დღეს მოგიყვებით ადამიანზე, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს. ბატონი
გარი ჩაფიძე გახლავთ რუსთავის აკდემიური ქალაქის დამფუძნებელი, ევროპის სამეცნიერო-პედაგოგიური პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე. საამაყოა ის ფაქტი, რომ აშშ-ში, ფილადელფიის საერთაშორისო პოლიტიკისა და მთავრობის უნივერსიტეტი გარი ჩაფიძის სახელობისაა. არის ორასამდე მხატვრულ-ლიტერატურული, ასზე მეტი სამეცნიერო წიგნისა და ოცი სამეცნიერო ლექსიკონის ავტორი, რომელთაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნიათ.
ბატონმა გარიმ საქართველოში ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი განახორციელა - ჩამოწერილი სამგზავრო თვითმფრინავი ЯК-40 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გასართობად აქცია. თვითმფრინავში თამაში საათობრივადაა დაგეგმილი და აღსაზრდელების დღის განრიგში შედის. თვითმფრინავში თამაშისას ბავშვებს შეუძლიათ გადართონ ბერკეტები, ატრიალონ შტურვალი, გაიკეთონ ყურსასმენები და „შეამოწმონ“ საბორტო სისტემები.
- საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბიოგრაფია მაქვს. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩემი ცხოვრების გზაზე სულ მქონდა სურვილი გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც იქნებოდა ახალი და ინოვაციური. იმ 90-იანების საქართველოში ეს ცოტა წარმოუდგენელი იყო, რადგან ყველაფერი ინგრეოდა, მე კი მინდოდა შენება დამეწყო. გადავწყვიტე, შემექმნა აკადემიური ქალაქი, რომელიც ჩემი წარმოსახვით მოიცავდა განათლების ყველა ეტაპს, საბავშვო ბაღს, სკოლებს, მომზადება-გადამზადების ცენტრებს, ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებებს, კოლეჯებს და რაც ყველაზე მთავარია, ბაკალავრიატს, მაგისტრატურას, დოქტურანტურას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს შევძელით. დღეს ქალაქ რუსთავში არის აკრედიტებული ქალაქი, რომელსაც ანალოგი არ აქვს მთელ ამიერკავკასიაში. ჩვენ ვიწყებთ ბაღით და ვამთავრებთ დოქტურანტურით. გვაქვს უწყვეტი განათლების ჯაჭვი, ყველა სისტემა.
- აღსანიშნავია, რომ არც საბავშვო ბაღს აქვს ანალოგი. როგორ გაჩნდა იდეა, თვითმფრინავში საბავშვო ბაღი გაგეკეთებინათ და როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავი თქვენს ტერიტორიაზე?
- ეს არის კომერციული საიდუმლოება, თუმცა გეტყვით ერთ რამეს - მე ძალიან ბევრს დავდივარ საზღვარგარეთ, სადაც ვკითხულობ ლექციებს. ყოველთვის თან დამყავს ჩემი მეუღლე და შვილი. ჩემი შვილი, საბა ორი წლის იყო, როცა მოვფრინავდით პარიზიდან. ფრენის დროს დაინტერესდა, რა ხდებოდა იმ ადგილას, სადაც მფრინავები იმყოფებოდნენ. დაიწყო ტირილი და აღარ გაჩერდა. ერთ-ერთმა სტიუარდესამ გამოიჩინა გულისხმიერება და შეიყვანა კაბინაში. იქიდან ძალიან ბედნიერი და დამშვიდებული გამოვიდა. დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, სადაც, როგორც საბას, ისე სხვა ბავშვების ინტერესს დავაკმაყოფილებდით, ამასთან, იქნებოდა განსხვავებული და საინტერესო. იდეა ერთი იყო, მაგრამ განხორციელება ძალიან რთული. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ამ თვითმფრინავს ძალიან გაუმართლა. ყველა თვითმფრინავი ჯართში ბარდება, ეს არ ჩაბარდა ჯართში და შეიძინა მეორე სიცოცხლე, ემსახურება ისეთ VIP კლიენტებს, როგორებიც არიან ბავშვები.
როგორც გითხარით, ეს არის ჩემი იდეა და მაქვს დაპატენტებული. ჩვენ მერხებიც კი განსაკუთრებული გვაქვს. ჩემი მშობელი ბაღში მუშაობდა და ალბათ ეს იყო ჩემი ამომავალი წერტილი. სულიერი მიჯაჭვულობა იმდენად დიდია შვილსა და მშობელს შორის, როცა მშობელი მას ტოვებს, ბავშვი აუცილებლად ტირის, აღგზნებული და ანერვიულებულია. მინდოდა ეს პრობლემა დამეძლია, არ ეტირათ ბავშვებს ბაღში მოსვლის დროს. ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ამას მივაღწიეთ, მაგრამ ბავშვის ტირილი ვერ ავიცილეთ, რომ მიდიან ბაღიდან, მაშინ ტირიან (
იღიმის). არ უნდათ ხოლმე ბაღიდან წასვლა. თავის უზარმაზარ, გიგანტურ სათამაშოსთან, თვითმფრინავთან განშორება უჭირთ. იქ არის 1500-ზე მეტი ღილაკი და ყველა არის მოქმედი. ბავშვებს კი ამ ღილაკებზე შეხების შესაძლებლობა აქვთ. ვერასოდეს დაჩრდილავს მას, ვერანაირი კომპიუტერული თამაში.
- გარემოს გარდა, აღზრდის განსხვავებული მეთოდი თუ გაქვთ ბაღში?
- ეს არის ბაღი, სადაც ბავშვებს მშობლები დაბადებამდე წერენ. ჩვენი მასწავლებლები სტიუარდესას ფორმით დადიან და ეს ნამდვილად სანახაობრივია. არ ვუზღუდავთ ბავშვებს არაფერს. გვაქვს დიდი ტელევიზორები და თუ მულტფილმები უნდათ, უყურებენ მულტფილმებს. თუ თამაში უნდათ, თამაშობენ, მათ აუარება სათამაშოები აქვთ. ისინი არიან სრულიად თავისუფლები და ამის დადებითი მხარე არის ის, რომ არ არიან ნერვიულები.
ზოგადად, საქართველოში, როცა ბავშვები მიდიან ბაღში, პირველივე დღეს იწყებენ მზადებას საშემოდგომო ზეიმისთვის და მშობლები აზეპირებენ ლექსებს. ეს ზეიმი დამთავრებული არ არის, სამზადისს იწყებენ საახალწლო ზეიმისთვის. მშობლისთვის საკმარისი და საამაყოა, გამოვიდეს მისი შვილი სცენზე და მოყვეს წვალებით ნასწავლი ერთი სტროფი ლექსი. მე პირდაპირ ვუთხარი ყველას, არ დავინახო არანაირი სეზონური ზეიმი, სადაც ბავშვები ნერვიულობენ, ტირიან, განიცდიან. ის ერთი წამის სცენაზე გამოსვლა, არ ღირს პატარების ნერვიულობად. ბავშვებისთვის ყოველი დღე უნდა იყოს ზეიმი და ჩვენ ასეც ვიქცევით. ვცდილობთ ყოველ დღეს გასხვავებული და მნიშვნელოვანი დღესასწაული მოვუწყოთ მათ. რა ვაკეთებთ ამისთვის? ძალიან პრიმიტიული რამ, მაგალითად სამოსი, რომელიც აცვია პატარას, ლამაზი მძივებით გავუფორმოთ და ვუთხრათ, რომ დღეს ის ფერიაა. ასე ვქმნით ჯადოსნურ ამბებს, რომელიც პატარებს აბედნიერებს. ეს არის ე.წ ჰუმანური პედაგოგიკა. ჰუმანური პედაგოგიკა დაფუძნებულია ბავშვების აღზრდის იმ მიმართულებაზე, რაც მას უნდა და სურს. არავინ იცის ბავშვზე უკეთესად, რა სურს მას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მის ე.წ თავისუფლების აღქმის გამომუშავებას. ისე ვერასოდეს მივიღებთ სასურველ შედეგს.
საერთოდ რა არის ადამიანი? ადამიანი არის ფიქრი და მეტი არაფერი. თუ ის ფიქრობს კარგზე, არის სულ კარგად, თუ ის ფიქრობს ცუდზე, არის სულ ცუდად. მოდით ვიფიქროთ კარგზე. თუმცა მასიურად ვერ იფიქრებ კარგზე. ამისათვის რა არის საჭირო? გარემო უნდა შევუქმნათ ერთმანეთს, გარემო კი არის თავისუფალი არჩევანის საშუალება. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. თუ ბავშვი ვიღაცაზეა მიბმული, დამოკიდებული, შეჰყურებს მას, ის რას იტყვის, რომ მერე ამან გაიმეოროს... როცა ბავშვი შიშის კანკალით შეჰყურებს სხვას, ყვება ლექსს, ამ დროს არაფერი გამოვა. ის ადამიანი ყოველთვის იქნება დაჩაგრული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და აკეთოს არა ის, რაც მშობელს და მასწავლებელს უნდა, არამედ ის, რაც თავად სურს.
- ბოლო პერიოდში არაერთი ვიდეო გავრცელდა ატირებული პირველკლასელი ბავშვების, რომლებიც სათანადოდ ვერ გამოთქვამენ ბგერებს, სიტყვებს, ტირიან და ამას იღებენ მშობლები, შემდეგ სოციალურ ქსელში ანთავსებენ. ამ ვიდეოების ნახვისას სულ მიჩნდება კითხვა, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში სწავლა სტრესთან და ნერვიულობასთან დაკავშირებული, ან რატომ ეცინებათ ამაზე მშობლებს?
- მე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დავწერე არაჩვეულებრივი წიგნი „მშობელთა სწავლების საიდუმლო“. ჯერ მშობელს სჭირდება აღზრდა, რომ შემდეგ შვილი აღზარდოს. აღზრდა სულ სხვა რამეა, გაზრდა - სულ სხვა. მე, როგორც მეცნიერი ვეუბნები მშობელს, თქვენ არასწორად მოქმედებთ, ან ვურჩევ რაიმეს, მაგრამ არ იზიარებენ. აქვთ დამოკიდებულება, რომ მათ უკეთ იციან ყველაფერი. საერთოდ ბავშვის აღზრდა ბაგა-ბაღიდან არ იწყება, ეს იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან და მშობელს ძალიან დიდი როლი ეკისრება ამ დროს. გავიმეორებ იმას, რაც ზემოთ ვთქვი - მთავარია ჰუმანური პედაგოგიკა და მიდგომები. თუ გამოვიჩენთ მოთმინებას, ბავშვს მივცემთ არჩევანის საშუალებას, ის არ დაისტრესება და მივიღეთ სასურველ შედეგს.
- ცოტა თინეიჯერებზეც ვისაუბროთ. ინტერნეტსივრცემ, პანდემიამ სრულებით შეცვალა მოზარდების ცხოვრება, ინეტერესები, სწავლის, წიგნის მიმართ დამოკიდებულება. ბევრს თვითშეფასების პრობლემა შეექმნა, ბევრს კომუნიკაციის და ა.შ. სად ხედავთ გამოსავალს, რას ურჩევთ მშობლებს?
- როცა აკადემიაში ვმუშაობდი, ერთი მოადგილე მყავდა - კარლო გურული, რომელიც პროფესორი იყო. ამ ადამიანს დამთავრებული ჰქონდა ლენინგრადში ზუსტად ის ფაკულტეტი, რაც დაამთავრა თავის დროზე ილიამ და აკაკიმ. თავად ამბობდა ხოლმე, ილიას და აკაკის ფეხის ნაბან წყლადაც არ ვღირვარო. ამას ასე განმარტავდა - მას არ ასწავლეს რელიგია, არ ჩაუნერგეს რელიგიური სულიერება. აკაკის და ილიას კი ასწავლიდნენ. შესაძლოა კარლო გურული ვერ გამხდარიყო აკაკი და ილია, თუმცა მასაც რომ ესწავლა რელიგია, შესაძლოა რაღაცით მიახლოებოდა მათ.
ადრე ჩვენთან იყო ასეთი სამეული: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. რეალურად უნდა იყოს, სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, რელიგია. ნებისმიერი რელიგია არის ყველაფრის ამომავალი წერტილი. ყველა რელიგია კაცთმოყვარეობაზე და ჰუმანურობაზე არის აგებული. თუმცა მე როგორც მართლმადიდებელი ადამიანი, ჩემს რელიგიას გამოვყოფდი.
მე ვურჩევდი ყველა მშობელს, რომ პირველ რიგში ბავშვებთან ჰქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება. ბავშვს უნდა აგრძნობინო, რომ ის რაღაცას წარმოადგენს, მისი მოსაზრება თქვენთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. როცა სადმე ვაპირებთ წასვლას, ყოველთვის ვეკითხები ჩემს შვილს, გსურს წავიდეთ, შენც წამოხვალ? ის კი არა რომ, გადაწყვეტილია, უნდა წამოხვიდე! ან ისე უნდა დასვა შეკითხვა, რომ მან უარი ვერ თქვას. გააჩნია შეკითხვის ფორმას. შენ ხარ მექოთნე, საიდანაც გინდა იქიდან მოაბამ ქოთანს ყურს.
და, ერთსაც გეტყვით, თვითდამკვიდრების პროცესი არსად ისეთი რთული არ არის, როგორც საქართველოში. აქ ეს ურთულესი ფენომენია. ამასთან, მშობლები ჩვენს თავებს უფრო მარტივად ვპატიობთ შეცდომებს, ვიდრე შვილებს. ყველაზე დიდი უბედურება კი ისა, რომ როცა ბავშვები რაღაცას გვეუბნებიან, ან აშავებენ, ვტუქსავთ მათ, არც ვეკითხებით ისე ვამტყუნებთ. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. შენ ტყუილს ამბობ, ეუბნები ბავშვს და ამით მის ნდობას, იმედს კარგავ. მშობელი რად უნდა მას? რადგან შენ ხარ შვილის დამცველი, მხარდამჭერი. შეიძლება დამნაშავე იყოს, მაგრამ მაინც უნდა დაიცვა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ აღარ დააშავებს. მშებელმაც, მასწავლებელმაც, გარემოცვამაც, ქვეყანამაც თუ აუკრა ბავშვს ხელი, ეს მიგვიყვანს კატასტროფულ შედეგამდე და ამის არაერთი მწარე მაგალითი გვახსენდება.
- თუ არის შემთხვევა, როცა შეიძლება ითქვას, რომ აღზრდა დაგვიანებულია?
- საკითხის ასე დაყენება, რომ დაგვიანებულია და ბავშვს არ ეშველება, არის თითიდან გამოწოვილი. შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს. არასოდეს არ არის გვიანი. ზოგჯერ შემოდის ჩემთან მასწავლებელი და მეუბნება, რადგან პირობითად დობორჯგინიძე (რთულად აღსაზრდელი მოსწავლე) არის ამ კლასში, მე არ შევალ. მე ვპასუხობ - კარგი, დობორჯგინიძე რთულად აღსაზრდელი ბავშვია, არ გინდათ, არ შეიწუხოთ თავი, არ შეხვიდეთ მის კლასში და არ იმუშაოთ დამატებით. აი, ასე, რომ მიუდგეს დაუშვათ პოლიციელიც საკითხს და საშიში ბოროტმოქმედი არ დააკაოს, რადგან მასთან მიხლოება საფრთხის შემცველია, შესაძლებელია რამე დაუშაოს, ჩაარტყას და ა.შ. დაუშვათ არის ექიმი და არ უკეთებს ურთულეს ოპერაციას კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ პაციენტს. ასე რომ მიუდგეს ყველა საქმეს, ქვეყანაში რა შედეგს მივიღებთ? ამის შემდეგ ბოდიშს იხდიან პედაგოგები, შედიან კლასში და იწყებენ მუშაობას. თუ უფროსმა მოადუნე ყურადღება, მაშინ იწყება ყველაფერი. თუ ერთი რამე გამომეგაპრა, მას მეორე მოყვება, მესამე და ა.შ. აღზრდა თავისებური რამეა და მას მეტი ყურადღება სჭირდება ყველასგან.
- როგორც ვიცი ქველმოქმედებასაც ეწევით...
- ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, ყველასთვის უნდა იყოს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ პირველებმა შევქმენით ხანდაზმულ პედაგოგთა სახლი. აქ მუდმივად ცხოვრობენ ყოფილი პედაგოგები, დირექტორები. მათ აქვთ ოთხჯერადი კვება, უფასო სამედიცინო მომსახურება. თავიანთ პენსიას სურვილისამებრ იყენებენ. ამ სახლს ანალოგი არ აქვს. გარდა ამისა გვყავს ბავშვები, რომლებიც ქუჩას მოვწყვიტეთ და გამოვარიდეთ, ანუ ესენი არიან მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები. ჩვენი სოციოლოგები მუშაობენ მათთან. ასევე, გვყავს შშმ ბავშვები, რომლებსაც ვასწავლით, ვათამაშებთ, ვკვებავთ, ვაძლევთ ტანსაცმელს და ვეუბნებით მშობელს, უბრალოდ, ღამე წაიყვანონ სახლში, ჩაეხუტონ და ისე დააძინონ პატარები, რომ მშობლიური სითბო, ალერსი არ მოაკლდეთ.
მერი ბლიაძე