ჰელოუინი ჩვენს ქვეყანაში მოზარდებს შორის საკმაოდ პოპულარული დღესასწაულია და როგორც წესი, ამ დღისთვის განსხვავებულ კოსტიუმებს ირგებენ, იკეთებენ მკვეთრ მაკიაჟს და მხიარულობენ. ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. წელს კი ორშაბათს ემთხვევა. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს სურთ, რომ ამ დღისთვის სხვადასხვა პერსონაჟის ფორმით და განსხვავებული კოსტიუმებით მივიდნენ, მოირგონ ნიღაბი, ფერადი ვარცხნილობა გაიუკეთონ და თანაკლასელებთან ერთად ეს დღე განსხვავებული ვიზუალით აღნიშნონ. თუმცა, სანამ ბავშვები ემზადებიან, მშობლებს აინტერესებთ, აქვს თუ არა სკოლას უფლება ბავშვს საჰელოუინო კოსტიუმით მისვლა აუკრძალოს.. შეკითხვით
ვაკე-საბურთალოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს მივმართეთ, სადაც იურისტმა განგვიმარტა:
"მოსწავლეთა ქცევის წესების მიხედვით, მოსწავლეს ევალება, რომ სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაფერისად გამოცხადდეს. თუმცა, ეს ზოგადი ტერმინია და გააჩნია, ვინ რა ფორმით აპირებს მისვლას. გასათვალისწინებელია, აღნიშვნას ერთი კონკრეტული კლასი გეგმავს თუ მთლიანად სკოლა და ასევე, კიდევ ბევრი დეტალია შესათანხმებელი. მაგრამ, თუ დირექტორი ჩათვლის, რომ ის ფორმა სასწავლო გარემოსთვის არ არის შესაფერისი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უფლება აქვს, აკრძალოს ან კიდევ მოსწავლეებს სთხოვოს, რომ ეს ყველაფერი გაკვეთილების დასრულების შემდგომ განხორციელდეს." - განგვიცხადეს რესურსცენტრში.
ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი განგვიცხადეს, რომ თითოეულ სკოლას ინდივიდუალური შინაგანაწესი აქვს, სადაც ჩაცმულობასთან დაკავშირებული საკითხები ზუსტადაა გაწერილი. შესაბამისად, მსგავსი საკითხები მშობლებმა დირექტორთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტონ.
თამარ იაკობაშვილი
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე შეღებილი თმის ან თამამი ჩაცმულობის გამო გაკვეთილზე არ დაუშვას - სამინისტროს პასუხი