ხათუნა ფეიქრიშვილი დიზაინერია, რომელიც თავადვე კერავს სამოსს და 20 წელზე მეტია, ამ მიმართულებით მუშაობს. გამორჩეულ სამოსს, საღამოსა და საქორწილო კაბებს ქმნის და წლების განმავლობაში მომხმარებელს არაერთი დასამახსოვრებელი დიზაინი შესთავაზა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მის მიერ შეკერილი საბანკეტო კაბა გახდა განსაკუთრებით პოპულარული, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები ქართველი გოგონასთვის შეიქმნა, ინსპირაცია კი გოგონას საყვარელი წიგნი „გოგონა დრაკონის ტატუთი" გახდა. დიზაინერი საკუთარ საქმიანობაზე, ამ კაბის შექმნის ისტორიასა და ბოლოდროინდელ ტენდენციებზე გვესაუბრება, რაც საბანკეტო თუ საქორწილო სამოსის არჩევისას გამოიკვეთა:
- მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია დავასრულე, სულ ვმუშაობ. ბევრი ერთგული მომხმარებელი მყავს, რომლებთანაც უკვე მრავალი წელია, ვთანამშრომლობ. მაგალითად, ახლა მყავს მომხმარებელი, რომელიც პირველად ჩემთან 8 წლის ასაკში მოვიდა, ახლა 30-ისაა. ყველა ტიპის სამოსზე ვმუშაობ, თუმცა, ძირითადად, გამოსასვლელ, საღამოს კაბებს ვქმნი. ასევე, ჩემი საყვარელი მიმართულება საქორწილო კაბებზე მუშაობაა.
- თქვენ მიერ შექმნილი ერთ-ერთი საბანკეტო კაბა ძალიან პოპულარული გახდა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა...
- ეს გოგონა პირველად ჩემთან რომ მოვიდა, დაახლოებით, 10-11 წლის იყო. ტანმოვარჯიშე დები იყვნენ და აფხაზეთიდან მათი დედა დამიკავშირდა. მაშინ, ტანვარჯიშისთვის შევუკერე ფორმები. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა. წლები ისე სწრაფად გავიდა, რომ ახლა უკვე გაზრდილი გოგონა მესტუმრა. იმდენად საინტერესო იდეით მოვიდა, რომ ამ კაბაზე მუშაობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მისი საყვარელი წიგნის პერსონაჟი უნდა გაგვეცოცხლებინა. უნდოდა, რომ უკან, მთელ სიგრძეზე დრაკონი დაგვექარგა, კაბა კი მოცულობითი უნდა ყოფილიყო. დანარჩენი მე მომანდო. არ უნდოდა, რომ სტანდარტული საბანკეტო კაბა სცმოდა. თმის სამაგრიც კი ხელით შევუქმენი, დრაკონის ფრთები გავაკეთე და ესეც საინტერესო დეტალი გამოდგა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება.
დედაც და შვილიც ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნიდნენ და მეუბნებოდნენ, რამხელა გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა ამას აფხაზეთში. საიტები, სხვადასხვა გვერდები აშუქებდნენ და მის ფოტოებს დებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო. თუმცა, ამხელა ბედნიერების პარალელურად, ამბავი ცოტა სევდიანიცაა. მე აფხაზეთიდან დევნილი ბევრი მეგობარი მყავს. პირად შეტყობინებაში მწერდნენ, რომ ფოტოებიდან თავიანთი საყვარელი ქუჩები, ადგილები იცნეს და მათთან ერთად, ემოციას მეც ვიზიარებდი. ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარი ამ საინტერესო და ჭკვიანი გოგონას გაბედნიერება იყო. გარდა ამისა, უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ემოციური იყო ისიც, რომ ბავშვი აფხაზეთიდან კაბის მოსარგებად, დეტალების შესათანხმებლად ჩამოდიოდა. თავად ისეთი კმაყოფილი წავიდა, რომ ეს ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება და კომპლიმენტი გახლდათ.
- ზოგადად, თქვენი დაკვირვებით, წლიდან წლამდე როგორ იცვლება საბანკეტო კაბების ტენდენცია?
- პანდემიის შემდეგ საბანკეტო სამზადისი ცოტა შემსუბუქდა. აქამდე თუ გრანდიოზულ, უამრავი დეტალით გაფორმებულ კაბებს იკერავდნენ, თავად ბანკეტებსაც ძალიან პომპეზურად იხდიდნენ, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. ბავშვები ძირითადად აუზის პირას, მოკრძალებულად აღნიშნავენ ამ დღეს. უმრავლესობამ უფრო მსუბუქი, თანამედროვე სამოსი შეიკერა და იყო ისეთებიც, ბოლო ზარის შემდეგ რომ შეიკრიბებიან, მაშინ რომ გამოადგებათ. ადრე უფრო დიდი სამზადისი ჰქონდათ. წლევანდელი ტენდენციებიდან კონკრეტულ სტილს ვერ გამოვყოფ, რადგანაც მოზარდები სამოსს ინდივიდუალურად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად იკერავდნენ. იყო შარვალი და ტოპი, საღამოს კაბებიც, როგორც მოკრძალებული, ასევე უფრო სანახაობრივი.
- წელს იყო გამოკვეთილი ფერები, რომლებსაც უმრავლესობა ირჩევდა?
- ვფიქრობ, ძალიან კარგი, კრეატიული და შემოქმედებითი ახალი თაობა გვყავს. როგორც წესი, ყველამ ზუსტად იცის, რა უნდა. ფერი ძალიან ინდივიდუალური მახასიათებელია, ამიტომაც, ყველამ წელსაც საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩია და ერთი რომელიმე გამოკვეთილი ტონი არ ყოფილა. ფერის არჩევაში არასოდეს ვერევი. შესაძლოა, კაბის დეტალებში გარკვეული დეტალების შესწორება შევთავაზო, თუმცა ფერი ადამიანის ხასიათის მაჩვენებელია და ის უნდა აირჩიოს, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა მასთან. ფერის ტენდენცია, მოდა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, თუმცა ახლა ახალგაზრდები მაინც ინდივიდუალურ და განსხვავებულ სამოსს ირჩევენ.
- საქორწილო კაბების შემთხვევაში როგორ შეიცვალა ტენდენცია და ახლა რა არის ყველაზე მოთხოვნადი?
- ესეც ინდივიდუალური არჩევანია და დამკვეთზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ პატარძალს კარგი სხეული აქვს, უნდა, რომ ეს მაქსიმალურად გამოკვეთოს და დიდ, გაშლილ კაბებს აღარ ანიჭებენ უპირატესობას. გარდა ამისა, არჩევანზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რა მასშტაბის ქორწილის გადახდას აპირებენ. პანდემიის მერე უფრო მოკრძალებული, მეგობრების წრეში აღნიშნული ქორწილები მოსწონთ და შესაბამისად, კაბებიც ნაკლებად პომპეზურია. უპირატესობას უფრო სადა ვარიანტებს ანიჭებენ. თუმცა, ბოლო დროს გრანდიოზული, დიდი კაბების გაკეთებაც მომიწია.
- არის სტილი, რომელიც სულ აქტუალურია?
- რა თქმა უნდა, არის სტილი, რომელიც სულ მოთხოვნადია. მაგალითად, ქალის სილუეტი, გამოყვანილი ფორმები, თავისუფალი სტილი როგორადაც არ უნდა გააქტიურდეს, მაინც მოთხოვნადი იქნება. ასევე, შავი, პატარა კაბა.
- ხომ არ გექნებათ რჩევა ადამიანებისათვის, რომლებიც მნიშვნელოვანი დღისთვის სამოსს არჩევენ - რა გაითვალისწინონ?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, ტენდენციების გათვალისწინება საჭიროა, მაგრამ სამოსი აუცილებლად საკუთარ თავზე უნდა მოვირგოთ. უნდა ვიცოდეთ, ზოგადად კი არა, ჩვენთვის რა არის კომფორტული და მოდური. მოდაში ის არის, რაც გვიხდება.
თამარ იაკობაშვილი