ბავშვის ზრდა-განვითარება მშობლების მთავარი საზრუნავია და ხშირად, როდესაც პარამეტრები ნორმის მიხედვით არ ვითარდება, ძალიან ნერვიულობენ. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ზრდის პროცესი? ბავშვისა და მოზარდის ზრდის საკითხებზე ვესაუბრებით ცნობილ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს პედიატრ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ
მარინე გორდელაძეს:- ზრდა მუცლადყოფნის პერიოდიდან ზრდასრულობამდე კომპლექსური, დინამიური პროცესია და დამოკიდებულია გენეტიკურ, ჰორმონულ, ნუტრიციულ ფაქტორებზე, სქესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარემო პირობებზე და მრავალ სხვა ფაქტორზე.
- რა ფაზებს მოიცავს ზრდის პროცესი და როგორია მათზე ამ ფაქტორთა გავლენა?
- ბავშვის ზრდის მოდელი მოიცავს პრენატალურ, ჩვილობის, ბავშვობის და პუბერტულ ფაზებს. ყველა ფაზაში ზრდა დამოკიდებულია განსხვავებულ ფაქტორებზე. ზრდა მუცლადყოფნის პერიოდში დამოკიდებულია გლუკოზისა და სხვა საკვები ნივთიერებების საშვილოსნოსშიდა ხელმისაწვდომობაზე, ანუ დედის ნუტრიციულ სტატუსზე, აგრეთვე ზრდისა და გენეტიკურ ფაქტორებზე. ამ ეტაპზე ჰორმონული რეგულაცია (ზრდის ჰორმონი, თირეოიდული ჰორმონები) ნაკლებად ახდენს გავლენას ნაყოფის ზომებზე.
ჩვილობის ფაზაში (0-დან 2-წლამდე) ზრდა ყველაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კვებით ფაქტორებზე. დროული, ჯანმრთელი ახალშობილის სხეულის სიგრძე საშუალოდ შეადგენს 50სმ-ს (45-55სმ). ახალშობილის მცირე ზომები უხშირესად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუცლადყოფნის პერიოდში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ სემესტრში დაწყებულ დედის პათოლოგიაზე მიგვითითებს. დროულ ჩვილებში პირველი წლის განმავლობაში სხეულის სიგრძის ნამატი შეადგენს 25-30 სმ-ს, რომელიც მეორე წელზე მცირდება, პრაქტიკულად ნახევრდება და საშუალოდ წელიწაში 12-15სმ-ს შეადგენს. ითვლება, რომ ჩვილობის ფაზაში ბავშვი თავის გენეტიკურ ტრაექტორიას ეძებს.
2 წლის ასაკისთვის ბავშვს უკვე მიღწეული აქვს თავისი საბოლოო სიმაღლის ნახევრისთვის. ითვლება, რომ ზრდის ტემპი 2 წლის ასაკამდე მეტად კორელირებს სიმაღლის საბოლოო პარამეტრებთან, ვიდრე დაბადებისას სხეულის სიგრძესთან. არასწორი კვების გავლენა ამ ასაკში ძალიან დიდია.
სიცოცხლის მე-3 წლიდან იწყება ბავშვობის ფაზა და გრძელდება პუბერტატის დადგომამდე. ამ ეტაპზე ზრდაზე ნუტრიციულ ფაქტორთა გავლენას, ჰორმონული კონტროლიც ემატება, ზრდისა და თირეოიდულ ჰორმონთა სახით. ამ პერიოდში აგრეთვე აქტიურია D ვიტამინი, ინსულინი, ლეპტინი, გლუკოზა და სხვა. ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია, მაგრამ სტაბილური და შეადგენს 6-8 სმ-ს წელიწადში. 6-7 წლის ასაკისათვის ბავშვის განვითარებაში პედიატრისათვის კარგად ნაცნობი ზრდის ნახტომი უმცროს სასკოლო ასაკში - ე.წ. ზრდის სპურტი დგება.
8 წლისათვის ბავშვს მიღწეული აქვს მისი საბოლოო სიმაღლის სამი მეოთხედისთვის. ამ ასაკიდან იწყება ზრდის ტემპის გარკვეული შენელება, რომელიც მაქსიმუმს პრეპუბერტულ პერიოდში აღწევს. ამ ასაკის გოგონებისა და ვაჟების ანთროპომეტრული მონაცემები პრაქტიკულად იდენტურია. მე-3 პუბერტული ფაზა ბავშვობის პერიოდს ცვლის და ეპიფიზების დახურვით სრულდება. პუბერტატის დადგომის ვადები მეტად ვარიაბელურია. ეს ეტაპი რეგულირდება ზრდისა და სასქესო ჰორმონთა სინერგისტული მოქმედებით. საკვანძო ჰორმონია ესტროგენი, რომელსაც პარადოქსული, დოზადამოკიდებული ეფექტი აქვს: მცირე რაოდენობით ასტიმულირებს ზრდას, დიდი რაოდენობით კი, ამუხრუჭებს და ძვლის ეპიფიზების დახურვას იწვევს. ესტროგენების ეს ეფექტი ორივე სქესის მოზარდებშია გამოხატული.
- აქვე ვისაუბროთ ზრდის თავისებურებებზე პუბერტატის პერიოდში...
- გოგონები პუბერტატში საშუალოდ 10-11 წლის ასაკში შედიან, ბიჭები კი - 12-12,5 წლის ასაკში, ანუ 2 წლით გვიან. სწორედ ამიტომ ამ ასაკში გოგონები ვაჟებს სიმაღლეში ასწრებენ, მაგრამ ესტროგენების მზარდი დონე გოგონების ზრდის პროცესს ამუხრუჭებს. პუბერტატის მოგვიანებითი დებიუტი კი ვაჟებს აძლევს უპირატესობას დამატებითი პრეპუბერტული ზრდის სახით. სწორედ ეს ფაქტორი და აგრეთვე უფრო ინტენსიური პუბერტული ნახტომი განაპირობებს ვაჟების უპირატეს საბოლოო სიმაღლეს გოგონებთან შედარებით. პუბერტულმა ნახტომმა გოგონებში შეიძლება 6-8, ხოლო ვაჟებში 10-16 სმ-ს მიაღწიოს. სიმაღლის პიკის მიღწევის შემდეგ ზრდის ტემპი 2-2,5 სმ-ით მცირდება წელიწადში, პოსტპუბერტულ პერიოდში კი - 1სმ-მდე და 18 წლის ასაკში ზრდა პრაქტიკულად დამთავრებულია.
- რამდენიმეჯერ ახსენეთ ზრდის გენეტიკური ტრაექტორია. რა არის ეს? და საერთოდ, როგორ უნდა შეფასდეს ბავშვის სიმაღლე?
- ბავშვის სიმაღლე ძვალსა და ორგანიზმის ქსოვილებზე უამრავ ფაქტორთა ურთიერთქმედების ინტეგრალური მაჩვენებელია. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ პროგნოზირებადი მოდელით. ბავშვის სიმაღლის შეფასების ორი მეთოდი არსებობს: კონკრეტული ბავშვის სიმაღლის მაჩვენებლების შედარება შესაბამისი სქესისა და ასაკის საშუალო პოპულაციურ მაჩვენებლებთან და /ან ზრდის გენეტიკურ ტრაექტორიასთან. პირველ შემთხვევაში გამოიყენება ზრდის პერცენტული მრუდები, მეორეში - სამიზნე სიმაღლის განსაზღვრა მშობლების სიმაღლის მიხედვით ხდება.
- რა არის სამიზნე ანუ გენეტიკური სიმაღლე?
- გარდა ბავშვის სიმაღლის პერცენტილის განსაზღვრისა, რომელიც ასახავს მის შესაბამისობას საერთო პოპულაციურთან, დამატებით საჭიროა ბავშვის სიმაღლე მშობლების სიმაღლის კონტექსტში განვიხილოთ.
ცნობილია, რომ ბავშვის სიმაღლეს განსაზღვრავს გენთა ორი ძირითადი ჯგუფი: პირველი, რომელიც განაპირობებს ბავშვის საბოლოო სიმაღლეს და მეორე, რომელზეც დამოკიდებულია ზრდის ტემპი. პირველის შესაფასებლად გამოიყენება მშობელთა სიმაღლის მიხედვით გამოთვლილი სამიზნე სიმაღლე, რომელსაც აგრეთვე გენეტიკურ სიმაღლესაც უწოდებენ, მეორის კი - ძვლოვანი ასაკი, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ზრდის ტემპი და შესაბამისად, შეუძლია შეცვალოს ბავშვის სიმაღლის გენეტიკური ტრაექტორია.
არსებობს სამიზნე, ანუ გენეტიკური სიმაღლის გამოთვლის რამდენიმე მეთოდი. ჯანმრთელ ბავშვთა (რომელთა ძვლოვანი ასაკი შეესაბამება ან ახლოს არის ქრონოლოგიურთან) სამიზნე სიმაღლის გამოსათვლელად გამოიყენება ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია მშობლების სიმაღლეზე.
ბუნებრივია, პროგნოზირებადი სამიზნე სიმაღლე ვერ იქნება ერთი კონკრეტული ციფრი. ზემოთ მოყვანილი ფორმულა საშუალებას იძლევა, განვსაზღვროთ სამიზნე სიმაღლის დიაპაზონი, დერეფანი. ამგვარად, მშობლების საშუალო სიმაღლე არის ბავშვის ზრდის გენეტიკური პოტენციალის ინდიკატორი და ეხმარება პედიატრს დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ბავშვის ფაქტიური მონაცემები ნებისმიერ ასაკში მისი სიმაღლის გენეტიკურ ტრაექტორიას. ბავშვის ფაქტიური სიმაღლისა და მოსალოდნელ სამიზნე სიმაღლის პერცენტილებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებისას (როგორც ჩამორჩენის, ასევე აჩქარების შემთხვევაში) აუცილებელია ბავშვთა ენდოკრინოლოგის შეფასება.
- რას ნიშნავს პერცენტული მრუდები და როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი?
- თუ წარმოვიდგენთ ერთი და იგივე ასაკისა და სქესის 100 ბავშვს, დავაწყობთ სიმაღლის მიხედვით, ყველაზე დაბლიდან ყველაზე მაღლამდე, პირველი 3 ბავშვის სიმაღლე შეფასდება, როგორც ძალიან დაბალი, მე-3-დან მე-10-მდე - დაბალი, მე-10-დან 25-ემდე - საშუალოზე დაბალი, 25-ედან 75-ემდე - საშუალო, 75-ედან 90-ემდე - საშუალოზე მაღალი, 90-97-ე - მაღალი, ბოლო 3 - ძალიან მაღალი.
იმავე პრინციპით არის აგებული ბავშვის ფიზიკური განვითარების (სიმაღლე, წონა, სხეულის მასის ინდექსი, ზრდის ტემპი და ა.შ) პერცენტული მრუდები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბავშვთა ოქსოლოგიური მონაცემების განაწილების ერთგვარ მათემატიკურ ფოტოგრაფიას წარმოადგენს. ჩვენ სიმაღლის პერცენტულ მრუდს განვიხილავთ.
პერცენტილები ასახავს კონკრეტული მაჩვენებლის რიცხობრივი განაწილების საზღვრებს მოცემული სქესისა და ასაკის გარკვეული რაოდენობის ბავშვებში. საშუალო, ანუ ნორმალურ მაჩვენებლებად ითვლება მონაცემები, რომლებიც შეესაბამება მოცემული სქესისა და ასაკის ბავშვთა ნახევარს, რაც შეადგენს 25 – 75 პერც. ინტერვალს. საშუალო მაჩვენებლებთან ახლო ინტერვალი 10-25პერც და 75-90 პერც. განიხილება, როგორც საშუალოზე დაბალი და საშუალოზე მაღალი, ხოლო 3-10პერც. და 90-97პერც. - როგორც დაბალი და მაღალი. ზედა (97-ე) და ქვედა (მე- 3) პერცენტილი შეესაბამება ნორმის ზედა და ქვედა ზღვარს, ხოლო მაჩვენებლები <3პერც. და >97პერც განიხილება, როგორც აშკარა პათოლოგია. კლინიკური თვალსაზრისით, ბავშვები, რომელთა მაჩვენებლები სცდება მე-10 და 90-ე პერცენტილს, საჭიროებენ დაკვირვებას დინამიკაში. ბავშვებს, რომელთა მაჩვენებლები სცდება მე-3 ან 97-ე პერცენტილს, აქვთ ზრდის და განვითარების დარღვევა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ენდოკრინოლოგიურ შეფასებას. ვურჩევდი მშობლებს, მიმართონ არა მოზრდილთა, არამედ ბავშვთა ენდოკრინოლოგს. სიმაღლესთან მიმართებაში მაჩვენებელი < მე-3 პერცენტილზე განიხილება, როგორც ტანდაბლობა, ხოლო > 97-ე პერცენტილზე, როგორც ტანმაღლობა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვის ფიზიკური განვითარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი ეთნიკური კუთვნილებაა. არსებობს ზრდის საერთაშორისო მრუდები, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს ნაციონალურ მრუდს. შესაბამისად, საქართველოში მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას პერცენტული მრუდები, რომლებიც შედგენილია საქართველოს ბავშვთა პოპულაციისათვის 0-დან 18 წლის ასაკამდე.
სასურველია ყველა ბავშვს ჰქონდეს ფიზიკური განვითარების (სიმაღლე, წონა, სმი) ინდივიდუალური პერცენტული მრუდი, რომელიც საშუალებას მისცემს პედიატრს, დროულად შეამჩნიოს გადახრა ფიზიკურ განვითარებაში.
- რას გულისხმობს ზრდის ტემპი და როგორ ვაფასებთ მას?
- მართალია, ზრდის მრუდები ზრდას ასახავენ, როგორც ხაზოვან პროცესს, მაგრამ ხანგრძლივი დაკვირვებები ადასტურებენ, რომ ძვლოვანი ინტენსიური ზრდა ზრდის შედარებით სტაბილური პერიოდით იცვლება ხოლმე. ზრდა არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მუდმივი, თანაბარი პროცესი. იგი განიცდის ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, ყოველწლიურ ცვლილებებს. ბავშვები ტანს ყველაზე ინტენსიურად გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იყრიან. ზაფხულში და შემოდგომაზე ზრდის ტემპი ყველაზე ნაკლებია, ზამთრის თვეებში კი შედარებით იმატებს. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც უფრო ცხელი კლიმატია, ადამიანები შედარებით ტანდაბლები არიან, ჩრდილოეთის ქვეყნებში კი უფრო მაღლები. ზრდის შეფასებისათვის სიმაღლის ნებისმიერი 2 წინა მონაცემი ბევრად უფრო ინფორმაციულია, ვიდრე სიმაღლის ერთჯერადი მაჩვენებელი, რადგან პირველ შემთხვევაში შესაძლებელია შეფასდეს ზრდის ტენდენცია ანუ ზრდის ტემპი. ზრდის ტემპი წარმოადგენს ზრდის დინამიკის ერთგვარ კუმულაციურ მაჩვენებელს. ზრდის ტემპის შესაფასებლად საჭიროა მინიმუმ ორი გაზომვის მაჩვენებელი. შეიძლება გამოიყენებულ იქნას ნებისმიერი ადრინდელი მონაცემებიც. ზემოთ ავღნიშნეთ, როგორია ზრდის ტემპი პირველი, მეორე და მომდევნო წლებში.
თამარ იაკობაშვილი
რა უშლის და რა უწყობს ხელს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და როგორი უნდა იყოს კვების რაციონი, რომ ბავშვის ზრდის ტემპი ნორმალური იყოს
გაიზრდება თუ არა თქვენი შვილი მაღალი - რა ახდენს გავლენას ბავშვის სიმაღლეზე და როგორ უნდა გამოთვალოთ სავარაუდო სიმაღლე