საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად არის შესაძლებელი. თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილია აბიტურიენტთა ის კატეგორიები, ვისაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე შეუძლიათ უნივერსიტეტებში მოხვედრა.
რამდენიმემ დღის წინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კონკრეტულ უნივერსიტეტში მოხვედრას შეძლებენ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც
ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან
ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები.
ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში - სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებსაც ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ექნებათ მინიჭებული. სწავლის გაგრძელების მსურველმა შესაბამისი განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართოს. უფრო კონკრეტულად, რა ტიპის დოკუმენტების წარდგენა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ
ოფიციალურ დოკუმენტში იხილოთ:
უგამოცდოდ უნივერსიტეტებში მოხვედრა შესაძლებელია ასევე შემდეგი პირებისთვის:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და არსებული პროედურებისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ
იხილოთ ვრცლად:
ვის უფინანსებს სამინისტრო უმაღლესი განათლების მიმღების საფასურს
ყოველწლიურად სახელმწიფო სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამის ფარგლებში გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს სწავლის გადასახადს უფინანსებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, მოცემული პროგრამა ყოველწლიურად ახლდება (თუმცა დიდი ცვლილებები არ შედის) და ჯერჯერობით, რომელ კატეგორიაში რამდენი სტუდენტი დაფინანსდება 2022-2023 სასწავლო წლის ფარგლებში, გამოქვეყნებული არ არის.
წინა წელს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით კი, განაცხადს ავსებენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
- მაღალმთიანი სოფლის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ბოლო სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის სკოლაში.
- სტუდენტები, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, და აღიარებულია მათი ატესტატი ან 2008 წლამდე ბოლო ერთი წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის, ქურთის, თიღვის, ახალგორის ან აჟარის მუნიციპალიტეტებში.
- აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ბოლო სამი წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან/სომხურენოვან სკოლებში - მხოლოდ 2021 წლის ეროვნულებით ჩარიცხულები;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; ან 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა შვილები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები - 2016, 2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლის ეროვნულებით ჩარიცხულები;
- სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი.
- ობლები (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა ან გარდაცვლილი ჰყავთ დედა და დაბადების აქტის ჩანაწერში მამის შესახებ მონაცემების შეტანის საფუძველი იყო დედის განცხადება) – 2016, 2017, 2018, 2019, 2020 და 2021 წლის ეროვნულებით ჩარიცხულები;
- მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები - მხოლოდ 2021 წლის ეროვნულებით ჩარიცხულები; ;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები – 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020 და 2021 ეროვნულებით ჩარიცხულები;
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამოყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ბოლო სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აღნიშნულ სკოლებში
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ
- სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე
- აუტიზმის აშლილობის სპექტრის მქონე სტუდენტები
როგორ გავიგოთ მაღალმთიანი რეგიონის სკოლადამთავრებული რამდენი სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას?
დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, მაღალმთიანი რეგიონების მიხედვით დამტკიცდება მას შემდეგ, რაც დასრულდება განცხადებების წარდგენის ვადა და ცნობილი იქნება თითოეული რეგიონიდან ბენეფიციართა რაოდენობა. ადგილები, შემოსული განცხადებების რაოდენობის გათვალისწინებით, პროპორციულად გადანაწილდება თითოეულ რეგიონზე.
რამდენი ხნით და რა რაოდენობის თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები?
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტის დაფინანსებას ბაკალავრიატში 4 წლით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე 6 წლით, სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ და ვეტერინარის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 5 წლით.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 2250 ლარი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს, სტუდენტი განსხვავებას თავად ფარავს.
აღსანიშნავია, რომ სწავლების თითოეულ საფეხურზე სტუდენტზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე უკვე ჰქონდა მოპოვებული და გამოყენებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტს ვერ მოიპოვებს.
კონკურსის შემთხვევაში რა პრინციპით ხდება სტუდენტთა დაფინანსება?
კონკურსის შემთხვევაში, სტუდენტები დაფინანსებას მოიპოვებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საგრანტო ქულების მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ. დავუშვათ, ერთ-ერთ კატეგორიაში განცხადება შემოიტანა 500-მა სტუდენტმა და დადგენილებით განსაზღვრულია 100 დასაფინანსებელი ადგილი. 500 სტუდენტიდან დაფინანსებას მოიპოვებს ის 100 სტუდენტი, რომლებსაც უფრო მაღალი საგრანტო ქულა ექნებათ.
უფრო ვრცლად მოცემულ თემასთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვები
იხილეთ ბმულზე:
თამარ იაკობაშვილი