ცნობილმა პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სხვა საკითხებთან ერთად ტემპერატურის ნორმებზე და ეკრანდამოკიდებულებისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზეც ისაუბრა. „ნორმალურ ტემპერატურად ითვლება 35,8-დან 37,3-მდე ტემპერატურა. ეს დამოკიდებულია ასაკზე, სხვადასხვა ადგილობრივ სისხლძარღვოვან რეაქციებზე და ა.შ. მშობელმა სასურველია გამოიყენოს ელექტრონული თერმომეტრი, იღლიის, აქსილარული ელექტროთერმომეტრი და თუ 37-3-მდეა ტემპერატურა, ეს ითვლება ნორმად. არ საჭიროებს არავითარ კვლევას. გავითვალისწინოთ, რომ სახლის პირობებში ყოფნა, სხვადასხვა ნერვული გამაღიზიანებლები, მათ შორის გაჯეტები და ეკრანდამოკიდებულება, იწვევს ტემპერატურის მატებას 37,2-37,3-მდე“ - აღნიშნავს თემურ მიქელაძე. პედიატრის თქმით, გაჯეტებთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ შეიძლება ბავშვებში ისეთი ჩივილები გამოიწვიოს, რომ მშობელმა ჩათვალოს, რომ ბავშვი ავადაა. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების მომართვიანობამ, რაც ეკრანდამოკიდებულებას უკავშირდება. მათი ჩივილებია ტემპერატურის მატება ყოველგვარი სხვა სიმპტომების გარეშე, თავის ტკივილი, ყურადღების დეფიციტი, ზოგჯერ ჰიპერაქტივობა, იმპულსურობა, ნევროტიული პრობლემები. იწყება კვლევები, ერთვებიან ნევროლოგები, პედიატრები, ნეიროფსიქოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ზოგჯერ ფსიქიატრებიც გვჭირდება, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება მშობლის აქტიური ჩართულობის გარეშე ვერ ხერხდება. მშობელი უნდა ჩაერთოს აუცილებლად. დაბალი ტემპერატურის მიზეზი ხშირად არის ეკრანდამოკიდებულება, სახლში ჩაკეტილობა. ეკრანდამოკიდებული ბავშვები საათობით სხედან ერთ პოზაში, შესაბამისად, კუნთები სულ ერთ პოზაშია დაჭიმული ან მოდუნებული. ეს იწვევს ტკივილს და მშობელს ჰგონია, რომ ეს ძვლოვანი პრობლემაა“ - ამბობს თემურ მიქელაძე.