მსახიობისა და ტელეწამყვანის ეკა ჩხეიძის ქალიშვილი ინანო მუშკუდიანი საკმაოდ წარმატებული დიზაინერია. როგორც სოციალურ ქსელში
ყვება, საკმაოდ სერიოზული განათლება და გამოცდილება მიიღო, დღეს კი იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან:
"კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი ვმუშაობდი ოპერა დიზაინში, საიდანაც ხშირად მიწევდა ტრენინგებზე სიარული სხვადასხვა წამყვან ინდუსტრიული დიზაინის კომპანიაში. ერთი ასეთი ტრენინგისთვის ჩავედი ქალაქ ბაზელში, კომპანიაში "ვიტრა”, რომელიც ავეჯის და განათებების ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, სადაც გარდა მარკეტინგული ტრენინგისა, დაგვათვალიერებინეს თუ როგორ ხდება დიზაინის შექმნა, წარმოება, პროტოტიპაცია... აღფრთოვანებული დავრჩი და პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. იქიდან რომ დავბრუნდი, მალევე გადავწყვიტე, ერთწლიანი კურსი გამევლო დიზაინის მიმართულებით და რომში ინტერიერისა და ინდუსტრიული დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმე იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი. კურსის დასრულების შემდეგ, აკადემიის დირექტორმა, ფილიპო პერნისკომ, დარჩენა შემომთავაზა, რომ ბაკალავრის დიპლომი ამეღო, რაც ორი კურსის ერთდროულად გავლას ნიშნავდა. დავთანხმდი... დისერტაციის დაცვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. მამაჩემი, ლევან მუშკუდიანი, არქიტექტორია და მასთან ერთად დავიწყე რესტორან ბერნის პროექტზე მუშაობა. ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი მილანის ყველაზე ცნობილი დიზაინის უნივერსიტეტის, "ნაბა”-ს დაფინანსების პროგრამას და გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. სიმართლე რომ ვთქვა, დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც გავრისკე და ჩემი ნამუშევრები გავაგზავნე. 100%-იანი დაფინანსებით პირველ ადგილზე გავედი, ასე მოვხვდი მილანში ინდუსტრიული დიზაინის მაგისტრატურაზე.
აქედან დაიწყო ჩემი ძალიან დიდი პროფესიული განვითარება და ზოგადად გემოვნების, სტილის და შეხედულებების ჩამოყალიბება... მაგისტრატურის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე გავაფორმე კონტრაქტი ჯგუფთან "პიზა”. ეს კომპანია მოიცავს არაერთ ბრენდს სამკაულებისა და საათების წარმოებაში. უამრავი მაღაზია და შოურუმი აქვთ მილანში, მონტე ნაპოლეონეზე... უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა დაკისრებული, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის და ავეჯის დიზაინს ვუკეთებდი ისეთ ბრენდებს, როგორებიც არის "როლექსი”, "ვაშერონ კონსტანტინი”, "პატეკ ფილიპი” და ა.შ. გარდა კონცეფციებზე მუშაობის, მშენებლობის ზედამხედველობა და პროექტის მენეჯმენტიც მე მებარა. მოგვიანებით, ნაბას უნივერსიტეტში, მაგისტრატურის კურსზე, ლექციების კითხვაც დავიწყე ბრენდ დიზაინის განხრით. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი გამოდგა ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, პროფესიული თვალსაზრისით ცოტა განსხვავებული მიდგომის სტუდიისთვის მემუშავა. საკუთარი მიდგომა დიზაინის მიმართ ყოველთვის უფრო არტისტული პროექტების კეთება იყო, ვიდრე პრაქტიკულის. ასე დავიწყე მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ არქიტექტორთან, ვინჩენცო დე კოტისთან... მეოთხე წელია დე კოტის სტუდიაში ვმუშაობ და დღევანდელი გადასახედიდან, რომ ვუყურებ ჩემს თავს რამდენიმე წლის წინ, რადიკალურ გარდაქმნას ვხედავ ყველა ასპექტში, რაც ჩემს პროფესიას ეხება. გემოვნება, ხედვა, დეტალებზე ორიენტირი, მასალების აღქმა, შერწყმა, ბალანსი... ეს ყველაფერი სტუდენტობისას სულ სხვანაირად მესმოდა და აღვიქვამდი", - ამბობს ინანო.
ეკა ჩხეიძის შვილები მამასთან - ლევან მუშკუდიანთან ერთად
ეკა ჩხეიძე ორი შვილის დედაა. ინანოს გარდა, ვაჟი ჰყავს. წლების წინ mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ინანოს მომავალ განათლებაზე საუბრობდა:
- ჩემი მეუღლე არქიტექტორია და შეიძლება ითქვას, ინანო მამის კვალს გაჰყვა. სურვილი გაუჩნდა დიზაინი შეესწავლა, ხატვა დაიწყო. მივხვდი, რომ ძალიან იყო დაინტერესეული ამ ყველაფრით. აქ ვერაფერი ნახა ისეთი, სადაც ისწავლიდა. ვგულისხმობ იმას, რომ ინანოს არ უნდოდა, ნულიდან დაეწყო, სურდა მაგისტრატურაში ესწავლა. ხატვის საფუძვლებისა და ანბანის შესასწავლად ცოტა ხანს გუგა კოტეტიშვილთან იარა, მერე კი წავიდა იტალიაში, ენები იცის გადასარევად და არ გაუჭირდა კომუნიკაცია. იქ სწავლა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ეს თანხა შეიძლება ვიღაცისთვის ერთი თვის შემოსავალია, მაგრამ ჩვენთვის ასე არაა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს ძალიან უნდოდა სწავლა და ეს არ იყო უბრალო კაპრიზი, ან "ოღონდ წასულიყო" თემა, ყველანაირად გვერდში დავუდექით... ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ წასულიყო... მოგვიწია ბინის ბანკში ჩადებამ, კრედიტის აღებამ და მართლა ყველაფრის გაკეთებამ, რომ განათლება მივცეთ, ისწავლოს ის, რაც ძალიან უნდა. ისიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, როდის მძინავს და როდის ვჭამ, მავიწყდებაო, ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, სულ სწავლობს, ბევრს მეცადინეობს... ცოდნას ვაძლევთ, მაგრამ მერე როგორ გამოიყენებს, ეს გარკვეულწილად იღბალზეცაა დამოკიდებული...
