რეპეტიტორებთან მომზადება ჯერ-ჯერობით ჩვენი მოსწავლეებისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. სკოლიდან შინ დაბრუნებული ბავშვები გაკვეთილების მეორე წრეს იწყებენ, ამჯერად კერძო მასწავლებლებთან.
ბუნებრივია, ამ არც თუ ისე იაფ მომსახურებაში მშობლები ამდენ თანხას არ გადაიხდიდნენ, რეალურად რომ ვერ ხედავდნენ დამატებითი გავეთილების საჭიროებას.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რეპეტიტორთან დაწყებითი კლასებიდანაც ხშირად დადიან. რატომ სჭირდება ბავშვს მომზადება?
რატომ ხედავენ ამის საჭიროებას მშობლები და ძირითადად რომელი კლასებიდან ან რომელ საგნებში ხდება საჭირო კერძო მასწავლებლის დახმარება საჭირო. ამის შესახებ საკუთარი გამოცდილების შესახებ მშობლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს:
- "ზოგ მშობელს არ აქვს დრო, მუშაობს, ზოგი საზღვარგარეთ არის წასული, ზოგს არ აქვს ჯანმრთელობა, ზოგს არ აქვს საკმარისი განათლება თავად. მე არასდროს მომიმზადებია, არც ერთ საგანში, არც ერთი შვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც ამზადებს პირველივე კლასიდან, რაიმეთი დამაკნინებელია."
- "მე თავად ვხდები მასწავლებელი მალე, პრაქტიკებზე ვარ ახლა და ვფიქრობ, ბავშვებთან მიდგომაა მთავარი, თუ მშობელი არის გადაღლილი, არ ჰყოფნის ნერვები, არ იცის უცხო ენა, ჯობია მოამზადოს სხვასთან, მაგრამ თუ თავად განათლებულია, დრო აქვს და მოსწონს თავის შვილთან ერთად განვითარება და მეცადინეობა, თავად ამეცადინებს."
- "ვინც მასწავლებელს მოუსმენს და სწორად შეასრულებს მის მითითებებს, მომზადება არ უნდა. თუ დახმარებაა საჭირო, პედაგოგი დაეხმარება, აუხსნის, თუ სპეცმასწავლებელი სჭირდება, სკოლას ამის რესურსიც აქვს. ბავშვი დამოუკიდებელ მუშაობას უნდა მიეჩვიოს. მშობლისგან შეშინებული ბავშვები, არ შემეშალოსო, დაკომპლექსებულები არიან. რაც ადრე დაიწყებს ბავშვი დამოუკიდებლად სწავლას, მით მალე გაიმართება. მთავარია წავახალისოთ და შენიშვნებით არ დავსტრესოთ.
- დედის ყურადღება ნამდვილად სჭირდება ბავშვს., შეახსენოს რომ იმეცადინოს.პერიოდულად შეამოწმოს მისი ცოდნა.ჩაიბაროს გაკვეთილები."
- "გაგიკვირდებათ და, ზოგი მშობელი ბავშვის მაგივრად ასრულებს დავალებას. ნიშანზეა ორიენტირებული"
- "ამეცადინეთ თქვენი შვილები, მიუჯექით, გაიცანით, ისწავლეთ, ხატეთ, ძერწეთ, იკითხეთ, იფიქრეთ, იმსჯელეთ და არასდროს დასჭირდება მომზადება"
- "არასდროს მივლია რეპეტიტორთან და არც ერთ ჩემს და-ძმას, ვსწავლობდი სახელმწიფო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე, მაქვს ორი დიპლომი, თანაც წითელი, დაწყებითებში მეხმარებოდა დედა, რომელიც ჩემ გარდა სამ შვილს ზრდიდა, რომელიც მუშაობდა სამსახურში და ოჯახსაც უვლიდა სოფელში... ასევე იყო ჩემი და-ძმა,ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება რეპეტიტორების გარეშე. ამოცანის პასუხი: ვისაც სწავლა უნდა, შესანიშნავ განათლებას მიიღებს ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, ოღონდ უნდა უყვარდეს შრომა. იმდენად მრავალფეროვანია დღეს ინფორმაციის მოპოვების საშუალებები, რომ დაინტერესების შემთხვევაში სასკოლო წიგნების გარდა, რას არ მოძებნი და რას არ იპოვი, ოღონდ მოინდომო."
- "მე-3 კლასში მყავს ბავშვი და ვამზადებ მე-2 კლასიდან არა იმიტომ, რომ ვერ დაძლია მასალა ან სუსტია, ვამზადებ იმიტომ, რომ იყოს თავიდანვე ძლიერი, მით უმეტეს, როცა ნორმალურად სკოლაში სიარული რამდენიმე თვეა, რაც განახლდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მირჩევნია, ისეთმა პედაგოგმა მოამზადოს ჩემი შვილი, როგორზეც გავაკეთე არჩევანი"
- "ინგლისურში - მე-5 - მე-6 კლასიდან სჭირდებათ მომზადება, ქართულში - მე-10-მე-11-მე-12; მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა და ა.შ. - მე-11-მე-12 კლასიდან. "
- "ბავშვს გააჩნია, ჩემი შვილი მეცხრე კლასს ამთავრებს ათებზე და ჯერ არ მომიმზადებია არც ერთ საგანში არასოდეს. არც მე დავხმარებივარ, პირველივე დღიდან თვითონ უმკლავდება ყველა საგანს. ასე რომ, საჭიროების მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ. სამი სკოლის გამოცვლა მოგვიწია რიგი მიზეზების გამო, ბავშვზეა ყველაფერი დამოკიდებული მაინც ალბათ. იგივე მასწავლებლები მთელ კლასს ასწავლიან და მაგ ლოგიკით, ოცდაათივე ათოსანი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ სამი ბავშვია."
- "რა თქმა უნდა, დაწყებითებში სჭირდება. როცა ბაზა კარგი აქვს, უკვე მაღალ კლასებში აღარ გაუჭირდება."
- "ანუ მე თუ ჩემს შვილს მოვამზადებ პირველი კლასიდან, რომელიც არის ძალიან აზრიანი და მალე ითვისებს ყველაფერს, რა გამოდის? ანუ მე მეზარება, არ მინდა ვასწავლო და თავი შევიწუხო? არ არის ასე, ჩემო კარგებო.
- პირველ რიგში ბევრი იმიტომ ამზადებს ბავშვს, რომ მასწავლებელი უფრო კარგად უხსნის, ვიდრე ჩვენ ავუხსნით სახლში.
- მეორე მიზეზი ისაა, რომ ზოგი მუშაობს და ურჩევნია თავისი გადაღლილი გონებით ბავშვი არ გადაღალოს და არ გააღიზიანოს. დღეს ყველას ცუდი ნერვები აქვს ცხოვრებიდან გამომდინარე, სამსახურიდან გამომდინარე, და ასე შემდეგ.
- მესამეს დავამატებ, რომ ბავშვი შესაძლოა არ გიჯდებოდეს სასწავლებლად, არ გისმენდეს და გირჩევნია, მასწავლებელს მიაბარო, ვისთანაც უფრო კარგად ისწავლის, უკეთ მოუსმენს, უფრო რიდიც ექნება და სწავლის პრობლემაც არ იქნება.
- არ დაიწყოთ ეხლა ვაიმე ჩემმა შვილმა მე როგორ არ უნდა დამიჯეროს და არ უნდა დამიჯდეს სასწავლადო.ჩხუბით და იძულებით სწავლას ჯობია მასწავლებელმა ასწავლოს ისე, როგორც საჭოროა. მშობელიც, რა თქმა უნდა, ჩართული უნდა იყოს სწავლის პროცესში, მაგრამ ისეც ნუ იტვით, ვითომ ცუდი დედაა ის, ვინც ბავშვს პირველი კლასიდან მოამზადებს."
- "კომენტარებზე შოკს მიიღეებ ადამიანი. არსებობისთვის, ლუკმა პურისთვის რომ გვიწევს მშობელს შრომა, რა ვქნათ. უცოდინრები ვართ? შვილები არ გვიყვარს? ისიც თქვით, კუდაბზეკა ქართველები რაც მეტ რეპეტიტორტან და წრეზე დავაპორწიალებთ ბავშვებს, მით უფრო მაგრები ვართ. მეორე კლასშია ჩემი შვილი, ანი-ბანი არ ვიცი ინგლისურის, ამიტომ ვამზადებ ინგლისურში მეორეკლასელს. დიახ, იმიტომ კი არა რომ უცოდინარი ვარ, ეს კონკრეტული საგანი არ ვიცი და ვერ ჩამოვარჩენ შვილს."
- "ბავშვს მიეცით საშუალება, რომ ბავშვობის გემო იგრძნოს. სულ არ სჭირდება პირველი კლასიდან მომზადება თუ მას მშობელი დაეხმარება. დაუტოვეთ ბავშვებს თამაშის და გართობის დრო..~ ცხრა მასწავლებლის აყვანას ჯობია, ტელეფონს და კომპიუტერს მოარიდოთ"
- "თუკი ბავშვს დაწყებითებშიც უჭირს, ადრეა-ადრეას ძახილით ხომ მთლად ჩამორჩება. ზოგს პირველიდან სჭირდება წახმარება, ზოგს - მეათედან. თუკი მშობელი დაკავებულია და ვერ ამეცადინებს, ან კონკრეტულ საგანში ვერ ერკვევა, რა უნდა ქნას?"
- "მიუხედავად იმისა, რომ განათლებაც მაქვს, დროც და რესურსებიც, ბავშვიც საკმაოდ გონიერია, პირველი კლასიდან ვამზადებ დამატებითაც ქართულში და მათემატიკაში. სწავლა მეტი არადროს მოუვა".
- "ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თუ ინგლისურში აპირებ მომზადებას, მერვე კლასიდან არაა გვიანი, ქართულში მეთერთმეტე კლასიდან, მათემატიკა - მეხუთე კლასიდან თუ სამომავლოდ პროფესიაც მათემატიკას უკავშირდება, თუ არა, მეცხრედან საკმარისია, რუსულიც მეცხრედან სალაპარაკოს დონეზე ეყოფა"
- "დაწყებითის ბავშვს ისე რომ გააზარმაცებ, რომ დედის ან მასწავლებლის დაჯდომა და მეცადინეობა სჭირდება, მერე სულ ეგრე დარჩება, თუმცა ალბათ ბავშვსაც გააჩნია, არ ვიცი."
- "რაც მალე მიაჩვევთ ბავშვს დამოუკიდებელ მეცადინეობას, აზროვნებას, მით უკეთესი. მუდმივად გვერდზე მჯდომი და მაკონტროლებელ-დამხმარე დედა ან მასწავლებელი ბევრად უინიციატივოს და მერყევ პიროვნებად ჩამოაყალიბებს. მთავარია, მას პირველივე კლასიდან გაათავისებინოთ, რომ ის უკვე დიდია და მას შეუძლია ჰქონდეს მისი საქმე, ანუ სწავლა. რა თქმა უნდა, დახმარება დაჭირდება ზოგჯერ, მაგრამ "მოდი, ერთად ვიმეცადინოთ" წლები რომ გრძელდება ჯერ დედასთან, შემდეგ - რეპეტიტორთან, ეს შეცდომაა."
- "რეპეტიტორთან მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ბავშვი, მგონია, ჯობს მოამზადოთ, რადგან მშობელი ყოველთვის დამთმობია. დრო და ნერვებიც უნდა ქონდეს, მაგრამ პირველივე კლასიდან ვთვლი, რომ სისულელეა მომზადება"