"მათ მიაწერენ ისეთ იარლიყებს, როგორიცაა "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი", "მოუსვენარი", "უზრდელი, თავხედი" - პრობლემა, რომელიც მშობელს ჰგონია, რომ წლებთან ერთად, თავისთავად მოგვარდება
თითქმის ყველა ბავშვთან გვხვდება სიტუაცია, როცა მათი ქცევა უკონტროლოა, გაუჩერებლად ხმაურობენ, ჭირვეულობენ, კონფლიქტი აქვთ თანატოლებთან, უჭირთ რიგის დაცვა და საფრთხის განსაზღვრა, ყურადღების კონცენტრირება, დაწყებულის ბოლომდე დასრულება და უფროსის მითითებების მოსმენა. ადრეული ასაკისთვის ეს სირთულეები ბუნებრივია და ასაკის მატებასთან ერთად ქრება: ბავშვები სწავლობენ საკუთარი სურვილის გადავადებას, რიგის დაცვას, მოქმედების წინ დაფიქრებას. დროის გასვლასთან ერთად, ისინი უფრო ყურადღებიანი, ფრთხილი, მოწესრიგებული და ნაკლებად გულმავიწყები ხდებიან. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ასეთი სახის სირთულეები ხანგრძლივდება, ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის და ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს უარყოფითად. ბავშვს იმდენად უჭირს ყურადღების კონცენტრირება, იმპულსის შეკავება თუ საკუთარი მოქმედებების მართვა, რომ ამის გამართლება ასაკობრივი თავისებურებებით შეუძლებელი ხდება. პრობლემები ექმნებათ სწავლის, უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში. ხშირად დაცინვის, იზოლაციისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნიც კი ხდებიან; მათ მიაწერენ ისეთ იარლიყებს, როგორიცაა "ზარმაცი", "უზრდელი" "ცუდი ბავშვი"და ა.შ. ამასთან გამკლავება კი მარტივი არ არის როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის; შედეგად, ფსიქო-ემოციური პრობლემებიც იჩენს თავს. მიზეზი კი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომია.
რას ნიშნავს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, რა დაავადებაა, რა დარღვევაა, რომელ ასაკში ვლინდება და რა ზიანი მოაქვს ადამიანისთვის - ამ თემაზე Mshoblebi.ge-სთან ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
დარეჯან თოლორდავა საუბრობს.
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, იგივე ADHD, ნეირობიოლოგიური დარღვევაა და ხასიათდება შემდეგი სახის კომპლექსური სიმპტომებით:
- მუდმივი და ასაკის შეუსაბამო ყურადღების კონცენტრაციის სირთულეებით - ვერ ახერხებს ერთი აქტივობაზე დიდხანს კონცენტრირებას, ადვილად ეფანტება ყურადღება;
- იმპულსურობით - მოქმედებს დაუფიქრებლად, შედეგის გათვალისწინების გარეშე;
- ჰიპერაქტივობით - ძალიან აქტიურია, მოძრაობს ბევრს და გადაჭარბებულად;
ფუნქციონირების დარღვევით და მახასიათებლის მიხედვით გამოიყოფა ADHD სამი ძირითადი ტიპი:
- უყურადღებობის ტიპი. ამ ჯგუფში მშვიდი და წყნარი ბავშვები შედიან, რომლებსაც ყურადღების კონცენტრაციის სირთულეები აქვთ, თუმცა არ არიან იმპულსურები და ჰიპერაქტიურები. ისინი გარშემომყოფებს არ "აწუხებენ’’, რის გამოც, მათი პრობლემები ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
- ჰიპერაქტიულ-იმპულსური ტიპი. ამ ჯგუფის ბავშვებს ახასიათებთ ჰიპერაქტიური და იმპულსური ქცევა, თუმცა არ არიან უყურადღებოები.
- კომბინირებული ტიპი. ეს არის ADHD-ის ყველაზე გავრცელებული ტიპი და ამ ჯგუფის ბავშვები ხასიათდებიან, როგორც იმპულსურობის, ასევე ჰიპერაქტივობისა და უყურადღებობის ქცევითი გამოვლინებებით.
სირთულის მიხედვით ADHD სინდრომიც არის სამი სახის :
- სუსტი - როცა სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული
- საშუალო - სიმპტომები საშუალო სიმძიმით არის გამოხატული
- მძიმე - ერთდროულად ვლინდება რამდენიმე სიმპტომით, შესამჩნევია თანატოლებთან შედარებით ჩამორჩენა როგორც მათთან ურთიერთობისას, ისე აქტივობებისას.
- უფრო ზუსტად რომ აღგვიწეროთ, რომელ ასაკში, რა ნიშნებით ვლინდება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ბავშვებში. როგორია ამ დროს მათი ქცევა.
- სირთულეები თავს იჩენს სკოლამდელ ასაკში და სკოლაში ყოფნის დაწყებით საფეხურებზე. ვლინდება რამდენიმე, მინიმუმ ორ გარემოში, მაგალითად სკოლა და სახლი. აღნიშნული ქცევების გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას.
ბავშვს უჭირს:
- დავალების დაწყება და დასრულება დამოუკიდებლად, მითითების გარეშე ვერ ართმევს თავს.
- მისი ორგანიზება, დაგეგმვა, დროში ჩატევა;
- ინფორმაციის დამახსოვრება და გამოყენება, რაც ამ მოქმედებისთვის სჭირდება, გადამუშავება (მუშა მეხსიერება)
- თვითკონტროლი - საკუთარი ემოციების, აზრების თუ ქცევების გაკონტროლება;
- ადაპტაცია - ახალ სიტუაციასთან და ცვლილებებთან შეგუება;
- შეუპოვრობა, დავალებაზე კონცენტრირება, მიუხედავად იმისა რომ გადაჭრის გზა არ ჩანს და დავალების შესრულება ძალიან რთულია.
მთლიანობაში იგივეა, რაც აღმასრულებელი ფუნქციების მოუწიფებლობა და დეფიციტი, ეს ტერმინი ისეთ უნარებს აერთიანებს, რაც აუცილებელია ქცევის დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მშობელმა, სწორედ მათი გაუმჯობესება უნდა დაისახოს.
ბუნებრივია, რომ ქცევასთან და იმპულსის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები შედეგად სხვა მეორად სირთულეებს წარმოშობენ.
ADHD ის მეორადი სირთულეებია:
- აკადემიური სირთულეები
- უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების დეფიციტი
- მოტორული განვითარების პრობლემა
- ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სირთულეები
- ქცევითი დარღვევები
- თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეები
ADHD ის თანმხლები მდგომარეობებია:
- ოპოზიციური დევიანტური ქცევითი აშლილობა ან ქცევითი აშლილობა
- სენსორული ინტეგრაციის დარღვევა
- გუნება -განწყობის დარღვევები/დეპრესია
- შფოთვა
- დასწავლის უნარის დარღვევა;
ADHD ის სირთულეები განსაკუთრებით თავს იჩენს სტრუქტურირებულ გარემოში. პირველი "ვალდებულებების" გარემო კი სკოლაა, სწორედ ამიტომ ვხვდებით მის სიმძაფრეს პირველად სკოლაში მისვლისას, საშინაო დავალების ორგანიზების სირთულეებში; მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს ხშირად რჩება წიგნი, კარგავს ნივთებს, არ ჩაუნიშნავს საშინაო დავალება და ა.შ. მსგავსი პრობლემები შემდგომში ძალიან დიდ სირთულეებს ქმნის აკადემიურ მოსწრებაში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რამდენიმე საფეხურიანი დავალებების შესრულება, ასევე ქცევის, ემოციის მართვა და თანატოლებთან კონფლიქტები. რადგან უჭირს ორგანიზებული და მიზანმიმართული მოქმედებების შესრულება, აქვს მომატებული შფოთვა. შესაბამისად, ათმაგი ძალისხმევა სჭირდება საქმეში წარმატებისთვის. ზემოჩამოთვლილი სირთულეების გამო გარშემომყოფები ბევრ შენიშვნას აძლევენ და ამიტომაც აქვს დაბალი თვითშეფასება.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მახასიათებლები ხელს უშლის ბავშვს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ამიტომ ის გამოწვევების წინაშეა სახლშიც, სკოლაშიც და მეგობრების წრეშიც. ამასთან, სირთულეები ვლინდება მუდმივად და ასაკთან შეუსაბამოდ, რაც მატრავმირებელია ბავშვისთვის და მშობლისთვისაც.
სპეციფიკური სირთულეების პარალელურად, ინტელექტუალური ფუნქციონირება ხშირად ნორმის ფარგლებშია, მათ ბევრი ძლიერი მხარეც აქვთ, რასაც გამოვლენა და განვითარება სჭირდება. ამ შემთხვევაში, ბავშვის თვითშეფასება და ზოგადი ადაპტაციის ხარისხიც უმჯობესდება.
- რა არის ამ პათოლოგიის მიზეზი?
- ADHDის მიზეზი ბიოლოგიურია და გამოწვეული გენეტიკური საფუძვლით; განიხილება ისეთი რისკ ფაქტორები როგორიცაა: ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით მუცლად ყოფნის ან შემდგომ პერიოდში; ორსულობის განმავლობაში დედის მიერ ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება; მძიმე მეტალებით მოწამვლა (ტყვია, თუთია); შესაბამისად, აღნიშნული მდგომარეობის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა იმ პირობებში, ბიოლოგიური მიზეზების აღმოფხვრა რომ შეგვეძლოს. ამ მიზეზების კონტროლი კი თითქმის შეუძლებელია.
ამიტომ, ADHDის პრევენცია გულისხმობს მის ადრეულ აღმოჩენას და სირთულეების შემცირებას. პრობლემის ძირითად ობიექტს თავის ტვინის ფრონტალური არე და წილები წარმოადგენენ. ეს უბანი პასუხისმგებელია გადავჭრათ პრობლემები, დავგეგმოთ ჩვენი ქმედება, შევიკავოთ იმპულსები, და გავერკვეთ სხვათა ქცევაში. (აღმასრულებელი ფუნქციები) ADHD სინდრომის დროს თავის ტვინის ამ არეებში ხდება ნერვული იმპულსის გადაცემის დარღვევა. ახალი კვლევების საფუძვლებით და მონაცემებით (fMRI)სინდრომის ბიოლოგიურ საფუძველს თავის ტვინის შუბლის წილის პრეფრონტალურ არეებში ნეიროტრანსმიტერების, კერძოდ ნორეპინეფრინს დისბალანსი წარმოადგენს.
მშობლების აღზრდის სტილი, ოჯახური კონფლიქტები ან ეკრანთან გატარებული დიდი დრო არ მოიაზრება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მთავარ გამომწვევ მიზეზად. ეს ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბავშვის ყურადღებასა და ქცევაზე და ამძიმებენ მდგომარეობას, თუმცა ვერ იქნებიან ADHD-ის, როგორც კლინიკური მდგომარეობის გამომწვევნი.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ეს არ არის უბრალოდ ცელქი და უყურადღებო ბავშვი და რომ სჭირდება პროფესიონალის ჩარევა.
- მშობელმა დროული რეაგირება უნდა მოხდინოს, როდესაც ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევების გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას და ყოველდღიურ ყოფაში ხელისშემშლელია ბავშვისთვის და მშობლისთვისაც. საბედნიეროდ, აღნიშნული მდგომარეობის ადრეული გამოვლენა სწრაფი ჩარევის შესაძლებლობას იძლევა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მომავალში ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებას. ეს კი, სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად ხდება.
მშობელმა სპეციალისტს უნდა მიმართოს, თუ ბავშვი თანატოლებთან შედარებით:
უყურადღებოა, უჭირს დეტალებზე კონცენტრირება, გულმავიწყია; ხშირად გადადის ერთი აქტივობიდან მეორეზე; უამრავ ძალისხმევას ხარჯავს, როცა რამეზე ყურადღების მიმართვას ცდილობს; ნებისმიერი აქტივობა ძალიან ადვილად ბეზრდება; უჭირს დაგეგმოს მეცადინეობის პროცესი; შედეგად კი, რთულდება დასწავლა; უჭირს მეცადინეობის დაწყება და დასრულება; ხშირად კარგავს ნივთებს (წიგნები, ფანქარი და ა.შ); ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ისმენს, როდესაც ესაუბრებიან; უჭირს სხარტად აზროვნება და სწრაფი მოქმედება; ვერ ახერხებს, მიჰყვეს უფროსების მითითებებს.
ან
ბავშვს უჭირს ერთ ადგილას გაჩერება, მუდმივად ცქმუტავს და მოძრაობს; საუბრობს გაუჩერებლად; ჰკიდებს ხელს ყველაფერს და იწყებს თამაშს; უჭირს ჯდომა სადილობის თუ გაკვეთილების დროს. ამასთან, უჭირს მშვიდ საქმიანობაში ჩართვა, პასუხის წამოძახებისგან თავის შეკავება და ა.შ. მოუთმენელია; წამოიძახებს სიტუაციისთვის შეუსაბამო პასუხებს; თავშეკავების გარეშე ავლენს საკუთარ ემოციებს; მოქმედებს შედეგის გათვალისწინების გარეშე; უჭირს დაცდა, საკუთარი რიგისთვის დალოდება; ხშირად აწყვეტინებს სხვას საუბარს ან რაიმეს კეთებას, დაუფიქრებლად ამბობს იმას, რაც სხვას გულს დაწყვეტს.
- საქართველოში რამდენად გავრცელებულია ეს პათოლოგია და რამდენად აღიარებენ მას მასწავლებლები ან მშობლები. ან რამდენად არიან მშობლები და მასწავლებლები გაცნობიერებულნი ამ საკითხში, რათა დროულად მოხდეს პრობლემის გამოვლენა და ვითარების გამოსწორება?
- ADHD სინდრომის გავრცელება საშუალოდ 5 %-ს შეადგენს, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტია, რადგან 2019-22 წლებში ჩატარებულ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების ეპიდემიოლოგიურ კვლევაში თანმხლები სირთულეების მომართვიანობით ის ყველაზე ხშირი იყო. ჩვენნაირ ქვეყნებში ისეთ სირთულეებს, სადაც პრობლემა ფიზიკურ ჯანმრთელობას არ ეხება, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ საქართველოში როგორც ბევრი სხვა დარღვევა, ესეც ნორმალიზებულია. მათ ვხვდებით "ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია", "ცელქია", "მოუსვენარია", "უზრდელია, თავხედია" იარლიყების ქვეშ. ის აღიქმება როგორც ბავშვის თავისებურებად, სიზარმაცედ, სითამამედ ან შედარებით ლოიალური აღზრდის შედეგად. ამიტომ არ თვლიან, რომ საჭიროა სპეციალისტის დახმარება.
მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს აქვს ინფორმაცია ADHD ის შესახებ, მაგრამ სუსტი ფორმის იდენტიფიცირება უმნიშვნელო სიმპტომების გამო ხშირად არ ხდება. ხოლო საშუალო და მძიმე ფორმა ჩანს დასწავლის სირთულეებში, რთულ, ოპოზიციურ ქცევებში, რაც რეაგირებას თავისთავად მოითხოვს სკოლისა და მასწავლებლის მხრიდან.
რაც შეეხება მშობლებს, მათ უმეტესობასთან აღინიშნება აღიარების და მიმღებლობის მტკივნეული პროცესი. ის გადის რამდენიმე ფაზას:
- მშობელი უარყოფს, არ იღებს რეალობას და არ ეთანხმება მასწავლებელს/სკოლას;
- იძულებით იწყებს შეთანხმებას, თანახმაა რომ წაიყვანოს სპეციალისტთან ; (მაგრამ ხშირად მალავს ნეიროფსიქოლოგიურ დასკვნას)
- განიცდის ბრაზს და მრისხანებას , თითქოს ყველა მათ წინააღმდეგაა გაერთიანებული, როგორ უსამართლოდ ექცევა სკოლა, ბავშვს არ სჭირდება არანაირი სპეციალისტის ჩართვა, იწყებს სკოლების შეცვლას.
- დეპრესიის, მიღების /თანამშრომლობის ფაზა (ძალიან იშვიათად), როცა დროთა განმავლობაში ბავშვთან უფრო იკვეთება ასაკობრივ გამოწვევებთან გამკლავების სირთულეები, მშობელი დაბნეული, შეშინებული და სასოწარკვეთილია. თანდათანობით აცნობიერებს, რომ რეაგირების გარეშე სიტუაციის გაკონტროლება უფრო რთულდება. ამიტომ იწყებს გზების ძიებას და ცდილობს სპეციალისტებისგან პასუხების მიღებას. მიმართავს ფსიქოთერაპევტს, თუმცა თერაპიის პროცესი მაინც ბოლომდე იშვიათად მიჰყავს.
საბოლოოდ ვიღებთ ამ ყველაფერთან მარტო დარჩენილ მასწავლებელს და მშობლების მხრიდან უგულებელყოფილ, ყველაზე მეტად დაზარალებულ ბავშვს.
- როგორია ამ დარღვევის მკურნალობის გზები და პერსპექტივები?
- ADHD საჭიროებს კომპლექსურ ინტერვენციას
- ბავშვთა ფსიქიატრის ჩართვა, დიაგნოსტირება და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური თერაპია ანუ სტიმულანტების გამოყენება, რომლის დახმარებითაც ბავშვებს შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება, სწავლა და მშვიდად ყოფნა.
- ნეიროფსიქოლოგის ჩართულობით ხდება ბავშვის ინტელექტის და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების კვლევა, სუსტი მხარეების გამოვლენა და მისი გაძლიერება, აკადემიური სირთულეებისა და მასთან დაკავშირებული სასკოლო შფოთვის შესამცირებლად.
- მშობლის ბავშვთან ურთიერთობის ფსიქოთერაპია, ოჯახის წევრების, მასწავლებლის ფსიქოგანათლება და თანამშრომლობა. 12 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება მიმართულია მშობლებზე, რადგან მშობელი ADHD გამოწვეული სირთულეების დაძლევასა და მართვაში ბავშვის ძირითადი საყრდენი და დამხმარეა.
- უშუალოდ ბავშვთან ფსიქოთერაპია, რომელიც ქცევის, ემოციებისა და იმპულსების მართვაში, მეორად, თანმხლებ და მატრავმირებელ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება.
- როგორ ცხოვრობენ ამ სინდრომის მქონე ადამიანები ზრდასრულ ასაკში?
- ადამიანებთან, რომელთანაც ვიკვეთები თერაპიაში,(ბავშვები, მოზარდები ასევე მოზრდილები) უმეტესობასთან შეინიშნება "არადიაგნოსტირებული" ADHD ის აქცენტუაცია, რადგან ძირითადად მიწევს მის მეორად და კომორბიდულ/თანმხლებ სირთულეებთან მუშაობა.
ADHD ის მქონე ადამიანებს ზრდასრულობის ასაკში მუშაობისას ძალიან უჭირთ განსაზღვრულ ვადაში დავალების შესრულება, დროის მართვა, ორგანიზება და საქმის სწორად დაგეგმვა, პროფესიის არჩევა, საკუთარი თავის პოვნა, რეალიზება და ამით სიამოვნების მიღება, ხშირად იცვლიან სამსახურს , კარგავენ ნივთებს, არ უყვართ რუტინა, ვლინდება თვითდისციპლინის, ემოციის, იმპულსის და ბრაზის მართვის, ახალ გარემოსთან ადაპტირების სირთულეები, დაბალი სტრესგამძლეობა, ამ ყველაფერთან დაკავშირებული მაღალი შფოთვის დონე და დაბალი თვითშეფასება. მიდრეკილია დეპრესიისკენ, ხშირად ნივთიერების ავად მოხმარებისკენ: მძიმე შემთხვევებში კი ანტისოციალური და ქცევითი აშლილობებისკენ.
მოზრდილი ადამიანი ფსიქოთერაპიაში ძირითადად მოჰყავს ADHD ის თანმხლებ სხვადასხვა მდგომარეობებს და ეს შეიძლება იყოს: დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა, გახანგძლივებული პოსტრავმული სტრესული აშლილობა, მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა;
ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა
- არ არის ბავშვის არჩევანი
- არ არის ხასიათის გამოვლინება
- არ არის დასწავლილი ქცევა
- არამედ
- ის არის სამედიცინო მდგომარეობა ,
- ქიმიური დისბალანსის შედეგი
- მნიშვნელოვანი სირთულე
- მნიშვნელოვანი გამოწვევა ბავშვებისთვის,მისი ოჯახისთვის და სკოლისთვის.