1975 წლის ზაფხულის ერთ საღამოს, სანდრა ბრანდენბურგი სამსახურიდან დაბრუნდა, თუმცა თავისი პატარა სახლი სრულიად ცარიელი დახვდა - მისი ოთხივე შვილი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, უკვალოდ გაუჩინარდა. ბავშვებზე მის მეორე ქმარს, ბრენდონ უილიამსს უნდა ეზრუნა, მაგრამ სახლში არც ის იყო. სანდრამ მთელ ქალაქში დაიწყო სირბილი და ბავშვების ძებნა. შუათანა ქალიშვილები, ელისონი და ემი, ადგილობრივ ეკლესიაში იპოვა. უმცროსი ვაჟი, ფილიპი უკვალოდ გაუჩინარდა, უფროსი გოგონას, 6 წლის სუზანის ბედი კი, მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ გაირკვა, როცა ის უკვე გარდაცვლილი იყო...
...სუზანი სრულიად შემთხვევით გამოჩნდა. გაუჩინარებიდან 20 წელი იყო გასული და მის გარდაცვალებადე - სულ რამდენიმე დღე...
უცნობი გოგონა გზის პირას მწოლიარე იპოვეს. მთელი სხეული სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული და გონებას კარგავდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა მხოლოდ "მამას" გაიძახოდა. იფიქრეს, რომ მას მანქანა დაეჯახა, თუმცა ბევრი დეტალი ბუნდოვანი იყო...
გოგონა ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ მის მოსანახულებლად ქმარი მივიდა, რომელმაც თავი კლარენს სიუზად წარადგინა. თავად გოგონას კი თითქოსდა ტონია ერქვა. მამაკაცი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ცოლის ოთახში არავინ შეეშვათ. თუმცა, ექიმებმა ეს პირობა ტონიას მეგობრის გამო დაარღვიეს და იგი პალატაში მოსანახულებლად შეუშვეს. ქალი თანამშრომლებს ეხვეწებოდა, მარტო არ დაეტოვებინათ გოგონა, რადგანაც მას საფრთხე ემუქრებოდა. როდესაც გოგონას ქმარმა გაიგო, რომ საავადმყოფომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გაბრაზდა და ცოლთან ერთად პალატაში რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაიკეტა. მეორე დილით ტონია გარდაცვლილი ნახეს...
გოგონას ქმარი პოლიციაში დაიბარეს. ტონიას სხეულზე წითელი საღებავი აღმოჩნდა, კლარენსს კი ლურჯი ფერის მანქანა ჰყავდა და ამ მანქანას არც ერთი ნაკაწრი არ ეტყობოდა. ქმრის მონაწილეობით ავარიის ვერსია გამორიცხეს და მამაკაცი გაათავისუფლეს.
მას 26 წლის ტონიასთან ერთი ვაჟი ჰყავდა. ბავშვი მინდობით აღზრდაში გაუშვა, თავად კი ნორმალური ცხოვრება გააგრძელა. მუშაობა არ სურდა, ფული კი სწრაფად გაუთავდა. ამის შემდეგ სადაზღვეო კომპანიისგან მეუღლის გარდაცვალებისთვის ანაზღაურების მიღება მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ტონიამ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე სიცოცხლე დააზღვია. მამაკაცს ყველა საბუთი თან ჰქონდა, თუმცა ანგარიშის ნომერი სულ სხვა ადამიანზე იყო გახსნილი. სადაზღვეო კომპანიის თანამშრომლებს მაშინ პირველად გაუჩნდათ ეჭვი, რომ კლარენსი რაღაცას მალავდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და...
სინამდვილეში, ეს კაცი ბრენდონ უილიამსი აღმოჩნდა, სანდრას მეორე ქმარი, რომელმაც 1975 წელს ცოლს ოთხი შვილი მოჰპარა... მისი ნამდვილი სახელი კი ფრანკლინ ფლოიდი გახლდათ.
ფრანკლინ ფლოიდი და სუზანა
ბავშვობა ოჯახის გარეშე
ფრანკლინ დელანო ფლოიდი 1943 წელს დაიბადა და ოჯახში მეხუთე შვილი იყო. მამა მის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, დედამ ამდენი ბავშვის გამოკვება ვერ შეძლო და შვილები ბავშვთა სახლში გააგზავნა. იქ საშინელი პირობები იყო - და-ძმები სხვადასხვა ადგილზე მოათავსეს და კომუნიკაციის უფლებას არ აძლევდნენ. დედა თავიდან მათ მოსანახულებლად მიდიოდა, მაგრამ მერე აღარც ის შეუშვეს, რადგანაც ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ქალმა მშობლობის უფლებაზე უარი თქვა. სასოწარკვეთილმა ქალმა ქალაქი დატოვა და ამერიკაში სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდა. მრავალი წლის შემდეგ ფრანკლინმა მისი პოვნა მოახერხა: იგი მეძავად მუშაობდა და ტრაილერში ცხოვრობდა.
ბავშვთა სახლში აღზრდის მეთოდები შუა საუკუნეების მსგავსი იყო: მასწავლებლები ბავშვებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აშიმშილებდნენ და ზოგჯერ სექსუალურადაც ძალადობდნენ მათზე. ფრანკლინ ფლოიდი იქიდან ფსიქიკადაზიანებული გამოვიდა, საშინელ დეპრესიას განიცდიდა და უნდოდა, ცხოვრებაზე შური სასტიკად ეძია. შედეგად, ნამდვილ მონსტრად გადაიქცა...
16 წლის ასაკში 4 წლის გოგონაზე იძალადა, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. შემდეგ ჯერზე ბანკში შეიჭრა და ამის გამო 15 წლით მოათავსეს ციხეში. გაქცევას ცდილობდა და 5 წელი კიდევ დაუმატეს. ფრანკლინის ციხეში სხვა პატიმრებს რეგულარულად სცემდნენ და აუპატიურებდნენ. კაცმა რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს... პატიმრებთან მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა და ამიტომ, ერთი კამერიდან მეორეში გადაჰყავდათ. როდესაც ციხეში ყოფნის 8 წელი გავიდა, სრულიად მოულოდნელად ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
მაგრამ, ფრანკლინმა მხოლოდ ორი წელი შეძლო მშვიდად ცხოვრება: 1973 წლის იანვარში ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში უცნობი ქალი ჩაისვა და მისი გაუპატიურება სცადა. ქალმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ვერც ფრანკლინი დააკავეს. ის სხვა ქალაქში გადავიდა და ახალი სახელი - ბრენდონ უილიამსი დაირქვა. იქვე გაიცნო მომავალი მსხვერპლი - ოთხი შვილის მარტოხელა დედა სანდრა ბრანდენბურგი. რამდენიმე თვის შემდეგ მასზე დაქორწინდა.
შემდეგ კი სცენარი ასე განვითადა: მან ქალს ოთხივე შვილი მოჰპარა. 2 პატარა გოგონა ეკლესიაში დატოვა, უფროსი გოგონა, რომელიც მაშინ 6 წლის იყო და სუზანა ერქვა, თავისთან წაიყვანა, ბიჭის ბედი კი დღემდე უცნობია.
მამა და ქალიშვილი
ფრანკლინ ფლოიდმა გატაცებული გოგონა თავის სახლში წაიყვანა და მის გარშემო საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც მამა-შვილი. სახელი კვლავ შეიცვალა და ფრანკლინს ახლა უორენ მარშალი ერქვა. ყველა მარტოხელა მამად იცნობდა, რომელიც გოგონას, სახელად შერონს ზრდიდა. თავის ნაცნობებს უთხრა, რომ ბავშვის დედა კიბოთი გარდაიცვალა და ახლა მისი ამოცანა შვილის ღირსეულ ადამიანად აღზრდა იყო. შერონს ცოტა მეგობარი ჰყავდა. კლასელები იხსენებდნენ, რომ კარგად სწავლობდა, ყველა კითხვას მარტივად პასუხობდა და ყოველთვის ასრულებდა საშინაო დავალებას, მაგრამ არასოციალური ბავშვი იყო. რამდენჯერმე უბნის ბავშვებმა მისი სახლში დაპატიჟებაც სცადეს, თუმცა მამამ არ გაუშვა. წლები გადიოდა, შერონი გაიზარდა... უცებ აღმოჩნდა, რომ ორსულად იყო. როცა მუცლის დამალვა ვეღარ მოხერხდა, ოჯახი ისევ სხვა ქალაქში გადავიდა.
ცოლ-ქმარი
წყვილი უკვე ფლორიდაში გამოჩნდა - ამჯერად ტონია და კლარენსი ერქვათ. მათ ვაჟი, მაიკი შეეძინათ და მამა-შვილის სტატუსიდან ცოლ-ქმრად იქცნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, თუმცა მაშინ ეს არავის აწუხებდა. ოჯახში როლები არც ისე სტანდარტულად იყო განაწილებული - კლარენსი ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული, ტონია კი ბევრს მუშაობდა. ღამის კლუბში მიმტანის პოზიციაზე იყო. თავიდან თანამშრომლებს არ ეკონტაქტებოდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა საკუთარი პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნება დაიწყო. მან თქვა, რომ ქმარი არ უყვარდა და მისგან გაქცევა სურდა. მაგრამ, ეშინოდა, რომ გაბრაზდებოდა და შვილთან ერთად მოკლავდა. რამდენჯერმე ტონიამ მართლაც სცადა სახლიდან გაქცევა, მაგრამ ყოველ ჯერზე კლარენსი პოულობდა, სცემდა და აშიმშილებდა.
1990 წელს ტონიას ერთი მამაკაცი შეუყვარდა და ბავშვთან ერთად გაქცევა სცადა, თუმცა "მამა-ქმარმა" მისი პოვნა შეძლო და სასტიკად გაუსწორდა. სამი თვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი გარეუბნის გზატკეცილზე იპოვეს, მოგვიანებით კი, როგორც აღვნიშნეთ, საავადმყოფოში გარდაიცვალა...
კლარენსმა შვილი მინდობით აღზრდაში გაუშვა. 1994 წლის 12 სექტემბერს, დილით იგი ოკლაჰომას შტატში ერთ-ერთ სკოლაში იარაღით შეიჭრა და ითხოვდა, მასთან შვილი - მაიკლი მიეყვანათ. მამაკაცი ტიროდა და ამბობდა, რომ შვილზე უარის თქმის გამო საშინელი შეცდომა დაუშვა. ამავე დროს, კლარენსმა უკვე იცოდა, რომ მაიკლი მისი ბიოლოგიური შვილი არ იყო. ეს ინფორმაცია ცოლის გარდაცვალების შემდეგ გენეტიკური ანალიზითაც დაადასტურა... ბავშვის დაცვა მასწავლებლებმა სცადეს, თუმცა კლარენსმა იგი მანქანაში ჩასვა. მოგვიანებით კი აღიარა, რომ ბიჭი ტყეში მოკლა და იქვე დამარხა...
პოლიციას დიდი დრო დასჭირდა, რომ ჩახლართული და ძალიან მძიმე დანაშაული გამოეძიებინა.
1995 წლის 10 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა ფრანკლინ ფლოიდი დამნაშავედ ცნეს და მას 52 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით სიკვდილით დასჯით შეცვალეს. დღეს ფლოიდი განცალკევებულ საკანშია და სიკვდილით დასჯას ელოდება. მისი ცხოვრებიდან კიდევ ბევრი საიდუმლო დეტალია, რომელთა გამჟღავნებაზეც უარს ამბობს.
ახლახან Netflix-ის სტრიმინგის სერვისზე დოკუმენტური ფილმი "Girl in the Picture" გამოვიდა. მას წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგი აქვს. მაყურებელი კომენტარებში წერს, რომ ეს ყველაზე საშინელი და ამაზრზენი ამბავია, რაც კი უნახავთ.
დედამ მამა მის თვალწინ მოკლა; ბიძამ გააუპატიურა; ქალი, რომელიც და ეგონა, დედა აღმოჩნდა; 14 წლისას ეყოლა შვილი - საშინელი საიდუმლოები, რომლებსაც ვარსკვლავები მალავენ
მამას საკუთარი ქალიშვილი 24 წელი სარდაფში ჰყავდა გამოკეტილი - გოგონამ მისგან 7 შვილი გააჩინა, დედა კი ვერაფერს ხვდებოდა