უშავს, ბები. ნორმალურადაა. ყოველდღე მირეკავს...

- ეგრე აქაც რეკავს ხანდახან, მაგრამ მგონია, რომ მაინც უჭირს... დედა ენაცვალოს, როგორ დაჩაგრულიც იყო თავიდანვე, ისე წავიდა მაგისი ცხოვრება... - ელოს ისევ ცრემლები მოერია.

ლიკამ ქილიდან კიდევ ამოაძვრინა კომბოსტოს მწნილი, პირში ჩაიტენა და პირგამოტენილმა ჰკითხა:

- რატომ იყო დაჩაგრული, რატომ ამბობ მასე?

ელოს ვითომ არც გაუგია, კარისკენ მიტრიალდა, ფეხსაწმენდი შეასწორა, აშკარად საუბრის თემის შეცვლა სურდა. ლიკა დიდად არ დაკვირვებია მის საქციელს. ამდენი სტრესის მერე იმდენად მშვიდად, მყუდროდ და ბედნიერად იგრძნო აქ თავი, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს ცუდი. აღარც უნდოდა ცუდზე ფიქრი.

- ბე, ჩემი "ტურფა" როგორღაა, გავიგე, ჩამოსულა? - ეშმაკურად გაუღიმა მოხუცს.

- ვინა, ვანო? - ელოსაც გაეღიმა, - ჰო, ჩამოვიდა. საწყალმა ბიჭმა თითქმის ერთი წელი გაატარა იმ დასაქცევ ადგილას...

- ერაყში იყო თუ კოსოვოში, ზუსტად კი არ ვიცი.

- ერაყშიო... ისე, კარგი ფული კი უშოვია, თბილისში ბინის ყიდვას აპირებსო, მაგისმა ბიძაშვილმა მითხრა. მაგრამ რად გინდა ასეთი ფული, სანამ ჩამოვიდა, დედამისს დიაბეტი დაემართა მასზე ნერვიულობით.

- უი, მართლა? დარიკო ჰქვია ხომ დედამისს?

- ჰო, დარიკოს... ისე, მშვენიერი ბიჭია გარეგნულად, რას უწუნებდი?

ლიკამ ხმამაღლა გადაიკისკისა.

- ბებო, შენ არ იყავი, რომ ამბობდი, ჯერ რა დროს შენი ეგეთებიაო? გული გისკდებოდა, მასთან შესახვედრად რომ მივდიოდი. ახლა კი ამბობ, რას უწუნებდიო? ბოლოს რომ ვნახე, 16 წლის ვიყავი. იმის მერე აღარც მინახავს. მაშინ კი, პატარა ხარო. აბა, გაგეთხოვებინე და აღარც წავიდოდა ერაყში, - და ისევ ხმამაღლა გაიცინა.

- ნუ სულელობ ერთი... ეჰ, ეგრე ნინოც უნდა გათხოვილიყო აქ და ახლოს მეყოლებოდა, მაგრამ... - ელომ ღრმად ამოიოხრა.

ლიკას თვალები გაუფართოვდა.

- არ მითხრა ახლა, რომ დედასაც აქ ვინმე სერიოზული შეყვარებული ჰყავდა...

- არ მოუყოლია შენთვის?

ლიკას სახე მოეღრუბლა.

- ბებო, თითქოს არ იცნობ შენს შვილს რა, როდის იყო, რამეს მიყვებოდა...

ელოს ისევ აუცრემლიანდა თვალები.

- ეგეთი არ იყო, შვილო, თანდათან გახდა მასეთი...

- კარგი რა, ბებო, - ლიკამ სიტყვა გააწყვეტინა, - ისე ამბობ, თითქოს საშინელი ტანჯვა გამოევლოს და კატორღაში ეცხოვროს. მე რომ გამიგია, რა უბედურები არიან ქალები, მასეთი რამ დედას არ ჰქონია. თუ იმას გულისხმობ, რომ მამა ღალატობდა, მაგასაც თვითონვე ეგუებოდა, თორემ შეეძლო საერთოდაც მიეტოვებინა.

ელო სკამზე მძიმედ ჩამოჯდა.

- ასე იოლია ლაპარაკი, მაგრამ ჩემს საწყალ შვილს არ გაუმართლა არაფერში... აქ სოფელში ისეთი შეყვარებული იყო, ცაში დაფრინავდა. უკვე საქორწილედ ვამზადებდით...

- ვა, მართლა? - ლიკა გაოგნდა.

- ჰო, შვილო, - ელომ მშვიდად განაგრძო, - მშვენიერი ბიჭი იყო, ისე უყვარდა ნინო...

- მერე, რა მოხდა?

- ზუსტად რამდენიმე დღით ადრე გააუქმეს ქორწილი, დედამისი მოვიდა და გვითხრა, გადავიფიქრეთო. ნინოს აღარც უნახავს იმის მერე გიორგი - ასე ერქვა იმ ბიჭს. სულ გადაკარგეს, სადღაც გაგზავნეს, თუ არ ვცდები, ყირგიზეთში, ვიღაც შორეულ ნათესავთან, რომელიც იქ მუშაობდა. ასე შორს რომ არ გაეშვათ, ერთმანეთს ალბათ მაინც მოძებნიდნენ. გიორგის ძალიან უყვარდა... მერე კი იქვე დააქორწინეს და დააოჯახეს... თუმცა მაინც ვერ გაძლო, რამდენიმე წელიწადში ჩამოვიდა - მარტოკა, ცოლის გარეშე. მას მერე ცოლიც აღარ მოუყვანია. დადის ასე სოფელში ბერბიჭად და მგონი ისევ დედაშენი უყვარს...

- რას ამბობ, ბებო, დედას ეგ არასდროს უთქვამს... და რატომ გადაიფიქრეს ასე უცებ? ან დედამ რატომ არ იბრძოლა თავისი სიყვარულისთვის?

- დედაშენი შეურაცხყოფილი იყო ძალიან. მას მერე სოფელში გული აღარც უჩერდებოდა. მალევე წავიდა, ჩაირიცხა, გათხოვდა. მერე კი, შენც იცი, მარტო გასვენებებში ან ქორწილებში თუ ჩამოდიოდა. ღამეც აღარ გაჩერებულა არც ერთხელ. იქით უბანში გადასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მით უმეტეს მას მერე, რაც გაიგო, რომ გიორგი სოფელში დაბრუნდა. ყველანაირად ერიდებოდა მასთან შეხვედრას... რატომ გადაიფიქრეს, ეგ კი არ ვიცი, იმ შტერ ქალს, მის სადედამთილოს დაესიზმრა ალბათ რაღაც...

- კარგი რა, ბებო, ასეთი რამეები ეგრე იოლად არ ხდება. ალბათ რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზი იყო...

ელო სწრაფად წამოდგა სკამიდან და ისევ უხერხული წრიალი დაიწყო.

- კარგი, გავალ ახლა, ძროხას მივხედო... შენ წამოწექი ცოტა ხანს, დაისვენე, ნამგზავრი ხარ...

თქვა და გარეთ გავიდა. ლიკა ჩაფიქრებული დატოვა.

ნამდვილად ვერასდროს იფიქრებდა, თუ დედას ასეთი ტკივილიანი წარსული ჰქონდა და მასავით თუ სიყვარულში ასე არ გაუმართლა... "აი, თურმე რატომ იყო ასე გულჩათხრობილი და მამასთანაც - გულგრილი. იქნებ მასაც მთელი ცხოვრება ისევ ის ბიჭი უყვარდა და ახლაც უყვარს? ღმერთო ჩემო, მეც მასე მთელი ცხოვრება უნდა დავითრგუნო დიმას გამო და ვერასდროს მოვიდე გონს?.. ან იმ გიორგის როგორ უნდა ჰყვარებოდა, რომ ყველაფერი მიატოვა და უკან დაბრუნდა, ცოლიც აღარ მოიყვანა მერე? ვა, რა არ ხდება ცხოვრებაში... საკუთარ დედაზე შეიძლება ასეთ ზრდასრულ ასაკში გაიგო ისეთი რამ, რომ არც დაგესიზმრება არასდროს... დე, ნეტავ ახლა აქ იყო, მოგეფერებოდი, გავიზიარებდი შენს გულისტკივილს... ახლა უნდა გამეგო სწორედ ეს ამბავი, ახლა გაცილებით უკეთ შემიძლია გაგიგო, ადრე უცხო იყო ეს განცდა - სიყვარულში იმედგაცრუების და საშინელი გულისტკივილის... მეც გავიმეორე დედის ბედი? ნუთუ მეც ოჯახის უსიყვარულოდ შექმნა მელის და მეც ინერციით განვაგრძობ ცხოვრებას? დე, ნეტავ აქ იყო, შენც დამამშვიდებდი, ახლა ხომ ორივენი ერთ სიბრტყეზე დავდექით, ორივე ქალები ვართ და ეს საერთო ტკივილი დაგვაახლოვებდა..."

* * *

საოცარი სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო. ასე ტკბილად ალბათ წლებია არ უძინია. ქათმების კაკანი, ძაღლის ყეფა, ძროხის ბღავილი და ჩიტების ჭიკჭიკი "იავნანასავით" ჩაესმოდა, ელო ბებოც ხან ვედროს აახმაურებდა საბძელში, ხან ძაღლს დაუცაცხანებდა, მაგრამ ქალაქის ხმაურთან შედარებით ეს ნამდვილი სიმფონია იყო. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სოფელი მონატრებოდა. ეძინა თითქოს, მაგრამ თან ფხიზლად იყო, აცნობიერებდა გარშემო რა ხდებოდა, ფიქრობდა, სოფლის სასიამოვნო ხმაურს ერთვოდა. ალბათ ორი-სამი საათი იწვა ასე. შებინდებულზე ელო ბებო შინ შემოვიდა - ახალმოწველილი რძით სავსე ვედრით, ღუმელში ცეცხლი გააჩაღა და ცომის მოსაზელადაც წყალი დადგა. საყვარელი შვილიშვილისთვის ხაჭაპურები უნდა დაეცხო, რძე აედუღებინა, ესიამოვნებინა, რითაც შეეძლო. საღამოსკენ სოფელში საკმაოდ გრილოდა. ღუმელის სითბომ სასიამოვნოდ დაუარა ლიკას. ადგომა აღარ უნდოდა, ლოყები შეუფაკლდა სითბოსგან. თვალდახუჭული იწვა და განაბული უსმენდა ბებოს ფაჩუნს.

ალბათ კიდევ დიდხანს იწვებოდა, ჭიშკართან მანქანის გაჩერების ხმა გაიგო. ერე ჭიშკარიც გაიღო და ნაცნობი და ამ ადგილებში სრულიად მოულოდნელი ხმა გაიგონა:

- ლიკა!

გაოგნებული წამოხტა. ეგონა, სიზმარში იყო. რა უნდოდა აქ ირინას? არადა, აშკარად ირინას ხმა იყო. ბებოსაც გაუკვირდა მოულოდნელი სტუმრების ვიზიტი. ორივენი გარეთ გავიდნენ. თითქმის დაბნელებულიყო, მაგრამ მანქანის ფარები ენთო და ირინას და ზურას ცნობა არ გასჭირვებია. გაოცებისგან პირი დააღო. ირინა აშკარად კარგ ხასიათზე ჩანდა, ზურაც გაბადრული იდგა.

- რაო, არ მელოდი? - ირინა ლიკას გადაეხვია და მერე ელო ბებოს მიეფერა, - თქვენ როგორ ხართ, ელო ბებო. რამდენი წელია არ მინახიხართ.

ბებოს კიდევ უფრო მეტი გაოცება ეწერა სახეზე. თან ნასიამოვნებიც იყო.

- შვილო, ჯერ ერთი ადამიანი მყავდა სანატრელი, ახლა უცებ რამდენი მესტუმრა... შენ როგორ ხარ, შვილი როგორ გყავს? - ლოყაზე ხელი მოუთათუნა ირინას.

- მადლობა, ელო ბებო, ღვთის წყალობით კარგად ვართ... - მერე უცებ რაღაც გაახსენდა, - ვაიმე, მაპატიეთ, ელო ბებო, დამავიწყდა გამეცნო თქვენთვის. ეს ზურაა, ჩემი და ლიკას კლასელი, ჩვენი დიდი მეგობარი. - ეს ბოლო სიტყვები მკაფიოდ წარმოთქვა და ლიკას შეხედა გამომცდელად. ლიკას ოდნავ გაეღიმა, თუმცა არ შეიმჩნია. ზურასთან მივიდა, გადაეხვია.

სანამ ზურამ მანქანა დააყენა, ირინამ ორი სიტყვის თქმა მოასწრო:

- იმ ჩემს საქმეზე, პატიმარ ქალზე რომ გიყვებოდი, სოფელში მომიწია წასვლა და ზურა გამომყვა. დანარჩენს ღამე მოგიყვები... ხომ დაგვტოვებ ამაღამ აქ? შემოგვაღამდა და თბილისში წასვლას ვეღარ მოვასწრებდით. კარგ დროს გამახსენდი, კიდევ კარგი, ზურამ გზები კარგად იცის, თორემ მე ჩემი მანქანით ასი წელი ვერ მოგაგნებდი.

ბებოს დაცხობილ ხაჭაპურებზე კარგად იქეიფეს, ერთი-ორი ჭიქა ღვინოც მიაყოლეს და დიასახლისმა სტუმრები გაამწესა. ზურა მეორე სართულზე, დიდი ხნის დაკეტილ საძინებელ ოთახში დააბინავა, ლიკა და ირინა კი ლიკას ოთახში შეიყუჟნენ, ლოგინებში შეწვნენ და ჭორაობა დაიწყეს.

- აბა, მითხარი, რა ხდება? ზურას ჩაუსასტავდი? - ლიკამ ჩურჩულით ჰკითხა ირინას, თითქოს მეორე სართულზე მყოფი ზურა რამეს გაიგებდა.

ირინა ოდნავ წამოწითლდა.

- კარგი რა, ლიკ, ხომ იცი, რამე რომ იყოს... უბრალოდ, სხვა მართლა არავინ გამახსენდა...

- არ გინდა ახლა მასეთები, აღიარე, რომ ისევ მოგწონს, - ლიკა საწოლზე მხიარულად წამოჯდა.

- ჰო, მომწონს, - დაყაბულდა ირინა, - მაგრამ ეს ის არ არის, რაც შენ გგონია. უფრო მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, თანაც, ახლა მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს.

- რად უნდა, გოგო, სიყვარულს დრო და ამინდი, - ლიკამ გადაიკისკისა, - მშვენიერი ბიჭია და თან შენი პირველი სიყვარულია. რაც სკოლაში ცრემლები გაღვრევინა, ახლა აგინაზღაუროს.

- ისე, მართლა კარგი ადამიანია, კიდევ უკეთესი გამხდარა, - ირინამ მორცხვად გაიღიმა, - მთელი გზა ისე გალანტურად იქცეოდა, თან მამხიარულებდა, იქაც ისე დამეხმარა ყველაფერში...

- უი, სულ დამავიწყდა მეკითხა, რა ქენი იქ, იმ სიშორეზე რა გინდოდა?

- იმ საქმეს, რომელიც ახლახანს ავიღე, გიყვებოდი, თუ გახსოვს, ასე დასჭირდა, რომ უშუალოდ იმ ქალის მშობლიურ სოფელში ჩავსულიყავი.

- მერე?

- რა მერე? ჯერ ერთი, თვითონ ელენეს (იმ ქალის სახელია) ახლო ნათესავებიდან იქ აღარავინ არის, იმ მკვლელობის მერე ორ გვარს შორის ისე დაძაბულა ურთიერთობა, რომ სულ აყრილან იქიდან და სხვაგან გადასულან. მერე მისი ქმრის ნათესავებს მივაგენი. იმათ რომ გაიგეს, ელენეს ადვოკატი ვარ, კინაღამ ჩამქოლეს. კიდევ კარგი, ზურა მახლდა. დიპლომატიურად დაელაპარაკა, აუხსნა, ისე გაუშინაურდა ბოლოს, ლამის წითელი ხალიჩა დაგვიგეს წამოსვლის წინ.

- და რამე გაარკვიე? ღირდა იქ ჩასვლა?

- წარმოიდგინე, ნამდვილად ღირდა. იმ ქალის მეგობარი მეუბნებოდა, რომ წარსულში იყო რაღაც, რის გამოც ამ ქალს ცხოვრებაში არ უმართლებდა. გავარკვიე, რომ ელენეს შორეულ წინაპრებს ჰქონიათ ცოდვები ჩადენილი და დაწყევლილან. ერთ წინაპარს ეკლესიიდან ხატები მოუპარავს და გაუყიდია. სულ ცოტა ხანში მის სახლში ხანძარი გაჩენილა და სულ დამწვარა. მერე იმ კაცის შვილს თავის მამიდაშვილზე უქორწინია. ერთ ცოდვას მეორეც მიემატა. იმ ამბების მერე თურმე გვარში თუ ვაჟი ჩნდებოდა, ცოტა ხანში იღუპებოდა, ქალს კი აუცილებლად რაღაც მემკვიდრული დაავადება სდევდა თან. როგორც მიამბეს, ზოგიერთი ქალი ამ გვარიდან გაგიჟებულა, ზოგს ჰალუცინაციები ტანჯავდა, ზოგიერთი კი მთვარეული იყო...

- ვაიმე, დამბურძგლა, - ლიკა ისევ საბანში შეძვრა, - მერე, იმ ელენეს რომელი დაავადება ჭირს?

- აბა, რა გითხრა, ჯერ არ ვიცი. როგორც მისი მეგობარი ამტკიცებს, გაუცნობიერებლად მოკლა თავისი ქმარი, ისე, რომ მერე არც ახსოვდა. ე.ი. ან მოვლითი სიგიჟეები აქვს, ან ჰალუცინაციები და ან კიდევ მთვარეულია. კარგად უნდა გავარკვიო ეს ყველაფერი. ფაქტია, რაღაც მართლა ხდება, იმიტომ, რომ მისი ქმრის ბებია სასტიკად ეწინააღმედეგებოდა მათ ქორწინებას და ამ ქალს დაწყევლილს ეძახდა... წარმოიდგინე, შვილი გაუჩნდა საწყალს და გაუშვილა, გინდა თუ არა, ეგ ცოდვის შვილიაო...

- რა საშინელებაა!

- ჰო, მართლა საშინელებაა... მერე იმ მოხუცმა ქალმა თავი ჩამოიხრჩო...

- უიმე... ეგეც თვითონ ხომ არ მოკლა, გაუცნობიერებლად? - ლიკას ირონიულად გაეღიმა.

ირინა ჩაფიქრდა.

- მაგაზე კი არ მიფიქრია... ისე, რა იცი, რა ხდება... - ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე კიდევ უფრო იდუმალი სახე მიიღო და ჩუმად განაგრძო, - ლიკ, კიდევ მინდა რაღაც გითხრა. ეგეც მაწუხებს და ხომ იცი, შენს მეტს ვერავის ვეტყვი.

- მითხარი, ირ, რა ნებართვას მთხოვ...

- ლიკ, ძალიან მაღელვებს ამ ქალის ამბავი, რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს, რომ ჩემთან უნდა იყოს კავშირში.

- შენთან როგორ უნდა იყოს კავშირში? ვერ მივხვდი.

- რა ვიცი, იმასაც კი ვფიქრობ, ის გაშვილებული ბავშვი მე ხომ არ ვარ-მეთქი.

ლიკას ეს სიტყვები სიცილად არ ეყო.

- გოგო, მაგას როგორ ამბობ, შენ და დედაშენი გაჭრილი ვაშლებივით ჰგავხართ ერთმანეთს... ეგ გამორიცხულია! - გადაჭრით თქვა.

- ჰო, მაგას მეც ვფიქრობ, მაგრამ ადამიანები დიდხანს რომ ცხოვრობენ ერთად მაშინაც ემსგავსებიან... - თავზე ხელი მოისვა, თითქოს მძიმე ფიქრებისგან ითავისუფლებდა, - ფაქტია, რაღაცნაირად მეახლოვება ეს ქალი და ვერ ამოვხსენი, რატომ.

- ჰოო, - ლიკა ჩაფიქრდა, - მაგარ შარში ხარ. ახლა რა უნდა ქნა, როგორ უნდა დაამტკიცო მაგ ქალის უდანაშაულობა?

- არა, უდანაშაულობა კი არ უნდა დავამტკიცო, როგორც მისი მეგობარი ამბობს, ის უნდა დავადგინოთ, რომ ციხეში კი არა, ფსიქიატრიულში უნდა იჯდეს, თუ რაღაც ფსიქიკური დაავადება აქვს და გაუცნობიერებლად მოკლა ქმარი... ვფიქრობ, რომ ფსიქიატრს შევახვედრო და ჭეშმარიტება დავადგინოთ.

- კაი, მოვრჩეთ ახლა ამ რთულ ამბებზე. ზურაზე მითხარი, გეკურკურება? - ლიკას თვალები აუკიაფდა.

- ჰო... - ირინას გაეღიმა, - გამუდმებით მაგრძნობინებს, რომ ძალიან მოვწონვარ. ეგ კი არა, იცი რა მითხრა... შენ ხომ იმის მერე აღარ მინახიხარ...

- რაო?

- რაო და სკოლაშიც მომწონდი, მაგრამ არ ვიმჩნევდიო.

- არ გამაგიჟო, მართლა? მოკლედ, ამ კაცებს ვერაფერს გაუგებ, - ამ სიტყვებზე ლიკას ისევ უახლოესი წარსული დაუდგა თვალწინ და მხიარულება წამსვე დარდით შეეცვალა, თვალები ისევ ჩაუქრა და ცრემლებით გაევსო.

ირინა ლოგინიდან წამოდგა, ლიკასთან მივიდა და მოეხვია.

- ახლა არ იტირო, არ გადამრიო... გამიხარდა, კარგად არის, მოფერიანდა და სოფელში წამოსვლა მოუხდა-მეთქი და ისე ნუ გამიშვებ აქედან, რომ დარდად წამყვეს შენი ამბავი.

ლიკამ ლოყაზე აკოცა მეგობარს.

- არა, ირ, კარგად ვარ... იცი, დედაჩემიც რომ თურმე უიღბლოდ ყოფილა შეყვარებული?

- ვისზე? მამაშენზე არა?

- არა, აქ, სოფელში ყოფილა ვიღაც...

- მერე, რატომ არ გაჰყვა?

- რა ვიცი, როგორც ბებო ამბობს, უკვე დაგეგმილი ჰქონიათ ქორწილი და რამდენიმე დღით ადრე სადედამთილოს გაუუქმებია... იმიტომ იყო, რომ სოფელში დიდი ენთუზიაზმით არ დადიოდა, ის კაცი დღემდე აქ ცხოვრობს თურმე და წარმოიდგინე, დღემდე უყვარს დედა.

- რა საოცრებაა! რას არ გაიგებ ადამიანი.

- მე გავგიჟდი, ბებომ რომ მითხრა...

- შენი ტურფას ამბები არ მოგიყვა? - ირინამ სცადა, ლიკა გაემხიარულებინა და თემა შეცვალა.

ლიკას გაეღიმა.

- კი, მიამბო. ერაყში ყოფილა და ცოტა ხნის წინ ჩამოვიდაო. დავაჟკაცებულა, მშვენიერი ბიჭიაო. ხომ იცი ბებოს ამბავი, მაგას ჯანიანი ბიჭები მოსწონს.

ორივემ გადაიკისკისა.

- არა, ჯანიან ბიჭზე არც მე ვიტყოდი უარს, - ირინამ ხელები განზე გაწია და კუნთები დაჭიმა.

- ჰოდა, ზურა მშვენიერ ჯანზეა და უარს ნუ ეტყვი, - ამ სიტყვებს ორივეს სიცილი მოჰყვა.

- შენც დაელაპარაკე ვანოს, შეხვდი, იქნებ როგორ თვალზე შეხედო.

- ზუსტად მაგას ვაპირებ, მინდა საკუთარ თავს კიდევ ერთი შანსი მივცე, - ლიკამ თმები გაისწორა, - კარგი, ახლა დაიძინე, თორემ დილას გამოშტერებული სახე გექნება, ზურას არ მოეწონები და მე დამაბრალებ, მათენებინეო.

* * *

ირინა და ზურა მეორე დილასვე გაეშურნენ თბილისისკენ, ელო ბებოსთან გემრიელად ისაუზმეს და გზას გაუდგნენ. ლიკამ გადაწყვიტა, სოფელში გაესეირნა, ძველი ამბები გაეხსენებინა, იქნებ ვინმე ბავშვობის ნაცნობიც გადაჰყროდა და გაერთობოდა კიდეც. ჭიშკარს რომ კეტავდა, ელოს ხმა დაეწია:

- ლიკაა, თავშალი არ დაგრჩეს, შვილო, ეკლესიაში შედი და ილოცე!

ელომ მისი ასაკისთვის შეუფერებლად რამდენიმე წამში დაფარა მანძილი სახლიდან ჭიშკრამდე და თავშალი "დააწია" შვილიშვილს.

ტაძარში კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე დაეუფლა. საოცარი სიჩუმე იყო, როგორც სოფლის ეკლესიაშია ხოლმე, რამდენიმე სანთელი ენთო აქა-იქ, მღვდელი პატარ სკამზე ჩამომჯდარიყო, მესანთლის გვერდით, და თვლემდა.

ყველაზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან შეყოვნდა. დიდხანს ილოცა, სულიერი სიმშვიდე სთხოვა, რაც ახლა ასე ძალიან აკლდა.

გამოსულიც არ იყო, მამაკაცის ხმა შემოესმა, თითქოს ნაცნობი ხმა.

- ლიკა!

ეკლესიის ეზოში რამდენიმე ბიჭი ჩამომსხდარიყო ქვებზე, როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ დაესრულებინათ მუშაობა და ისვენებდნენ. ტაძრის რესტავრაცია მიმდინარეობდა და სოფლის მცხოვრებნი იყვნენ ჩართული ამ საქმეში.

მამაკაცებს გაკვირვებული თვალი შეავლო, ვერავის მოჰკრა ნაცნობს და იფიქრა, რომ მოეჩვენა. თუმცა ამ დროს კაცებს ერთ-ერთი გამოეყო, წამოდგა და ლიკასკენ გამოემართა. მაღალი იყო, ათლეტური აღნაგობის, სახე გარუჯული ჰქონდა, უსახელო მაისური ეცვა და წელზევითაც გარუჯული იყო. თავზე კეპი ეხურა. რომ მოუახლოვდა, ლიკამ სახე კარგად დაინახა, ნაცნობი მზერაც დაიჭირა და ის ეშხიანი თვალებიც იცნო, ერთ დროს რომ გადარეული იყო.

- ვანო! - აღტაცებულმა შესძახა.

მამაკაცს აღარაფერი უპასუხია, წელში შეუვარდა ლიკას და მაღლა აიტატა.

- ვაიმე, ვანო, რას აკეთებ? სირცხვილია! - აქეთ-იქით შეშინებულმა მიმოიხედა ლიკამ. თუმცა ვანო ისეთი გახარებული ჩანდა, არაფერი ესმოდა. გულში მაგრად ჩაიხუტა. ლიკამ ძლივს დაიხსნა თავი მისი მკლავებიდან.

- ლიკა, როგორ ხარ? - აღფრთოვანებული თვალებით შეჰყურებდა, - ნამდვილად არ ვიცოდი, აქ თუ იყავი.

- მეც არ ვიცოდი, თუ ჩამოვიდოდი, მოულოდნელად მომიწია გამომგზავრება, - ლიკაც აღფრთოვანებული შეჰყურებდა. ვანო აშკარად კიდევ უფრო გასიმპათიურებული, დავაჟკაცებული ეჩვენა.

- ისევ ისეთი ლამაზი თვალები გაქვს, - ვანომ თვალებში სიყვარულით ჩახედა.

ლიკას ალმური მოედო სახეზე და თვალი აარიდა.

- გავიგე, მსოფლიო მოგივლია, - თემის შეცვლა სცადა.

ვანო სასაცილოდ, ბავშვურად გაიჯგიმა.

- მსოფლიო არა, მაგრამ ერაყში ვიყავი, გაგანია ომის დროს, ძლივს გადავრჩი...

- კარგი ახლა, ბავშვურად ბაქიბუქობას ნუ მოჰყვები, - ლიკას გულიანად გაეცინა, თავი ისევ ბავშვობაში წარმოიდგინა, როცა მათ, პატარებს და ხალასებს, ერთმანეთი ბავშვურად უყვარდათ. აშკარად ესიამოვნა ეს შეხვედრა და არც მალავდა. ვანო კი მთლად გაბადრული იყო. ჩანს, არც არასდროს დავიწყებია პირველი სიყვარული, - ისე, შენც ძალიან არ შეცვლილხარ. ისევ ისეთი ონავრული სახე გაქვს.

- ონავრული სახე? - ვანომ გადაიხარხარა, - აი, ასეთი რამე ცხოვრებაში არავის უთქვამს. ეგ რას ნიშნავს?

- იმას, რომ როგორც ადრე, ალბათ ახლაც ყოველ წამს მზად ხარ, რაღაც იცელქო და ვიღაცას მავნედ ეხუმრო.

- ა, გასაგებია. - ვანომ თავი მოიქექა, - შენ როდის გეხუმრე მავნედ?

ლიკას გაეცინა.

- არ გახსოვს, ერთხელ, სანამ სიყვარულში გამომიტყდებოდი, თმაში კევი რომ ჩამიწებე? შენ გამო იმ წელს მოკლე თმით მომიწია სკოლაში მისვლა და ისე მრცხვენოდა, სახლიდან გამოსვლაც კი არ მინდოდა.

- ჰოოო, ეგ ამბავი მახსოვს, - ვანოს კიდევ უფრო ონავრული იერი დაედო, - ისე, მართალი გითხრა, შენზე მეტად მაშინ მე ვინერვიულე. ისე მომწონდა შენი გრძელი თმა, გული დამწყდა.

- მერე, ვინ გეხვეწებოდა, ასე დებილურად რომ იხუმრე?

ორივეს გაეცინა. თავი ისევ ბავშვები ეგონათ. მოგონებებში გადაეშვნენ. გულიანად ხარხარებდნენ და ძველ ამბებს მხიარულად იხსენებდნენ. მერე... მერე, ვანომ სახლში გაგაცილებო. ჭიშკართან მისულს უკვე სხვანაირი სახე გაუხდა - კაცური, სერიოზული, ჩაფიქრებული.

- ლიკ, ცოტა ხნით ხომ დარჩები აქ?

ლიკამ ალერსიანად გაუღიმა:

- კი, ვანო, ერთი-ორი კვირა ალბათ ვიქნები.

ვანომ თითებით დაიწყო გადათვლა, თან ტუჩებს აცმაცუნებდა, თავისთვის ბუტბუტებდა.

- ორი კვირა... ე.ი. დრო მაქვს.

- რისთვის გაქვს დრო?

- იმისთვის, რომ დაკარგული დრო ავანაზღაურო და ეს შანსი მაინც გამოვიყენო იმისთვის, რომ არ დაგკარგო.

ლიკას სახე მოეღუშა. ცოტა ხნით მივიწყებულმა ამბებმა და გრძნობებმა ისევ თვალწინ გადაურბინა...

- რა იყო, რატომ დადარდიანდი, თუ არ გინდა, რომ ეს შანსი მომცე, არ გაძალებ, - ვანოსაც მოეღუშა სახე.

ლიკა თითქოს ისევ გონს მოვიდა. ვანოს თბილად შეხედა:

- არა, უბრალოდ რაღაც გამახსენდა... არ ვიცი, შანსი თუ რა, მაგრამ ამ დროს სიამოვნებით დაგითმობ. თუმცა თავიდანვე მინდა იცოდე, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის არ ვარ მზად, ცოტა ხნის წინ ძალიან დიდი ტრავმა მივიღე...

ვანომ სიტყვა გააწყვეტინა:

- ვინმემ გაწყენინა? - ისეთი ხმით იკითხა, თითქოს ახლა ხანჯალს ამოიღებდა და ლიკას დამდარდიანებელს გულში დასცემდა.

- არა, ვანო, არ მაწყენინა... ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბავი იყო, არ გამიმართლა გრძნობაში და ცოტათი მეტკინა გული.

- კარგი, არ ჩაგეძიები... მაგრამ ვეცდები კი, რომ ის გრძნობა და ტკივილი დაგავიწყო და...

ლიკამ ხელით შეაჩერა:

- ოღონდ პირობები არ გინდა რა, გეხვეწები... შეგხვდები ხოლმე, ვილაპარაკოთ, ძველი ამბები გავიხსენოთ, დინებას მივყვეთ. თუ მოვა ის რაღაც, თავისით, მოვიდეს, თუ არადა, კარგ მეგობრებად დავშორდებით. ხომ იცი, გულს ვერ უბრძანებ...

- მაგრამ ერთ დროს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი...

- ძალიან არა, ვანო, ბავშვურად გვიყვარდა. სერიოზული ურთიერთობები კი სულ სხვა რამაა. მას მერე ორივე გავიზარდეთ, გარკვეული გზა განვვლეთ, შევიცვალეთ, თავისთავად და სულაც ნუ გგონია, რომ ან მე ვარ ისევ ისეთი, როგორიც ვიყავი, ან შენ. იქნებ აღარც კი მოგეწონოს შეცვლილი და გაზრდილი ლიკა.

- რას ამბობ, რა არ უნდა მომეწონოს, შენ მეტი ცხოვრებაში არავინ მყვარებია...

- კარგი, ვნახოთ... ხვალ შევხვდეთ, სადმე გავისეირნოთ... - ეშმაკურად გაუღიმა.

მასაც სახე გადაებადრა.

- კარგი, გავისეირნოთ. გოგია და მისი ცოლ-შვილი ტბაზე მიდიან, გოგიამ უნდა ითევზაოს, მეც შემომთავაზა. მანქანაში ადგილი აქვთ. ჩვენც წავყვეთ, ტბასაც ნახავ, დაისვენებ, გაერთობი...

- ძალიან კარგი... შევთანხმდით.

გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი