"დილით ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში მშიერი მიდის, რაც დაუშვებელია... დაღლილობის, მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შეიძლება არასრულფასოვანი კვება და შიმშილი გახდეს" - პედიატრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე - მშობლები

"დილით ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში მშიერი მიდის, რაც დაუშვებელია... დაღლილობის, მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შეიძლება არასრულფასოვანი კვება და შიმშილი გახდეს" - პედიატრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

2022-10-11 10:34:10+04:00
პროდუქტების გაძვირებამ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს კიდევ უფრო გაურთულა ხარისხიანი საკვები პრიდუქტების შეძენა. არასრულფასოვანი კვების პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ოჯახს აწუხებს. მშობლები შვილებისთვის ნატურალური პროდუქტების შეძენას ვერ ახერხებენ და სხვადასხვა, არაჯანსაღი ალტერნატივის მოძებნა უწევთ. სოციალური სიდუხჭირის ფონზე კი ევრი ბავშვი ვერ იღებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობით.

გვანცა ზარიძე ორგანიზაცია "სიგმას" დამფუძნებელია. იგი სოციალურად დაუცველ ოჯახებს უკვე 5 წელია ეხმარება და ამ წლების განმავლობაში თავისი დაკვირვების შედეგი და დაგროვილი გამოცდილება გაგვიზიარა. მან რამდენიმე პრობლემა გამოკვეთა, რაც ღარიბ ოჯახებს ხშირად აწუხებთ:

"ჩემი ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმლით ეხმარება. პერიოდულად, ბავშვებისთვის წიგნებიც მიგვაქვს. 5 წელია, რაც ამ ადამიმიანებს ვეხმარებით და ბევრ მათგანს ვიცნობთ. სოციალური სიდუხჭირის ფონზე, ბევრ ოჯახში ბავშვები პათოლოგიებით იბადებიან, ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. თანდაყოლილი გულის მანკი, სხვადასხვა დაავადება აღენიშნებათ. ახალშობილებში ნაწლავური ინფექციები საკმაოდ ხშირი პრობლემაა. პროდუქტებს, ხორცს საეჭვო ადგილებში ყიდულობენ, სადაც შენახვის პირობები დარღვეულია და მოწამვლის შემთხვევებიც ხშირია. ბავშვებს გონებრივი ჩამორჩენაც აქვთ და ეს კომუნიკაციაშიც იგრძნობა. ორსულობის პერიოდში კი ქალები მასობრივად არასრულფასოვნად იკვებებიან და ვფიქრობ, ბევრი პათოლოგია სწორედ აქედან მოდის", - ამბობს გვანცა ზარიძე.

რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია ბავშვებში საკვები ნივთიერებების ნაკლებობას, რას იწვევს შიმშილი და რა რისკის ქვეშ არიან ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში საუზმის გარეშე მიდიან, პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება

- როდესაც ბავშვს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით დაბალანსებული რაციონი არ აქვს, ეს ფაქტი ძალიან ბევრი დაავადებისა და დარღვევის წინაპირობა ხდება. საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ორგანოთა სისტემის ფორმირებას პირდაპირ უკავშირდება, გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, გულ-სისხლძართვთა, ძვალ-სახსროვან სისტემებზე, მეხსიერებაზე, გონებრივ განვითარებაზე, მხედველობაზე - არ არსებობს ორგანო, რომ ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყველა კომპონენტი არ სჭირდებოდეს. ბავშვი ნატურალურ პროდუქტებს უნდა იღებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მშობელს ხშირად ამის საშუალება არ აქვს. ხორცის, თევზის შეძენას ვერ ახერხებენ, ეს კი აუცილებლად აისახება მის ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, ორგანოთა სისტემის საკმაოდ მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვი შიმშილობდეს. ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბავშვმა მაინც არ იშიმშილოს. ცალკე პრობლემაა ბაზარზე არაჯანსაღი და დაბინძურებული პროდუქტების არსებობა. უამრავი ისეთი დანამატია, რაც ბავშვის ზრდასა და განვითარებას აფერხებს და ჯანმრთელობას აზიანებს. აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რომლებშიც ისეთი დანამატებია, რომლებიც შენახვის ვადას ახანგრძლივებს, ჯანმრთელობისთვის საშიშია. არასასურველი დანამატები პროდუქტებს გემოვნებას უცლიან და საკვები საკმაოდ გემრიელია, შესაძენადაც იაფია და მშობელს, სამწუხაროდ, ხშირად სხვა გზა არ აქვს. ეს ყოველივე კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე აუცილებლად აისახება. ბოლო პერიოდში ჩივილებით განსაკუთრებით ბევრი ბავშვი მოდის. ყაბზობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. გასტირების რიცხვმა კი საგრძნობლად მოიმატა. აღნიშნული პრობლემა 3-4 წლის ბავშვის შემთხვევაშიც გვინახავს. ასეთ მცირე ასაკში წყლულის შემთხვევებიც კი გვაქვს. ეს ყველაფერი არასრულფასოვანი, უხარისხო საკვებისგანაა გამოწვეული.

- შესაძლებელია, რომ ბავშვის წონა ნორმალური იყოს, მაგრამ ამ დროს იგი სრულფასოვნად არ იკვებებოდეს და მის ორგანიზმს საჭირო ნივთიერებები აკლდეს?

- დიახ, შესაძლებელია ეს დანაკლისი წონაზე სულაც არ აისახოს იმიტომ, რომ ხშირად ბავშვები ფუნთუშებს, მაღალკალორიულ პროდუქტებს იღებენ. მუდმივად მაკარონით, კარტოფილით, მარგარინით, არაჯანსაღი ცხიმებით კვება გამოიწვევს იმას, რომ ბავშვს ფიზიკურად სისუსტე არ შეეტყობა, მაგრამ შესაძლოა ანემია განვითარდეს, ნერვული სისტემა დაზიანდეს. განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის პრობლემები გააქტიურდეს. წონის სპეციალური პარამეტრები არსებობს, რომლებიც მშობლებს მარტივად შეუძლიათ ნახონ, ექიმთან გაიარონ კონსულტაცია და შეადარონ. მთავარია, ბავშვი არ ავადობდეს. როდესაც ნორმაზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ზოგს ქრონიკული დაავადებები აწუხებს, თუნდაც ქრონიკულო ტონზილიტები, ადენოიდიტები, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ზრდა-განვითარებისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორია და სპეციალისტის შეფასება სჭირდება.
mshoblebi

- შეიძლება არასრულფასოვანი კვება სწავლაში ჩამორჩენის, მუდმივი დაღლილობის ან გაღიზიანების მიზეზი გახდეს?

- ქრონიკული დაღლილობის, გონებაგაფანტულობის, მეხსიერების დაქვეითების მიზეზი შესაძლებელია სწორედ არასრულფასოვანი კვება და შიმშილი გახდეს. დილით ძალიან ბევრი ბავშვი სკოლაში მშიერი მიდის, რაც დაუშვებელია. მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ეს შემდგომში კუჭ-ნაწლავის დაზიანებას გამოიწვევს. მშიერი ბავშვი მიწოდებულ ინფორმაციას ვერ აითვისებს. გონებაგაფანტულობა, უყურადღებობაც ძალიან ხშირად არასრულფასოვანი კვებითაა გამოწვეული იმიტომ, რომ ბავშვი ვერ იღებს იმ ნივთიერებებს, რომლებიც მის ორგანიზმს სასიცოცხლოდ სჭირდება. არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება ქცევის დეფიციტი, ბავშვთა ფსიქოემოციური სფეროს გაღიზიანება, სტერეოტიპული მოძრაობები, ე.წ. ტიკები გამოიწვიოს.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ კონკრეტული პროდუქტები, რომლებიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს?

- ბავშვის კვების რაციონში რძის ნაწარმი აუცილებლად უნდა შედიოდეს. მესმის, რომ ბევრი ოჯახისთვის მათი შეძენაც პრობლემაა, მაგრამ ჩვენს შვილებს კარგი ხარისხის ხაჭო, ყველი, რძე, არაჟანი ზრდა-განვითარებისთვის ძალიან სჭირდებათ. თევზი და ხორციც აუცილებელია, ხილსა და ბოსტნეულს კი ალტერნატივა არ აქვს. ბაზარზე ბევრი სუფთა, ჯანსაღი პროდუქტიცაა, რომლებიც სასუქებითა და დანამატებით არ არის გაჯერებული. მესმის, რომ ამ დუხჭირ ცხოვრებში ძალიან ძნელია, ბავშვი სრულფასოვნად გამოკვებოთ. მაგრამ, როგორც შეძლებს მშობელი, აუცილებლად უნდა ეცადოს ამ პროდუქტების შეძენას. წავიდნენ ბაზარში, იქ შეარჩიონ პროდუქტები, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც უზარმაზარი ვაშლები და ატმები ვიყიდოთ, რომლებიც შესაძლებელია უამრავჯერაა შეწამლული და დამუშავებული. ხორცი შესაძლოა პერიოდულად სხვა ცილოვანი პროდუქტებით ჩავანაცვლოთ. მაგალითად, გამოვიყენოთ ლობიო, ბარდა და ცილის შემცველი სხვა ნივთიერებები. მედიკამენტოზურადაც შესაძლოა ბავშვს დამხმარე საშუალებები მივცეთ. პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად თუთიის, D ვიტამინის, კალციუმის ნაკლებობა აღენიშნებოდათ და ვუნიშნავდით, მაგრამ ჯობს, ბავშვმა ხილი და ბოსტნეული მიიღოს, ვიდრე ხელოვნური დანამატები. თუმცა, შემთხვევასაც გააჩნია. ზოგჯერ ვიტამინი ორგანიზმში არ გამომუშავდება და ის აუცილებლად ხელოვნურად უნდა შევავსოთ.

- რამდენ ხანში უნდა გასინჯოს ექიმმა ბავშვი, რომ შეფასდეს, დამაკმაყოფილებელია თუ არა მისი მდგომარეობა და რა კვლევებია საჭირო?

- დაბადების შემდეგ ბავშვები რამდენიმე პროფილაქტიკურ შეფასებას გადიან. იწყება აცრის პერიოდიც და ექიმი პარამეტრებს ყურადღებით აკვირდება. ეს ყველაზე სათუთი პერიოდია, როდესაც ორგანოთა ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ფიზიკური და ნერვული სისტემის მაჩვენებლები აუცილებლად სწორად უნდა შეფასდეს. შემდეგ პერიოდში კი ექიმთან ყოველთვიური ვიზიტი აუცილებელი არ არის. შესაძლებელია, სატელეფონო კონსულტაცია გამართონ, ხოლო ნებისმიერი ჩივილისა და დარღვევის დროს სპეციალისტს დროულად მიმართონ. გასინჯვა პარაკლინიკურ კვლევებს მოიცავს და ჩივილის შესაბამისად შესაძლოა სისხლის, შარდის ან კიდევ სხვა ტიპის ანალიზი ჩატარდეს. ზედმეტი ინვაზიური ჩარევები სასურველი არ არის, თუმცა თუ მშობელი ამჩნევს, რომ შვილის განვითარებაში რაიმე პრობლემაა, საჭიროა, დროულად მიმართოს ექიმს და შესაბამისი კვლევებიც ჩაიტარონ.

- ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, როგორი საცხოვრებელი გარემო უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ მისი ფიზიკური ჯანმრთელობა არ დაზარალდეს?

- ალერგიის საუკუნეში ვცხოვრობთ. ნესტი, ოთახში არსებული მტვერი ხშირად სწორედ ალერგიის საფუძველი ხდება. სასურველია, რომ ბინა ნათელი, მზიანი იყოს. ოთახის განიავების შესაძლებლობა ჰქონდეთ. არ უნდა იყოს საღებავების სუნი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სუფთა ჰაერი იყოს. ქალაქის პირობებში ხშირად კონკრეტული ადგილები დაბინძურებულია. გამონაბოლქვი მძიმე მეტალებს შეიცავს, რაც ადამიანისთვის ძალიან საშიშია, ამიტომ მშობლებს ვურჩევ, რომ შვილები შაბათ-კვირას მაინც გაიყვანონ ქალაქგარეთ, წაიყვანონ რეკრეაციულ ზონებში, რომ სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. დაბინძურებული გარემო ბავშვის ზრდასა და განვითარებას აფერხებს, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებასა და სხვადასხვა პრობლემას.

თამარ იაკობაშვილი