"არც ერთი ქალისთვის არ დამირტყამს ცხოვრებაში..." - ჯონი დეპმა სასამართლოზე მოყვა, როგორ ავიწროებდა ცოლი - მშობლები

"არც ერთი ქალისთვის არ დამირტყამს ცხოვრებაში..." - ჯონი დეპმა სასამართლოზე მოყვა, როგორ ავიწროებდა ცოლი

2022-04-20 14:34:55+04:00
ცნობილი მსახიობის გარშემო აგორებული სკანდალი უკვე 7 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამასობაში ჯონი დეპს ფილმებში არ იღებენ და მისი იმიჯიც ეჭვქვეშ დადგა. მას მერე, რაც ყოფილმა ცოლმა ემბერ ჰერდმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, ის მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია. თუმცა ბოლო პერიოდში საქმე სხვაგვარ სახეს იღებს და პირიქით, ემბერის მიმართ ჩნდება მეტი ბრალდება.

მიუხედავად იმისა, რომ ემბერს მტკიცებულებები არ წარუდგენია, ბოლო დრომდე მაინც მის მხარეს მიდიოდა სასამართლო პროცესები. არადა, თავად დეპმა წარმოადგინა ამბერის მუქარებისა და ყვირილის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, თავად ემბერის მშობლებიც კი ჯონის მხარეს დადგნენ. ასევე გამჟღავნდა, რამდენჯერ უღალატა ემბერმა ჯონს, მათ შორის, ილონ მასკთან, ჯეიმს ფრანკოსთან და ისიც საოცარია, რომ ეს ადამიანებიც კი ჯონის მხარეს დადგნენ და ყველა ერთხმად საუბრობს ემბერის რთულ და ისტერიკულ ხასიათზე. გარდა ამისა, ჯონის ყოფილი მეგობარი ქალები, მისი შვილების დედა - ყველა ერთხმად ამბობს, რომ ჯონისგან არასდროს ყოფილან ძალადობის მსხვერპლები და მას არასდროს აუღია მათზე ხელი.

ამ დღეებში ახალი მოსმენები დაიწყო და ამბობენ, რომ ამ საქმეს საბოლოო წერტილს დაუსვამს. აქამდე ჯონი არ გამოდიოდა სიტყვით, ახლა კი გადაწყვიტა, რომ თავი დაიცვას. "ჩემთვის ეს ყველაფერი შოკი იყო. არასოდეს მსგავსი არაფერი მომხდარა. ვჩხუბობდით, ვკამათობდით, მაგრამ არასდროს მისულა საქმე იქამდე, რომ დამერტყა. მე არასოდეს დამირტყამს ქალისთვის. ახლა ვალდებული ვარ, არა მხოლოდ საკუთარი სახელი დავიბრუნო, არამედ ჩემი შვილებიც გავათავისუფლო მათ მამაზე არასწორი ინფორმაციისგან. ძალიან უცნაურია, როცა ერთ დღეს კონკია ხარ, მეორე წამს კი კვაზიმოდო.
მე ეს არ დამიმსახურებია, ისევე, როგორც არ დაუმსახურებიათ ჩემს შვილებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი სჯეროდა მთელი ეს წლები".

მსახიობმა ასევე მოყვა რამდენიმე უცნაურობა, რაც მალევე შენიშნა ახალ ცოლს, თუმცა თავიდან ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.
მაგალითად, დეპის თქმით, ემბერს ჰქონდა უცნაური რიტუალი, რომ ყოველ საღამოს თავად უნდა გაეხადა ქმრისთვის ფეხსაცმელი და სამოსი და მიეცა ჭიქა ღვინო. თუმცა ერთ დღეს, როდესაც დეპმა თავად გაიხადა ფეხსაცმელი, ემბერი ისტერიკაში ჩავარდა.

დეპმა გაიხსენა შემთხვევა, როცა საწოლზე ფეკალიები დახვდა. მსახიობი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, ეს ემბერმა ქნა თუ რომელიმე მისმა მეგობარმა, მაგრამ ქალმა გამოაცხადა, რომ ეს უბოროტო ხუმრობა იყო.

ერთი ჩხუბის დროს კი ემბერმა ბოთლი ესროლა დეპს და შუშის ნამსხვრევმა კინაღამ თითი წააცალა მსახიობს. ეს ინფორმაცია ექიმმაც დაადასტურა, ვინც ნაკერები დაადო დეპს.
დეპი ამბობს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლე და ემბერის "ეშმაკეული" გეგმების გამოაშკარავება.

სასამართლოზე ისაუბრეს ექთნებმა და ექიმებმა, რომლებიც დეპს ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ. მათი თქმით, ემბერი ხშირად იწვევდა კონფლიქტებს.
მსახურებიც ადასტურებენ, რომ ცოლი ხშირად აბამდა დეპს კონფლიქტებში და აბრაზებდა, რომ შემდეგ ის აგრესიულად წარმოეჩინა.

სასამართლო მალე დასრულდება და გაირკვევა სიმართლე. ვნახოთ, თუ დაიბრუნებს სახელსა და დიდებას ცნობილი მსახიობი.