როგორ უფრთხილდებოდნენ ფეხმძიმე ქალებს ძველ ძველ საქართველოში და როგორი იყო ბავშვთა აღზრდის მეთოდები და ტრადიციები მთაში? მოუსმინეთ ძალიან საინტერესო პოდკასტს, რომლის სტუმარი გახლავთ ისტორიკოსი და ეთნოლოგი - თეა ქამუშაძე.მოუსმინეთპოდკასტს
სხვადასხვა ეპოქაში, ბავშვის აღზრდის მეთოდები განსხვავებული იყო. განსხვავდებოდა ასევე მთისა და ბარის ტრადიციებიც. საქართველოში იშვიათი არ იყო აკვანში მწოლარე ბავშვების დანიშვნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აკვნის ბავშვი საქორწინო სუბიექტს წარმოადგენდა. ეს მოვლენა საზოგადოებაში ბავშვისადმი დამოკიდებულების თავისებურებაზე მეტყველებს. ზოგადად, ტრადიციულ ქართულ საზოგადოებაში ბავშვი, ჩვილიც კი, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. მას არ აღიქვამდნენ უსქესო და უსუსურ არსებად. ძველად, საქართველოში ბავშვს ისევე სცემდნენ პატივს, როგორც მოზრდილს. მათი ინტელექტუალური განვითარება თანდათანობით და ძალდაუტანებლად ხდებოდა. შესაბამისად, მათი დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრირებაც თანმიმდევრულად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა. აკვნად ქორწინების რიტუალის შემდგომ (სარძლო და სასიძო) გარკვეულ დამატებით სტატუსს იძენდნენ და მათი არსებობის მნიშვნელობას, როგორც საზოგადოების საჭირო წევრებისა, უფრო მეტად ესმებოდა ხაზი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ბავშვს ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობასა და მოზრდილი ადამიანის სხვა თვისებების გამომუშავებას აჩვევდნენ, იმავდროულად, ბავშვებზე ზრუნავდნენ და განსაკუთრებულად იცავდნენ. ბავშვი ამ საზოგადოებაში საყოველთაო დაცვის სუბიექტი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბავშვის სიცოცხლის ხელშეუხებლობა. „ბავშვის მოკვლა ძალიან სირცხვილია. ვინც ბავშვს მოკლავს, მას სამუდამოდ შეარცხვენენ, თემ-სოფელში დარჩება სასირცხო საყვედურად“. ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ - „ყმაწვილს რაღა მოკვლა უნდა უიარაღოს, რის ეშინოდა, ყმაწვილს რომ კლავდაო“.საქართველოს მთის ზოგიერთ მხარეში გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი, რაც დაზარალებულის მხრიდან შეურაცხყოფის საპასუხო რეაქციას, შურისძიებას (სისხლი სისხლის წილ) გულისხმობდა. ამ შემთხვევაშიც ბავშვის სიცოცხლის უფლებას ადათი იცავდა.ბავშვზე ზრუნვას მისი ჩასახვისთანავე იწყებდნენ. ყოველივე ძირითადად მის ფიზიკურ გადარჩენას უკავშირდებოდა. ფეხმძიმე ქალი გარკვეულ აკრძალვებს ემორჩილებოდა და ბავშვის სასურველი განვითარებისკენ იყო მიმართული. ეს აკრძალვები ზოგ შემთხვევაში ქალის ოჯახის სხვა წევრებზეც ვრცელდებოდა. (მაგალითად, ფეხმძიმეს არ უნდა ეყურებინა მომაკვდავისთვის, ხოლო მის ქმარს მონაწილეობა არ უნდა მიეღო მიცვალებულის დამარხვაში; ღორის დაკვლისთვის არ უნდა ეცქირა ფეხმძიმეს და სხვა). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თვეში ჩამდგარ ფეხმძიმე ქალს ქოხ-სამრევლოში თან მიჰქონდა დაშნა, ნაცარი და ღორის კბილი. ისინი ეშმაკისგან დამცავ საშუალებებად იყო მიჩნეული და ფართოდ გამოიყენებოდა. ხევსურები თვლიდნენ, რომ ავი და ბოროტი ძალები განსაკუთრებულად სწორედ ბავშვებს ერჩოდნენ. ზრუნვა კიდევ უფრო ძლიერდებოდა ბავშვის დაბადების შემდგომ.„ახალდაბადებულს ქუდის ყურში ჩაუკერებდნენ ხოლმე ნახშირს, ყურძნის ქერქს, ჯორის ძუას. ღორის ჯაგარს, ღორის კბილს, არწივის გაზს (არწივის ფეხების ყანწს) ძაფზე აასხამდნენ და აკვანზე ჩამოკიდებდნენ. ყველაფერი ეს იყო ავგაროზი, ფათერაკის ამცილებელი, ავი თვალისგან დასაცავად. ხმარობდნენ ქარვისა და გიშრის მძივებს“. ხევსურებს მიაჩნდათ, ომ ტანისამოსზე ნაქარგები დააფრთხობდა ავ სულებს და ჩვილებს დაიცავდა.გარკვეულწილად დაცვის ფუნქცია ჰქონდა სახელსაც, რომელსაც ახალდაბადებულს ურჩევდნენ. თუმცა სახელის თავდაპირველი ფუნქცია მისამართობა უნდა ყოფილიყო.ხევსურეთში თითოეულ ადამიანს რამდენიმე სახელი ჰქონდა: სახელი, რომელსაც ოჯახი არქმევდა, ჯვრის, ნათლობისა და სულის სახელი. სულის სახელის დარქმევა ასე ხდებოდა: თუ ბავშვი ჭირვეულობდა, ბევრს ტიროდა და ვერ იგებდნენ რის გამო, მშობლები სულის მკითხავს მიმართავდნენ, რომელიც ეტყოდა, ვისი სულის სახელი უნდა დაერქმიათ ბავშვისთვის, რათა მას დაეცვა იგი. სულის სახელი, ანუ მიცვალებული მფარველობას გაუწევდა ბავშვს, რომელსაც მათი რწმენით უამრავი ბოროტი ძალა ებრძოდა. სვანეთში ბავშვის სახელის შერჩევისას, რა თქმა უნდა, ღირსეულ წინაპრებს იხსენებდნენ, თუმცა მიცვალებულის სახელის დარქმევა „ჭირვეული“ ბავშვისთვის არ იყო მიღებული. მთის ხალხს სჯეროდა, რომ ეშმაკეული განსაკუთრებით ვაჟებს ერჩოდა და შესაბამისად მათ უფრო საგულდაგულოდ იცავდნენ და უვლიდნენ.თუშეთში ბავშვებს 5-6 წლის ასაკიდან ჩართავდნენ სხვადასხვა საოჯახო საქმეში, ბიჭები სამკალში მიჰყავდათ, გოგონები კი სახლის საქმეებს ასრულებდნენ. 7-8 წლის ბიჭები ზაფხულობით მამებს ცხვარში მიჰყავდათ. თუში მამა შვილს მკაცრად ეპყრობოდა, თუმცა „ბინის სხვა წევრები ათამამებდნენ მას, „კაცს“ უწოდებდნენ და ასაქმებდნენ კიდევაც მისთვის შესაფერისი საქმით. თუშთა ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვაჟი ადრეული ასაკიდან წყდებოდა ოჯახურ გარემოს და ცხოვრების მკაცრ პირობებს ეგუებოდა. მწყემსის ფილოსოფიის თანახმად: „შინ გაზრდილი არც ძაღლი ვარგა და არც ბალღიო“. თუში ვაჟს გარკვეული ასაკიდან (9-10 წლიდან) თავისთანაც არ გააჩერებდა.„საზამთროდ შირვანში მიმავალი შვილს რომელიმე აზერბაიჯანელი „ყონაღის“ სახლში დატოვებდა,ენას ისწავლისო. მეცხვარისთვის თათრული ენის ცოდნა დიდ სიკეთედ ითვლებოდა. ყონაღის ოჯახი, მას, ცხადია საშინაო საქმეებშიც იშველიებდა“. ამდენად, გამოზაფხულამდე ვაჟი უცხო ოჯახსა და შესაბამის გარემოს ეგუებოდა. ბუნებრივია, ამგვარად უცხო ტომელებთან დაახლოება და დამეგობრება საერთო და კერძო ინტერესების თანხვდენას წარმოადგენდა. ამ ურთიერთობებში ბავშვებს მედიატორთა ფუნქციაც გააჩნდათ, რადგან მათზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ოჯახებსა და თემებს შორის მომავალი დამოკიდებულებების განვითარება. ამ შემთხვევაში ეს ბავშვები პასიურ აქტორებად არ გვევლინებიან აღნიშნულ ურთიერთობებში, არამედ უკვე დაინტერესებულ და მოტივირებულ სუბიექტებად.ხევსურეთში საბრძოლო განწყობას ვაჟს ადრეული ბავშვობიდან უნერგავდნენ. ამის მაგალითს ოჯახში მამა იძლეოდა, რომელიც ბავშვების აღზრდაში ფიზიკურად მინიმალურად მონაწილეობდა. „მამა შვილს ხელში არ აიყვანს, თუნდაც იგი ბანიდანაც ძირს ვარდებოდეს. მივა და ფეხს ადგამს პერანგის ბოლოზე ან ფეხების ბოლოზე და უყვირის ცოლს: - „არ მაგდისა! ყმაწვილს მაუდით!“ მიუხედავად იმისა, რომ მამის მხრიდან შვილის მოფერებაზე, კოცნასა და ალერსზე ლაპარაკიც ზედმეტია, ნ. ხიზანიშვილი მათი ურთიერთობების შესახებ წერდა: „შვილები მამისაა, და, სხვათაშორის, ამ ჩვეულებით უნდა აიხსნას ის საყურადღებო მოვლენა, რომ ხევსური მამროვანი, დიდი ოსტატია შვილების აღზრდაში, თავისებურად დავარჯიშებული პედაგოგია. პატარაობიდანვე შვილები მამას უფრო ეტრფიან, გარშემო ახვევიან“. მამის ავტორიტეტი და მისდამი პატივისცემა ხელშეუხებელი იყო და დამატებით განსჯას არ საჭიროებდა. ვაჟის სოციალიზაციის აგენტი უპირველესად მისი მამა ან ოჯახის უახლოესი მამაკაცი იყო. ძლიერი მამის ხატი ყველაზე კარგი არგუმენტი იყო ვაჟისთვის იმაში დასარწმუნებლად, რასაც მისგან ოჯახი და თემი ითხოვდა.21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევარის ავტორობით, გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15 ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში, წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი. ასევე, 21 მარტიდან, მეორე ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, გამოწერა შესაძლებელია საიტიდანაც http://www.palitral.geტომეულში გადმოცემული ამბები უძველესი დროიდან დაიწყება და უახლეს პერიოდამდე მოვა. ეს იქნება მართლაც საქართველოს პალიტრა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.