დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ მოაქცია მსოფლიო ყურადღების ცენტრში ბრიტანეტის მონარქების ოჯახი. თუ ყოფილი პრინცი ჩარლზის, აწ უკვე მეფე კარლ მესამის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი, შედარებით ჩრდილშია მოქცეული ელისაბედის ერთადერთი ქალიშვილი, რომელსაც ხშირად ბრიტანელ კატრინ დენევსაც უწოდებენ.
...პრინცესა ანა 1950 წლის 15 აგვისტოს დაიბადა, რამდენიმე წლის შემდეგ კი დედამისი ბრიტანეთის დედოფალი გახდა... მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა, პრინცი ჩარლზი ტახტის მემკვიდრე იყო, პრესა მაშინ უფრო მეტ ყურადღებას პრინცესა ანას აქცევდა. გოგონას ბავშვობიდან განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და იმდენად დაუმორჩილებელი იყო, რომ "ხულიგანსაც" კი უწოდებდნენ. როდესაც 13 წლის გახდა, ბენენდენის სკოლაში სასწავლებლად გაგზავნეს, სადაც ბევრი მეგობარი შეიძინა. გაგიკვირდებათ და პრინცესა ანას თავის ძმებთან დიდად არ ჰქონია კომუნიკაცია. ის მათ ძირითადად ოფიციალურ ღონისძიებებზე ხვდებოდა.
ელისაბედი ქალ-ვაჟთან ერთად
სკოლის დასრულებისას ანას შესანიშნავი შეფასება ჰქონდა, თუმცა უმაღლესი განათლება რატომღაც არ მიუღია... სრულწლოვანი ანა სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა - დედოფალ ელისაბედ II-ის ასოციაციას Save the Children ხელმძღვანელობდა და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
პრინცესა ანას ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი და სკანდალური მოვლენა მოხდა. მაგალითად, 1975 წელს საქველმოქმედო აქციიდან ბრუნდებოდა, როდესაც მის მანქანას ფსიქიკურად დაავადებული მამაკაცი დაესხა თავს და გოგონას გატაცება სცადა. შემთხვევის შედეგად დაცვის წევრი, მძღოლი და ჟურნალისტი დაშავდნენ. ბოროტმოქმედი გეგმავდა, 2 მილიონ გირვანქა მოეთხოვა მისი დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა საბოლოოდ გატაცება ვერ შეძლო - ელისაბედ II-ის ქალიშვილი მანქანიდან უშიშრად გადმოხტა და თქვა: "აი, ასე! 2 მილიონი ფუნტი არ მაქვს".
1976 წელს პრინცესა ანამ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ის დიდი ბრიტანეთის საცხენოსნო გუნდის წევრი იყო, მისი ცხენი კი, რომელსაც გუდვილი ერქვა, პირადად ელისაბედ II-ს ეკუთვნოდა. წლების შემდეგ, პრინცესა ანას ქალიშვილმა, ზარამ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, რომელიც 2012 წელს გაიმართა და ვერცხლის მედალიც მოიპოვა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი 1990 წელს მოხდა - პრინცესა ანა ნობელის პრემიაზე ზამბიის პრეზიდენტმა, კენეტ კაუნდემ, იმის გამო წარადგინა, რომ პრინცესა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა უფლებებს აქტიურად იცავდა.
პრინცესა ანას პირადი ცხოვრებითაც გამოირჩეოდა.
მისი პირველი ქმარი, მარკ ფილიპსი ბრიტანელი სპორტსმენი გახლდათ. ის ცხენოსნობით იყო გატაცებული. წყვილი 1973 წლის 14 ნოემბერს დაქორწინდა. 1 წლის შემდეგ კი მარკმა ბრიტანეთის საცხენოსნო ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო. მისი თასებისა და ჯილდოების სია ამით არ დასრულებულა - 1988 წლის მომდევნო ოლიმპიურმა თამაშებმა მარკს ვერცხლის მედალი მოუტანა.
პრინცესა ანა თავის მომავალ მეუღლეს 1968 წელს მეხიკოში, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეხვდა, რომელიც ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაიმართა. თავდაპირველად ერთმანეთი გაიცნეს, საერთო ჰობისა და ინტერესების შესახებ ისაუბრეს.
სასახლეში მარკი ცივად მიიღეს და როდესაც ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს, უამრავმა ადამიანმა ეს ხუმრობად აღიქვა.
"ანა თავის ცხენზე ვერ დაქორწინდა და ამიტომ, მარკი აირჩია", - ასე დასცინოდა პრინცი ჩარლზი. მან თავისი დის გადაწყვეტილებას აბსურდული უთანხმოებაც უწოდა და დედოფალ ელისაბედს ისიც კი უთხრა, რომ მათ "შვილები ოთხი ჩლიქით" ეყოლებოდათ. საბოლოოდ პრინცესა სამეფო ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებლად დაქორწინდა. მარკსა და ანას ორი შვილი შეეძინათ: პიტერი და ზარა, თუმცა წყვილის ქორწინება 1992 წლამდე გაგრძელდა. ვიდრე ოფიციალურად განქორწინდებოდნენ, პრინცესა ანა 3 წლით ადრე უკვე აღარ ცხოვრობდა თავის ქმართან. მაშინ წერდნენ, რომ პრინცესას ქმარმა "ვარსკვლავური ქორწინების" გამოცდა ვერ ჩააბარა.
პრინცესა ანა და მარკ ფილიპსი
იქამდე პრინცესა ანას სამეფო ოჯახის მცველთან რომანს მიაწერდნენ. მამაკაცი, სახელად კროსი, მათთან 1979 წელს მუშაობდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია, დედოფალი ელისაბედი ამ ფარული ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. 1983 წელს კროსი თავის ახალ სიყვარულს, ჯილიანს შეხვდა და პრინცესა ანასთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა. მოგვიანებით კი მამაკაცმა ეს ამბავი ტაბლოიდებს დიდი თანხის სანაცვლოდ მიჰყიდა. მან თქვა, რომ პრინცესა ანა მას კოდური სახელით "მისის უოლისით" მოიხსენიებდა. ფსევდონიმი, სავარაუდოდ, ედუარდ VIII-ის ამერიკელი მეუღლის უოლის სიმპსონის ფიგურით იყო შთაგონებული. დიდი ბრიტანეთის ყოფილი მეფე, რომელმაც ტახტი ამერიკელი ქალის გულისთვის მიატოვა, ანას ბაბუის ძმა იყო.
კროსთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, პრინცესა ანამ ახალი რომანი წამოიწყო. მისი რჩეული ამჯერად სარდალი ტიმოთი ლოურენსი იყო. ამ ამბის შესახებ საზოგადოებისათვის 1989 წელს გახდა ცნობილი. პრინცესა ანას სასიყვარულო წერილები მოჰპარეს და პრესაში გამოაქვეყნეს. წერილები The Sun-მა გამოაქვეყნა და ელისაბედ II-ის ქალიშვილი კვლავ პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. სამეფო ოჯახმა ამ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ წერილები უკანონოდ იყო წაღებული და საქმეს პოლიციას გადასცემდნენ. ინსაიდერები წერდნენ, რომ პრინცესა ანა აღნიშნულ წერილებში აბსოლუტურად გულწრფელი გახლდათ. თავად ელისაბედ II-ს კი გავრცელებულ ინფიორმაციაზე განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, პრესისთვის ეს ამბავი უფრო მეტად იმიტომ იყო საინტერესო, რომ პრინცესა ანას ქორწინება მის პირველ მეუღლესთან, ფილიპსთან, ოფიციალურად კვლავ გრძელდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ურთიერთობის პერიოდში არა მხოლოდ პრინცესა ანა დაადანაშაულეს ღალატში, არამედ მისი პირველი ქმარიც. ხელოვნების მასწავლებელმა, რომელიც ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ პრინცესა ანას ქმარი მისი შვილის მამა იყო და 6 წლის გოგონას ერთად ზრდიდნენ. ფილიპსი ამ ინფორმაციას უარყოფდა, მაგრამ ჰიზერ ტონკინი დნმ-ის ანალიზს დაჟინებით მოითხოვდა. როგორც გაირკვა, მათი ურთიერთობა 1984 წელს დაიწყო. ანაზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა... მათი განქორწინების პროცესი ოფიციალურად 1992 წელს დასრულდა. იმავე წლის დეკემბერში კი მან ლოურენსზე იქორწინა. ამჯერად ჯვრისწერა შოტლანდიაში შედგა. ლოურენსი რაინდი იყო. ის ასევე Anne's Charities Trust ფონდის მრჩევლად დანიშნეს. დღეს წყვილი ბედნიერად ცხოვრობს სენტ-ჯეიმსის სასახლეში და უკვე ოთხ შვილიშვილს ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილს საერთო შვილები არ ჰყავს.
პრინცესა ანა და ტიმოთი ლოურენსი
ვიდრე პრინცესა ანას ისტორიის მოყოლას დავასრულებთ, მასზე კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია უნდა გავიხსენოთ. 1970-იანი წლების დასაწყისში, დედოფალ ელისაბედ II-ის ქალიშვილი ენდრიუ პარკერ-ბოულზს შეხვდა. ის მაშინ კამილა პარკერ-ბოულზის ყოფილი შეყვარებული იყო - მეფე ჩარლზის ახლანდელი მეუღლის. სასიყვარულო სამკუთხედი დედოფლის ორი შვილის მონაწილეობით შეიკრა. ზოგიერთი ბიოგრაფი ამბობს, რომ ენდრიუ პარკერ-ბოულზი ნამდვილად ხვდებოდა პრინცესა ანას, თუმცა ხანმოკლე რომანის შემდეგ მეგობრებად დარჩნენ...