"აგრესიული ბავშვი ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლია..." - რატომ ყალიბდებიან ბავშვები აგრესორებად და მჩაგვრელებად - მშობლები

"აგრესიული ბავშვი ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლია..." - რატომ ყალიბდებიან ბავშვები აგრესორებად და მჩაგვრელებად

2022-11-17 07:42:36+04:00

სკოლაში ბულინგი თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პრობლემაზე არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობს და მასწავლებლებსა და მშობლებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. სკოლებში ჩაგვრის შემთხვევების აღმოფხვრაში განსაკუთრებული როლი ფსიქოლოგს აქვს, რომელსაც ბავშვებთან სწორი კომუნიკაციით, შეუძლია ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოს. ანანო გოგინავა სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის ფსიქოლოგი და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. ის ბავშვებთან ამ თემაზე ხშირად საუბრობს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, თუ როგორ ვლინდება ბულინგი დაწყებით კლასებში და როგორ შეუძლია მდგომარეობსი უკეთესობისკენ შეცვლა ფსიქოლოგს, მასწავლებელსა და მშობელს:- ბულინგი ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. თუ სტატისტიკურ მონაცემებს შევხედავთ, ბულინგის შემთხვევები მსოფლიოში გაზრდილია და ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. ერთი შეხედვით, ტერმინი „ბულინგი“ თითქოს ყველამ იცის, რომელიც აბუჩად აგდებას, ჩაგვრას გულისხმობს. ის არასასურველ, განმეორებით ქცევას წარმოადგენს, რომელიც ხშირად აგრესიით, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობით ხასიათდება და განსაკუთრებით მისი ხშირი გამოვლენა სკოლებსა და ბავშვთა ორგანიზებული კოლექტივისთვისაა დამახასიათებელი, რადგან სოციალურ მოვლენას წარმოადგენს და ხშირად მოზარდებში ადრეული ასაკიდანვე ვლინდება.

სკოლებში, დაწყებით საფეხურზე, მნიშვნელოვანია, რომ ბულინგი და აგრესიული ქცევა ერთმანეთისგან განვასხვავოთ. მაგალითად, ძალადობის შემცველი ყველა შემთხვევა ბულინგი არ არის. (როდესაც მშობელი ბავშვს ფიზიკურად სჯის, ეს ფიზიკური ძალადობაა და არა ბულინგი) თუმცა, სკოლებში თანატოლთა ისეთი ქცევები ვლინდება, როცა ძალადობის პირდაპირი ნიშნები არ იკვეთება. მარტივად, რომ ვთქვათ, მაგალითად, როცა თანაკლასელები არ ესალმებიან ან არ ესაუბრებიან ერთ-ერთ მოსწავლეს, ამ შემთხვევაში რთულია ვისაუბროთ თვალსაჩინო ძალადობაზე, თუმცა ბულინგის შემთხვევა სახეზეა. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია პრობლემა სწორად განვსაზღვროთ და შემდეგ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. რაც შეეხება ბულინგის მართვასა და პრევენციას, ვინაიდან ეს თემა საკმაოდ სენსიტიურია, პირველ რიგში, პრობლემაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ვაღიაროთ და თანმიმდევრული ნაბიჯების განხორციელება დავიწყოთ: დავუკავშირდეთ მოსწავლეთა მშობლებს და სკოლის ფსიქოლოგთან, ან მოწვეულ სპეციალისტთან ერთად პროცესში ჩავერთოთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს „მოძალადე ბავშვი“, ე.წ. ბულერი, ან ბავშვთა ჯგუფი, რომელთაც პროფესიონალთა დახმარება აუცილებლად სჭირდებათ, რადგან ხშირად ასეთი ბავშვები თავად არიან ძალადობის მსხვერპლნი.

- ბულინგი ძალიან ბევრი მშობლისა და მასწავლებლისთვის დიდი გამოწვევაა. რა ფორმებით ვლინდება ის სკოლებში?

- გეთანხმებით, ბულინგის თემა რომ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ამას არაერთი საერთაშორისო კვლევაც ცხადყოფს. ამიტომ, აუცილებელია ვისწავლოთ ბულინგის ამოცნობა, რომელიც სასწავლო გარემოში სხვადასხვა სახით გვხვდება. მისი არაერთი ფორმა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ნიშნით ხასიათდება, ესენია:

  • ფიზიკური ბულინგი-იგი წარმოადგენს ძალადობრივ ფორმას, რომელიც ფიზიკური ზიანის მიყენებით ხასიათდება.
  • სიტყვიერი ბულინგი-რომელშიც მოიაზრება სიტყვიერი შეურაცხყოფა.
  • კიბერბულინგი-გულისხმობს, სმს გზავნილებს, სურათებსა და სხვა შანტაჟის შემცველ შეტყობინებას, სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე, სხვათა სახელით ანგარიშების შექმნას. ბოლო ტენდენციებმა ნათლად დაგვანახა, რომ ბულინგის ეს სახე, განსაკუთრებით საყურადღებო გახდა, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბულინგის ფორმები სკოლის კუთხეებსა თუ ეზოს სივრცეებს გასცდა.
  • არაპირდაპირი ბულინგი-გულისხმობს ადამიანის ზურგს უკან სხვადასხვა ამბის გავრცელებას.

- როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ხოლმე ბავშვები მჩაგვრელებად და რისი გაკეთება შეუძლია სკოლას?

- მკვლევარები მრავალი წლის მანძილზე მიიჩნევდნენ, რომ მხოლოდ ერთი ტიპის ბულერი არსებობდა, ზედმეტად აგრესიული ბავშვი, რომელიც ოჯახში იყო ძალადობის მსხვერპლი. დღევანდელი გადმოსახდიდან მისი გამოწვევის ზუსტი დეფინიცია არ არსებობს, იგი შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვიოს - ცხადია, ოჯახურმა ძალადობამ, და-ძმებს შორის კონფლიქტმა, რომელიც ბულერად ჩამოყალიბების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენს, ოჯახის უგულისყურო, უყურადღებო და არასათანადო დამოკიდებულებამ და ა.შ. სკოლამ, რაც შეიძლება პირველი გააკეთოს, არის ის, რომ პროცესში ფსიქოლოგი ჩართოს, რომელიც შეეცდება, გაიგოს რა არის „ბულერის“ ქცევის ამგვარი მოტივაცია და მის ქცევას რა უდევს საფუძვლად. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა კლასში მეგობრული, კეთილგანწყობილი და დახმარებაზე ორიენტირებული გარემო შექმნას, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ.mshoblebi

- მასწავლებელს რა როლის აქვს სკოლაში ბულინგის აღმოსაფხვრელად?

- სკოლაში ბულინგის შემთხვევების არიდებასა და აღკვეთაში მასწავლებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მან უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემო უნდა შექმნას და სხვადასხვა შემთხვევაზე სწრაფი რეაგირება ჰქონდეს, თავად გახდეს სათანადო ქცევის მაგალითი და მოსწავლეებს არასასურველი ქცევის შეცვლაში დაეხმაროს.

- მოგვიყევით თქვენი მეთოდების შესახებ, რა გზით ცდილობთ მოსწავლეთა შორის ჩაგვრასთან ბრძოლას?

- პირველ რიგში, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ვცდილობ. სხვადასხვა შემთხვეევის დროს განვიხილავთ საკითხს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, მთელ კლასთან ერთად. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს „არაბრალდებითი პოზიცია“, რადგან ამ შემთხვევაში დამნაშავე კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ გავარკვიოთ, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ერთმანეთთან საუბრით ვცდილობთ, გავაცნობიეროთ პრობლემა, მათი როლი როგორი იყო და როგორ შეიძლება ყოფილიყო. ასევე, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მსგავსი მაგალითები, თუ როგორ მოიქცნენ სხვები ანალოგიურ სიტუაციაში. იქედან გამომდინარე, რომ თითოეულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად ვაქცევ ხმის ტემბრს ყურადღებას, რომ ეს საუბრისა და მსჯელობის ფორმით იყოს და ნეგატიურ, დამსჯელობით შემთხვევად არ აღიქვან, რადგან ვფიქრობ, რომ სწორი კომუნიკაცია და ჯანსაღი ურთიერთობები ყველა პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.

- თქვენ რა გეხმარებათ ბავშვებთან კომუნიკაციაში, რაზეც ფიქრობთ, რომ ამართლებს?

- ვფიქრობ, პირველი ფუნდამენტური საკითხი ბავშვებისა და პროფესიისადმი უპირობო სიყვარულია. ასევე, მნიშვნელოვანია, ორმხრივი ემოციური კავშირის დამყარება და სწორად წარმართვა, მუდმივად დიალოგის ფორმატში ყოფნა, მოსმენა, ემპათიურობა. რაც მთავარია, ახსნა, თუ რატომ და რისთვის შეიძლება, ან არ შეიძლება ესა თუ ის ქცევა.

- რა გზით შეუძლია მასწავლებელს მოსწავლეები დაამეგობროს და რა დადებითი მნიშვნელობა აქვს კლასელებს შორის მეგობრობას, ნდობას და კეთილგანწყობას?

- ყველანი ვთანხმდებით, რომ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები მუდმივად დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, მარტივი არ არის სხვადასხვა უნარ-ჩვევის, ხასიათის, ტემპერამენტისა თუ ფიზიკურად განსხვავებული მოსწავლეების ერთ კლასში ყოფნა, მათი დამეგობრება და ჯანსაღი, ჰარმონიული და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა. მასწავლებელს პროფესიულ ცოდნასთან ერთად, ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება მართებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას გარემოში. ამისათვის წინასწარ უნდა შეიმუშაოს და დაგეგმოს სხვადასხვა აქტივობა, გასვლითი ღონისძიება, არაფორმალური შეხვედრა და ა.შ, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ერთმანეთთან ინტეგრირებას, დამეგობრებას და მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარებას. ასევე, მნიშვნელოვანია მშობელთა ერთმანეთთან ურთიერთობა და სწორი ჩართულობა, რაც სასურველი შედეგების სწრაფად მიღწევას ხელს შეუწყობს.

- ზოგადად, როგორ ფიქრობთ, მასწავლებელს, გარდა საგნის სწავლებისა, რა როლი აქვს მოსწავლეების განვითარებასა და ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო, პატივსაცემი და რთული პროფესიაა. იგი საკუთარი ხელით ქმნის მომავალს, მშობლის შემდეგ ბავშვის სწორად აღზრდა მასწავლებლის ხელშია, რადგან ის მოსწავლის თვალში დიდი ავტორიტეტია, რომლისგანაც მაგალითებს იღებს, ამიტომ სწორი ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება.თამარ იაკობაშვილი

altასეთი ბავშვები განიცდიან დეპრესიას, ანტისოციალურ ქცევას და უქვეითდებათ თვითშეფასება - რა არის პასიური აგრესია ოჯახში და როგორ ვლინდება ის