სპეციალისტები 20 წლამდე ასაკის გოგონების მშობიარობას მოზარდთა მშობიარობის კატეგორიაში განიხილავენ. მათი შეფასებით, ეს არის ასაკი, როცა მშობიარობა არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის, არამედ მთლიანად ცვლის მოზარდის ცხოვრებას უარესობისკენ, ახდენს გავლენას ბავშვის ფსქილოემოციურ განწყობაზეც.გიორგი თევდორაშვილი - მეან-გინეკოლოგი, თსსუ-ის პროფესორი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, საქართველოში მოზარდებში ორსულობისა და მშობიარობის ფაქტებსა და სტატისტიკაზე. ასევე აღნიშნავს, რა რისკის ქვეშ არიან გოგონები, რომლებიც ამ ასაკში გადაწყვეტენ მშობიარობას და როგორი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება, რომ მათ სტრესული გარემო შევუმსუბუქოთ:- მოზარდების ორსულობის შემთხვევები ჩვენთან შედარებით ნაკლებია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ შემთხვევები მაინც გვაქვს. უფრო მეტად 15-დან 19 წლამდე, თუმცა არის 12 წლის ასაკიდანაც მშობიარობის ფაქტები. მათგან ზოგიერთი გათხოვდა იმიტომ, რომ აიძულეს. რელიგიური მიდგომებიც გასათვალისწინებელია ნაადრევ ქორწინებები. ასევე, როდესაც თავად ოჯახში ხდება მშობლების მხრიდან ბავშვის უგულებელყოფა, მერე ის სხვა გზას ეძებს და სხვა გზა აღმოჩნდება ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც სხვა მიმართულებით წაიყვანა მისი ცხოვრება, რასაც ნაადრევი ორსულობა და მოზარდ ასაკში მშობიარობა მოჰყვა. ასეთ გოგონებს ხშირად მშობიარობის შემდგომი დეპრესია უვითარდებათ და ამ ფაქტს საკმაოდ რთულად გადაიტანენ ხოლმე. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მკურნალობაც შეიძლება და მისი კარგი გამოსავალიც არსებობს. მაგრამ, ზოგჯერ დეპრესიის შედეგად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან. იმიტომ, რომ შვილის გაჩენა მთლიანად წყვეტს მას რეალობიდან და აღარ იცის, რა ქნას. ჯერ ერთი, თავადაც მოზარდია. მას არ შეუძლია ახალშობილს გაუწიოს ისეთი დახმარება, რომელსაც ზრდასრული დედა გაუწევს იმიტომ, რომ თავადაც სჭირდება მოვლა, ზრუნვა და ამისთვის მზად არ არის. მისთვის ძუძუთი კვება რთულია, ასევე, მოგეხსენებათ, ახალშობილს უძილო ღამეები სჭირდება, რომელიც არ შეუძლია, რადგან თავადაც მოზარდია და ეს, თავისთავად, ერთმანეთზე გადაჯაჭვულ პრობლემებს ბადებს, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო ღრმავდება და ცუდ გამოსავალს იწვევს. ამიტომ, ასეთ გოგონებს საზოგადოების თანადგომა ყოველთვის სჭირდებათ. თუ ეს მოხდა, არ უნდა გავკიცხოთ. ჯობს, მანამდე ჩავატაროთ პრევენციული და პროფილაქტიკური ზომები, რომ არ მოხდეს. მაგრამ, თუ მოხდა, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება იმიტომ, რომ ვერ გათვალა შედეგები. უცხოეთში მთელი ფსიქოლოგიური სკოლები მუშაობს ამ მიმართულებით და ისინი მაშინვე აქტიურად ჩაერთვებიან ხოლმე პროცესში. თუმცა, მეან-გინეკოლოგებზეც ბევრია დამოკიდებული და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ასეთ ბავშვებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ურთიერთობაში ოჯახური გარემო უნდა იგრძნოს, რომ შემდგომში მისი შვილიც არ იყოს დათრგუნული, რადგან ბავშვი როცა იზრდება და ხედავს, რომ დედამისი ცუდ მდგომარეობაშია, თავისთავად, მისი ფსიქოსოციალური სფეროც მთლად მედგარი არ იქნება. ასე რომ, მართლაც გადაჯაჭვული პრობლემებია. დღევანდელ დღეს, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ათასწლეულის განვითარების მიზნებშია შეტანილი, რათა 2030 წლისთვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თუ 1995 წელს შევადარებთ, დაახლოებით, 20-25%-ით შემცირდა მშობიარობა და ორსულობა ასეთი ასაკის გოგონებში. მაგრამ, სტატისტიკას ვერ გავექცევით და დღევანდელი დღის ციფრები საკმაოდ მაღალია. ხშირად ასეთ გოგონებს უვითარდებათ პრეეკლამფსია (ორსულობის პერიოდში გართულება, რომელიც მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სხვა სისტემების დაზიანებით ხასიათდება), ეკლამფსია (კრუნჩხვები, ტვინის აქტივობის დარღვევა), არტერიული წნევის მატება, სხვადასხვა დაზიანების მთელი კომპლექსი, დაწყებული ღვიძლის დაზინებიდან, ასევე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება. მათი ორგანიზმის მთლიანი გადაწყობა ხდება. თავისთავად ცხადია, ეს შემდგომში ყველა ფუნქციის განხორციელების ასპექტში გართულებებს იწვევს. იმდენად მძიმე დაღს ასვამს ეს მათ ცხოვრებაზე, რომ შემდგომში ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირთ, მათ შორის, სოციალიზაცია. ესეც ხომ თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი რგოლია, თუ გვინდა, რომ შევქმნათ ნორმალური გარემო, ნორმალური ადამიანები და ამ ნორმალურ გარემოში გაიზარდონ ჩვენი შვილები. ესაა ჩვენი მთავარი მიზანი. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, ყველა აპექტი უნდა იყოს გათვალისწინებული, ნებისმიერ დონეზე, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ.