2020 წლის ბოლოს რუსეთში, კრასნოიარსკის გამომძიებლებმა იმ საქმის გამოაშკარავება დაიწყეს, რომელიც ბავშვთა ვაჭრობასთან უკავშირდებოდა. ეს კი კორონავირუსის დახმარებით შეძლეს - რაკი ქვეყანაში საზღვრები ჩაკეტილი იყო, ახალშობილების ჩინეთში გაყიდვას ვეღარ ახერხებდნენ და ძიძების მოძიება რუსეთის მასშტაბით დაიწყეს.
როგორც ირკვევა, დანაშაული 2019 წელს დაიწყო. ყაზახეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადაწყვიტა, სუროგატი დედა გამხდარიყო და კრასნოიარსკის ერთ-ერთ სააგენტოს, "დიდილიას" მიმართა. სუროგატი დედობისთვის ქალს 13 ათასი დოლარი შესთავაზეს. ამისათვის იგი კამბოჯაში წავიდა, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ჩაიტარა და შემდეგ კრასნოიარსკში დაბრუნდა.
9 თვის შემდეგ მან ბიჭი გააჩინა, გაწერის შემდეგ კი ბავშვი საავადმყოფოში დატოვა. "დიდილიას" სააგენტოში მან ისეთ საბუთებზე მოაწერა ხელი, რომლითაც დირექტორს ახალშობილზე სრულ უფლებას ანიჭებდა. ქალმა ფული აიღო და ყაზახეთში დაბრუნდა. თუმცა, მის მიერ გაჩენილ ბიჭს და კიდევ ათობით ახალშობილს ჩინეთში გასაყიდად ამზადებდნენ. კორონავირუსის გამო კი საზღვრები ჩაკეტილი იყო და პროცესი გაჭიანურდა. ამიტომაც, „დიდილიას" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რუსეთში ბავშვებისთვის დროებითი ძიძები ეპოვათ. ეძებდნენ ისეთ ქალებს, რომლებსაც ბავშვების მოვლის გამოცდილება ჰქონდათ.

ერთ-ერთი ძიძა კი დარია აღმოჩნდა, რომელმაც სუროგაციის ცენტრს მიმართა, გასაუბრება გაიარა და 10 დღის ბიჭი საკუთარ ოჯახში აღსაზრდელად წაიყვანა. ბიჭმა მათ ოჯახში ექვსი თვე იცხოვრა და ამ ხნის განმავლობაში ქალმა, მისმა ქმარმა და საკუთარმა შვილებმა ბავშვის საოცრად შეყვარება შეძლეს. ყიდულობდნენ საჩუქრებს, მიჰყავდათ კლინიკაში გეგმიურ შემოწმებაზე და სითბოს გამოხატავდნენ. დარიას 13 და 18 წლის ქალიშვილები ჰყავს და პატარა ბიჭზე ისინიც და სხვა ნათესავებიც ზრუნავდნენ.
ყველაფერი კი სწრაფად განვითარდა. დარიას სახლში დეკემბერის ერთ საღამოს პოლიცია მივიდა და ბავშვის გადაცემა სთხოვა. ქალი თავიდან წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა აზრი არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ბავშვის გაყიდვას ჩინეთში აპირებდნენ. დარია სამართალდამცავებს ეხვეწებოდა, რომ ის მის ოჯახში დაეტოვებინათ, თუმცა უშედეგოდ. პატარა ბიჭთან ერთად კიდევ რამდენიმე ბავშვი ბავშვთა სახლში მოათავსეს. მათ არც მოქალაქეობა ჰქონდათ და არც რაიმე საბუთი.

გამომძიებლებს დამნაშავეების დასასჯელად რამდენიმე წელი დასჭირდათ. პირველი ბრალი კრასნოიარსკის პერინატალური ცენტრის ადვოკატს წაუყენეს. გაირკვა, რომ მან ექთნები აიძულა, საბუთები გაეყალბებინათ და "დედის" გრაფაში უცნობი ჩინელი ქალების სახელები და გვარები ჩაეწერათ. მას შემდეგ, რაც დეტალები გაირკვა, ბავშვები მათ დაუბრუნეს, ვინც სუროგაციაში თანხა გადაიხადა. ადვოკატს კი თავისუფლების ორწლიანი შეზღუდვა კრასნოიარსკის დატოვებისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აკრძალვით გამოუტანეს. მან დანაშაული არ აღიარა.
ცოტა ხნის წინ ამ საქმეზე კიდევ ერთი განაჩენი გამოიტანეს. მედიის ცნობით, ყაზახეთში მცხოვრებ 29 წლის ქალს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი დამნაშავედ ახალშობილის გაყიდვაში სცნეს. ბავშვთა ტრეფიკინგის სავარაუდო ორგანიზატორად სტანისლავ გონჩაროვსკი, "დიდილიას" სუროგაციის ცენტრის დირექტორი დაასახელეს, რომელიც მანამდე პოლიციაში მსახურობდა. მაგრამ, მისი მონაწილეობა ჯერ დადასტურებული არ არის და საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.