პასიური აგრესია მოწინააღმდეგის მიმართ პროვოკაციული ქმედებებია, რომლის მიზანი ადამიანის ნეგატიურ ემოციებამდე მიყვანაა. მაგალითად, ეს შეიძლება კრიტიკის ან უსიამოვნო კომენტარების მეშვეობით განხორციელდეს და ადამიანს სიმშვიდე დააკარგვინოს. ოჯახში პასიური აგრესია ორმაგი ქცევითა და მანიპულირებით შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, როდესაც, ერთი მხრივ, მშობლებს მშვიდი ტონი აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ, ბავშვს სჯიან. პირობითად, დედა შვილს, ეუბნება, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ იმ დროს, როცა ბავშვი ნერვიულობს, აბსოლუტურ სიცივესა და გულგრილობას ავლენს, თითქოს ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ან კიდევ, როდესაც ბავშვს წარუმატებლობა აქვს, მამა ეუბნება, რომ ეს მისი არჩევანია და ცუდი არაფერი მომხდარა, მაგრამ იმედგაცრუებული სახე და ტონი აქვს.
ასეთ შემთხვევაში ბავშვს უამრავი შეკითხვა აწუხებს, ვერ იგებს, რა არის კარგი და რა, ცუდი, და თავს დამნაშავედ გრძნობს. მშობლებს შეუძლიათ, ბოროტი ხუმრობები, კრიტიკული ფრაზები და დამამცირებელი სიტყვები ერთმანეთში აურიონ ისე, რომ ვერ მიხვდნენ, როგორ აზიანებს ეს მათი შვილების ფსიქიკას.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ხუმრობა არის ის, რაც ოჯახში ყველას ამხიარულებს, მაგრამ თუ ბავშვი თავს არაკომფორტულად გრძნობს, ეს პასიური აგრესიაა.
პასიური აგრესია არა მხოლოდ ბავშვთან მიმართებით ვლინდება, არამედ მისი მსხვერპლი შეიძლება ოჯახის ნებისმიერი წევრი გახდეს. მაგალითად, სიძე, რომელსაც სიდედრისგან ესმის არაეთიკური ფრაზები, ცოლი, რომელსაც ქმარი ცუდად მიმართავს, თუ სხვა. აგრესიის ამ ფორმის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ თითქოს ადამიანებს მშვიდი ტონი აქვთ, ამბობენ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, სინამდვილეში ინტონაციით, გამომეტყველებით, სიტყვების არასწორი ფორმულირებით საპირისპიროს ამტკიცებენ.
თუმცა, სპეციალისტების თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ბავშვებისთვის ბევრად უფრო საზიანოა. ფსიქოლოგების განმარტებით, პასიურად მოძალადე მშობელი თავადაც ასე გაიზარდა. მას არ აქვს საკმარისი რესურსი სიტუაციასთან გასამკლავებლად, საკუთარ თავს ემოციების ღიად გამოხატვის უფლებას ვერ აძლევს, არ იცის, როგორ უნდა იცხოვროს მასთან ერთად და იმედგაცრუებას გრძნობს. შედეგად, პასიური აგრესიით გამოხატავს იმას, რისი გამკლავებაც ღიად არ შეუძლია. უფროსებს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ბავშვთან კომუნიკაციისა და აღზრდის მართებული მიდგომა, არ სურთ ბრაზის ღიად გამოხატვა, თუმცა დაფარული საყვედურებით ბავშვებს უამრავ პასუხგაუცემელ შეკითხვას უტოვებენ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი ქცევა მშობელს არც დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება და არც რესურსების შევსებაში. კომუნიკაციის ამ ფორმით ბავშვი ნდობას კარგავს და არც საკუთარ პირად საზღვრებზე აქვს ინფორმაცია.
ორ ზრდასრულ ადამიანს შორისაც შესაძლებელია მსგავსი დამოკიდებულება არსებობდეს, თითქოს, გარედან ყველაფერი რიგზეა, აშკარა აგრესიას ერთმანეთის მიმართ არ გამოხატავენ, ცდილობენ, კონფლიქტი აირიდონ, მაგრამ, სინამდვილეში, ხვდებიან, რომ რაღაც არასწორად მიდის.
როგორ მოვიქცეთ, თუ პასიური აგრესიის მსხვერპლად აღვიქვამთ საკუთარ თავს?
თუ ბავშვებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, მათ შემთხვევაში, შედარებით ნაკლები გზა არსებობს. მაგალითად, ისინი უნდა შეეცადონ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო ისეთ ნათესავებთან გაატარონ, რომლებიც მათზე ზრუნავენ და თავს ბედნიერად აგრძნობინებენ.
თუ მოზარდებსა და ზრდასრულებზე ვსაუბრობთ, მაშინ იმ ადამიანთან, რომელიც მსგავსი ფორმის აგრესიას გამოხატავს, როგორც საკუთარ, ასევე მის გრძნობებზე გულწრფელი საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. კონფლიქტის მშვიდად და ადეკვატურად განხილვას ალტერნატივა არ აქვს.
თუ შეესწარით, რომ ადამიანი სხვაზე სიტყვიერად ძალადობს, ჩუმი ფორმით, ტონითა და გამომეტყველებით თავს ცუდად აგრძნობინებს, შეეცადეთ, გაესაუბროთ და ჰკითხოთ, რა აწუხებს. მაგრამ ეს მწვავე კონფლიქტის დროს არ გააკეთოთ. შესაძლოა, აგრესია კიდევ უფრო გაამწვავოთ. მაგალითად, თუ სიდედრი სიძეს მოჩვენებითი ხუმრობით ეუბნება, რომ მისი შვილი მისთვის შესაფერისი არ არის და მოუწოდებს, რომ შეიცვალოს, შეეცადეთ, "დაფარული მესიჯების" ნაცვლად, რეალურად გამოახატვინოთ გრძნობები და სთხოვოთ, პირდაპირ გაარკვიოს ის, რაც არ მოსწონს. საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ფსიქოლოგს მიმართეთ და პროცესის სწორად მართვაში ის დაგეხმარებათ.
როგორ მოქმედებს პასიური აგრესია ბავშვებზე?
პასიური აგრესია ბავშვის თვითშეფასებას ანადგურებს - ის საკუთარ თავში დაეჭვებას იწყებს და სხვების ნდობას წყვეტს. ასეთი კომუნიკაცია ბავშვს აფიქრებინებს, რომ მშობლები არ იღებენ, უყალიბდებათ არასფრულფასოვნების კომპლექსი და თავს დაუცველებად გრძნობენ.
პასიური აგრესიის მსხვერპლი ბავშვები უფრო მეტად განიცდიან დეპრესიას, ანტისოციალურ ქცევას და უკვე ზრდასრულ ასაკში მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას.
რამდენიმე რჩევა მშობლებისთვის, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან პასიური აგრესია:
- ისწავლეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, გააანალიზეთ თქვენი რესურსი და ძლიერი მხარეები, იყავით რეალიზებული და საკუთარ წარუმატებლობას შვილზე ნუ გადაიტანთ.
- ხშირად ესაუბრეთ შვილს და ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს.
- დაიცავით საზღვრები - ბავშვი მშობლებთან ურთიერთობის მაგალითით საკუთარი და სხვისი აზღვრების პატივისცემას სწავლობენ.
- ემოციების ვერბალიზაცია (გამოთქმა) - გახსოვდეთ, რომ ცუდი ან კარგი ემოციები არ არსებობს და გრძნობების გამოხატვას ტაბუს ნუ დაადებთ, ეს ყველაფერი მოზრდილებსაც სჭირდებათ და ბავშვებსაც.
- ნუ შეგეშინდებათ კონფლიქტის, მაგრამ ემოციები სოციალურად მისაღები გზით გამოხატეთ.
- ნუ მისცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ბავშვი დაეჭვდეს, გიყვართ, თუ არა. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოთ, შეეცადეთ, შვილის თვითშეფასება არ გათელოთ.