ექიმი
გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში
"მთავარი დიაგნოზი" 8 სუპერსაკვებს ასახელებს, რომლებიც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის ყველაზე მეტად სჭირდება:
- ბავშვის სხეული ვითარდება და მან ყველა ელემენტი, ვიტამინი დროულად და საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განვითარება ფერხდება, არა მარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, იზღუდება გონებრივი რესურსიც. მე რომ მშობელი ვიყო, დილის საათებში ბავშვს კვერცხსა და იოგურტს მივცემდი. კვერცხში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება. კვერცხის ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა ბავშვისთვის იდეალური საკვებია. მაგრამ, ყვითრიც (კვერცხის გული) არ უნდა დაგვავიწყდეს. მასში B ვიტამინი ძალიან დიდი რაოდენობითაა. მათ შორის, B12 ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება. ასევე, ნივთიერება ქოლინი. მოცემული ნივთიერება ბავშვს იმისათვის სჭირდება, რომ აცეტილქოლინი წარმოქმნას, ეს კი თავის ტვინის ნეირომედიატორია, რისი საშუალებითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამიტომ, კვერცხი იდეალური საკვებია. აქვე დავამატოთ იოგურტიც. მასში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები. ეს კი კბილების, ძვლების ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი. იოგურტში ასევე საკმარისი რაოდენობითაა პრობიოტიკებიც. იგი ბავშვის მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასაზრდოებს. ეს კი მას იმისათვის სჭირდება, რომ იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.
სკოლაში წასვლისას ასევე ბავშვს გავატანდი ბანანის, სტაფილოსა და ავოკადოს დაბლენდერებულ მასას. სტაფილოში A ვიტამინია, რომელიც თვალის ბადურას ეხმარება, რომ ყველაფერი კარგად დავინახოთ. ბავშვი მთელი დღე კითხულობს, ამიტომაც მის თვალებს სწორად ჩამოყალიბებული ბადურა სჭირდება. სტაფილოში არსებული A ვიტამინი მხოლოდ მხედველობას არ ეხმარება - კანსაც აუმჯობესებს. ბავშვებში კანი საკმაოდ პრობლემური ორგანოა. საკმარისია გამონაყარი გაჩნდეს, რომ მისი სოციალური აქტივობა მცირდება. ამიტომ, სტაფილო კარგი გამოსავალი იქნება როგორც თვალისთვის, ასევე კანისთვისაც. გარდა ამისა, ბანანში არსებული მარტივი ნახშირწყლები იდეალური გამოსავალია ენერგიის აღსადგენად. ასევე, მასში კალიუმიცაა. ძალიან ბევრი B ვიტამინიცაა, მათ შორის, B6, B1 B12. გარდა ამისა, ბანანში დიდი რაოდენობითაა სეროტონინი, რაც ასევე ეხმარება ბავშვს, რომ გუნება-განწყობა შეინარჩუნოს. რატომ მაინცდამაინც ავოკადო? - მასში ძალიან ბევრი ამინომჟავაა. ცილოვანი საკვების კუთხით ავოკადო იდეალურია. ამიტომ, ავოკადოს, სტაფილოსა და ბანანს დავაბლენდერებდი და ბავშვს სკოლაში გავატანდი.
რა შეიძლება გავაკეთოთ შუადღეს? - ადამიანს ენერგია რომ ჰქონდეს, საკვები სჭირდება, თუმცა საკვებთან ერთად სჭირდება ჟანგბადიც. იმისათვის, რომ ჟანგბადი გვქონდეს, ჰემოგლობინი გვჭირდება, ჰემოგლობინს კი - რკინა. ამიტომაც, ბავშვს უნდა მივცეთ ისეთი საკვები, რომლებიც რკინას შეიცავს. პატარა რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ, თუ გინდა, რომ რკინა გქონდეს და ჰემოგლობინი წარმოქმნა, ყურძნის წვენი დალიეო. თუმცა, ყურძნის წვენში იმ რაოდენობის რკინა არ არის, რომ ბავშვის ჰემოგლობინის დონე აწიოს. წითელ ხორცში არის ცილა, რომელიც იმ რკინას შეიცავს, რასაც ბავშვი ადვილად ითვისებს. ამიტომ, ხორცის მიცემა იდეალური იქნებოდა. თუმცა, ხორცზე ხელი ყველას არ მიუწვდება, საკმაოდ ძვირიც ღირს. ამიტომ, შეგიძლიათ ხორცი პერიოდულად მისცეთ, მის ნაცვლად კი მარცვლეული გამოიყენოთ. ქათმის ხორცშიცაა საკმარისი რაოდენობით რკინა, მაგრამ ასევე დიდი რაოდენობითაა ვიტამინი B6, რაც ენერგიის აღდგენაში გვეხმარება.
საღამოს საათებში შეიძლება მივცეთ წითელი კარტოფილი. მასში ძალიან ბევრი ბოჭკოა, რაც მსხვილ ნაწლავს სწორ პერესტალტიკაში ეხმარება. გარდა ამისა, წითელ კარტოფილში დიდი რაოდენობითაა კალიუმი. კალიუმი ბავშვს სჭირდება, რომ მისი კუნთოვანი და ნერვული ქსოვილი სწორად განვითარდეს.