რა ზომის თხილამურზე უნდა იდგეს პატარა და რომელი ასაკიდან?
პირველი კონტაქტი თხილამურებთან შეიძლება მას შემდეგ, როდესაც ბავშვი მყარად დგას და კარგად დადის. 2 წლის ბავშვმა საკმარისია გაიხადოს და ჩაიცვას თხილამურები, თოვლზე იბაჯბაჯოს, ცოტა გასრიალდეს, რომ თოვლში მოადინოს ზღართანი. 4 წლის ბავშვს უკვე შეუძლია, მამიკოს ახალგაკვალულ თოვლიან გზაზე იაროს, თხილამურიანი ფეხით მოხატოს თოვლზე მზე (ვარჯიში მოტრიალებაზე).
დასაწყისში ბავშვს სათხილამურო ჯოხი არ სჭირდება, სამაგიეროდ დასჭირდება 30 სმ სიგრძის ჯოხი-ბუქსირი, რომელსაც შუაში მობმული აქვს თოკი. მასზე ხელის მოკიდება ადვილია მაშინ, როდესაც წინ მიდის უფროსი და მიასრიალებს პატარას.
5 წლის ასაკში თავისუფლად შეგიძლიათ ანდოთ ბავშვი ინსტრუქტორს: ჩონჩხი უკვე მყარია, კუნთების ქსოვილი განვითარებულია და ბავშვს აქვს უნარი, დიდი ხნით მოახდინოს კონცენტრირება რაიმე კონკრეტულზე.
თხილამურებით სასეირნოდ ბავშვებისთვის იდეალური ტემპერატურა +3-დან +10 გრადუსამდეა.
თუ თქვენი პატარა ჯერ „ერთობა“ თხილამურებზე, თბილად ჩააცვით. როდესაც უკვე დაიწყებს კარგად სრიალს და მეტეორივით იფრენს, ჩააცვით მსუბუქად, რომ არ გაოფლიანდეს და არ გაცივდეს. ფეხსაცმელი უნდა იყოს საკმაოდ თბილი და მოხერხებული.
სანამ ბავშვი იწონის 40 კგ.-ზე ნაკლებს, თხილამურების არჩევანი დამოკიდებულია მის სიმაღლესა და წონაზე.
• 20 კგ.-მდე - თხილამურების სიგრძე 70-80სმ.
• 30 კგ. - მდე - 90სმ.
• 40 კგ.-მდე - 100 სმ.
• ოპტიმალური სიგრძე სათხილამურო ჯოხებისა არის სპორტსმენის სიმაღლეს გამოკლებული 30 სმ.
არასდროს არ უყიდოთ ბავშვს ერთი ან ორი ზომით დიდი თხილამურები, იმ მიზნით, რომ „მომავალ წელსაც ეყოს“, ეს შეიძლება ტრავმის მიზეზი გახდეს.შეიძინეთ ინვენტარი ზომის მიხედვით, დაპატარავებული კი ათხოვეთ თქვენს მეგობრებს მათი ბავშვებისთვის. სასიამოვნო სრიალს გისურვებთ!
მოამზადა სალომე გორგოშიძემ