"ის სკოლები ხომ გახსოვთ, სექტემბერში რომ თქვეს, ორ კვირაში დასრულდება რემონტი და განვაახლებთ პირისპირ სწავლასო. ისევ რემონტშია და კუს ნაბიჯით მიიწევენ წინ. ახალ სემესტრამდე აღარც არავინ ელის, რომ სკოლებს გახსნიან. იანვარშიც თუ გახსნეს, მაგის იმედიც კი არ აქვთ ბავშვებს და მშობლებს. ერთ სკოლაში მშობლები აპირებენ სკოლის შენობასთან მაინც შეიკრიბონ, გააპროტესტონ გაჭიანურებული რემონტი და იძულებითი Online "სწავლა". მასწავლებელი აფრთხილებთ თავი შეიკავონ "ასეთი გამოსვლებისგან, რადგან ყველგან ასე ხდება". ამასობაში, კლასიდან ერთადერთი გოგონა, რომელიც მუდამ მოწესრიგებული ესწრებოდა online გაკვეთილებს, აღარც ლოგინიდან დგება და აღარც კამერას რთავს. ხელი ჩაიქნია ბავშვმა, როგორც ყველამ. ეს ისტორია დაიმახსოვრეთ. მომავალში, როცა დასვამთ შეკითხვას, რა არ გააკეთეთ სწორად, ეს გოგონა და მისი თანატოლები გაიხსენეთ", - ეს პოსტი ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა
მეგი კავთუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, 2022-2023 სასწავლო წელი საქართველოს ზოგიერთ საჯარო სკოლაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების გამო სკოლის შენობაში არ დაწყებულა. ბევრი მოსწავლე ონლაინ სწავლაზე გადაიყვანეს, ნაწილი სხვადასხვა ცვლაში გადაანაწილეს, ხოლო ზოგიერთ მოსწავლეს სულ სხვა სკოლაში, შორ მანძილზე უწევს სიარული, რაც, როგორც მშობლები ამბობენ, ძალიან დიდი დისკომფორტია და ბავშვებს სწავლის მოტივაციას უკარგავს.
ამ თემაზე ახალი სასწავლო წლის დასაწყისშიც ვწერდით. თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია და დროებით გადადებული პროცესი, ისევ არ მოგვარებულა. ორგანიზაციას "მშობლები განათლებისთვის" უშუალო კომუნიკაცია აქვს მშობლებთან და მათი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციას ეცნობა. მეგი კავთუაშვილის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მშობელთა აქტიურობა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის ყველა გზის პოვნაა:

"ჩვენთან კვლავ შემოდის ზარები და მშობლები რჩევას ითხოვენ, რა შეუძლიათ, გააკეთონ. გამოიკვეთა ასევე ისიც, რომ მათ თავად სკოლის თანამშრომლები აჩერებენ და ეუბნებიან, რომ არ გააპროტესტონ, რომ გამოხატვას აზრი არ აქვს და ამით არაფერი შეიცვლება. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები ბარიკადად დგებიან, რომ მშობლები სკოლის ეზოში, განათლების სამინისტროსთან არ შეიკრიბონ და არაფერი თქვან იმ მავნებლობაზე, რაც ხდება. არ მაქვს ინფორმაცია, რა არის პროცესის გაჭიანურების მიზეზები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ბურუსით მოცული, გაუმჭვირვალე პროცესია. მით უმეტეს, მშობლებისთვის სრულიად გაუგებარია, როდესაც სკოლა მათ სახლთან ახლოსაა და ყოველდღიურად ხედავენ, რომ სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობს. დათქმულ ვადას აზრი აღარ აქვს, რადგანაც ყველამ იცის, რომ ეს სიცრუეა. გამოვითხოვეთ ინფორმაცია, წლების მიხედვით, რომელ სკოლაში დაიწყო სარემონტო სამუშაოები და როდისთვის იგეგმება დასრულება. ეჭვი მაქვს, რომ ეს სულ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირდაპირ ზღუდავს ბავშვების უფლებებს. მათი კეთლდღეობა და მოტივაცია უარესდება. წარმოუდგენელ მავნებლობასთან გვაქვს საქმე. მშობლებს შეუძლიათ, არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმა გამოიყენონ. დაიწყონ შეხვედრები განათლების მინისტრთან, მაღალჩინოსნებთან, განათლების კომიტეტთან, მიმართონ სახალხო დამცველს, გაავრცელონ წერილები, გამოითხოვონ ინფორმაცია, რატომ ჭიანურდება მათი შვილის სკოლაში ეს პროცესი. ახლა მათზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ყველა ორგანო, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისთვის უნდა მუშაობდეს, დაკავებულია იმით, რომ როგორმე მშობელთა პროტესტი გააჩეროს. მშობლებმა მშვიდობიანი პროტესტით აუცილებლად უნდა დაიცვან თავიანთი შვილების უფლებები. ასევე, თუ მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის, დირექციის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ პროტესტი არ გამოხატონ, ეს ცალსახად უნდა იყოს იმის ინდიკატორი, რომ ის კონკრეტული პედაგოგი, დამრიგებელი თუ სხვა თანამშრომელი თქვენი შვილის მხარეს არ არის და რაღაც დიდისა და საშიშის თანამონაწილეა, რაც ბავშვის ინტერესებს აზიანებს." - ამბობს მეგი კავთუაშვილი.
დავუკავშირდით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ კონკრეტული სკოლის შემთხვევაში, მშობლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მიმართონ და გაარკვიონ, რა გახდა პროცესის გაჭიანურების მიზეზი და როგორია სარემონტო სამუშაოების დასრულების დაახლოებითი ვადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოგვიგზავნეს წერილი, სადაც აღნიშნული იყო:
"გაცნობებთ, რომ ფონდის დაკვეთით ხორციელდება საქართველოს რიგი საჯარო სკოლების სამშენებლო/სარეაბილიტაციო პროექტები. ამ ეტაპზე საქართველოს რეგიონებში ფონდის დაკვეთით მიმდინარეობს 19 სკოლის სარეაბილიტაციო და ასევე, 6 ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები, რომელთაგან ერთი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2022 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი 5-ის - 2023-2024 წლებში. ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით აგრეთვე მიმდინარეობს 8 სკოლის სამშენებლო სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთაგან 3 სკოლის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო დანარჩენი 5-ის 2023 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში."
სოციალურ ქსელში მშობლები წერენ, რომ ერთდროულად ბევრ სკოლაში სარემონტო სამუშაოების წამოწყებისა და გაურკვეველი ვადით გადადებული პროცესის გამო ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ და ბავშვებს სწავლის მოტივაცია უქრებათ:
- გაურკვეველი ვადით სხვა სკოლაში ვართ გადასულები და საშინელებაა. მეორე ცვლაშია ჩემი შვილი, გვიან ამთავრებს სწავლას, მანძილის გამოც ძალიან იღლება და როდემდე გაგრძელდება, არ ვიცით.
- ბავშვი გარეთ რომ გამოდის, უკვე ძალიან ბნელა. გვიან ტრანსპორტიც გადაჭედილია და პრობლემა გვექმნება.
- საშინელი რეჟიმია, ვერსად ვერ ვატარებ. დილით გაკვეთილის გარკვეული ნაწილი აქვს მოსამზადებელი, რადგან საღამოს გადაღლილია და ვერ ასწრებს.
- ჩვენ საერთოდ გვითხრეს, რომ მეორე სემესტრიდან ვარკეთილიდან ლილოში უნდა ვატაროთ ბავშვები, ვის მოუვიდა თავში აზრად ასეთი ნონსენსი? ახლა მშობლები მსჯელობენ, სულ ონლაინზე ხომ არ გადავიყვანოთო და ეს ონლაინებიც რა არის? 3-4, 20-წუთიანი გაკვეთილი და ხანდახან ისიც რომ ცდება. საერთოდ უნდათ ამ ქვეყანაში, რომ ბავშვებმა ისწავლონ? ყველა მშობელს ნამდვილად არ აქვს იმის საშულება, რომ ინდივიდუალურად მოამზადოს ბავშვი, თანაც, რამდენ საგანში უნდა მოვამზადოთ? ეს ხომ ელემენტარული უფლებაა ბავშვის, ნორმალური სასწავლო გარემო? ამ უფლებასაც რომ ვერ უსრულებს სახელმწიფო, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? შეიძლებოდა ერთდროულად ამდენი სკოლის უცებ გამოკეტვა?
- მეორეს რა უჭირს კიდევ, მესამეა საშინელება. ერთიანად დაანგრიეს სკოლები და ბავშვები სხვადასხვა რაიონში გადაანაწილეს! 4-ის ნახევარზე წასული პირველ და მეორე კლასელი 7-ზე ძლივს მოდიოდა სახლში!
- ვერ ვუძლებთ, თან ჯერ მშენებლობაც არ დაწყებულა, ეს არის ჯოჯოხეთი.
- 9-ის ნახევარზე გვეწყება სკოლა, მეორე ცვლით სხვა სკოლა შემოვიდა ჩვენთან და იმ სკოლის რემონტი ჯერ არც დაწყებულა.
- ნეტავ, ვეღირსოთ სკოლის მშენებლობას. ჯერ კიდე სხვა სკოლას ვართ შეხზნულები.
"სკოლების ხანგრძლივი დროით დაკეტვა დიდ მასშტაბს იღებს... მთელი ზაფხული სკოლების დიდ ნაწილში სარემონტო სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობდა" - მშობლები საჯარო სკოლების დაკეტვაზე ღელავენ
თამარ იაკობაშვილი