"ცხოვრების მთავარი სიმღერა დის დასაფლავების დღეს დავწერე - ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს" - ტრავმა, სიყვარული და ცნობილი მეგობრები: უცნობი ამბები დათო ევგენიძის ცხოვრებიდან
"ჩემთვის მუსიკა ცხოვრებაა, ჩემთვის სამყარო ჟღერს" - ამბობს მუსიკოსი დათო ევგენიძე, რომელსაც ცნობილი და დიდი მუსიკოსები თავიდანვე წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
მუსიკის წერა ჯერ კიდევ 4-5 წლის ასაკში დაიწყო და ამ საოცარი ნიჭისთვის ცხოვრების არც ერთ ეტაპზე უღალატია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად გამოსდიოდა, წარმატებას ადვილად აღწევდა, ცხოვრების გზაზე ტკივილიც ჰქონია.
AMBEBI.GE-ს რუბრიკაში "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები" დათო ევგენიძე ამ ყველაფერზე გულწრფელად საუბრობს.
ცოტა ხნის წინ, მან თავის ნეუღლესთან 18-წლიანი თანაცხოვრება ოფიციალურად, ხეილისმოწერით დაადასტურა და ქორწილიც ჰქონდა.
ქორწილი და ხელისმოწერა
- ნინო 18 წლის წინ მოვიყვანე ცოლად, ჯვარი დავიწერეთ, ძალიან მალე საქორწინო მოგზაურობაში წავედით და ხელის მოწერა ვერ მოვასწარით. სულ გვქონდა გეგმაში, რომ ჩვენი თანაცხოვრება ოფიციალურადაც გაგვეფორმებინა, მაგრამ წლები ისე გავიდა, ვერ მოვახერხეთ. ვინაიდან ჩვენი შვილი სრულწლოვანი ხდება და საკუთარი შვილი მინდოდა, მართლაც ჩემი ყოფილიყო და როგორღაც ხელისმოწერა გადავწყვიტეთ.
ჩემს ასაკში ცოლის მოყვანა მარლაც იშვიათია, მეუღლეზე არაფერს ვამბობ, მასზე 17 წლით უფროსი ვარ... მოკლედ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიფიქრეთ, ჩვენს ქორწილში მეგობრებიც მოგვეწვია და იმ ბედნიერ დღეს გაგვეხსენებინა დრო, როცა ერთმანეთის ქორწილებში დავდიოდით...
ჩემი მომავალი ცოლი პირველად რომ ვნახე, საკმაოდ პატარა იყო, ძალიან მომეწონა. მერე რამდენჯერაც ვნახავდი, სულ მინდოდა, შემდეგი შეხვედრა შემდგარიყო. ბოლოს 10 წელი არ მყავდა ნანახი, მოსკოვიდან თბილისში ვიზის გაგრძელებაზე ვიყავი წამოსული. იმ პერიოდში რუსულ-ქართული ურთიერთობები გაფუჭებული იყო, საკონსულო დაკეტილი იყო. არადა, მნიშვნელოვან ფილმზე ვმუშაობდი, საჩქაროდ ვიყავი უკან წასასვლელი, მაგრამ სანამ ვიზა ავიღე, ერთ თვით ჩამოსულს აქ ყოფნა 4 თვე გამეწელა.
იმ პერიოდში „აჭარამიუზიკჰოლში“ სამეგობრო ვიყავით მისული, ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან მნიშვნელოვან ფილმზე ვმუშაობდი და ფაქტობრივად, იმ შეფერხების გამო შეკვეთას ვკარგავდი... მოკლედ, ვხედავ შემოვიდა ნინო და მივხვდი, რომ ის ჩემი ბედნიერება იყო. როგორც ვთქვი, 10 წელი არ მყავდა ნანახი, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და პირდაპირ ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. უი, მოსკოვში ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობსო. ასე მიპასუხა. ცოლად მომყავხარ-მეთქი. დაიბნა. მეორე დღეს დავურეკე, მეგობრებთან ერთად წამოვიყვანე, მერე სტუმრად ვიყავით და ნინოს დედაც იქ იყო. ორივე მანქანაში ჩავსვი და დედას ვუთხარი, თქვენი შვილი ცოლად მომყავს-მეთქი. მერე დედა დავტოვე თავის სახლში, ნინო ჩემთან წამოვიყვანე. არც ჩემებმა არაფერი იცოდნენ... იმ დღიდან 18 წელი გავიდა და ჩვენი ცოლქმრობა ცოტა ხნის წინ ოფიციალურადაც დადასტურდა.
"ჩემი ბავშვობა უმთავრესია, ჩემში შემოქმედებას და ყველაფერ პოზიტიურს ბადებს"
- გავიზარდე რუსთაველის 44-ში, თბილისურ ეზოში. ერთი უზარმაზარი აივანი იყო, რომელიც რამდენიმე ოჯახს აერთიანებდა, მეზობლები ოჯახის წევრებივით იყვნენ. ცხოვრობდნენ რუსები, ბალტიისპირელები, ქურთები, აზერბაიჯანელები... 1997 წელს ოპერაში კონცერტი გავმართე სახელწოდებით „შაბათი,“ სადაც ერთდროულად ჟღერდა ყველა ის მუსიკა, რაც მათი სახლებიდან გამოდიოდა. ბავშვობაში გაგონილი და იმ მრავალეთნიკური ოჯახებიდან გამოსული ნაციონალური მუსიკა ყურში რომ მქონდა ჩარჩენილი (მათ შორის, კლასიკა, ჯაზიც) გავაერთიანე.
"რუსთაველზე ოროთახიანი ბინა გვქონდა"
- იყო ერთი ძალიან დიდი ოთახი და მეორე - შედარებით პატარა. ვცხოვრობდით, მე, ჩემი და, დედა, მამა, ბებია და ჩემი დიდი ბებია ლუბა, რომელიც ფანტასტიკური ადამიანი იყო - ერთდროულად 4 თაობა ვიყავით. ჩვენი ნათესავებიც იქვე, მეზობელ ქუჩებზე - გრიბოედოვზე, კოტე მესხზე ცხოვრობდნენ. ყველანი ერთუბნელები ვიყავით.
საკმაოდ პატარას რატომღაც დამამახსოვრდა ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის სუნთქვა. არ იყო სხვადასხვა ოთახები, რომ იქ დაგვეძინა. ოჯახის ის ერთად ყოფნის სითბო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... სკოლაში 1967 წელს წავედი და მას მერე რუსთაველზე დიდხანს ვიცხოვრეთ. სკოლა რომ დავამთავრე, ახალი ბინა მიღებული კი გვქონდა, მაგრამ რუსთაველის სახლი მაინც გვქონდა და ჩემს სახლს მაინც იმას ვეძახი. ფანჯრებიდან ვხედავდი სასტუმრო „ივერიას“, მის წინ კაფე „მეტრო“ იყო, სადაც პირველად ვნახე კოქტეილის ჭიქა და ვოცნებობდი, იმ ასაკის მალე გავმხდარიყავი, რომ „მეტროში“ მოხვედრილიყავი. ქალაქის მთელი სტილიაგები იქ დადიოდნენ. სამწუხაროდ, მაგას ვერ მოვესწარი, რადგანაც კაფე დაანგრიეს... ასევე ჩემი სარკმლიდან დავინახე, როგორ მოჭრეს რუსთაველზე უზარმაზარი ხე, რომელიც იქაურობას ძალიან უხდებოდა. იმ ხის ერთგვარ დასაფლავებას დავესწარი. არავის რომ ენახა, ღამე მოჭრეს. ტანკერივით მანქანა იყო, იმაზე შემოდეს და წაიღეს. ის წუთები ჩემი ბავშვობის ხის დასაფლავებას ჰგავდა...
ჩემი და ლია
- 18 წლის არ ვიყავი, 16 წლის და რომ დამეღუპა. ლიაზე წლი-ნახევრით უფროსი გახლდით. ეგ ტრაგედია 1977 წელს მოხდა. მაგ წელს მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგრამ დის დაღუპვა ჩემთვის ტკივილზე მეტი იყო. მას მერე ასე - ჩემი ცხოვრება ლიას გარდაცვალებამდე და ლიას გარდაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ, ინციდენტი ზღვაზე ბავშვების თამაშისას მოხდა და ლია ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს... ის ჩემი სიმღერის პირველი შემსრულებელი იყო, მუსიკალურ ათწლედში ფლეიტაზე დადიოდა, როცა მე საფორტეპიანოზე ვსწავლობდი.
განაგრძეთ კითხვა
დათო ევგენიძე მესამე ცოლზე ოფიციალურად დაქორწინდა - ფოტოები ცერემონიიდან
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - საოჯახო ალბომი (ფოტოები)