"სკოლას ეს არ შეხებია" - გამონაკლისი, რომელიც მთავრობამ სკოლებისთვის დაუშვა - მშობლები

"სკოლას ეს არ შეხებია" - გამონაკლისი, რომელიც მთავრობამ სკოლებისთვის დაუშვა

2022-03-22 07:37:32+04:00
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაუმჯობესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და სკოლების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. 
მისი თქმით, მიუხედავად გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, სკოლებს კვლავ ექნებათ ონლაინსწავლების არჩევის უფლება:

"საბჭოზე ვისაუბრეთ, საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს, ვინც დისტანციურად მუშაობდა, მიეცათ რეკომენდაცია, რომ დაუბრუნდნენ დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია. თუ სკოლაში არის ინფიცირების შემთხვევები და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით ჩათვლიან, რომ კლასი ან სკოლა უნდა გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე, ის გადავა."- ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ, რომელიც უკვე ვრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, არსებული ინფორმაციით, მას უფრო ომიკრონის მსგავსი მიმდინარეობა აქვს, ვიდრე დელტა შტამის:

"მოგეხსენებათ ძალიან ბევრ ქვეყანაში ახალმა ჰიბრიდულმა შტამმა დაიწყო ცირკულირება, რომელსაც შემოკლებით "დელტაკრონს", "დელტამიკრონს" ეძახიან. ეს არის დელტა შტამისა და ომიკრონის ჰიბრიდი, ჯერჯერობით მხოლოდ ათეული შემთხვევებია, მაგალითად, 30 შემთხვევა საფრანგეთში, ბრიტანეთში 20 და ასე შემდეგ, მაგრამ შესაძლებელია, რომ გავრცელდეს. წინასწარი მონაცემები გახლავთ ის, რომ მას აქვს გარკვეული გენეტიკური ინფორმაცია წამოღებული დელტა და ომიკრონის შტამების, თუმცა ომიკრონის თვისებები სჭარბობს. მოგეხსენებათ, ომიკრონის მეორე შტამი ძალიან მაღალი რეპროდუქციის ინდექსით ხასიათდება, ანუ სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, ახალი შტამიც შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, მაგრამ ჯერჯერობით, რა შემთხვევებიცაა დაფიქსირებული, მისი კლინიკური მიმდინარეობა უფრო ომიკრონისკენაა, ვიდრე დელტა შტამისკენ. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის მცირე ციფრებზე მონაცემები. რა იქნება მომავალში, ჯერ არ ვიცით. აქედან გამომდინარე, მთავარ რეკომენდაციად ისევ რჩება, რომ უნდა ავიცრათ." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ იაკობაშვილი