საბავშვო ბაღში პირველი თვეები, როგორც წესი, ბევრი ბავშვისთვის ნამდვილ გამოცდად იქცევა ხოლმე. პატარებს ხშირად აქვთ განცდა, რომ მშობლებს დააშორეს, ამის გამო კი ნერვიულობენ და ტირიან. უჭირთ ახალ გარემოსთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან ურთიერთობა. თუ ბავშვი ბუნებრივად მორცხვი და მორიდებულია, მაშინ შესაძლოა ადაპტაცია კიდევ უფრო გაუჭირდეს. ხოლო კომუნიკაბელური ბავშვები უფრო ადვილად ახერხებენ თანატოლებთან ურთიერთობას.
სპეციალისტები ამბობენ, იმისათვის, რომ ბავშვმა თანატოლებთან თამაშით სიამოვნება მიიღოს, შეძლოს დამეგობრება, ეფექტური კომუნიკაციის უნარი უნდა განუვითარდეს და ამაში მშობელიც უნდა დაეხმაროს.
როგორ ვასწავლოთ ბავშვს კომუნიკაცია
როგორც წესი, დამოუკიდებლობის პირველი ნიშნები ორი-სამი წლის ასაკში მნიშვნელოვნად შესამჩნევია. მალე ბავშვი აღმოაჩენს, რომ საყვარელი დედისა და მამის გარდა, ბავშვებთანაც შეუძლიათ თამაში, გართობა და სიცილი. ამ დროიდან მოყოლებული მისთვის ბავშვებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო მოზარდობის ასაკში კი - მთავარი პრიორიტეტი.
- იმისათვის, რომ ბავშვს ბაღში კომუნიკაცია და ადაპტაცია არ გაუჭირდეს, ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიეთ სხვებთან ურთიერთობას, გაიყვანეთ სათამაშო მოედანზე, ეწვიეთ მეგობრებს სახლში, რომლებსაც იმავე ასაკის შვილები ჰყავთ და ამ გზით ბავშვი ურთიერთობას, თამაშს იწავლის.
- დაეხმარეთ ბავშვებს, რომ როლური თამაშების შესრულება ისწავლონ. თამაშის დროს სხვადასხვა სცენარის წარმოდგენა სთხოვეთ, ამ გზით ფანტაზიაც განუვითარდება და გარკვეული როლების მორგებასაც შეძლებს. მაგალითად, ამ თამაშში ვიღაც პატარა მანქანაზე ქვიშას ტვირთავს, ვიღაც ორმოს თხრის ან გარემოს აწესრიგებს. ბევრი სხვადასხვა ვერსია შეგიძლიათ მოიფიქროთ და ბავშვს თანატოლებთან ერთად შესთავაზოთ.
- მიეცით თქვენს შვილებს უფლება, ითამაშონ ,,დედაშვილობანა“, ,,ექიმობანა“, მოირგონ სტილისა თუ სხვა პროფესიის როლი. რაც უფრო მეტი აქტივობა იცის ბავშვმა, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის სხვებთან ურთიერთობა.
- გაითამაშეთ სხვადასხვა სიტუაცია. მაგალითად, სახლში შესვლისას თავის საყვარელ დათუნიას მიესალმოს, ან თავაზიანად დაემშვიდობოს. ასევე, შეგიძლიათ კონფლიქტური სიტუაციაც წარმოადგენინოთ და ბავშვს ასწავლოთ, როგორ უნდა მოაგვაროს ასეთ დროს პრობლემა, როგორ უნდა შეურიგდეს თანატოლს და როგორ უნდა მართოს ბრაზი. სხვათა შორის, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვისთვის შერიგებისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სწავლება აუცილებელია.
როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი