ბავშვები, რომელთა ოჯახებში ასეთი ტრადიციაა, უფრო ლაღები იზრდებიან და მაღალი თვითშეფასება აქვთ - მშობლები

ბავშვები, რომელთა ოჯახებში ასეთი ტრადიციაა, უფრო ლაღები იზრდებიან და მაღალი თვითშეფასება აქვთ

2022-08-18 09:18:43+04:00
თანამედროვე აჩქარებულმა ცხოვრების ტემპმა ოჯახური სადილისა თუ ვახშმობის ტრადიცია ნელ-ნელა დაავიწყა ადამიანებს. მთელი ოჯახის ერთად შეკრებას სასადილო მაგიდასთან არა მხოლოდ კვებასთან, კიდევ არაერთ სასარგებლო თვისებასთან აქვს კავშირი. ფსიქოლოგებმა ოჯახური კვების რიტუალის რამდენიმე სასარგებლო მხარე გაგვიზიარეს. 

ჯანსაღი კვების ჩვევები

გსურთ, რომ თქვენმა მოზარდმა შვილმა მიირთვას მეტი ხილი და ბოსტნეული, უარი თქვას ფასტფუდზე და მაღალკალორიულ შაქრიან სასმელებზე? მაშინ, ოჯახურ სადილს ან ვახშამს ერთად მიუსხედით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თინეიჯერები, რომლებიც ოჯახთან ერთად მიირთმევენ, უფრო ჯანსაღ საკვებს ჭამენ, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც უპირატესობას მარტო ან მეგობრების გარემოცვაში ჭამას ანიჭებენ. რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ერთად, თქვენი შვილის კვებითი ჩვევები უფრო ჯანსაღი იქნება.

ურთიერთობებისა და კომუნიკაციის უნარი

წარმატებული კარიერისთვის კომუნიკაციისა და სოციალური კავშირების დამყარების უნარი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ცოდნა, რომელიც ბავშვმა სკოლასა და უნივერსიტეტში მიიღო. ამაში მნიშვნელოვან როლს ისევ ოჯახი თამაშობს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ სკოლამდელ ასაკში ბავშვი ხშირად მიირთმევს სადილს ან ვახშამს მშობლებთან ერთად, მაშინ 10 წლის ასაკში მას კომუნიკაციის უფრო განვითარებული უნარი აქვს, ვიდრე სხვა თანატოლებს. ბავშვები, რომლებიც საკვებს ოჯახის წევრებთან ერთად მიირთმევენ, იშვიათად ავლენდნენ აგრესიას. საქმე იმაშია, რომ ოჯახურ სუფრასთან საუბარი, აზრის გაცვლა, ბავშვისთვის კომუნიკაციის ნაწილში შესანიშნავი მასტერკლასია. აქ სხვის მოსმენასაც სწავლობენ და სისი აზრის გაზიარებასაც.  სხვათა შორის, ბავშვებს, რომლებიც საჭმელს ოჯახის წევრებთან ერთად ჭამენ, უფრო მდიდარი ლექსიკა აქვთ.

მოხდენილი ფიგურა

კვლევის თანახმად, ოჯახთან ერთად სადილის ან ვახშმის მირთმევამ შეიძლება თქვენი შვილი წონის პრობლემებისგან დაიცვას. მეცნიერების აზრით, რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ერთად, მით ნაკლებია მსგავსი პრობლემების რისკი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შვილი უკეთ იქნება დაცული დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ოჯახური შეკრებები კვირაში ორჯერ მაინც მოვაწყოთ.
mshoblebi

მაღალი თვითშეფასება

ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ ოჯახურ სუფრასთან კვებამ შესაძლოა ბავშვში კარგი თვითშეფასების ჩამოყალიბება გამოიწვიოს და უფრო თავდაჯერებული გახდეს. ვახშმის დროს ჰკითხეთ თქვენს შვილს, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, გულწრფელად დაინტრესდით და მოუსმინეთ პასუხებს. ამ გზით აჩვენებთ, რომ გიყვართ, პატივს სცემთ და მისი ამბები გაინტერესებთ. დაიხმარეთ სუფრის გაშლაში, ჩართეთ საოჯახო საქმეში, კერძების მომზადებაში და მისთვის თქვენთან ერთად გაზიარებული საქმე სახალისო იქნება.

ძლიერი ფსიქიკური ჯანმრთელობა

ოჯახთან ერთად კვებამ შეიძლება ბავშვები ფსიქიკური და სოციალური პრობლემებისგან დაიცვას. კანადელმა მკვლევარებმა დადგინეს, რომ ოჯახთან ერთად კვება ხელს უწყობს ბავშვებში კვებითი დარღვევების თავიდან აცილებას. გარდა ამისა, მოზარდებს, რომლებიც მშობლებთან ერთად ჭამენ, ნაკლებად აქვთ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე, ნაკლებად აქვთ დეპრესია ან სუიციდური აზრები. ოჯახური შეკრებები ბავშვებისთვის დაახლოებისა და სითბოს გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.

ბულინგთან გამკლავების უნარი

ოჯახთან ერთად საკვების მირთმევა ბავშვებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას უადვილებს, კერძოდ, თანატოლების მხრიდან ბულინგისგან იცავს. 19 000 სტუდენტის გამოკითხვისას მკვლევარებმა ონლაინ ბულინგისა და მოზარდებში შფოთვის, დეპრესიისა და ნარკოტიკების მოხმარების განვითარებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. მაგრამ თუ ბავშვი მშობლებთან ერთად კვირაში ოთხჯერ მაინც სადილობს, მაშინ ის უკეთ უმკლავდება ბულინგს. შესაძლოა, მიზეზი ის არის, რომ ერთად გატარებული დრო შვილებსა და მშობლებს შორის ღია და სანდო ურთიერთობის გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია დროულად მიიღოს მშობლების მხრიდან მხარდაჭერა და კარგ რჩევასაც მოუსმინოს.

უფრო ძლიერი ოჯახური ურთიერთობები

ოჯახური სადილი თუ ვახშამი ადამიანებს უფრო აახლოებს. ისინი ერთად ცდილობენ პრობლემების განხილვას და გადაჭრის გზების ძიებას, სამოქმედო გეგმის შედგენას. ფსიქოლოგებიც ხშირად ურჩევენ მათ, რომ ეს ხერხი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.