სათამაშო საუკეთესო საშუალებაა ბავშვის განვითარებისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში პრინციპი ”რაც მეტი, მით უკეთესი” არც ისე კარგად მოქმედებს. სათამაშოებმა რომ განმავითარებელი როლი შეასრულონ, ამისთვის მათი რაოდენობა ბევრი არ უნდა იყოს.
რა ზიანი მოაქვს სათამაშოების გადაჭარბებულ რაოდენობას
იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას და გადაძაბვას. ხელს უშლის ბავშვის კრეატიულობის უნარის განვითარებას. როგორც უფროსს უჭირს კონცენტრირება ქაოსსა და არეულობაში, ასეა ბავშვის გონებაც. პატარა, რომელსაც ირგვლივ სათამაშოების მთა უდგას, ვერცერთ მათგანს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს და მათ მიმართ ინტერესს კარგავს.
კვლევები ცხადყოფს, რომ თუ ბავშვს მხოლოდ რამდენიმე სათამაშო აქვს, თითოეულ მათგანზე კონცენტრირებულია, ჩართული აქვს ფანტაზია და წარმოსახვის უნარი. ასეთი თამაში მართლაც ფასდაუდებელი რამაა ბავშვის განვითარების პროცესში.
როცა ბავშვს ძალიან ბევრი სათამაშო აქვს, მათ მიმართ ინტერესი ეკარგება. აღარ აფასებს მათ, აღარც სიხარულს ანიჭებს მათი დანახვა და აღარც მადლიერების გრძნობა გააჩნია, რომ ამდენი სათამაშო აქვს. მშობლისთვის ძალიან გულსატკენია, როცა რუდუნებით არჩეული, არცთუ იაფი სათამაშო, იატაკზე ისე გდია, რომ პატარა მას ვეღარც ამჩნევს და თან ჭირვეულობს, რაღაც ახალი უნდა.
როგორ უნდა მოიქცეთ
ვერავინ გეტყვით, რომ ბავშვს მრავალფეროვანი სათამაშოები არ უნდა ჰქონდეს. პირიქით, თუ ამის საშუალება გქვთ, მათი შეძენა არ უნდა შეწყვიტოთ, თუმცა ზემოხსენებული პრობლემები რომ არ წამოიჭრას, გამოსავალი თქვენი სათამაშოების მარაგის სისტემატიზაცია და სწორად გამოყენებაა.
როცა ხედავთ, რომ სათამაშოების რაოდენობა დიდია, მათ მიმართ ინტერესი კი კლებულობს, დაიწყეთ მათი ერთი ნაწილის გადამალვა და შემდეგ ნელ-ნელა ჩანაცვლება - რაც დამალული გქონდათ, გამოჩინეთ, რაც უკვე მობეზრდა, გადამალეთ. ამით ახალგამოჩენილ სათამაშოს ახალნაყიდის ეფექტი ექნება. საერთო რაოდენობის შემცირება კი აიძულებს ბავშვს, მეტი ყურადღება დაუთმოს დარჩენილ სათამაშოებს და მეტი ფანტაზია ჩართოს თამაშში.
როგორ მოვაწესრიგოთ სათამაშოები
დაიწყეთ მათი აღწერა. აღნუსხეთ ყველა სათამაშო, რაც თქვენს სახლშია. შეადგინეთ სია:
- დასატოვებელი სათამაშოები
- შესანახი სათამაშოები (რომლებიც განსაკთრებით მოგწონთ და ფიქრობთ, რომ მომავალშიც ითამაშებს)
- გადასაყრელი, დაზიანებული სათამაშოები
- გასაჩუქებელი სათამაშოები
- სათამაშოები, რომლებიც შეგვიძლია გავყიდოთ
დასატოვებელი სათამაშოები ძალიან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბავშვისთვის და გამოსაჩენ ადგილასაც უნდა იდოს. შენახული სათამაშოები კი საერთოდ არ უნდა ხვდებოდეს თვალში და პირველივე კარადის გაღებისას ვერ უნდა ხედავდეს. სათამაშოების ჩანაცვლება თვეში ერთხელ საკმარისი იქნება.