მთელი სანათესაო არკვევდა, იყო თუ არა ლიკა პატიოსანი... გაარკვიეს კიდეც და სადედამთილომ თმა გაიშალა... - ონლაინრომანის გაგრძელება - მშობლები

მთელი სანათესაო არკვევდა, იყო თუ არა ლიკა პატიოსანი... გაარკვიეს კიდეც და სადედამთილომ თმა გაიშალა... - ონლაინრომანის გაგრძელება

2022-01-12 04:51:22+04:00

"მთვარის შვილი" - ონლაინრომანი

იხილეთ მეექვსე ნაწილი

* * *

ერთმა კვირამ ისე განვლო, ლიკამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. როგორც ხდება ხოლმე, მეორე დღეს უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ვანო ელოს "ქალაქელ შვილიშვილს" ხვდებოდა. ვანოს ნათესავებმა მაშინვე აფრინეს წარმომადგენლობა ელოსთან, ვითომ მოხუცის მოსანახულებლად, თან ოსტატურად შეიტყვეს ამბები ლიკას შესახებ. რას აკეთებდა, რით ირჩენდა თავს, იყო თუ არა "პატიოსანი". ეს მთავარი საკითხი იყო. თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, ელოსთან მაგ ამბავს დაზუსტებით ვერ გაიგებდნენ. რომელი ბებო იტყოდა, ჩემი შვილიშვილი უპატიოსნოაო?

იმ პასუხებით კი ფრიად აღფრთოვანდნენ, რომ ბანკში მუშაობდა კარგ თანამდებობაზე, დედა საბერძნეთში ჰყავდა. ნაქირავებ ბინაში რომ ცხოვრობდა, ეგ არ ესიამოვნათ, მაგრამ ვანოს ფული ჰქონდა შეგროვებული და თბილისში აპირებდა დასახლებას. ასე რომ, ბინა ნაკლებად ეპრობლემებოდათ. მთავარი იყო, მათი თვალის ჩინი ვანო ცუდ ბედს არ გადაჰყროდა და პატიოსანი ქალი "შეეყვანა ოჯახში". იმას სულ არ კითხულობდნენ, თვითონ რას აპირებდნენ ვანო და ლიკა. სინამდვილეში ხომ ისინი უბრალოდ კარგად გრძნობდნენ თავს ერთად. ვანო ყურებამდე იყო შეყვარებული და იქნებ შორს მიმავალი გეგმებიც კი ჰქონდა, მაგრამ ლიკას ამაზე ფიქრიც არ უნდოდა. ჯერ ერთი, ახალი გადავლილი იყო დიმას ამბები, ერთბაშად თავს დამტყდარი რამდენიმე უბედურება - სიყვარულში იმედგაცრუება, ორსულობა და მერე პირველი სიყვარულის ნაყოფთან სამუდამოდ გამომშვიდობება, ბოლოს კი დიმას მოულოდნელი გარდაცვალება. ამხელა სტრესს ასე მალე ვერ მოერეოდა და ვერ დაივიწყებდა. რომც წამოეწყო ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, რისი ძალაც აღარ ჰქონდა და არც სურვილი, იმასაც აცნობიერებდა, რომ სერიოზულ კავშირში ეს არ გადაიზრდებოდა. მით უმეტეს, ვანოსთან. ტრადიციულად აღზრდილი ბიჭი ვერასდროს შეეგუებოდა მის წარსულს, იმას, რომ მისი საცოლე ქალიშვილი არ იყო. პირველივე ორსულობის აბორტით დასრულებაც საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენებდა ლიკას მომავალ ორსულობებს. ვინ იცის, იქნებ შვილი აღარც ჰყოლოდა საერთოდ, ასეთი რამეები ხშირად ხდებოდა და ამასაც მშვენივრად აცნობიერებდა. ასე რომ, ვანოს სიყვარული მხოლოდ ვერ მოერეოდა ამ პრობლემებს, განსაკუთრებით, მისი კიდევ უფრო ტრადიციული ნათესავების წრეში.

ლიკა თავს კარგად გრძნობდა ვანოსთან, მისი ძალა, ენერგია, საიმედოობა თითქოს თავისკენ იზიდავდა ანდამატივით, მასთან დაცული იყო. ყველაფერი ავიწყდებოდა მის გვერდით და სურდა, ასე გაგრძელებულიყო დიდხანს... ოღონდ, არა სამუდამოდ. სიყვარული არ იყო ის, რაც ლიკას ვანოს მიმართ ამოძრავებდა. ეს უფრო გატაცებას ჰგავდა, თავის საშველად გამოგონილ ფლირტს თუ კიდევ რაღაცას. ვანოს არ ატყუებდა. არც ერთხელ არ დაპირებია რამეს, არც ის უთქვამს, მიყვარხარო. მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ მასთან კარგად იყო. ვანოს ესეც კმაროდა ბედნიერებისთვის...

ის ერთი კვირა ორივენი მართლაც ბედნიერები იყვნენ ერთად...

ამასობაში ნათესავებმა შეატყვეს რა ვანოს, უკვე "გადარეული" დადიოდა, გადაწყვიტეს, უფრო სერიოზულად გაერკვიათ ამბები. თანაც, საქმეში კიდევ ერთი, მესამე პირი ჩაერთო, კიდევ უფრო დაინტერესებული.

ნაილის ვანო პირველი კლასიდან უყვარდა. კლასელები იყვნენ და მეზობლები. პირველივე კლასიდან მეგობრობდნენ, სკოლაში ერთად დადიოდნენ, ერთადვე ბრუნდებოდნენ უკან. ნაილის და ვანოს ერთმანეთისგან დამალულიც არაფერი ჰქონიათ, მესაიდუმლეებიც იყვნენ და თუ ვანოსთვის ეს ძალიან დიდ მეგობრობას ნიშნავდა, ნაილიმ თავიდანვე იცოდა, რომ ეს სიყვარული იყო და რომ ვანოს გარდა ამ ქვეყანაზე არც ერთი მამაკაცი არ უნდოდა. იმის იმედიც ჰქონდა, რომ თანდათან ვანოც მიხვდებოდა, ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო, გააცნობიერებდა, რომ ნაილის გარეშე არ შეეძლო ყოფნა და მისადმი სიყვარულსაც იგრძნობდა. მერე კი, დაქორწინდებოდნენ და ბედნიერ ოჯახს შექმნიდნენ...

ყველაფერი კარგად, "გეგმის მიხედვით" მიდიოდა, მაგრამ მერე მოულოდნელად ქალაქიდან ლიკა "ჩამოეხეტა" და ვანოს "თვალი დაადგა", ყოველ შემთხვევაში, ნაილი ასე ფიქრობდა. თუმცა სინამდვილეში პირველს ვანოს შეუვარდა გული ქალაქელ ცისფერთვალება გოგონაზე. ცოტა ხანში ვანოს ლიკას გარდა არავინ აინტერესებდა. აღარც ერთგული მეგობარი ნაილი...

მერე ლიკა ისევ თბილისში დაბრუნდა და საერთოდაც აღარ ჩამოდიოდა სოფელში. ნაილისაც ისევ გაუჩნდა იმედი, კვლავ განახლდა მეგობრობა. ნაილის გეგმა კვლავ ძალაში შევიდა - ვანოს მეგობრის სტატუსს მალე შეცვლიდა საცოლის სტატუსით. ვანოს დედასაც მოსწონდა თანასოფლელი, კარგად აღზრდილი და მეოჯახე ქალი. ვანოც დიდად არ აპროტესტებდა. ლიკას დაბრუნების იმედი აღარ ჰქონდა და უკვე სულ ერთი იყო მისთვის, ვის შერთავდნენ ცოლად.

მერე ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური მისთვის სასურველ სამსახურად იქცა, სადაც რეალობას გაექცა. შემდეგ კონტრაქტი გააფორმა და მალე ერაყშიც წავიდა. რაც შეიძლებოდა წელავდა დროს, რომ სოფელში გვიან დაბრუნებულიყო, თითქოს ამით რამე შეიცვლებოდა. ნაილიც ჯიუტად ელოდა წლიდან წლამდე.

ეს დღეც დადგა. ვანო დაბრუნდა. კიდევ უფრო დაკაცებული და გალამაზებული. ნაილის კიდევ მეტად აუჩქროლდა გული და კიდევ უფრო გააქტიურდა მისი ვიზიტები ვანოს დედასთან - ხან სახლის საქმეებში ეხმარებოდა, ხან სტუმრების დახვედრაში მონაწილეობდა. ვანოს ნათესავებსაც ხშირად ენახვებოდა, "თვალი შემაჩვიონო" და უკვე ლამის ოჯახის წევრად მიაჩნდა თავი. თანაც, ვანომ თქვა, თბილისში ვაპირებ დასახლებასო და ამაზე სულ გადაირია - საოცნებო მამაკაცის გვერდით ცხოვრება, თანაც თბილისში? ამაზე მეტი რა უნდა ენატრა?!

მაგრამ ოცნებები მოულოდნელად ისევ გამოჩენილმა ლიკამ ჩაუფუშა. მისი ჰორიზონტზე გამოჩენა და ვანოს ხელახლა "გატარიელება" ერთი იყო. ნაილი ცოფებს ყრიდა, საშუალება რომ ჰქონოდა, ლიკას ალბათ დაანაკუწებდა. მაგრამ რას იზამდა, ვანო ლიკას მეტს ვერავის ხედავდა. ფრთებშესხმული დადიოდა.

ნაილი უკვე ბედს იყო შეგუებული, რომ გაიგო, ვანოს ნათესავები ლიკას ბიოგრაფიას არკვევდნენ. ჰოდა, გადაწყვიტა, რომ სწორედ ახლა იყო მოქმედების დრო.

თბილისში სპეცოპერაციის ჩასატარებლად გაემგზავრა. ძველი ნაცნობები მოიარა, ლიკას სამეზობლოში გაიარ-გამოიარა, ვითომ ვიღაცას ეძებდა, თავისი შორეული ნათესავი, "შავი გაგების" ბიჭიც ჩართო საქმეში და ცოტ-ცოტა რაღაც გაარკვია. ის კი გაიგო, რომ ლიკას შეყვარებული ჰყავდა, მერე ისიც უთხრა ერთმა ჭორიკანა მეზობელმა, რომ ის შეყვარებული მასთან სახლშიც დადიოდა "საეჭვოდ". ჰოდა, მეტი რა უნდოდა? ცოტა რამეები თვითონაც დაამატა და ვანოს დედას ისეთი სურათი დაუხატა, კახპა თუ არა, "თავისუფალი ქცევის" ქალი მაინც გამოიყვანა ლიკა. აბა, ასეთ ქალს სახლში ვინ შეუშვებდა?

დაფაცურდა ისევ მთელი სანათესავო, ვანოს დედამ თმა გაიწეწა, სახლში ერთი-ორი სკანდალი მოეწყო, ვანომ საერთოდაც გაიხურა სახლის კარი და ლიკას მუხლებზე აქვითინდა. მაგრამ როცა საქმის არსში გაერკვა, ლიკა მიხვდა, რაც ხდებოდა. ვანო რომ ჰყვარებოდა, მისი ცოლობა რომ ჰქონოდა გეგმაში, ალბათ გააღებინებდა ამ მსხვერპლს - ოჯახის წინააღმდეგ წასვლას, იქნებ გულში გახარებოდა კიდეც, რომ მის გამო მამაკაცი ასეთ მსხვერპლზე მიდიოდა... რასაც სასურველი მამაკაცისგან გამუდმებით ელოდა, იმას არასასურველი მამაკაცი ასე იოლად სჩადიოდა მის გამო... რას არ გაიღებდა, რომ ასეთი თავდადება დიმას გამოეჩინა... არადა, ვანოს გასაწირი მეტი ჰქონდა და კომპრომისზეც მეტად მიდიოდა - დიმასთან თუ ლიკა სრულიად პატიოსანი, "ხელშეუხებელი" ქალი იყო, ამჯერად ხომ უკვე არ ერქვა "ის თამრო", განსაკუთრებით აქ, ბებოს სოფელში. მაგრამ ვანო ამაზე არ ფიქრობდა, უყვარდა და იმიტომ. ლიკა კიდევ ერთხელ მიხვდა, მისთვის მტკივნეულად, რომ დიმას არ უყვარდა. რომ ჰყვარებოდა, საყვარელი ქალის გამო იბრძოლებდა, ზუსტად ასე, როგორც ვანო აპირებდა ბრძოლას... ან უბრალოდ, დიმა უსუსური მამაკაცი იყო... არც სწყენია ვანოს დედის რეაქცია და მისი ნათესავების აქტიურობა. ელოდა, რომ ასე იქნებოდა. თანაც, ვანოს თავიდანვე აუხსნა, რომ მის ცოლობას არ აპირებდა. ასე რომ, მასთანაც მართალი იყო და მის სანათესაოსთანაც.

დაამშვიდა, მოეფერა... მერე კი მშვიდად, წყნარად, სერიოზულად დაელაპარაკა და აუხსნა, რომ მშობლების და ოჯახის წინააღმდეგ წასვლა არ ღირდა. მათი კავშირი მაინც არ შედგებოდა. ისიც მართალი იყო, რაც ლიკას შესახებ უთხრეს... შეიძლება მთლად ყველაფერი არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც. რაკი ასეთი რამ მოხდა, იმასაც არ მოერიდა, დიმასთან გადახდენილი ამბავი გულწრფელად უამბო ვანოს, პირდაღებული და ქალივით აცრემლებული რომ უსმენდა. ოღონდ, დიმას გარდაცვალების შესახებ აღარ უთქვამს. ეს გულის კუნჭულში დაიტოვა საიდუმლოდ, თითქოს საკუთარ დანაშაულს ფარავდა... ბოლოს ისიც უთხრა, მე მაინც უნდა წავიდე აქედან, შენ კი აქ რჩები და ცხოვრება უნდა აიწყოო. დაჰპირდა, არ იდარდო, ორი კვირაც აღარ დავრჩები, ორ დღეში წავალო და გზა დაულოცა... სამუდამოდ...

ვანოს სხვა გზა არ ჰქონდა, ბედს უნდა შერიგებოდა. ლიკას რომ მისთვის თანხმობა ეთქვა, მის გამო მთებს გადადგამდა, ოჯახს კი არა, მთელ ქვეყანას დაუპირისპირდებოდა და საერთოდაც წაიყვანდა ამ ქვეყნიდან, ვინმეს რომ მათი იდილია არ დაერღვია, მაგრამ ქალს არ უნდოდა და რა უნდა ექნა? მის ოცნებას ახდენა არ ეწერა. ისღა დარჩენოდა, ისევ დედის ნაქებ ნაილისთან შეექმნა ჩვეულებრივი, რიგითი, ფორმალური, უსიყვარულო და უემოციო ოჯახი...

* * *

ლიკამ გადაწყვიტა, ორ-სამ დღეში გასცლოდა იქაურობას. ისევ იმედგაცრუება და ტკივილი, ისევ დარდი და სევდა. თითქოს თან სდევდა სასოწარკვეთა. ელო ბებოსთანაც ვერ ჰპოვა შვება. აქაც მორიგი იმედგაცრუება განიცადა. ჯობდა, საერთოდაც არ შეხვედროდა ვანოს, ის ლამაზი დღეებიც არ ყოფილიყო. ევლო თავისთვის სოფელში, ესეირნა, ცოტა გულს გადააყოლებდა, ძველ ამბებს გაიხსენებდა და წავიდოდა თბილისში. ახლა კი...

ბებომ შეატყო, რომ დადარდიანებული იყო მისი შვილიშვილი.

- ლიკა, რა მოხდა, შვილო, ვანოს გამო დარდობ? შენი ჭირიც წაუღია მთელ მის სანათესაოს.

- არა, ბებო, ვანოსი არა, ჩემ გამო ვდარდობ. რა ბედი მაქვს, მგონი დედაჩემივით უიღბლო ვარ, არა? - თვალებზე ცრემლები მოაწვა.

ელოსაც აემღვრა თვალები. ლიკას მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა.

- რას ამბობ, ბებო გენაცვალოს, რათ ხარ უიღბლო. ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. ახალგაზრდა ხარ, კარგი სამსახური გაქვს, ღვთის წყალობით, დედა ცოცხალი გყავს. გავა დრო, მართლა შეგიყვარდება ვიღაც და მასთან აუცილებლად გაგიმართლებს.

ლიკამ ღრმად ამოიოხრა. ერთი პირობა ისიც კი იფიქრა, დიმას ამბავი მოეყოლა ბებოსთვის და შეეჩივლა, რომ ნამდვილი სიყვარული უკვე ეწვია და იმედი იქაც გაუცრუვდა. მაგრამ ამის მაგივრად სულ სხვა რამ უთხრა:

- ეჰ, ბებო, კარგია, ოპტიმისტი რომ ხარ... ისე, რაკი ამ თემას შევეხეთ, - აქ ლიკას თვალები აუკიაფდა, - შენც გექნებოდა შენი სასიყვარულო ამბავი. იმედია, ჩვენსავით უიღბლო არ იყავი და შენ მაინც გაგიმართლა.

ელომ შვილიშვილს გამჭოლად შეხედა თვალებში, ღრმად ჩაფიქრდა, მერე სკამი გამოაჩოჩა, დაჯდა და იდუმალი სახით დაიწყო:

- მოგიყვები, შვილო, რა ვიცი, კიდევ როდის გნახავ, იქნებ ცოცხალი აღარც დაგხვდე...

- კარგი რა, ბებო, ნუ ამბობ ასეთ რამეებს, რა დროს შენი ეგეთებია, - შეაწყვეტინა ლიკამ.

- რაღა არ არის, უკვე 85 წელს მივუკაკუნე, ჩემი ხნის ხალხი ბევრი კი არ არის დარჩენილი სოფელში... თანაც, შენ ისე იშვიათად ჩამოდიხარ...

- გპირდები, ამიერიდან ხშირად ჩამოგაკითხავ... ახლა კი მომიყევი შენი ამბები, მაგრად მაინტერესებს.

- ძალიან დიდი ხნის წინანდელ ამბავს გიამბობ, საყვარელო, ომის დროინდელს... 20 წლის ვიყავი. ომი სულ ახალი დამთავრებული იყო... მაშინ სიყვარულსა და ურთიერთობებზე ამდენს არავინ ლაპარაკობდა, არავის ესიყვარულებოდა. ბევრს შვილი ომში დაეღუპა, ბევრი დაიკარგა, უკან დაბრუნებულთაგანაც უმრავლესობა ან დაჭრილი იყო ან კანტუზია და ათასი ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. ქვეყანა ეკონომიკურადაც განადგურებული იყო. გარშემო ყველას უჭირდა. ჩემს მშობლებსაც... საკმაოდ ლამაზი ვიყავი, თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემს თვალ-წარბსა და მოხდენილ წელზე ბევრი ბიჭი ოცნებობდა. ომიდან ახალი დაბრუნებული ჯანმრთელი ბიჭები დაცოლშვილებას ჩქარობდნენ, ქალიც ენატრებოდათ და ოჯახური კერაც... ბევრი მოდიოდა ჩემი ხელის სათხოვნელად. მათ შორის ყველაზე აქტიურები ბესოს ოჯახის წევრები იყვნენ... აი, ჩვენს სოფელში ბესო-ექიმი ხომ გაგიგონია?

- კი, როგორ არა, ბებო, მაგის შვილიშვილებთან მითამაშია კიდეც, - ლიკამ თავი მოიქექა, - ისიც მახსოვს, ერთხელ რომ მეჩხუბე, მაგათ გვერდით გავლილი არ გნახოო... აი, თურმე რა ყოფილა... ვა, ე.ი. ბესო ექიმს უყვარდი?

- ჰო, შვილო, ვუყვარდი, მაგრამ მე არ მიყვარდა... ძალიან მდიდარი იყო, თან იმ დროის კვალობაზე, და ჩემმა მშობლებმა მასზე შეაჩერეს არჩევანი, შენც მოგივლის და ჩვენც ცოტა ამოვისუნთქავთო... წინააღმდეგობა არ გამიწევია, ხომ გითხარი, სხვა დრო იყო... სხვაც არავინ მიყვარდა და მშობლების ნებას დავჯერდი. გაზაფხულზე დავინიშნეთ, ქორწილი კი შემოდგომაზე დავგეგმეთ. ყველაფერი წესის მიხედვით მიდიოდა. ერთმანეთს მშობლების თანდასწრებით ვხვდებოდით, ბესო ანთებული თვალებით მიყურებდა, მე კი მორჩილად ვიყავი ბედს მინდობილი... მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა...

- და ჰორიზონტზე პაპაჩემი გამოჩნდა, რომლის ხიბლსაც ვერ გაუძელი, ხომ? - ზარზეიმით გამოაცხადა ლიკამ.

ელოს ცალყბად გაეღიმა.

- ასე იყო, შვილო... პაატა ომიდან შედარებით გვიან დაბრუნდა, თურმე დაჭრილი იყო და სხვებზე უფრო დიდხანს მოუწია დემობილიზაციის მოლოდინი... დაბრუნდა და სოფელში ყველა ქალის გული დაიპყრო, მათ შორის ჩემიც. იმდენად ლამაზი არ იყო, როგორც მხიარული, იუმორის გრძნობა ჰქონდა, მღეროდა, ცეკვავდა, კარგი ლაპარაკი იცოდა, თავბრუს დაგახვევდა... ჰოდა, მეც დამახვია. დიდხანს ვებრძოდი ამ გრძნობას, მაგრამ ვერ მოვერიე. ეს ჩემი პირველი ნამდვილი გრძნობა იყო. თან მასაც სწორედ მე შევუყვარდი ამდენ ქალს შორის და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა... ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით, ხან მდინარის პირას, ხან სადმე ტყეში. სულ ჩამჩიჩინებდა, უსიყვარულოდ ნუ გათხოვდები, ჩაშალე ეგ ნიშნობა და მე გამომყევიო... მერე, როგორც ხდება ხოლმე, სოფელში ვიღაცამ გაიგო ეს ამბავი, ბესოს მშობლების ყურამდეც მიიტანა. მოცვივდნენ, ჩემს მშობლებს მკაცრად ელაპარაკნენ... მამაჩემმა იმ ღამეს სილა გამაწნა და სასტიკად გამლანძღა... ოთახში ჩამკეტეს, რომ პაპაშენს არ შევხვედროდი. მაგრამ ნამდვილ სიყვარულს ვინ გადაუდგება წინ? მეორე ღამესვე მოვიდა პაატა, ჩუმად გადმოიპარა ჩემი ოთახის ფანჯრებთან, გადაძრომაში დამეხმარა და გავიპარეთ... ასე დაიწყო ჩვენი ერთად ცხოვრება, და ასე დაიწყო ჩვენი მარადიული მტრობა ბესოსთან.

- შეურაცხყოფილი იქნებოდა, კაცს საცოლე აახიეს, - ლიკას გაეღიმა.

- ჰო, შეურაცხყოფილი იყო ძალიან...

- თუმცა ცოლი ხომ მოიყვანა?

- კი, მერე ქალაქში წავიდა, სამედიცინო განათლება მიიღო, იქვე შეირთო ცოლი და აქ უკვე დაცოლშვილებული დაბრუნდა. აქ დაიწყო საექიმო საქმიანობა.

- ახლაც ექიმია?

- არა, ახლა ჩავარდნილია ლოგინად, სიმსივნე აქვს.

- ვა... მშობლებმა გაპატიეს, ბებო?

- კი, მშობლები მალევე შემირიგდნენ, პირველი შვილიშვილი რომ ჩაიგორეს კალთაში, გულები მოულბათ... ბესომ კი ბოლომდე ვერ გვაპატია. სხვების პირით გვითვლიდა, აუცილებლად ვიძიებო შურს, შეურაცხყოფისთვის.

ელო გაჩუმდა.

- ბებო, მერე იძია შური?

ელოს ვითომ რაღაც გაახსენდა, უცებ წამოხტა:

- კარგი, გენაცვალოს ბებო, ახლა საქმეები მაქვს, დანარჩენს მერე გიამბობ.

* * *

ზურამ მანქანა გააჩერა. გარეთ უკვე კარგად ბნელოდა. ირინა ჩანთას დასწვდა, გადასასვლელად მოემზადა, მაგრამ ზურამ შეაჩერა - ხელზე შეეხო.

- ირინა, ასე წახვალ?

ირინამ თვალებში შეხედა. ზურა ალერსიანად უყურებდა. ჩანთა კალთაში ჩაიდო, კარის სახელურს ხელი გაუშვა. მამაკაცს გაუღიმა:

- აბა, როგორ უნდა წავიდე?

ზურამ გაუბედავად შეახო თმაზე ხელი, გადაუსვა, მოეფერა. ირინას ჟრუანტელმა დაუარა. კარგა ხანია, მამაკაცის შეხება არ ეგრძნო. თან აშკარად მისთვის სასიამოვნო იყო ეს შეხება, ზურასადმი კიდევ უფრო მეტი სიმპათიით იმსჭვალებოდა. ბავშვური გრძნობები თითქოს განახლდა და კიდევ უფრო გაძლიერდა. თვალები სიამოვნებისგან მილულა.

- ირა, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ ისევ შეგხვდი.

ირას ხმა არ გაუცია, არც თვალები გაუხელია. დააცადა ზურას, მორიგი აღსარება ეთქვა.

- ძალიან გამახარე, რომ დასახმარებლადაც დამიძახე და დამდე პატივი, შენთან ერთად ვყოფილიყავი ეს ორი დღე. ამაზე ვერც ვიოცნებებდი... ვიცი, ამას წინათ დაგპირდი, რომ ამაზე არ ვილაპარაკებდით, დაგპირდი, რომ მეგობრები ვიქნებოდით, მაგრამ შენდამი ლტოლვას ვერ ვერევი... ძალიან მომწონხარ. არც ოცნების კოშკებს აგიშენებ და არც სადედოფლო ტახტს დაგიდგამ, მასეთი სისულელეების კარგა ხანია არც ერთს არ გვჯერა. არც იმას გთხოვ, ახლავე მითხრა პასუხი, ან სერიოზულ ურთიერთობებზე დამთანხმდე. უბრალოდ გეხვეწები, შემხვდი ხოლმე და სულ ცოტა, შენი ყურების უფლება მომეცი. ვერ წარმოიდგენ, როგორ მავსებს სულიერად შენი სიახლოვე, ფიზიკურადაც თითქოს სითბოთი ვივსები... დამიჯერე, ასეთი ლტოლვა და ასეთი სითბო არც ერთი ქალის მიმართ არ მიგრძნია...

ირინამ თვალები გაახილა. მის თმებში მოსრიალე ზურას თითებს ხელით შეეხო, მერე მისი ხელი ლოყასთან მიიტანა:

- არ მინდა არც პირობები და არც სასახლეები, მეც კარგად ვგრძნობ შენთან თავს, ასე კარგა ხანია არ ვყოფილვარ... მოდი, გეგმების და პირობების გარეშე შევხვდეთ, დინებას მივყვეთ, როგორც იქნება, იქნება. ჯერ ის არის აშკარა, რომ ორივეს მოგვწონს და გვიზიდავს ერთმანეთი, მერე რა იქნება, მაგაზე ფიქრით ნუ დავიტანჯავთ თავს... მეც დიდი ხანია, ასე კარგად არ ვყოფილვარ, - ზურას ხელი ტუჩებთან მიიტანა, - ნურაფერს დამპირდები, მომეფერე...

ზურას სახე გაუნათდა, მღელვარებისგან თითქოს მთლიანად აენთო. ირინას ორივე ხელი მაგრად მოხვია, მკერდზე მიიკრა, ტუჩებმა კი ერთმანეთი ადვილად იპოვეს...

...კარგად იყო დაღამებული, სახლის კარი რომ შეაღო. ანკას უკვე ეძინა, მზია სამზარეულოში იჯდა, ტელევიზორი ჩაერთო და თვლემდა ირინას მოლოდინში.

კარი ფრთხილად მიკეტა, ფეხსაცმელი დერეფანშივე გაიხადა, კაკა-კუკით რომ ანა არ გაეღვიძებინა, სამზარეულოში ფრთხილად შევიდა და ტელევიზორი გამორთო. ფაციფუცის ხმაზე მზიას გამოეღვიძა.

- ირა, მოხვედი, შვილო?

- ჰო, მზია დეიდა, უკვე ჩამოვედი.

მზიამ უცნაურად, დაკვირვებით შეხედა ირინას.

- რაღაც ძალიან უცნაური სახე გაქვს, საქმემ ჩაიარა წარმატებით თუ სხვა რამ არის სიახლე?

ირინას ეშმაკურად გაეღიმა. სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ნეტარი სახით შეხედა შვილის ძიძას:

- მზია დეიდა... მზია დეიდა, რა ხანია, ასე ბედნიერი არ ვყოფილვარ...

- მართლა, შვილო? - მზიასაც გაეღიმა, თავზე მოეფერა ირინას, - მიხარია. ძალიან კარგი გოგო ხარ და ასე მარტო არ უნდა დადიოდე.

- ჰო, ალბათ არ უნდა დავდიოდე მარტო, მეც მომბეზრდა, დავიღალე მარტოოობით... იცით, რა კარგი ადამიანია? ძალიან, ძალიან საყვარელი.

- მჯერა შენი, ირინა. ძალიან მინდა, ბედნიერი იყო... ოღონდ კარგად დაფიქრდი, შვილო, კიდევ არ მოტყუვდე და გული არ ატკენინო არავის.

ირინამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.

- არა, მზია დეიდა, გათხოვებას და მასეთ რამეებს არ ვაპირებ, უბრალოდ ოჯახის და საქმის გარდა მინდა, კიდევ რაღაც მქონდეს ცხოვრებაში. ხანდახან მაინც მითხრან, რომ ვუყვარვარ, რომ სასურველი ვარ, რომ ლამაზი ვარ... და მინდა ისეთმა ვინმემ მითხრას, ვისიც მჯერა, ვის სიტყვებსაც ვენდობი და რაც მთავარია, ვინც მეც მეყვარება და ვის გვერდითაც თავს კარგად ვიგრძნობ.

- ღმერთმა გისმინოს, შვილო, მაგას რა ჯობია.

ირინას სახე ისევ დაუსერიოზულდა, დედამიწაზე დაეშვა:

- კარგი, დავანებოთ მაგას თავი. თქვენ როგორ ხართ? ანუკა რას შვრება? არის რამე ახალი?

- არაფერი, შვილო. სკოლაში ვიყავით დღეს, ზეიმი ხვალ აქვთ, ყველაფერი უკვე მოამზადეს...

- უი, ზეიმი, კინაღამ დამავიწყდა, - თავში ხელი შემოიკრა, - აუცილებლად მივალ. კოსტუმი წამოიღე მკერავისგან? მოერგო?

- კი, წამოვიღეთ, იქვე გავასინჯე. იცი რა ლამაზი კლეოპატრაა? ყველა მაგას უყურებდა სამკერვალოში...

- დედა ენაცვალოს, - ირინამ ბავშვის ოთახისკენ გაიხედა, სადაც შვილი ეგულებოდა, - ერთი სული მაქვს, როლში როდის ვნახავ.

- ისე, კარგად მოიფიქრა მაია მასწავლებელმა, მართლა უხდება ეს როლი.

- ჰო, მართალი ხართ... გენაცვალეთ, მზია დეიდა, ძალიან მიყვარხართ, - ირინამ ქალს მაგრად აკოცა ლოყაზე, მერე კი ანუკას ოთახისკენ ფეხაკრეფით წავიდა. კარი ფრთხილად შეაღო. ბავშვს უდრტვინველად ეძინა. საყვარელი თოჯინა გვერდით ბალიშზე მიეწვინა. შავი, კულულა თმები გასწეწვოდა, რამდენიმე კულული ლოყაზე ელამუნებოდა. სქელი ტუჩები ოდნავ გაეღო და სანახევროდ პირღია სუნთქავდა. ირინა დაიხარა. ნაზად მიეფერა შვილს, კულულები მოაცილა ლოყიდან, თოჯინა სკამზე გადადო, საბანი გაუსწორა და ფეხაკრეფითვე გამოვიდა გარეთ. უკვე კარგად იყო დაღლილი, ეძინებოდა. მეორე დღეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი - მერი უნდა ენახა და ელენეს სოფელში გაგონილი ამბები ეცნობებინა.

* * *

მერი მოუთმენლად ელოდა. ირინა რომ მივიდა, მეზობელი ჰყავდა სტუმრად. ყავას მიირთმევდნენ და ჭორაობდნენ. მერი აწრიალდა, ხან რისთვის ადგა, ხან რისთვის, მეზობელს ყველანაირად აგრძნობინა, რომ დროულად წასულიყო სახლში. ისიც შეგნებული ქალი აღმოჩნდა, მალე წამოდგა, მასპინძელს და ირინას დაემშვიდობა და მარტონი დატოვა.

კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა, სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და სმენად გადაიქცა.

- ირინა, შვილო, მითხარი აბა, რა ხდება, როგორ მოიარე ელენეს სამშობლო?

- ქალბატონო მერი, მართალი გითხრათ, ადვილი საქმე არ იყო, ელენეს ქმრის ნათესავებმა კინაღამ ჩამქოლეს...

- აი, მეც მაგიტომ ვერ ვბედავდი წასვლას. მე მთლად რას მიზამდნენ... თუმცა საქმეს მაინც გააკეთებდი, შენ ისეთი გოგო ჩანხარ, მიზანს ყოველთვის აღწევ ალბათ, - მერის თბილად გაეღიმა.

ირინას ესიამოვნა ეს უჩვეულო ქათინაური.

- გმადლობთ, ჩემზე ასეთი წარმოდგენა რომ გაქვთ... საქმე კი მართლაც გავაკეთე. თქვენი ვარაუდები გამართლდა, ნამდვილად წინაპრების ცოდვასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე ჯერ ვერ ვაკავშირებ ამ ყველაფერს მკვლელობის საქმესთან.

- აბა, მითხარი, რა გაიგე და მერე მე ჩემს ვარაუდებს მოგახსენებ...

- როგორც მითხრეს, მართლაც ქალბატონი ელენეს წინაპრებს ცოდვები ჰქონიათ ჩადენილი, ხატების მოპარვა, ინცესტი, რის გამოც მათი გვარი სამუდამოდ დაიწყევლა (ეს მათი სიტყვებით, თორემ მე, მართალი გითხრათ, ასეთი რამეების არ მჯერა). მას მერე ვაჟი თუ იბადებოდა მათ გვარში ან მათი გვარიდან გამოსულ ქალს თუ უჩნდებოდა, უცილობლად კვდებოდა, გოგოს კი რაიმე მემკვიდრული დაავადება ემართებოდა - ჰალუცინაციები, მთვარეულობა, სიგიჟეც კი...

მერიმ აღარ დაამთავრებინა, ტაში შემოჰკრა ამ სიტყვების გაგონებისთანავე:

- ასეც ვიფიქრე! - სავარძლიდან წამოხტა.

ირინა ვერ გაერკვა, რა ხდებოდა, თუმცა არაფერი უკითხავს, დაელოდა, თვითონვე აეხსნა.

- ჩემო კარგო, ზუსტად ის ვიპოვეთ, რასაც ვეძებდი ამდენი ხანი.

- რას ეძებდით, ქალბატონო მერი?

- ჩემი აზრით, ელენეს სწორედ ეს წყევლა სდევს თან.

- ანუ ჰალუცინაციები აქვს ან რაღაც მასეთი?

- არა, - იდუმალი ხმით განაგრძო, - არა, ჰალუცინაციები არა, ჩემი აზრით, ელენე მთვარეულია.

ირინას თვალები გაუდიდდა გაოცებისგან:

- მთვარეული?

- ჰო, მთვარეული, - უკვე სრულიად მშვიდი და თავდაჯერებული ხმით დააყოლა მერიმ.

მცირე ხანს ორივე გაჩუმდა. მერი იდუმალი სახით იდგა და თავის ფიქრებს ჩაღრმავებოდა. ირინა კი ცდილობდა რაიმე კავშირი მოენახა მის მიერ მოპოვებულ ახალ ამბავსა და ელენეს საქმეს შორის. თუმცა ვერ გაავლო პარალელები.

- ქალბატონო მერი, მთვარეული რომც იყოს, ეგ რას ცვლის?

- ბევრ რამეს, ძალიან ბევრს რამეს, - მერი წიგნების კარადასთან მივიდა. ერთი სქელი წითელი წიგნი გადმოიღო, გადაშალა. შიგნით ფურცლების დასტა იდო, - ეს წიგნი სწორედ ამ ფენომენზეა - ლუნატიზმის, ეს ფურცლები კი ჩემი ასე ვთქვათ ნაშრომია, რამდენიმე წიგნი კარგად დავამუშავე, სხვა მასალებიც მოვიძიე, ვთარგმნე და გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე... სრულიად შემთხვევით წავაწყდი სადღაც მთვარეულების ამბებს და მას მერე რატომღაც თავში ჩამიჯდა ეს ამბავი. ვერაფრით ვეღარ მოვიშორე. რატომღაც ვიფიქრე, რომ ელენეს მსგავსი რამ სჭირდა და მის დასახმარებლად ვეცადე, ეს ფენომენი კარგად შემესწავლა... ახლა ცოტ-ცოტა რაღაცებს წაგიკითხავ და ალბათ დასკვნებს თავადვე გამოიტან:

"ძილში სიარულს სამეცნიერო ლიტერატურაში სომნამბულიზმი ჰქვია, ხალხში კი - ლუნატიზმი. სომნამბულიზმი (ლათინურიდან სომნუს - სიზმარი და ამბულო - დავდივარ), მთვარეულობა ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელიც გამოიხატება არაცნობიერი, გარეგნულად მოწესრიგებული, თუმცა ხშირად უაზრო ან საშიშ მოქმედებებში, რომლებსაც ძილში სჩადიან და ვერ იმახსოვრებენ. მძინარე სხვადასხვა სახის მოძრაობით გამოირჩევა და ხანდახან ურთულეს ქმედებებს სჩადის, ლაპარაკობს... მთვარეულების დაახლოებით 40 პროცენტი უკონტროლო ქმედებების გამო სხვადასხვა ხარისხის ფიზიკურ დაზიანებას აყენებს საკუთარ თავს. ლუნატიზმის მიმდინარეობის იშვიათი აგრესიული ფორმა შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს. მთვარეულმა შეიძლება ძალადობა გამოავლინოს ადამიანების მიმართ, რომლებიც მის დახმარებას ცდილობენ ან უბრალოდ გზად ხვდებიან.

მოძველებული სახელწოდება ლუნატიზმი გვიანდელი ლათინური სახელწოდებიდან ლუნატიცუს მომდინარეობს, ლათინური სიტყვიდან ლუნა - მთვარე. ტერმინი დაკავშირებულია ძველი ძალხის წარმოდგენებთან, მთვარის ციკლები გავლენის შესახებ ადამიანის ფსიქიკაზე.

სომნამბულიზმი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ადამიანების დაახლოებით 2 პროცენტი პერიოდულად ძილში დადის. ძილში სიარული ჩვეულებრივ ღრმა ძილიდან არასრული გაღვიძებისას ჩნდება, ამ დროს ტვინი ნახევრად ძილის, ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაშია. სომნამბულის თვალები ამ დროს გახელილია. ის ყველაფერს ხედავს, რადგან ავეჯსა და სხვა დაბრკოლებებს ადვილად უვლის გვერდს, შეუძლია პასუხები გასცეს ჩვეულებრივ შეკითხვებზე. ღამეული "ექსკურსიების" მოგონებები დილამდე აღარ ახსოვთ.

ამ მოვლენას უამრავი ლეგენდა უკავშირდება: ის სიგიჟის ნიშნად მიიჩნევა, ამტკიცებენ, რომ საშიშია მთვარეულის გაღვიძება და რომ ის მძაფრად განიცდის საფრთხეს და არ შეუძლია საკუთარ თავს ვნოს. თუმცა ეს შეხედულებები მცდარია. სომნამბულიზმი არ არის სიგიჟის ნიშანი. მთვარეულის გაღვიძებაც ძალიან რთულია - ისევ ჯობია, ის უკან, საწოლთან მიიყვანო. არის შემთხვევები, როდესაც სომნამბულები ფანჯრებიდან ცვივიან, რომლებიც კარი ჰგონიათ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სომნამბულიზმის მდგომარეობაში ადამიანებს ავტომანქანა უტარებიათ, თვითმფრინავი უმართიათ და სხვა რთული საქმეები ჩაუტარებიათ. ხშირად მთვარეულის სახლთან, კიბისკენ მიმავალ გზას ღობავენ, საძინებლის ფანჯრებს მყარ რიკულებს უკეთებენ, ზოგიერთ მთვარეულს კი საწოლზეც კი აბამენ, რომ ღამით არ იაროს და პირველ რიგში საკუთარ თავს არ ავნოს.

ღამით თამამად მოსიარულე ნახევრად მძინარე ადამიანის დანახვა უძველესი დროიდანვე აშფოთებდა ადამიანებს. შუა საუკუნეებში მთვარეულებს ეშმაკისგან შეპყრობილებად მიიჩნევდნენ და მათი ეშინოდათ.

ცნობილია შემთხვევები, როდესაც მთვარეულებს უცნაური ქმედებები ჩაუდენიათ. ერთი ქალი ღამის სამ საათზე დგებოდა, ქმარს აღვიძებდა და მისგან აღსარებას ითხოვდა. კიდევ ერთ ქალბატონს ღამით ეღვიძებოდა, დგებოდა და მთელ თეთრეულს რეცხავდა. დილას კი არაფერი ახსოვდა. იყო შემთხვევა, ადამიანი ღამით დგებოდა, მეზობელს აყენებდა საწოლიდან, მის ლოგინში წვებოდა და იძინებდა.

გამაოგნებელია ამ დროს ადამიანების მოხერხებულობა, საფრთხის შეგრძნების აბსოლუტური არარსებობა. აღწერილია შემთხვევები, როდესაც ქუჩაში გამოსული მთვარეულები სახლის სახურავზე ასულან, კარნიზზე გაუვლიათ და ა.შ.

ძალიან იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სომნამბულები გარშემო მყოფთათვისაც წარმოადგენენ საფრთხეს. გასული საუკუნის შუალედში ერთ-ერთ ფრანგულ მონასტერში საინტერესო შემთხვევა მოხდა. ერთ ღამეს მონასტრის წინამღძვარი სავარძელში იჯდა და სახარებას კითხულობდა. უცებ დაინახა, რომ მის გვერდით სენაკში მყოფი ბერი დანით ხელში შემოვიდა, წინამძღვრის საწოლთან მივიდა და დანა ზუსტად იმ ადგილას ჩასცა, სადაც წესით წინამძღვრის მკერდი უნდა ყოფილიყო. როგორც კი დარტყმა განახორციელა, ისევ გაბრუნდა უკან, თავის სენაკში შევიდა და დაიძინა. დილას გაღვიძებულს არაფერი ახსოვდა, თუმცა ის კი თქვა, რომ ძილში ნახა, თითქოს წინამღძვარმა დედამისი მოკლა და ამის გამო შურისძიება სურდა. მხოლოდ იღბლიანმა შემთხვევამ იხსნა ბერი სიკვდილისგან.

თითოეულ მთვარეულს ღამეული სვლების საკუთარი გრაფიკი აქვს. ზოგიერთები ძილში ყოველთვიურად დაიარებიან, სხვებს ეს უფრო იშვიათად ემართებათ, ძირითადად ძლიერი სტრესის დროს, ზოგიერთები კი ყოველ ღამე დადიან".

* * *

ირინა ჩაფიქრებული იჯდა. მერიმ კითხვა დაასრულა, წიგნი დახურა და ისევ თაროზე შემოდო. მცირე ხანს ორივე დადუმდა. ორიოდე წუთში დუმილი ირინამ დაარღვია.

- ქალბატონო მერი, თქვენ ფიქრობთ, რომ ელენეც მთვარეულია, დანაშაული ძილში ჩაიდინა და იმიტომ არ ახსოვს?

- კი არ ვფიქრობ, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ასეა... შენ რომ ელენეს კარგად იცნობდე, მიხვდებოდი, რომ მას ჭიანჭველისთვის ფეხის დაბიჯებაც არ შეუძლია, არათუ კაცის მოკვლა. როგორც ჩანს, ის აგრესია, ის ბოროტი მხარე, რაც როგორც წესი, ყველა ადამიანში ბუდობს, მის შემთხვევაში მთვარეულობის დროს ავლენს თავს. და როგორც აღმოჩნდა, ეს გენეტიკური დაავადებაა, ელენეს შემთხვევაში, მისი "წყევლა".

- კი მაგრამ, ნუთუ აქამდე არავინ იცოდა, რომ ის მთვარეული იყო, თუნდაც მისმა ქმარმა ან მშობლებმა?

- როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში წერია, ეს მოვლენა შეიძლება ძალიან იშვიათ შემთხვევებშიც კი გამოვლინდეს და არ ჰქონდეს სტაბილური ხასიათი. შეიძლება მხოლოდ ძლიერმა სტრესმა მისცეს პროვოცირება... როგორც გითხარი, ქმრის მკვლელობამდე საშინლად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც მისი შვილის დაკარგვას მოჰყვა, გიგა გალოთდა, სცემდა კიდეც. იმ ღამესაც იჩხუბეს და ალბათ ამ სტრესმა გამოიწვია ეს შედეგი.

ირინა ისევ ჩაფიქრდა.

- ქალბატონო მერი, ელენემ თვითონ არ იცის, რომ ეს სჭირს?

- მე ვფიქრობ, რომ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მაინც მეტყოდა... თან როგორც წაგიკითხე, როგორც წესი, თვითონ მთვარეულებს არაფერი ახსოვთ ხოლმე. თუ მხოლოდ ქმრის მკვლელობის ღამეს გამოუვლინდა ეს დაავადება და მეტი ვერც ვერავინ გაიგო, ვინ ეტყოდა?.. ასე ვთქვათ, თვითმხილველი ერთადერთი იყო - მისი ქმარი, ის კი უკვე მკვდარია... შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში მანამდე არც უჩენია თავი ამ დაავადებას და რომ არა ასეთი დაძაბული ცხოვრება, იქნებ არც გამოვლენილიყო.

- ანუ როგორც მე მივხვდი, თქვენ გსურთ, რომ საქმე აქეთკენ წავიყვანოთ და ელენე გავამართლოთ?

- გენაცვალე, ჩვენ რომც არ წავიყვანოთ, საქმემ თვითონ მიგვიყვანა ჭეშმარიტებამდე. ელენე ციხეში კი არ უნდა იჯდეს, მას სპეციალისტი უნდა ეხმარებოდეს.

- მაგრამ ეს ჩვენ ვიცით, მოსამართლე მხოლოდ ვერსიების და ვარაუდების დონეზე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, - ირინამ საფეთქელზე დაიდო ხელი, თვალები მოჭუტა და განაგრძო, - მაშინ სწორედ სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ საქმეში, ნახოს, გასინჯოს, გამოიკვლიოს და თუ ეს ვარაუდები დადასტურდება, მერე უკვე თამამად შეიძლება აპელაციის შეტანა.

- მეც მასე ვფიქრობ, ჩემო კარგო.

- ისე, ქალბატონო მერი, თქვენგან კარგი გამომძიებელი დადგებოდა, - ირინამ გულწრფელად გამოხატა აღფრთოვანება.

მერის აშკარად ესიამოვნა ეს ქათინაური.

- მადლობა, საყვარელო. მაგრამ მე მხოლოდ ელენეს გამო გავაკეთე ეს... შენ ალბათ ჯერ არ გამოგიცდია ასეთი დიდი მეგობრობა.

- წარმოიდგინეთ, ქალბატონო მერი, მეც მყავს უერთგულესი, ბავშვობის მეგობარი და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად მესმის თქვენი და მეტადაც გაფასებთ სწორედ მაგ თვისებების გამო.

- მიხარია. კარგი მეგობრის ფასი არაფერია ალბათ ამქვეყნად, მით უმეტეს ჩემნაირი მარტოხელა ადამიანისთვის, - მერის სახე უცებ მოეღრუბლა, - ელენეს ციხიდან თუ გამოვიყვანთ, მერე კიდევ ერთი პირობა მაქვს შესასრულებელი, რომელიც საკუთარ თავთან დავდე.

- რა პირობა?

- შვილიც უნდა ვაპოვნინო.

ეს ისეთი მღელვარე ხმით თქვა მერიმ, ირინას ტანში გასცრა. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. თითქოს რაღაც ძალამ აიძულა, ფეხზე წამომდგარიყო. შეიშმუშნა და სწრაფად ადგა სკამიდან.

- ქალბატონო მერი, ახლა წავალ და კიდევ შევხვდებით. გავიკითხავ კარგ სპეციალისტებს, ვისაც შეუძლია ჩვენი დახმარება.

- ირინა, დიდი მადლობა, რომ გვერდში დაგვიდექი და გჯერა ჩემი, - მხარზე ხელი დაადო და კარისკენ გაუძღვა.

უკვე კართან იყვნენ მისულები, მერიმ საკეტი გადაატრიალა და მოულოდნელად ისევ ირინასკენ შემობრუნდა:

- ირინა, შვილო, მინდა შენთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო, არაფერი მქონდეს დამალული და რაღაც კიდევ გითხრა.

- გისმენთ, ქალბატონო მერი.

მერი ერთ წამს გაჩუმდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

- ოღონდ უნდა დამპირდე, რომ ეს ჩვენ შორის დარჩება.

- გპირდებით, - ირინას სახე დაეძაბა მოლოდინისგან.

- ჩემი აზრით, ოლიასაც არ ჩამოუხრჩვია თავი...

- რა?

- შენ რომ ოლია გცნობოდა, შენც ვერ დაიჯერებდი... საშინელი კერპი ქალი იყო, თავდაჯერებული, ამაყი, გულცივი. ასეთი ადამიანები თავს არ იკლავენ. ან რატომ უნდა მოეკლა თავი? სინდისის ქენჯნას არანაირად არ განიცდიდა, ბოლომდე სჯეროდა საკუთარი სიმართლის და იმის, რომ რაც ჩაიდინა, მხოლოდ და მხოლოდ შვილიშვილის სასიკეთოდ ჩაიდინა...

- თქვენი აზრით, ელენემ მოკლა ოლიაც?

- კი, სამწუხაროდ, ვგონებ, ეს რეალობაა... თუმცა ეს მხოლოდ შენთვის ვთქვი, რომ ბოლომდე მართალი ვიყო შენთან, რაკი მენდე და გვერდზე დამიდექი. რასაკვირველია, საქმეში ეს არ უნდა ფიგურირებდეს.

- კი, მაგრამ...

მერიმ სიტყვა გააწყვეტინა:

- როგორც გითხარი, ეს მისი დაავადების "დანაშაულია" და არა მისი გონებისა და სხეულის, - მერი ისევ მიბრუნდა კარისკენ და გამოაღო, - კარგი, ახლა დროებით დაგემშვიდობები. კიდევ ერთხელ მადლობა ყურადღებისთვის, საყვარელო.

- კარგად ბრძანდებოდეთ... დაგიკავშირდებით.

ირინა დაბნეული და გაოგნებული დაუყვა კიბეებს.

გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი