სოციალურ ქსელში იმ ახალშობილების ფოტოები ვრცელდება, რომლებიც რუსეთის მიერ კიევის დაბომბვისას, ყველაზე რთულ ვითარებაში დაიბადნენ.
გოგონა მია და პატარა ბიჭი, რომლის სახელიც დაუზუსტებელია, უკრაინელი ხალხისთვის წყვდიადში გაჩენილ იმედად იქცნენ.
ორივე ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში უკრაინელმა პოლიტიკოსმა ჰანა ჰოპკომ გაავცელა. პირველი მიას ფოტოები იყო, რომელიც 23 წლის ქალმა კიევის დაბომბვისას მეტროში მოწყობილ თავშესაფარში გააჩინა.
„მია ღამით, ძალიან სტრესულ ვითარებაში დაიბადა, ზუსტად იმ დროს, როცა კიევი იბომბებოდა. დედა და ბავშვი თავშესაფარში იმყოფებიან. სანამ პუტინი უკრაინელებს ხოცავს, მოვუწოდებთ რუს და ბელორუს დედებს, პროტესტი გამოთქვან ამ ომის წინააღმდეგ. ჩვენ დღეს სიცოცხლეს და ადამიანობას ვიცავთ“ - ამ წარწერით აქვეყნებს ჰოპკო პატარა მიას ფოტოს.
მოგვიანებით კი კიდევ ერთი ახალშობილის შესახებ წერს, რომელიც სამშობიაროს სარდაფში დაიბადა.
ბიჭი, რომელიც იერიშის დროს დაიბადა
„დილიდან საავადმყოფოს გვერდით საცხოვრებელ კვარტალს ცეცხლს უშენენ და იქვე, ამ კანონადის გვერდით, მიმღებში დაჭრილები წვანან, სარდაფში კი იმ პირობებში, რომელიც მშობიარობისთვის ყველანაირად შეუფერებელია, ახალშობილის ხმამაღალი ტირილი ისმის... ბიჭია“ - წერს ჰოპკო.
უკრაინელი მშობლები შვილებს სკოლაში სპეციალური სტიკერებით უშვებენ, რაზეც მათი სისხლის ჯგუფი, ვინაობა და მშობელთა მონაცემები წერია - ისინი შვილებს უარესი სცენარისთვის ამზადებენ