მათი ტანდემი 11 წლის წინ შეიქმნა. დღეს ჯულიანა ბარ-გნარს და ოთო ფოლადაშვილს უამრავი ადამიანი იცნობს. როგორ დაიწყო და აეწყო მათი ურთიერთობა, ამის შესახებ პროფესიონალი მოცეკვავეები სამუშაო დღის ბოლოს გულწრფელად გვესაუბრნენ. ჩვენთან ინტერვიუში არც ის დაუმალავთ, რომ კონფლიქტური სიტუაციებიც შეჰქმნიათ, თუმცა, რაც მთავარია, დღეს კვლავ ერთად არიან...
- როცა ერთმანეთი გაიცანით, წარმოიდგენდით, რომ თქვენი მეგობრობა და საქმიანი პარტნიორობა წლებს გაუძლებდა?
ოთო:
- ურთიერთობის საწყის ეტაპზე არ გვიფიქრია, რომ 11 წელი ერთად ყოფნა მოგვიწევდა: ჯერ - ტურნირებში მონაწილეობა და სპორტული კარიერის აწყობა, მერე - საერთო სტუდიის შექმნა და ახლა უკვე - ბიზნესპარტნიორების ამპლუაში თანამშრომლობა... თუმცა, გაცნობის პირველივე დღეებიდან, ერთმანეთს იოლად შევეწყვეთ. ზუსტად ამის დამსახურება იყო, რომ როგორც წყვილმა, პირველივე წელს, შეჯიბრებებზე უამრავი ტიტული მოვიპოვეთ.
ჯულიანა:
- წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, მაგრამ დღეს რა შედეგიც მივიღეთ, ეს დრომ, გამოცდილებამ, საერთო მიზნებმა, რაც გვაკავშირებდა და რაც ჩვენი წყვილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია, მოიტანა... ალბათ, დღემდე ერთად სწორედ ამიტომ ვართ და ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი "დავდოთ" - ამისთვის ვიბრძვით.
- პირველი შეხვედრისას ერთმანეთის შესახებ როგორი წარმოდგენა შეგექმნათ?
ოთო:
- ერთმანეთის შესახებ წარმოდგენა მანამდე შეგვექმნა, ვიდრე ცეკვაში დავწყვილდებოდით, რადგან ჩვენს მაშინდელ მეწყვილეებს ერთსა და იმავე პერიოდში დავშორდით. მე და ჯულიანა სხვადასხვა ფედერაციაში ვცეკვავდით და ჩემპიონები ვიყავით. ერთმანეთს არ ვიცნობდით. როგორც კი ჩვენმა საერთო ნაცნობებმა გაიგეს, რომ მეწყვილეს ვეძებდი და იმავდროულად, ჯულიანაც მეწყვილეს გარეშე იყო, ჩემთან მის შესახებ საუბარი დაიწყეს - ერთი ჩემპიონი გოგოა, რომელიც მეწყვილეს ახლახან დაშორდა. გვგონია, რომ კარგ ტანდემს შექმნითო... ჯულიანასთან ჩემ შესახებაც ანალოგიურად საუბრობდნენ. ამიტომ, მის გაცნობამდე ვიცოდი, რომ მრავალგზის ჩემპიონი, საუკეთესო მოცეკვავე იყო და მისი მეწყვილეობის შემთხვევაში, ჩემპიონობის ტიტულს არა მარტო შევინარჩუნებდი, უფრო გავძლიერდებოდი კიდეც. როცა ჯულიანა პირადად გავიცანი, ამაში მეტად დავრწმუნდი.
ჯულიანა:
- მეც მიყვებოდნენ, ოთო როგორი ნიჭიერი და მაგარი ბიჭია. თუმცა, მერჩივნა, მუშაობის პროცესში მენახა. როცა შევხვდით, ვიგრძენით, რომ ცეკვა ორივეს უზომოდ გვიყვარდა და გვინდოდა, ჩვენს სამუშაო სფეროში პირველები ვყოფილიყავით. საერთოდ, ძლიერ პიროვნებებს დიდ პატივს ვცემ, ოთოში კი ლიდერის ხასიათი და შრომისმოყვარეობა დავინახე. რაკი რეალურადაც ისეთი აღმოჩნდა, როგორც ახასიათებდნენ, ჩემგან კიდევ უფრო დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
ოთო:- "ლაივში" ერთმანეთს ისე იოლად გავუგეთ, რომ "წყვილში დადგომის" პირველსავე წელს, "წლის აბსოლუტური ჩემპიონები" გავხდით - ყველა კონკურსში გავიმარჯვეთ.
- ერთმანეთისგან რა მკვეთრად განმასხვავებული თვისებები გაქვთ?
- ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ვართ, საერთო მიზნებით. ჯულიანა უფრო მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ფიქრი უყვარს. კარგი დიპლომატია - საქმეების სწორად აღქმა და კარგად მოგვარება შეუძლია. მე ერთ საკითხზე დიდხანს გაჩერება არ მომწონს. სწრაფად მოგვარება მირჩევნია. საერთო მიზნამდე მისასვლელად, ორივეს განსხვავებული, მაგრამ სამართლიანი გზები გვაქვს.
ჯულიანა:- მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ზუსტად ამით ვაბალანსებთ. ხშირად ისეთი სიტუაცია ყოფილა, რომელშიც ოთოს "მიმწოლი" ხასიათი დამხმარებია ან პირიქით - საკითხისადმი ჩემი დიპლომატიური მიდგომა გამოგვდგომია. იმის გამო, რომ ერთმანეთის მოსაზრებას პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ, უმეტესად, კარგ შედეგს ვიღებთ. ასეთი ურთიერთობა საქმისთვის მომგებიანი გამოდის.
ოთო:- მაგალითად, სტუდიაში ბავშვებს ორივე ვუყვარვართ, მაგრამ მიიჩნევა, რომ ჯულიანა უფრო მკაცრია, მე კი უფრო ემოციური ვარ: პატარებთან საერთო ენას ვპოულობ, ვსაუბრობ...
ჯულიანა:
- დისციპლინა ძალიან მიყვარს.
ოთო:
- მე კი ბავშვებს ცოტათი ვათამამებ (
იღიმის)...
ჯულიანა:- ბავშვებს რომ ვაკვირდები, დისციპლინირებულებიც არიან, თუმცა სითბო და სიტკბოც არ აკლიათ, რადგან ორნაირი პედაგოგი ჰყავთ (
იცინის). შედეგს ვერც მხოლოდ მოფერებით მიაღწევ და ვერც - მხოლოდ სიმკაცრით.
- 11 წლის განმავლობაში, ისეთი კონფლიქტური სიტუაცია თუ შეგქმნიათ, რომ ერთმანეთის შემორიგება დაგჭირვებიათ?
ოთო:
- რა თქმა უნდა, თუმცა შემდეგ, ცივ გონებაზე, ყველაფერი "გადაგვიხარშავს" და საბოლოო ჯამში, კარიერას დღესაც ერთად ვაგრძელებთ. სერიოზული კონფლიქტი რომ მოგვსვლოდა, ალბათ, დღეს ერთად არ ვიქნებოდით (
იღიმის).
განაგრძეთ კითხვა