1950 წლის იანვრის ცივ დილას, მოსკოვის ერთ-ერთ სამშობიაროში, ეკატერინა კრივოშლიაპოვამ სიამის ტყუპი - მაშა და დაშა გააჩინა. ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთდა, ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ კი ბებიაქალმა უთხრა, რომ "მუტანტები" გააჩინა...
გოგონებს სამი ფეხი ჰქონდათ, ექიმები კი მშობლებისთვის მათ გადაცემაზე უარს ამბობდნენ. აცხადებნდნენ, რომ ახლა ისინი სახელმწიფოს ეკუთვნოდნენ და უცნაურ არსებებს უნდა დაკვირვებოდნენ. მიუხედავად კატეგორიული გადაწყვეტილებისა, ერთ-ერთმა ექთანმა სიკეთე გამოიჩინა და ღამით ეკატერინას ტყუპი გოგონა ჩუმად აჩვენა. დედას შვილების დათმობა არ სურდა. საავადმყოფოს რომ ზედმეტი სკანდალი და დაპირისპირება თავიდან აერიდებინა, გადაწყვიტეს, მშობლებისთვის ეთქვათ, რომ ბავშვები პნევმონიით გარდაიცვალნენ. დოკუმენტების გაყალბებაც მარტივად მოახერხეს...
მაშასა და დაშას მამა ლავრენტი ბერიას პირადი მძღოლი იყო და არ სურდა, ზედმეტი ხმაური გამოეწვია. ამიტომ, ქალიშვილების გარდაცვალების მოწმობას ხელი მოაწერა და აღარც უცდია იმის გარკვევა, თუ რა დაემართათ ბავშვებს რეალურად. მის მეუღლეს კი გოგონების "სიკვდილის" შედეგად მიღებული უკიდურესი შოკისა და სტრესის გამო ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა და მომდევნო ორი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. გაწერის შემდეგ, ეკატერინა ცდილობდა გაერკვია, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ, ამაოდ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, დედამ და შვილებმა იპოვეს თუ არა ერთმანეთი: სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები განსხვავებულია.
...სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის გოგონები იდეალურ ვარიანტად ჩაითვალნენ. მაშასა და დაშას ერთი და იგივე სისხლის მიმოქცევის, მაგრამ განსხვავებული ნერვული სისტემა ჰქონდათ. ფიზიოლოგებს კი აინტერესებდათ, როგორ თანაარსებობდნენ ისინი ერთ ორგანიზმში. მას შემდეგ, რაც საავადმყოფომ მენეჯმენტს შეატყობინა, რომ მათ კლინიკაში "მუტანტები" დაიბადნენ, კრემლიდან მაშინვე მოითხოვეს, გოგონები ექსპერიმენტებისთვის გაეგზავნათ. საბჭოთა ფიზიოლოგმა პიოტრ ანოხინმა ტყუპზე თქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წელი იცოცხლებდნენ, ამიტომაც კვლევის დაწყება დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ. გოგონები სსრკ-ს სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტში გადაიყვანეს და იქ 6 წელი გაატარეს.
მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ყველაფერზე შეემოწმებინათ და ენახათ, რა დაემართებოდათ, მაგალითად, ძილის ნაკლებობის, შიმშილის ან კიდევ ტემპერატურის უეცარი ცვლილების ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ბავშვების პირდაპირი წამება იყო და ყველა ინფორმაცია უმკაცრესად გასაიდუმლოებული გახლდათ. პასუხისმგებელი პირების გარდა, არავინ იცოდა, რა ხდებოდა.
გოგონებს სხვადასხვა წამალს ასმევდნენ. ერთ-ერთ დას რადიოაქტიური იოდი მისცეს, რომ ენახათ, როგორ იმოქმედებდა ეს მეორე დაზე. ასევე, ერთ-ერთი მათგანი ყინულის ტომარაში მოათავსეს, რათა ენახათ, მეორე როგორ გაძლებდა და ტემპერატურას შეინარჩუნებდა თუ არა... ბავშვების ტანჯვა 6 წელი გაგრძელდა.
თავდაპირველად, ფიზიოლოგებს არ ესმოდათ, მიუხედავად საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემისა, გოგონებს სხვადასხვა დაავადება რატომ ჰქონდათ. დაშას სუსტი იმუნიტეტი და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა, მაშას კი - ჰიპერტენზია და სრულყოფილი მხედველობა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? - საერთო სისხლი, საჭმლის მომნელებელი, ექსკრეციული, ენდოკრინული სისტემები, მაგრამ განსხვავებული დაავადებები. ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი ნერვულ სისტემას ეხებოდა და ტყუპის განცალკევება დაგეგმეს.
1956 წელს დაშა და მაშა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს, რათა ექსპერიმენტი დაესრულებინათ. იმ დროისთვის სტალინი, რომელიც ექსპერიმენტების შედეგებით დაინტერესებული გახლდათ, უკვე გარდაცვლილი იყო.
ინსტიტუტში გოგოებს მესამე ფეხი მოაჭრეს, რომელიც განუვითარებელი იყო. შემდეგ კი ყავარჯნებით სიარული ასწავლეს და საბაზისო განათლება მიაღებინეს. ახალი დაწესებულების თანამშრომლები გოგონებს სიყვარულით ეპყრობოდნენ: განყოფილებაში მათი დაბადების დღეც აღნიშნეს, ლამაზად გამოაწყვეს და ბედნიერი დღეები აჩუქეს.
გოგონებმა ადრეული ბავშვობიდან იცოდნენ, რომ სხვებს არ ჰგავდნენ და მათ ირგვლივ უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი იყო. მაგრამ სლავიკი, რომელიც იმავე სართულზე ცხოვრობდა, სულ სხვაგვარად იქცეოდა. პოლიომიელიტისგან მოზარდს ხელები და ფეხები დაუზიანდა, თუმცა ამ ფაქტს 15 წლის დაშას შეყვარებაში ხელი არ შეუშლია. პაემნები კი ასე იმართებოდა: დები ბაღში, ალუბლის ხის ქვეშ ისხდნენ, მათთან კი ეტლით სლავიკი მიდიოდა და მაგნიტოფონს რთავდა...
დაახლოებით რვა წლის განმავლობაში დები კრივოშლიაპოვები ინსტიტუტში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდნენ. შემდეგ კი სამხრეთ რუსეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პანსიონში გაგზავნეს. თავიანთი ცხოვრების განმავლობაში გოგონებმა 5 სახელმწიფო ინსტიტუტი გამოიცვალეს და როგორც უკვე წაიკითხეთ, საშინელ პირობებში იცხოვრეს.
მოზარდობის ასაკში გოგონებმა განსხვავებული ხასიათი სულ უფრო მეტად გამოავლინეს. ერთ-ერთი ექიმის თქმით, რომელიც დებს აკვირდებოდა, განსხვავება იმდენად აშკარა იყო, რომ არ სცოდნოდათ, სიამის ტყუპი იყვნენ, იფიქრებდნენ, რომ დაშა პროფესორთა ოჯახში გაიზარდა, მაშა კი - გაუნათლებელი ადამიანების წრეში. დაშა კეთილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე გოგონა იყო, მაშა კი მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც თავად სურდა, ეწეოდა და ცუდად იქცეოდა. ჟურნალისტი ჯულია ბატლერი, გოგონებს დაუმეგობრდა, შედეგ კი წიგნი დაწერა სახელწოდებით The Less You Know The Sounder You Sleep. ქალმა წიგნში ტყუპის ცხოვრების შესახებ აღწერა.
ჟურნალისტის თქმით, მაშა ნამდვილი ფსიქოპათი იყო, რომელიც თავის დას დასცინოდა. სწორედ მან გაუფუჭა სლავიკთან ურთიერთობა. მაშა ფიქრობდა, რომ დაშა მხოლოდ მას ეკუთვნოდა და წყვილის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. შემდგომ კი უარესი რამ მოხდა - თავის დას ალკოჰოლის დალევას აიძულებდა, რომ სიმთვრალე თავად ეგრძნო... შეგახსენებთ, რომ მათ სისხლის მიმოქცევის საერთო სისტემა ჰქონდათ. თავად დალევა არ შეეძლო, ნაღველი აწუხებდა, ამიტომაც დაშას ასმევდა. დაშას კი ალკოჰოლი სძულდა, მაგრამ იძულებული იყო, დის ყველა ახირება შეესრულებინა. ასევე, მაშა მას მაკიაჟის გაკეთების, სამკაულების ტარების უფლებას არ აძლევდა და იქამდეც მივიდა, რომ გოგონას სცემდა, თუ მის ბრძანებებს არ შეასრულებდა.
დაშას ნორმალური ცხოვრება სურდა, უდნოდა, რომ ვინმე შეჰყვარებოდა, განათლება მიეღო, ემუშავა, ჩვეულებრივი ადამიანივით ყოფილიყო. ყოველთვის, როცა გამოჩენილი ქირურგები მათ ოპერაციას სთავაზობდნენ, საკუთარ დას იმედიანი თვალებით უყურებდა, თუმცა მაშა კატეგორიულ უარს ამბობდა. წაროიდგინეთ, რა რთულია: ერთ სხეულში ცხოვრობდა სათუთი სულიც და სასტიკი ადამიანიც...
ბოლო 15 წლის განმავლობაში დები ვეტერანთა სახლში ინვალიდობის პენსიით ცხოვრობდნენ და ცნობისმოყვარე ადამიანებთან გამკლავება მუდმივად უწევდათ. 53 წლის ასაკში მაშას ღამით გულის შეტევა განუვითარდა. დაშამ როგორც კი თავი ცუდად იგრძნო, ექიმებს დაუძახა. ექიმებმა მას სასწრაფო ოპერაცია შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა... 17 საათის შემდეგ დაშა სისხლის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.