როდესაც დაწყებით საფეხურზე ბავშვს სწავლა უჭირს, წერა-კითხვა, ანგარიში კარგად არ შეუძლია, შესაძლოა ეს სულაც არ უკავშირდებოდეს სიზარმაცეს ან უმოტივაციობას და მას გარკვეული პრობლემები ჰქონდეს. თუ ბავშვს მათემატიკის სწავლა არ შეუძლია და მარტივი საკითხების გაგებასაც ვერ ახერხებს, ნუ იტყვით, რომ "ჰუმანიტარია" და მათემატიკა არ გამოსდის, ან კიდევ ზარმაცობს. დისკალკულია ბავშვებში გავრცელებული პრობლემაა, თუმცა მისი ამოცნობა და გამოსწორება ადრეულ ეტაპზევეა შესაძლებელია. პირველ რიგში, კარგად რომ განვმარტოთ, დისკალკულია არის დარღვევა, როდესაც ბავშვს თვლა და არითმეტიკული მოქმედებების შესრულება არ შეუძლია. ხშირად ბავშვები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, რაოდენობას კარგად ვერ აღიქვამენ. ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ამ დარღვევას ბავშვებში, უცნობია, მაგრამ სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს მაინც ასახელებენ. ეს შეიძლება იყოს: რთული ორსულობა ან მშობიარობა, თავის ტრავმები, ნეიროინფექციები და გენეტიკურად განსაზღვრული დეფექტები.
სპეციალისტების თქმით, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ბავშვებს იმ საგნებისა და ობიექტების რაოდენობის სწრაფად აღქმა არ შეუძლიათ, რომლებსაც ხედავენ. მაგალითად, თუ მაგიდაზე 3 ვაშლია, ბავშვი ვიდრე სათითაოდ არ გადათვლის, ვერ იტყვის, რამდენია. ასევე, შესაძლოა რიცხვებით დაწერილი მოქმედება ვერ შეასრულოს. დაწერილი რიცხვების ჯამს ისე ვერ გამოთვლის, თუ საგნები არ დაითვალა და იმის მიხედვით არ შეკრიბა. მაგალითად, ციფრი "2"-ის ნაცვლად, 2 ფანქარი უნდა გამოიყენოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი ბავშვებისთვის ძალიან რთულია დროისა და განვლილი მანძილის გაგება. ხშირად კი დისკალკულიასთან ერთად მოძრაობის კოორდინაციის პრობლემებიცაა გამოხატული.ასევე, შესაძლოა ბავშვმა თქვას, რომ მაგიდაზე 3 ვაშლია, მაგრამ ეს ციფრად ვერ დაწეროს. რა თქმა უნდა, აქ საუბარია სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც არითმეტიკული ნიშნების გარჩევა, მოქმედებების შესრულების თამნიმდევრობის განსაზღვრა უჭირთ და ვერც გამრავლების ტაბულას იმახსოვრებენ. ამიტომაც, სპეციალისტების მთავარი რჩევაა, თუ სკოლის მოსწავლეებში მსგავს პრობლემას შენიშნავთ, ფსიქოთერაპევტს მიმართეთ და შემდეგი ნაბიჯები დაგეგმეთ. სახლში კი შეგიძლიათ შვილს "მაღაზიობანა" ეთამაშოთ, რაღაცები გაყიდოთ, ერთად იანგარიშოთ, საგნები დაახარისხოთ, საათის ისრები გამოიყენოთ, ციფრები დაასახელებინოთ და ასე შემდეგ.