სტატიას წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" - ილუსტრირებული შემეცნებით-გასართობი ჟურნალი, რომელსაც საჩუქრად 100 სტიკერი და მაგნიტური სათამაშოები მოჰყვება
ბავშვის განვითარება და მისი განათლება უნდა ეფუძნებოდეს პრინციპს - მარტივიდან რთულისკენ. არ არის საჭირო, თავიდანვე ციფრების სწავლებით დაიწყოთ და მათემატიკური მოქმედებების გაკეთება მოსთხოვოთ. 4 წლამდე ბავშვებს კარგად არ აქვთ განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, რაც ნიშნებისა და სიმბოლოების აღქმისთვის აუცილებელია. მაგრამ, შეგიძლიათ გააცნოთ ფიგურების თვისებები, მათი ფორმა, ზომა, ფერი, ასწავლოთ შედარება და კლასიფიკაცია, დაეხმაროთ უმარტივესი ლოგიკის გაგებაში და კიდევ სთხოვოთ ობიექტების რაოდენობის დასახელება, მათი დათვლა.
არსებობს მეთოდიკა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბავშვს სიცოცხლის პირველივე თვეებიდან გამოუმუშავოთ მათემატიკური უნარები. მაგალითად, სპეციალისტი გლენ დომანი გვთავაზობს, ბავშვს ვაჩვენოთ ბარათი, რომელზეც წითელი წრე იქნება დახატული და დავასახელოთ მისი რაოდენობა: ერთ ბარათზე ერთი წრეა, მეორე ბარათზე ერთი წრე და კიდევ ერთი, მესამე ბარათზე ორი წრე და კიდევ ერთი და ასე შემდეგ. ბავშვს პატარა ასაკშიც შეუძლია ამ განსხვავების დანახვა. მისი შესაძლებლობებისა და ინტერესის გამოყენებით, ადრეული ასაკიდანვე შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილებინოთ საგნების ფორმაზე. მაგალითად, საწოლზე ჩამოკიდეთ კონტრასტული სამკუთხედები, კვადრატები, წრეები, რომბები ... ან მასაჟის დროს სივრცით ურთიერთობებზე გააკეთეთ აქცენტი: წინ, უკან, მარცხნივ, მარჯვნივ.წაახალისეთ თქვენი შვილის ინტერესი ფორმების, ფერების, საგნების რაოდენობის შესწავლის თვალსაზრისით. მათემატიკა სულაც არ არის რთული და მოსაწყენი მეცნიერება. ეს თქვენს შვილს ადრეულ ასაკშივე უთხარით და სკოლაში პრობლემა აღარ შეექმნება. აღარ აღიქვამს ამ მეცნიერებას განსაკუთრებით რთულ საკითხად და მის როლს ჩვეულებრივ ცხოვრებაში მარტივად დაინახავს. ბავშვის მომავალი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ის დაინტერესებული ამ საგნით. მშობლების მაგალითი, მათი დამოკიდებულება ამ მეცნიერებისადმი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დედა მეცადინეობის დაწყებისას იტყვის: "ოჰ, ეს მათემატიკა! რა კოშმარია!" ან ბავშვის პირველი შეცდომის ან დაფიქრებისას თავს გააქნევს და იტყვის: "როგორც ჩანს, მასაც ჩემსავით ალგებრასთან ექნება პრობლემა!" შემდეგ ბავშვმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მათემატიკა ცუდი და მოსაწყენია. ამიტომაც, ეცადეთ, მათემატიკის შესწავლა საინტერესო თამაშად აქციოთ.
ბავშვისთვის "ფერის" კონცეფციის გასაცნობად საჭიროა ნებისმიერი ფიგურა, რომელიც ფორმითა და ზომით ერთნაირია, მაგრამ განსხვავდება ფერით. მაგალითად, კუბები, ფანქრები, ქაღალდის წრეები და ა.შ. ბავშვისთვის ერთ-ერთი ფიგურის ჩვენებისას, დაასახელეთ მისი ფერი. სთხოვეთ, იპოვოს იმავე ფერის სხვა ფიგურა, ან კიდევ მაგალითად, ლურჯ კუბს, ლურჯი წრე დაადოს თავზე. "ფერის" ცნების უკეთ გასააზრებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო ჟურნალები, სამაგიდო თამაშები, სადაც უამრავი საინტერესო რესურსია მოცემული.
თუ წელიწადნახევრის ბავშვს ბურთი აჩვენეთ, ის მის პოვნას სათამაშო ჩანთაში შეხებითაც შეძლებს. სწორედ ამ ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ საგნების ფორმის შესწავლა. ფორმის გაცნობა ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფერების. სცადეთ ერთად მოძებნოთ სახლში ყველა მრგვალი ობიექტი, ისევე როგორც მართკუთხა, სამკუთხა და ასე შემდეგ. შეგიძლიათ მუყაოს ფიგურები გამოჭრათ, დახატოთ და ერთად ითამაშოთ.
ზომის კონცეფციის შესასწავლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტილინი. მაგალითად, გააკეთეთ ორი წითელი ბურთი - ერთი პატარა, მეორე კი შედარებით დიდი ზომის და უთხარათ თქვენს შვილს განსხვავების შესახებ. ასევე, შეგიძლიათ ტკბილეული ზოგი პატარა ქაღალდში შეფუთოთ, ზოგი კი - დიდში. აუხსენით ბავშვს, რომ დიდი ნივთების ჩასაწყობად დიდი ყუთია საჭირო.
ბავშვს რომ აუხსნათ რიცხვითი თანმიმდევრობა, პირველ რიგში, უნდა გააგებინოთ, რას ნიშნავს სიტყვები "წინ", "უკან", "შემდეგ", "მარცხნივ", "მარჯვნივ". თუ ბავშვს ჰკითხავთ, რა რიცხვი მოდის 5-ის შემდეგ, ის ვერ გიპასუხებს, თუნდაც თვლა იცოდეს 1-დან 10-მდე. დაიწყეთ თამაში. დაალაგეთ რბილი სათამაშოები და სთხოვეთ მოგცეთ კურდღელი, რომელიც ძაღლის უკან დგას, შემდეგ სათამაშო დათვის მარჯვნივ გადააადგილოს და ა.შ. შეეცადეთ გამოიყენოთ ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად. როდესაც შვილთან ერთად გარეთ გახვალთ, თქვით: "ჩვენ წინდას მარცხენა ფეხზე ვიცვამთ, ახლა მარჯვენაზე..." თუ სადმე რიგში დგახართ და ელოდებით, უთხარით თქვენს შვილს, რომ მაგალითად, თქვენ უკან გოგონა დგას, წინ კი კაცი და ასე შემდეგ.
დასაწყისისთვის, განმარტეთ "განსხვავებული", "იგივე" ცნებები და შემდეგ გაარკვიეთ, არის თუ არა ფიგურები იმავე ფორმის, ფერის, ზომის. ზომაზე საუბრისას შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვები "მეტი" და "ნაკლები".რომელი ბურთია ყველაზე დიდი? სათამაშოებიდან რომელია ყველაზე პატარა? ან უკეთესია ასე: "ყველაზე პატარა სათამაშო ტირის - მოეფერე". თამაშისას დაალაგეთ ფიგურები ზომის მიხედვით, პატარიდან დიდამდე და პირიქით. ასევე, შეგიძლიათ ჭიქებში ჩასხმული წყალი შეადარებინოთ, რომელში უფრო მეტი ასხია, თუ იგივე რაოდენობაა. აჩვენეთ თქვენს შვილს, რა განსხვავებაა თავად სიტყვებს შორისაც კი.
ანგარიშის გაცნობა ჩვეულებრივ, 2-3 წლის ასაკში იწყება - კონცეფციით "ერთი - ბევრი". მაგალითად, უმარტივესად ბავშვს შეგიძლიათ უთხრათ, რომ ბევრი ვაშლიდან ერთი მოგცეთ. სთხოვეთ, იპოვოს რა არის ოთახში ბევრი და რა მხოლოდ ერთი. ყურადღება მიაქცევინეთ, რომ მას აქვს ერთი ცხვირი და ბევრი თმა. თანდათან გადადით ახალ ციფრზე, ორზე - ორი ხელი, ორი ფეხი, ორი თვალი, ორი ყური და ასე შემდეგ. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ნივთების შედარება რაოდენობის მიხედვით, მაგრამ აუცილებლად აჩვენეთ, რომ ზომით არ ადარებთ. დაე, სპილო უფრო დიდი იყოს, მაგრამ, რაოდენობრივი შედარებისას როდესაც ორ თაგვს ადარებთ, ის უფრო მეტია. ყოველ ჯერზე, როცა ახალ რიცხვს აუხსნით, ხაზი გაუსვით, რომ ის ერთით მეტია წინაზე. ნუ იჩქარებთ ათამდე დათვლას. ბავშვს ნამდვილად შეუძლია სწრაფად დაიმახსოვროს, მაგრამ ამას ლექსივით დაიზეპირებს. ხშირად ბავშვები 10-მდე რიცხვების თანმიმდევრობას ისე იმახსოვრებენ, რომ როდესაც მათ 8-მდე დათვლას სთხოვენ, არ ჩერდებიან და ისევ 10-მდე ითვლიან. ამიტოაც, საჭიროა, რომ კი არ დაიზეპიროს, გაცნიბიერებულად დაიმსახსოვროს. ასწავლეთ თქვენს შვილს, იპოვოს იმდენი ნივთი, რამდენიც თქვენ გაქვთ. აიღეთ ხუთი კოვზი და სთხოვეთ მოგცეთ იმავე რაოდენობის ჩანგლები და ა.შ. "ნულის" კონცეფციის გაცნობისას კი შეგიძლიათ ძალიან სახალისოდ გააგებინოთ, რას ნიშნავს ის, მაგალითად, ჰკითხეთ "რამდენი სპილო ჰყავს ჯიბეში?" ან "რამდენი ნიანგია აბაზანაში?".
სესილ ლუპანი ამტკიცებს, რომ ბავშვი დაბადებიდანვე სწავლობს ლოგიკას, რადგან საბაზისო ცოდნის გადაცემა მშობლების ქცევით ხდება, რომლებიც თანმიმდევრულად მოქმედებენ და გარკვეულ ლოგიკურ წესრიგს იცავენ. აუცილებელია, ბავშვმა გაიგოს, რომ ყველაფერს აქვს მიზეზი და შედეგი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ "რა მოხდებოდა, თუ ...". 4 წლის ასაკში ბავშვი შეძლებს დასკვნების გამოტანას და მათი ქმედებების შედეგის პროგნოზირებას. მაგალითად, თუ წიგნს რაიმე სხვა საგანი ადევს თავზე, ლოგიკურად უნდა მიხვდეს, რომ ჯერ ის საგანი გადადოს გვერდზე, შემდეგ კი წიგნი აიღოს. იმისათვის, რომ ბავშვი წარმატებით დაეუფლოს მათემატიკას, წაახალისეთ, რომ იფიქროს, დააკვირდეს საგნებს და ამოიცნოს, რომელია ზედმეტი, რომელი არ ჯდება საერთო კანონზომიერებაში.
იმისათვის, რომ ბავშვი მოამზადოთ პრობლემების გადასაჭრელად, შეგიძლიათ მოუყვეთ მას ისტორიები - პრობლემები პასუხებით. მაგალითად, ასე: "ნიკამ ბაბუას 5 ღვეზელი მიუტანა - 2 ალუბლით და 3 კი ვაშლით. ახსნის დროს გამოიყენეთ შემდეგი სიტყვა: "იმიტომ, რომ". ბაბუას იმიტომ მიუტანა უფრო მეტი ვაშლის ღვეზელი, რომ ის უფრო უყვარს. ეცადეთ, აჩვენოთ შედეგობრივი კავშირები. მიეცით უფლება, დაფიქრდეს და თავად გამოიტანოს დასკვნები.