ახალგაზრდა პოპ-ვარსკვლავის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუს ჟურნალ "როლინგ სტოუნისთვის", ნამდვილი სკანდალი მოჰყვა.
როგორც ცნობილია, სელენა ბავშვობიდან პოპულარულია. დედამ, მენდიმ, ის მაშინ გააჩინა, როცა თავად 16 წლის იყო და ლათინოამერიკელ რიკარდო გომესს ქორწინებიდან 5 წელიწადში გაშორდა. განქორწინების შემდეგ მენდიმ გადაწყვიტა, მთელი დრო სელენას გავარსკვლავებისთვის დაეთმო და სხვადასხვა კასტინგზე დაატარებდა. სელენა მართლაც შენიშნეს და სულ მალე პატარა ვარსკვლავი გახდა.
"ჯაშუში ბავშვები 3", "ჰანა მონტანა" და ა.შ. და ა.შ. ფილმს ფილმი მოჰყვა, მერე სიმღერა დაიწყო და ფაქტობრივად, არც სკოლაში უვლია და არც ნორმალური ბავშვობა ჰქონია - სულ სცენაზე იდგა. როგორც ხდება ხოლმე, პოპულარობის პლუსებთან ერთად, ბევრ მინუსსაც შეეჯახა - ბევრი ფული და დიდება ჰქონდა, თუმცა აბეზარი თაყვანისმცემლები მუდამ თან სდევდნენ, პაპარაცებსაც ვერსად გაურბოდა და პირადი ცხოვრება ფაქტობრივად არ ჰქონდა. ალკოჰოლსა და ღამის გართობებსაც ადრე გაუსინჯა გემო და ყველაფერმა მალე გამოიღო შედეგი... რა თქმა უნდა, თან დაერთო ხმაურიანი და მგზნებარე რომანი ჯასტინ ბიბერთან, რომელიც მისთვის მტკივნეულად დასრულდა და ამ ყველაფერს მოჰყვა სარეაბილიტაციო ცენტრები, კლინიკები, წონის მკვეთრი მატება, და იდევ უფრო მძიმე დიაგნოზი - შემაერთებელი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადება მგლურა, რომელიც ორგანოებს აზიანებს. მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, დაავადებამ თირკმელი დაუზიანა და აუცილებელი იყო გადანერგვა.

დონორს დიდხანს ვერ პოულობდნენ. თუმცა მოულოდნელად, გოგონა მისმა ბავშვობის მეგობარმა გადაარჩინა. ფრანსია რაისას იგივე სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი აღმოაჩნდა და ეს საკმარისი იყო. ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია ჩაატარეს და ნარკოზიდან გამოსულმა მეგობრებმა კლინიკიდან ფოტოც კი გაავრცელეს.

ასეთი ამბის მერე, რაღას უნდა დაეშორებინა ერთგული მეგობრები. სელენას ისედაც არ ჰყავდა ბევრი მეგობარი, დიდ ოჯახში გაზრდილი ფრანსია კი ყოველთვის მის გვერდით იდგა.
თუმცა ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა. გომესი სულ უფრო იშვიათად იხსენებდა მეგობრის გმირობას და ინტერვიუებშიც არ ახსენებდა. მერე გაირკვა, რომ მათ ურთიერთობაც შეწყვიტეს. ოპერაციის შემდეგ სელენა დაარიგეს ექიმებმა, რომ ძალიან უნდა მოფრთხილებოდა ჯანმრთელობას და ამის პირობასაც დებდა, თუმცა მალე ისევ დაიწყო ალკოჰოლის მიღება და ღამის დაუსრულებელი გართობა. ფრანსიას ეს არ მოსწონდა და ხშირად აძლევდა შენიშვნას, რაზეც სელენამ გამოუცხადა, რომ შეცვლას არ აპირებდა და გოგონებს შორის სულაც შეწყდა ყველანაირი კონტაქტი.
ახლა კი, Rolling Stone-სთან ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად:
"მე ვერასდროს გავაჩენ ბავშვს..." - სელენა გომესის მოულოდნელი აღიარება და დაუსრულებელი ბრძოლა ჯანმრთელობისთვის) სელენამ გამოაცხადა, რომ მისი საუკეთესო და ნამდვილი მეობარი ტეილორ სვიფტია, ხოლო ფრანსია არც უხსენებია. ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში სელენას გაკიცხვა დაიწყეს და უმადური უწოდეს. ვარსკვლავმა მალევე დაწერა საპასუხოდ სოციალურ ქსელში: "მაპატიეთ, რომ ყველა არ ვახსენე, ვისაც ვიცნობ", რასაც კიდევ უფრო მეტი ნეგატივი მოჰყვა.
კიდევ რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ინტერვიუ გამოქვეყნდა, სელენამ პიჟამების წვეულება მოაწყო, რომელზეც ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი დაპატიჟა. როგორც ჩანს, ამ დონის გულგრილობა ვეღარც ფრანსიამ მოითმინა და ლაკონური პოსტით შემოიფარგლა - "საინტერესოა..."
არადა, ცნობილია, რომ თირკმლის გადანერგვის შემდეგ, არც ფრანსია იყო კარგად. ორი თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, დამოუკიდებლად ვერ დადიოდა, სხეულზე კი უშველებელი იარა დარჩა. "ძაღლი მყავს და მასთან ერთადაც ვერ ვსეირნობდი. აქტიური ადამიანი ვარ, თუმცა ორი თვე საერთოდ ვერ დავდიოდი. ყოველდღე მოუთმენლად ველოდი, როდის დავლევდი ყავას და გავისეირნებდი", - ამბობდა ფრანსია. ამ პრობლემებს დეპრესიაც მოჰყვა, რომელიც მას მერე დაეწყო, რაც საუკეთესო მეგობარმა სრულიად მიივიწყა... ახლა კი ფრანსიას იარები გაუახლდა და სავარაუდოდ, ეს აჟიოტაჟი სელენას პოპულარობის წისქვილზე სულაც არ დაასხამს წყალს.