როგორც წესი, ბავშვის სწავლასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა სიზარმაცეს მიეწერება ხოლმე, მაგრამ ეს შეიძლება ნეიროგანვითარების თავისებურებაც იყოს - სტატისტიკის მიხედვით, პირველკლასელთა ორი მესამედი ამ პრობლემას აწყდება. შესაძლოა ბევრი მშობლისგან მოგისმენიათ, ან კიდევ თავადაც გითქვამთ, რომ ბავშვი ზარმაცია, არ უყვარს სწავლა, ეზარება, არ კითხულობს, სინამდვილეში კი მას ობიექტურად უჭირს როგორც აღქმა, ასევე კითხვა და დამახსოვრება. დისლექსია, ისევე როგორც დისგრაფია, დისკალკულია, ინფორმაციის აღქმის თავისებურებებია, რაც ბავშვებში კითხვის, წერის და მათემატიკის სწავლის შესაძლებლობას ართულებს. უცხოური კვლევების მიხედვით, დისლექსია ყოველ მეათე ბავშვში იჩენს თავს. პირველ კლასში ბავშვების დაახლოებით 64%-ს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ყოველი მეხუთე ბავშვი კი სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს აწყდება, აქედან დაახლოებით 80%-ს კითხვა უჭირს. რაშია პრობლემა?მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დისლექსია (კითხვის გაძნელება) არ არის დაავადება, ეს ნეირობიოლოგიური თავისებურებაა. დისლექსიის მქონე ბავშვის ინტელექტი დაქვეითებული არ არის და მისი პრობლემა სიზარმაცე სულაც არ გახლავთ. დისლექსიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მაგრამ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურმა კვლევამ ამ ბავშვებში გარკვეული გონებრივი ფუნქციებისა და შესაძლებლობების განვითარებაში განსხვავებები აჩვენა. მათ უმეტესობას სიტყვაში ცალკეული ბგერების ამოცნობა უჭირს ან კიდევ ასოებს ერთმანეთთან ვერ აკავშირებენ და სიტყვის ფორმას ვერ აძლევენ. როგორც წესი, ამ პრობლემის მქონე ბავშვები საკმაოდ შემოქმედებითი მოსწავლეები არიან და არასტანდარტული აზროვნება აქვთ.
მთავარი ნიშნები
ჩვეულებრივ, წერის, კითხვისა და დათვლის პროცესთან დაკავშირებული სირთულეები სკოლის ასაკში იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, არის გარკვეული ნიშნები, რომლებიც სკოლამდელ ასაკშიც შეგვიძლია ამოვიცნოთ და ყურადღება მივაქციოთ.
მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები:
- მეტყველება უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე თანატოლების შემთხვევაში
- სიტყვების გამოთქმის დეფექტი, დამახინჯებულად თქმის ჩვევა 5-6 წლის ასაკის შემდეგაც ნარჩუნდება.
- არ უყვარს ლექსებიდამათი დამახსოვრება საკმაოდ უჭირს
- ბავშვი სეზონების, კვირის დღეების ან დროების ჩამოთვლისას იბნევა ან ვერ იმახსოვრებსთანმმიმდევრობას.
- კითხვისა და წერისას ბევრ შეცდომას უშვებს, ნელა კითხულობს და წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს.
ვიზუალურ-სივრცითი სირთულეები:
- ბავშვი მარჯვენასა და მარცხენას ვერ არჩევს
- ხატავს ან წერს მარჯვნიდან მარცხნივ
- წერისას გვერდის ჩარჩოებს არ იცავს
- ხშირად წერს ასოებს და რიცხვებს სარკისებურად
- არ მოსწონს თამაშები, რომლებიც სივრცით აზროვნებას მოითხოვენ.
მოტორული და რეგულირების სირთულეები:
- თამაშის დროს ცუდ კოორდინაციას ავლენს
- აქვს წვრილი მოტორული უნარების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები - არ შეუძლია ფეხსაცმლის თასმის შეკვრა, მაკრატლის გამოყენება, მოზაიკის აწყობა,არგამოსდისგაფერადება.
- კოვზს ან ფანქრს არასწორად იჭერს
- არ შეუძლია კონცენტრირება, მოუსვენარი, უყურადღებოა, არ ამთავრებს დაწყებულ საქმეს
- ყველაფერს აკეთებს ძალიან ნელა ან, პირიქით, არის იმპულსური, ჰიპერაქტიური
ენდეთ თქვენს შვილს
უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის აღქმის სირთულეები აკადემიურ მოსწრებაზე ახდენს ხოლმე გავლენას. ხშირად ეს კლასელებთან კომუნიკაციის პრობლემებს იწვევს და ვერც მასწავლებლების მხრიდან გრძნობს მხარდაჭერას. ამის გამო კი ბავშვი სკოლაში წასვლაზე ხშირად უარს ამბობსანმისიშეცვლასურს. სკოლის ხშირი ცვლილებები პირველი ნიშანია იმისა, რომ სპეციალისტს უნდა მიმართოთ. პირველ რიგში, ლოგოპედთან ან ფსიქოლოგთან, ნეიროფსიქოლოგთან უნდა მიხვიდეთ. ყველა მშობელმა ამ პრობლემის შესახებ არ იცის, საკუთარ შვილს ეჩხუბება, ზარმაცს უწოდებს და საყვედურობს, რომ არ სწავლობს. სინამდვილეში, შესაძლოა, ბავშვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ჰქონდეს, რომელიც სპეციალისტმა უნდა შეაფასოს და შემდეგი ნაბიჯებიც გირჩიოთ.
დამატებითი სირთულეები
- თუ სპეციალისტებმა ბავშვს დისლექსიის დიაგნოზი დაუსვეს, მშობლები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ შვილთან უფრო მეტი დროის გატარება და ყურადღების დათმობა მოუწევთ. ასეთ ბავშვებს სწავლისადმი განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ და თქვენც ამისთვის უნდა მოემზადოთ. შესაძლოა პროგრამის ადაპტაცია, გამარტივება, ლოგოპედთან, ფსიქოლოგთან ვიზიტი თერაპია და სპეციალური სავარჯიშოების შედგენა დაგჭირდეთ.
- თუ ბავშვი სწრაფად იღლება, ძალიან ცელქია, კონკრეტულ საქმეს ბოლომდე ვერასდროს ასრულებს, მაშინ მსგავსი ქცევის მიზეზის პოვნა აუცილებელია. დისლექსიის მქონე ბავშვები აუდიო წიგნებს ბევრად უკეთ აღიქვამენ და ამ გზით უფრო სწრაფად იმახსოვრებენ ინფორმაციას. დაბეჭდილი ტექსტის წაკითხვა კი უჭირთ და წაკითხულსაც კარგად ვერ იმახსოვრებენ.
- დისლექსიის მქონე ბავშვებს ნახატებით აზროვნება შეუძლიათ. ამიტომ არ უნდა გაკიცხოთ, თუ საშინაო დავალების შესრულების დროს ხატავს. ის ინფორმაციას ასე უკეთ აღიქვამს. სწავლების პროცესში მეტი ვიზუალური მასალა გამოიყენეთ, სხვადასხვა საკითხის შესწავლისას ერთად უყურეთ დოკუმენტურ ფოლმებს, ვიდეოებს, წერისას ფერადი კალმები ან ფანქრები გამოიყენეთ.
- უნდა გვახსოვდეს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვებს ხშირად სხვა ნიჭიც აქვთ. მშობლის ამოცანაა, ეს ნიჭი არ გამორჩეს, აღმოაჩინოს და ზუსტად იცოდეს, რა მიმართულებით დაეხმაროს.
- რაც მთავარია, თუ დროულად მიხვდებით, რომ საქმე დისლექსიასთან გაქვთ, სპეციალისტების რეკომენდაციებს მიჰყვებით და შეიმუშავებთ ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას, თქვენს შვილს ყველა შანსი აქვს, რომ დროულად ისწავლოს წერა-კითხვა და საკმაოდ წარმატებული ადამიანიც გახდეს.