9 წლის ბაგრატ შარია აფხაზეთიდანაა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა (ცერებლალური დამბლა, მხედველობისა და მეტყველების პრობლემა), რის გამოც დედას სტაბილურად დაჰყავს თბილისში რეაბილიტაციისთვის. 6 წლის ასაკში მეტყველების სერიოზული პრობლემაც ჰქონდა და ლოგოპედის დახმარება სჭირდებოდა. სწორედ მან ურჩია ბაგრატის დედას, შვილი სიმღერაზე მიეყვანა, რადგან შენიშნა, რომ ბავშვს სმენა ჰქონდა. დედამ ბევრ პედაგოგს მიაკითხა, მაგრამ უშედეგოდ - შეზღუდული შესაძლებლობების გამო, პატარას აყვანაზე უარს ამბობდნენ.
ბოლოს თბილისის საესტრადო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ "იმედის" დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, კომპოზიტორ ნიკოლოზ (ჯანო) თითირაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ბაგრატს მოუსმინა და მისი პატარ-პატარა წყვეტილად წამღერებული ფრაზებიდან მიხვდა, რომ ბავშვს მუსიკალური სმენა ჰქონდა.

დიდი მოთმინების, პროფესიონალიზმის, თავდადებული შრომის შედეგად ბაგრატმა შეძლო წყვეტილი ფრაზებიდან დიდი მუსიკალური წინადადებების, სტროფების და უკვე ბოლომდე სიმღერის შესრულება. როგორც მისი უშუალო პედაგოგი მარიამ-ბელა სიფრაშვილი ყვება, დაიწყო მარტივი, მისთვის საყვარელი სიმღერებიდან და ანსამბლის რეპერტუარზეც გადავიდა.
"ზაფხულის არდადეგები სანამ დაიწყებოდა, გახარებულმა დედამ პედაგოგების ავტოგრაფისთვის მოიტანა საინტერესო ჩანაწერების წიგნი შოთა რუსთაველის გამოსახულებით, რომლის ყველა გვერდზე ულამაზესი შრიფტით აფორიზმები ეწერა უკვდავი " ვეფხისტყაოსნიდან", - ყვება ბელა სიფრაშვილი, - ავტოგრაფი ლექსად მივუძღვენი ბაგრატს და ისე მოეწონა, ზეპირად უკითხავდა ყველას, აფხაზეთსა თუ საქართველოში. სექტემბრიდან რეპეტიციაზე დაბრუნებულმა ასევე დიდი ემოციით წაგვიკითხა. შემდეგ ბატონმა ჯანომ გადაწყვიტა სიმღერის დაწერა ამ ლექსზე, რომელიც ყველა პატარა აფხაზს მიეძღვნებოდა და პატარა აფხაზური ლექსიც წარვუმძღვარეთ. ასე დაიბადა ემოციური სიმღერა "აფხაზეთს", რომელიც ბაგრატის სავიზიტო ბარათად იქცა".
ეს სიმღერა ბაგრატმა უკვე არაერთ სცენაზე შეასრულა, საერთაშორისო ფესტივალზე "გაზაფხული ბათუმში" გრან-პრიც მოიპოვა. სულ ახლახან კი ბულგარეთში, სოფიის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე KRISTOPT NA MYZITE, ირმა გურიელის ლექსზე ნიკოლოზ თითირაშვილის ახალი სიმღერით "ერთმანეთის სიყვარული გვიხსნის" კვლავ გრან-პრი დაიმსახურა.