ბავშვის ზრდის პარამეტრების გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი შესაძლოა ბევრ სხვადასხვა დარღვევაზე მიუთითებდეს და სპეციალისტის ჩარევას საჭიროებდეს. როგორია ბავშვის გაზომვის წესი, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეფასდეს ეს მონაცემი, როგორ იცვლება პარამეტრები მოზარდობის ასაკში და რა არის ტანდაბლობა - აქტუალურ თემაზე ვესაუბრებით ცნობილ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საქართველოს პედიატრ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ მარინე გორდელაძეს: - სიმაღლის გაზომვა ბავშვებში ტარდება დილის საათებში. 2 წლამდე ასაკში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, 2 წლის ზემოთ, როცა ბავშვი დამოუკიდებლად დგას მყარად – ვერტიკალურ მდგომარეობაში. 2 წლამდე ასაკის ბავშვს აწვენენ თავით სიმაღლის საზომის (რომელიც უნდა იყოს მყარი მასალის, სწორი ზედაპირის) ზედა უძრავ კიდესთან, უსწორებენ ზედა და ქვედა კიდურებს, სიმაღლის საზომის ქვედა მოძრავ კიდეს მიაბჯენენ ბავშვის ქუსლებს. კიდეებს შორის მანძილი ასახავს ბავშვის სხეულის სიგრძეს. სასურველია ამ ასაკში სპეციალური ნეონატომეტრი გამოვიყენოთ. მოზრდილი ბავშვის სიმაღლის დასადგენად გამოიყენება სტადიომეტრი. ბავშვს ფეხსაცმლის გარეშე აყენებენ ზურგით სიმაღლის საზომთან, ისე რომ იგი საზომ სვეტს ეხებოდეს ქუსლებით, ბეჭებით და კეფით. ხელები დაშვებულია, თავი კი ისე უნდა ეჭიროს, რომ თვალბუდის ქვედა კიდე და გარეგანი სასმენი მილის ზედა კიდე მდებარეობდეს ერთ სიბრტყეში. სიმაღლის საზომის მოძრავ პლანშეტს ბავშვს ადებენ თავზე, რომლის დონის მიხედვით აითვლება ბავშვის სიმაღლე სმ-ში. გაზომვა უნდა მოხდეს ამოსუნთქვის მომენტში. სტადიომეტრის სწორ ინსტალაციას და ბავშვის კორექტულ გაზომვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმაღლის შფასებისას. გაზომვა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 2-ჯერ. მონაცემებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4 მმ-ს.
- სიმაღლის გაზომვა არის ჯანმრთელობის სკრინინგის მარტივი და იაფი ინსტრუმენტი. სიმაღლისა და ზრდის ტემპზე დაკვირვება საშუალებას იძლევა:
ბავშვი უნდა იზომებოდეს შემდეგი სიხშირით:
ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ზრდის მრუდი, რომელიც უნდა ივსებოდეს პედიატრის მიერ. შეიძლება მშობელიც ჩაერთოს ამ პროცესში, თუ დავრწმუნდებით, რომ დაუფლებულია გაზომვის სწორ ტექნიკას. პედიატრს უნდა ახსოვდეს, რომ ქრონიკულ დაავადებათა უმრავლესობა აისახება ზრდის მრუდზე, ამიტომ მასზე ნებისმიერი გამოხატული ცვლილება ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესებაზე მიუთითებს.
- ზრდის ჰორმონის სეკრეცია და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ხორციელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ადამიანის საბოლოო სიმაღლე მიიღწევა მოზარდობის ბოლო პერიოდში, როდესაც მთავრდება ძვლის ეპიფიზების დახურვა. ჯანმრთელ ბავშვებში ჩონჩხის გაძვალების ცენტრების გაჩენა და განვითარება ხდება მკაცრი თანმიმდევრობით. ყველა ასაკში ჩონჩხს აქვს სპეციფიური რენტგენოლოგიური სურათი, რომელიც შეესაბამება მომწიფების გარკვეულ სტადიას. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა რენტგენოლოგიური საშუალება, შექმნილიყო ძვლის მომწიფების სტანდარტები ორივე სქესის ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რის გამოც ძვლოვანი ასაკი გახდა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეფასების საზომი. ძვლოვანი ასაკი ფასდება მარცხენა ხელის მტევნისა და წინამხრის დისტალური ნაწილის ძვლების რენტგენოლოგიური შესწავლის საფუძველზე. ცაციებში ფასდება მარჯვენა ხელის მტევანი. ძვლოვანი ასაკი დგინდება გაძვალების ცენტრების წარმოქმნის დროის, ზომის და სინოსტოზების შეფასების საფუძველზე, რისთვისაც არსებობს სპეციალური ცხრილები.ცნობილია, რომ ძვლოვანი ასაკის მაჩვენებლები მჭიდროდ კორელირებს სქესობრივი განვითარების სტადიასთან და უფრო ზუსტად ასახავს ბავშვის ბიოლოგიურ ასაკს, ვიდრე ქრონოლოგიური ასაკი. ძვლოვანი ასაკის შეფასება მეტად მნიშვნელოვანია საბოლოო ზრდის პროგნოზირებისათვის. ტანდაბლობის დროს ძვლოვანი ასაკის შეფასებისას შეიძლება ნანახი იქნას მისი ჩამორჩენა, წინსწრება (აჩქარება) ან თანხვედრა ქრონოლოგიურ ასაკთან, რაც სხვადასხვა პათოლოგიაზე მიუთითებს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ასახულია, თუ როგორ გვეხმარება ძვლოვანი ასაკის მაჩვენებლები სიმაღლის შეფასებისას:იმ ტანდაბალ ბავშვებში, რომელთა ძვლოვანი ასაკი შეესაბამება ქრონოლოგიურს, როგორც წესი, ტანდაბლობას არა აქვს ენდოკრინული გენეზი (იგულისხმება ზრდის მარეგულირებელი ჰორმონები). უხშირესად ეს პათოლოგია განპირობებულია ქრომოსომული და გენური დეფექტებით, თან ახლავს განვითარების სტიგმები. ამ შემთხვევაში საჭიროა გენეტიკოსის კონსულტაცია, ოსტეოქონდოდისპლაზიების გამორიცხვა. ტანდაბლობის სხვა ფორმებთან შედარებით ენდოკრინული პათოლოგიით, განსაკუთრებით კი ზრდის ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ტანდაბლობა მიმდინარეობს ძვლოვანი ასაკისა და სიმაღლის ყველაზე გამოხატული ჩამორჩენით. ამ შემთხვევაში ძვლოვან და ქრონოლოგიურ ასაკს შორის განსხვავება 2-3 წელზე მეტია.
- სიმაღლის მაჩვენებელი, რომელიც მოცემული ქრონოლოგიური ასაკისა და სქესისათვის < მე - 3 პერცენტილზე პოპულაციურთან შედარებით, განიხილება როგორც ტანდაბლობა. ტანდაბალ ბავშვთა კვლევის მიზანია:
- კლინიკურ პრაქტიკაში მეტად მნიშვნელოვანია, ზუსტად შეფასდეს ის მიზეზები, რომლებმაც გამოიწვიეს ტანდაბლობა. არადა ამ დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ დიდი: ძვლოვანი სისტემის დაავადებები, კონსტიტუციური ფორმები, ნაწლავთა დაავადებები, კვების დარღვევები, თირკმლის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლის დაავადებები, რესპირაციული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, დედის ნუტრიციული პრობლემები ორსულობის დროს, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, გენეტიკური დაავადებები.
- სასკოლო ასაკის ბავშვთა ფართომასშტაბიანი, მრავალჯერადი კვლევებით ნანახი იქნა, რომ იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთა სიმაღლე < მე-3 პერც.ზე, არ აღემატება 1,5%-ს. ერთი წლის შემდეგ განმეორებითი კვლევისას ნანახი იქნა, რომ მათგან მხოლოდ 40%-ს შეუნარჩუნდა შეფერხებული ზრდის ტემპი (< 5სმ-ზე ანუ < მე-3 პერც.). ტანდაბლობა ამ ჯგუფის ბავშვებში გამოწვეული იყო ძირითადად არაენდოკრინული მიზეზებით (ოჯახური ტანდაბლობა, ზრდის კონსტიტუციური შეფერხება, სომატური დაავადებები და მათი კომბინაცია ოჯახურ ფაქტორებთან). ბავშვთა მხოლოდ 5%-ში დადასტურდა ტანდაბლობის ენდოკრინული მიზეზები - ზრდის ჰორმონის დეფიციტი და ტერნერის სინდრომი გოგონებში 3%-მდე, დანარჩენ შემთხვევებში - ჰიპოთირეოზი. ამგვარად, ტანდაბალ ბავშვთა საკმაოდ მცირე რაოდენობას აღენიშნება ზრდის ჰორმონის პირველადი დეფიციტი. დანარჩენ შემთხვევებში ჭარბობს ოჯახური, კონსტიტუციური და სომატური პათოლოგიის ფონზე განვითარებული ზრდის ფაქტორების მეორადი უკმარისობა. ტანდაბლობის სწორედ ეს ფორმები შეხვდება კლინიკურ პრაქტიკაში პედიატრს ყველაზე ხშირად.
- პირველი უფრო ხშირია ვაჟებში, მეორე - გოგონებში. ზრდისა და სქესობრივი მომწიფების კონსტიტუციური შეფერხება, რომელიც განსაკუთრებით ხშირია ვაჟებში (ვაჟები:გოგონები = 7:1). ამ დროს ბავშვის ერთ ან ორივე მშობელს ან ახლო ნათესავებს, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ ნორმალური საბოლოო სიმაღლე, ბავშვობაში სავარაუდოდ ექნებოდათ ზრდის ანალოგიური ტემპი. ბავშვს სიმაღლეში ჩამორჩენას ამჩნევენ პუბერტულ პერიოდში, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია უკვე სკოლამდელი ასაკიდან. ძვლოვანი ასაკი ჩამორჩება ქრონოლოგიურს 2-4 წლით, შესაბამისად, ამავე ვადით არის შეფერხება პუბერტატის დადგომაში, ანუ ფაქტიური სიმაღლე, ძვლოვანი ასაკი და სქესობრივი მომწიფების ხარისხი შეესაბამება ერთმანეთს. სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხების კონსტიტუციურ ფორმას ტანდაბლობის სხვა ვარიანტებისაგან. ასეთი ბავშვები, იშვიათი გამონაკლისის გარდა (განსაკუთრებით ფსიქოლოგიური დისკომფორტისას), როგორც წესი, არ საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა ტანდაბლობის შერეული ფორმების გამოსარიცხად საჭიროებენ აქტიურ დაკვირვებას და ენდოკრინოლოგიურ კვლევას. საბოლოო სიმაღლე. პროგნოზი კარგია და დამოკიდებულია გენეტიკურ პოტენციალზე. სქესობრივი მომწიფება იწყება, როცა "ძვლოვანი ასაკი" მიაღწევს ვაჟებში 12-13, გოგონებში კი - 11-12 წელს და შემდგომში მისი ტემპი ნორმალურია. გოგონებში ტანდაბლობის ყველაზე ხშირი მიზეზი ტერნერის სინდრომია.
- ტერნერის სინდრომი - ეს არის ქალის ერთ-ერთი ქრომოსომის ანომალიის კლინიკური გამოვლენა. პოპულაციაში გვხვდება 1 : 20 000 – 1 : 25 000 ცოცხალ ახალშობილ გოგონაზე.
- ტანდაბლობა - ეს იმდენად დამახასიათებელი ნიშანია ტერნერის სინდრომისათვის, რომ ნებისმიერი ტანდაბალი გოგონას გამოკვლევა სწორედ კარიოტიპირებით უნდა იყოს დაწყებული. პედიატრს უნდა ახსოვდეს, რომ გოგონებში ტანდაბლობის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ტერნერის სინდრომია.გარეგნობის დამახასიათებელი თავისებურებები, რომელთაგანაც განსაკუთრებითსაყურადღებოა:
შინაგანი ორგანოების განვითარების მანკებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა გ/ს და საშარდე სისტემის ანომალიები, თირეოიდული პათოლოგია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ოტიტები, სმენის დარღვევები და სხვა.ერთ-ერთი კარდინალური ნიშანია სასქესო ჰორმონთა უკმარისობა, რაც აისახება სასქესო სისტემის ცვლილებებში. ეს მოვლენები გვხვდება 95-98% - ში და გამოიხატება მეორადი სასქესო ნიშნებისა და მენსტრუაციის არ არსებობით, საშვილოსნოს და საკვერცხეების განუვითარებლობით. პაციენტები ტერნერის სინდრომით საჭიროებენ ზრდის ჰორმონის დეფიციტის დადგენას და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას ზრდის ჰორმონით, აგრეთვე ჰიპოგონადიზმისა და სხვა სომატურ ანომალიათა მართვას.თამარ იაკობაშვილი