ახალგაზრდა დედის განაწყენება ძალიან ადვილია. ქალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ორსულობა და მშობიარობა გადაიტანა, ახლა კი ბავშვის მოვლისა და აღზრდის ურთულეს რუტინას არის შეჭიდებული, ძალიან გაფაქიზებული აქვს ემოციები. ამიტომ პატარა უტაქტო ნათქვამიც კი შეიძლება დიდი შფოთის, გულის ტკივილისა და ცრემლების მიზეზი გახდეს.
რა სწყინთ და აბრაზებთ ახალგაზრდა დედებს - წარმოგიდგენთ გავრცელებულ ფრაზებს. თქვენი ვერსიებიც შეგიძლიათ კომენტარებში შემოგვთავაზოთ.
„მაინც სახლში ზიხარ“
ბავშვს მთელი ოჯახი და სანათესაო შეჰხარის, ყველა მასზე გიჟდება, მამა, ბებია თუ ბაბუა, დეიდა, ბიძია და მამიდა. დედიკოზე ზრუნვის დრო კი არავის აქვს. სამაგიეროდ არასოდეს ავიწყდებათ შენიშვნა თუ „კეთილი რჩევა“. მითუმეტეს თუ ოჯახის ყველა წევრი მუშაობს, ხშირად წამოსცდებათ ხოლმე „მაინც სახლში ზიხარ...“ დიახ, სახლში ზის ქალი, რომელიც პატარას უვლის, მის ჭირვეულობებს უმკლავდება, ალაგებს, რეცხავს, სამზარეულოში საქმიანობს და ამ ყველაფრისგან არაქათგამოცლილი საღამოს შინ დაბრუნებულ ოჯახის წევრებს უმასპინძლდება. ამ დროს იქნებ ეს საშინელი ფრაზა მაინც არ გააგონოთ „მაინც სახლში ზიხარ... ბავშვის გარდა რა საქმე გაქვს“
„პატარა ბავშვის პატრონს სამსახურში ვინ მიგიღებს?“
ეს ფრაზა იმ ადამიანებისგან ისმის, ვინც თითქოსდა არ ცდილობს პირში გითხრათ: „პატარა ბავშვით ვერ იმუშავებ, სახლში უნდა იჯდე“. თითქოს კეთილ რჩევას გაძლევენ, ამ დროს მიამიტი მზერით გეუბნებიან „პატარა ბავშვის პატრონს სამსახურში ვინ მიგიღებს?“
გასაგებია, რომ ბევრი დამსაქმებელი ცდილობს თავიდან აირიდოს ბავშვიანი ქალის კანდიდატურა, მაგრამ უიმედო მდგომარეობა ნამდვილად არ არის და თავიდანვე ენთუზიაზმის ჩასაკლავი სიტყვებით ნუ „გაამხნევებთ“ ბავშვიან ქალს.
"არ დადის?/არ ლაპარაკობს? ჩემი ამ ასაკში უკვე დარბოდა/ლექსებს ამბობდა"
მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ მოუსმენიათ, ყველა ბავშვს რომ განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს, მაინც არ უშვებენ ხელიდან შანსს გაგაგებინონ, რომ მათი შვილი თქვენი შვილის ასაკში უფრო უკეთ განვითარებული იყო. „არ დადის?/არ ლაპარაკობს? ჩემი ამ ასაკში უკვე დარბოდა/ლექსებს ამბობდა“ - ასეთი უტაქტო ფრაზები ჯობია ახალბედა დედებთან არ გამოიყენოთ.
„ძველი წონა დაივიწყე, მაგას ვეღარ დაიბრუნებ“
ზოგჯერ მშობიარობის შემდეგ ქალს მაშინვე დიეტაზე და ვარჯიშებზე გადასვლის ძალა არა აქვს. ვერც კვების რეჟიმს იცავს გადაღლილობის გამო. ამიტომ საერთოდ არც ღირს ამ პერიოდში სხეულის ფორმებზე საუბარი, მით უმეტეს გადაჭრით თქმა, რომ ძველ წონას ვერ დაიბრუნებს, ამ სიტყვებით მხოლოდ ნერვებს მოუშლით. გამორიცხული არაა, რამდენიმე თვეში წონა თავისითაც დაუბრუნდეს ორსულობამდელ ნიშნულს.
"ისევ ძუძუს აჭმევ? სასწრაფოდ უნდა გადააჩვიო"
ზოგიერთს ცხოვრებაში ძალიან მარტივად წარმოუდგენია ყველაფერი. დროა, ბავშვმა ძუძუზე უარი თქვას და მთელი ღამით დედას მშვიდად ძილის საშუალება მისცეს? ამას რა უნდა, აღარ მისცეს ძუძუ და მორჩა. უცნაურია, არა, დედა თვად რომ ვერ მიხვდა ამდენს? გაგიკვირდებათ და დედამ თავადაც იცის, 2 წლის შემდეგ ძუძუ დიდი სარგებლის მომტანი რომ აღარ არის, მაგრამ დასამშვიდებლად მაინც საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ ყველა არასასურველ სიტუაციაში პატარა მაშინვე ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იტირებს. ღამით კი ისტერიკას მოაწყობს. ყველა დედა არ არის მზად ამ "კონცერტებისთვის" და ცდილობს, ცოტა გადაავადოს ძუძუს გადაჩვევის რთული პროცესი.
ფრაზები, რომლებიც ახალგაზრდა დედებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ
გონებამახვილური ფრაზები ქალების არც ისე იოლ ცხოვრებაზე