დენტალური იმპლანტაცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი სტომატოლოგიური მომსახურებაა. იმპლანტი დაკარგული კბილის ჩანაცვლების საუკეთესო გზად მიიჩნევა მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგების მიერ. თანამედროვე სტომატოლოგიაში იმპლანტაცია უკბილობის, ანუ ადენტიის, მკურნალობის უალტერნატივო მეთოდია.დენტალური იმპლანტაციის დროს ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი ანუ იმპლანტი, რომელზეც შემდგომში ფიქსირდება ხელოვნური კბილი - გვირგვინი. იმპლანტი ბუნებრივი კბილისგან ვიზუალურად არ განსხვავდება და ის ყბა-სახის სისტემას ფუნქციურად სრულად აღადგენს.იმპლანტაცია ძალიან ეფექტური სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელიც უკბილობის პრობლემას ხანგრძლივად აგვარებს. თუმცა, შედეგი რომ მართლაც ხანგრძლივი იყოს, აუცილებელია, ექიმის რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვათ და იმპლანტს შესაბამისად მოუაროთ. 
გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენმა იმპლანტმა ფუნქცია დიდი ხნის განმავლობაში არ დაკარგოს.
- პოსტოპერაციულ პერიოდშიც და შემდეგაც ჰიგიენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმპლანტის გამოყენების ვადა დიდწილად სწორი ჰიგიენის დაცვაზეა დამოკიდებული.
- აუცილებელია კბილების დილა-საღამოს სათანადოდ გასუფთავება. ძილის პერიოდში ნერწყვის გამოყოფა მცირდება (ნერწყვს კი კბილების დაცვის ფუნქცია აქვს) ძილის დროს კბილებზე და მათ შორის, იმპლანტზეც განსაკუთრებით ბევრი ნადები გროვდება. სწორედ ამიტომ ძილის წინ და ძილის შემდეგ კბილების გახეხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვისთვის.
- იმპლანტის ჰიგიენა მხოლოდ კბილების გახეხვას არ გულისხმობს. აუცილებელია კბილის ძაფის ანუ ფლოსის გამოყენება. შეგიძლიათ, ძაფი იმპლანტს შემოახვიოთ და ისე ამოძრაოთ, რომ გვერდები კარგად გასუფთავდეს. შემდეგ კი იმპლანტის წინა და უკანა მხარე უნდა გაწმინდოთ ფლოსის იქით-აქეთ მოძრაობის პრინციპით. უფრო ძლიერი ეფექტისთვის შეგიძლიათ ფლოსს კბილის პასტაც წაუსვათ.
- წმენდის შემდეგ უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოვლების ეტაპი. წყლის გამოვლება უზრუნველყოფს კბილიდან და იმპლანტიდან მოშორებული ბაქტერიებისგან პირის ღრუს გათავისუფლებას. თუ სათანადოდ არ გამოივლებთ, მაშინ ბაქტერიები კვლავ თქვენს პირში დარჩება და შემდეგ პრობლემებს შეგიქმნით.
- თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი სტანდარტია სავლები სითხის გამოყენება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სავლები სითხე მხოლოდ დამატებით პროცედურაა და ის კბილის ჯაგრისსა და ფლოსს არ ანაცვლებს.
- აუცილებელია გამოიყენოთ ირიგატორიც, რომელიც კბილების გასუფთავების ბოლო ეტაპია.
- ჰიგიენის წესების მაქსიმალური დაცვის პარალელურად, აუცილებელია რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან. ის პირის ღრუს მდგომარეობას შეაფასებს და პაციენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს მისცემს. ვიზიტის დროს უნდა მოხდეს კბილებზე ნადების არსებობის და იმპლანტისა და მის გარშემო არსებული ქსოვილების შეფასება. სასურველია რენტგენის გადაღებაც, რომ გაირკვეს რა ვითარებაა იმპლანტის შიგნით.
- აქტიური მწეველობა საკმაოდ აქვეითებს წარმატების მაჩვენებელს როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
თითოეული ზემოთ დასახელებული პროცედურის მიზანია, რომ იმპლანტის გარშემო კბილები და ქსოვილები იყოს მაქსიმალურად ჯანმრთელი და სუფთა. მეზობელი კბილებისა და ღრძილების დაზიანების შემთხვევებში პრობლემები გადადის იმპლანტზეც. საბოლოოდ კი აღნიშნულმა შეიძლება იმპლანტის შეცვლის საჭიროება გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, სწორი მოვლის შემთხვევაში იმპლანტი მთელი ცხოვრების მანძილზე გემსახურებათ.