ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე გადაცემაში "იმედის დილა" მაყურებელს საკუთარი გამოცდილების შესახებ უყვება და ამბობს, რა პრობლემა შეექმნა მის შვილს თვე-ნახევრის ასაკში. მოწვეული სტუმარი, ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე კი დაავადების მიმდინარეობასა და სიმტომებს განმარტავს.
ნუცა ქავთარაძე:
- პოსტსამშობიარო სტრესსა და ზოგადად, ახალბედა დედის შფოთვებზე არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, თუმცა რაზეც ახლა მინდა, გიამბოთ, ეს არ არის მხოლოდ შფოთვა, ნერვიულობა და იმის შეგრძნება, რომ გამოუცდელი ვარ და რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ. როდესაც სანი დაიბადა, ხშირად თქვენთვის გული გადამიშლია, ძალიან ვღელავდი და სულ მეგონა, რომ რაღაც სჭირდა. ალბათ, ეს ყველა ახალბედა დედის დარდია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ თანამოაზრეები არ მყავდა. როგორც წესი, დედაჩემი, ჩემი მეუღლე და გარშემო მყოფები მეუბნებოდნენ, რომ გაგივლის და ეს უბრალოდ შფოთვააო. თუმცა, მე ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. არაერთი ექიმი მოვიარე და ყველა მათგანი მეუბნებოდა, რომ ეს უბრალოდ ჩემი განცდებია. ვიდრე არ მივაგენი ერთ ექიმს, რომელმაც დამიჯერა და მომისმინა. ვსაუბრობ დაავადებაზე, რომელსაც პილოროსტენოზი ჰქვია, რომელიც, როგორც გავარკვიე, საკმაოდ გავრცელებული და ხშირი დაავადებაა ჩვილებში და ის, როგორც წესი, თავს თვე-ნახევრის შემდეგ იჩენს ხოლმე, დაახლოებით 3-4 თვემდე. სანის დაბადებიდან ძალიან მალე, 2 კვირაში მწვავე რეფლუქსი დაუდგინდა, რაც ჩვილებში გავრცელებული პრობლემაა და ალბათ, გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ ეს არ არის სანერვიულო, მკურნალობაც კი არ სჭირდება. ეს არის შედარებით ხშირი ამოქაფება ჩვილებში, საკვების მიღების შემდეგ და თავისით გაივლის, 3-6 თვეზე ან მაქსიმუმ, 1 წლის ასაკში. მეც 3 თვის მოლოდინში ვიყავი, რადგანაც სანის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ ჰქონდა. უბრალოდ, მქონდა შფოთვა, რომ ბავშვს რაღაც სჭირს. ყველაფერი კი იმით გაგრძელდა, რომ როდესაც სანი თვისა და 15 დღის იყო, სპაზმი დაემართა. მივხვდი, რომ ჩემს შვილს, რომელიც ჯერ ძალიან პატარა იყო და 5 კილოსაც არ იწონიდა, უბრალოდ ამოსუნთქვა არ შეეძლო. არანაირი ამონაღები მასა არ ყოფილა, უბრალოდ ვეღარ სუნთქავდა. რა თქმა უნდა, ეს შოკისმომგვრელი იყო და ახლაც მიჭირს ამაზე გულგრილად საუბარი იმისთვის, რომ გადმოგცეთ ყველა ის ემოცია, რაც გამოვიარე. ძალიან რთული იყო, მაგრამ ესეც გარკვეულწილად დაბრალდა იმას, რომ მას მწვავე რეფლუქსი ჰქონდა. ეს სპაზმი ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად 8-ჯერ განმეორდა. ზოგჯერ უფრო მსუბუქი, ზოგჯერ კი უფრო ძლიერი ფორმით. არ ვიცოდი, რა მექნა. თუმცა, ამ დროს აღმოვაჩინე პედიატრი, რომელმაც მომისმინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ახალბედა დედებს ვუთხრა, რომ როდესაც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს შვილს რაღაც აწუხებს, აუცილებლად ენდეთ საკუთარ თავს და ნახეთ ადამიანი, რომელიც მოგისმენთ და სწორ დიაგნოზამდე მიხვალთ. საბოლოო ჯამში, აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს შვილს, სანის, რომელიც თვისა და 20 დღის იყო, პილოროსტენოზი ჰქონდა. ეს არის დაავადება, რომელსაც ძალიან მკაფიო სიმპტომები ახასიათებს, თუმცა, სანის მსგავსი არაფერი ჰქონია და ასე ჩუმად ეს დაავადება ძალიან იშვიათად მიდის ხოლმე. თვის და 21 დღის ასაკში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სხვანაირად დაავადება არ იკურნება. რა ახასიათებს მას, ამ ყველაფერზე პედიატრ, თემურ მიქელაძესთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, არის ადამიანი, რომელთან ერთადაც შევძელით და აღმოვაჩინეთ დაავადება.
თემურ მიქელაძე: - პილოროსტენოზი არც თუ ისე ხშირი, მაგრამ არც ისე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ძირითადად ახალშობილებში გვხვდება და სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2000 ახალშობილში 1 ან 2 შემთხვევა ფიქსირდება. გოგონებში შესაძლოა 30%-ში, 70%-ში კი ბიჭებში შეგვხვდეს. პილოროსტენოზი ეს არის თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც შესაძლოა, კუნთოვანი დეფექტი განვითარდეს, რომელსაც ჰიპერტროფია ახასიათებს და ხელს უშლის კუჭში არსებული საკვების თორმეტგოჯაში გადასვლას. ნორმის შემთხვევაში, პილორუსი უზრუნველყოფს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საკვები კუჭში შეჩერდეს და შემდგომ პილორუსში გადავიდეს, რამეთუ კუჭის წვენით ამ საკვების მონელება მოხდეს. თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იყო ჰიპერტროფია, თანდაყოლილი პათოლოგია, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მემკვიდრული წინასწარი განწყობაც იყოს. ჰიპერტროფიის შედეგად შეფერხებულია კუჭში ჩასული საკვების გადასვლა პილორუსში. 2 კვირის ასაკში დიაგნოსტირებას ვერ ვახერხებთ. მას თავისი განვითარების ფაზები აქვს. კლინიკურად, დაახლოებით მე-6-მე-8 კვირიდან ვლინდება. ძირითადი სიმტომებია: შადრევანისებური ღებინება, თავიდან გასტროეზოფაგალურ რეფლუქსს ჰგავს. გასტროეზოფაგალური რეფლუქსი შესაძლოა ყოველ მესამე ბავშვთან შეგვხვდეს და ასაკის მატებასთან ერთად, პრაქტიკულად უკვალოდ გაივლის. თავიდან წამოქაფებით იწყება. წამოქაფებას შემდეგ შადრევანისებური ღებინება ახლავს თან. ამონაღები საკვების მასა მიღებულზე ყოველთვის მეტია. პათოლოგია ძირითადად ქირურგიულია. პედიატრების მთავარი მიზანია, დროულად შევძლოთ დაავადების დიაგნოსტირება და რეფერალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ დაავადების დროს გამოხატულია შადრევანისებური ღებინება, ბავშვი მოუსვენარია, წონაში ვერ იმატებს და ამონაღები საკვები რაოდენობა მიღებულზე ყოველთვის უფრო მეტია.