"სეზონური ვირუსები ხშირად 7 -10 დღის შემდეგაც არ ალაგდა და გართულებებიც სახეზეა პნევმონიის სახით" - რატომ გახანგრძლივდა გრიპის სეზონი და რატომ მიმდინარეობს რთულად - მშობლები
ბოლო პერიოდში უამრავი ადამიანი სხვადასხვა სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს უჩივის. შემთხვევები საკმაოდ გაზრდილია და ამაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც საუბრობენ. კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი მაკა ბულეიშვილი გვესაუბრება, რამ გამოიწვია რესპირატორული ვირუსების ზრდა და როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი:
- მაისის თვეში რესპირატორული ვირუსების ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. დამახასიათებელი ნიშნები ტიპიურია: სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ტემპერატურა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში 7-10 დღეც კი გაგრძელდა და ასევე, ხშირადვე პნევმონიით გართულდა. რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს კი ასეთ დროს პნევმონიის სიმპტომებიც დაემატა. მე ვფიქრობ, რომ გასული 2 წლის განმავლობაში ადამიანების იმუნური სისტემა შედარებით დაქვეითდა და ამიტომაც, დაავადება უფრო ხშირ შემთხვევაში გართულდა. უამრავი პაციენტი მყავდა და საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში პროცესი დადებითად დასრულდა, თუმცა მაისის თვე მარტის თვეს ძალიან ჰგავდა. სეზონური ვირუსები სწორედ, თებერვალსა და მარტში იყო ხოლმე აქტიური. რესპირატორული ვირუსები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად, მოსახლეობას 2 წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი სხვადასხვა პრობლემა აქვს გადატანილი და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარკვეულწილად დაქვეითებულია. სეზონური ვირუსები კორონავირუსამდეც არსებობდა, თუმცა, როდესაც კოვიდ-19 ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა, მას შემდეგ, არსებული შეზღუდვების ფონზე, სხვა ვირუსები შეკავდა და ძალიან მცირე შემთხვევა ფიქსირდებოდა. რა თქმა უნდა, პრევენციული თვალსაზრისით, ნიღაბი ყველა სახის რესპირატორული ვირუსის ეფექტური შემაკავებელია. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში კორონავირუსის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა, გაიზარდა კონტაქტები და შესაბამისად, სეზონური ვირუსები უფრო მეტად გავრცელდა. თუმცა, ნელ-ნელა ეს ტალღაც სრულდება და ჩემი დაკვირვებით, რესპირატირული ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით, მდგომარეობა სტაბილურდება. ზოგადად, რესპირატორული ვირუსები გადამდები 3-დან 5 დღემდეა.
- ძირითადად, რომელი ვირუსები ცირკულირებს ახლა ქვეყანაში?
- რესპირატორული ვირუსებისათვის, ძირითადად, მსგავსი სიმპტომებია დამახასიათებელი. ეს შეიძლება იყოს ადენოვირუსი, რინოვირუსი, გრიპის ვირუსი, ამავე დროს ახლა ნაწლავური ინფექციების სეზონი იწყება. ამიტომ, სიმპტომურად უნდა ვიმკურნალოთ და დავაკვირდეთ. ნერვიულობა არ არის საჭირო, მსგავსი ინფექიები ყოველთვის იყო და მომავალშიც გაგრძლედება. სიმპტომებიან პაციენტებს კორონავირუსზე ტესტირება მაინც ჩავუტარეთ და ჩემი უამრავი პაციენტიდან არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. ამიტომაც, სხვა ვირუსებიც გამოვიდნენ ასპარეზზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში არსებული შეზღუდვების ხარჯზე, შეკავებული იყო.
- რა შეგიძლიათ ურჩიოთ ადამიანებს, როგორ დაიცვან თავი რესპირატორული ვირუსებისა და მოსალოდნელი გართულებებისგან?
- ექიმები ყოველთვის მოვუწოდებთ ხოლმე ადამიანებს, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის რესპირატორული ვირუსი გაქვთ, თუ ხედავთ, რომ ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ტემპერატურა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები აღგენიშნებათ, ჯობს, სახლში დარჩეთ და სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან თავი შეიკავოთ. როგორც ვიცით, ეს დაავადებები ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და მნიშვნელოვანია, სიმპტომებიანი ადამიანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დადიოდეს. ასევე, რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომურ მკურნალობას უნდა მივმრთოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ტემპერატურა გვაქვს, შესაბამისი მედიკამენტი მივიღოთ, ასევე ბევრი სითხე დავლიოთ. დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ის რეკომენდაციები, რაც კორონავირუსის შემთხვევაში გვქონდა, ყველა რესპირატორული ვირუსის დროს ძალიან ეფექტურია. გარდა ამისა, თუ ვხედავთ, რომ 5-7 დღის შემდეგ სიმპტომები მოგვემატა, ხველამ ტიპი იცვალა, ტემპერატურა კიდევ გვაქვს, ძლიერი საერთო სისუსტე და ოფლიანობა აღგვენიშნება, ჯობს ექიმთან კონსულტაცია გავიაროთ, რომ არ გართულდეს და არ გამოიწვიოს ფილტვების ანთება ან კიდევ სასუნთქი სისტემის სხვადასხვა პათოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ასაკოვანმა ადამიანებმა და სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებმა, მათ შორის, ფილტვების პათოლოგიების მქონე ადამიანებმა. ამიტომ, ყურადღების მიქცევა აუცილებელია და თუ ტემპერატურა და სხვა სიმპტომები გრძელდება და კიდევ უფრო ემატება, ექიმს უნდა მივმართოთ.