ბევრი მშობელი და მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ბავშვების სიცელქე საზღვარს სცდება და უკონტროლოა. საკითხი საკმაოდ აქტუალურია, თუმცა სად გადის ზღვარი ასაკობრივ სიცელქესა და ქცევის დარღვევას შორის, ხშირად კარგად დაკვირვებასა და გამიჯვნას საჭიროებს. თემაზე სასაუბროდ ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრს, ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრის მენტალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამარ (ტატა) ბაზღაძეს დავუკავშირდით. ის გვიყვება, რა ნიშნებით ხასიათდება ქცევის დარღვევა, ჰიპერაქტიურობა, რა ახდენს გავლენას და მკურნალობის რა გზა არსებობს:
- პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, რას ვგულისხმობთ სიცელქეში. ჯანმრთელი ბავშვი ზომიერად ცელქი, მოუსვენარი და ცნობისმოყვარე უნდა იყოს, რადგან სამყაროს ინტენსიური შეცნობა მისი განვითარების აუცილებელი პირობაა. სამყაროს შეცნობა კი თვეების ასაკიდან იწყება და განსაკუთრებით აქტიური სიარულის დაწყების შემდეგ ხდება - ბავშვი მუდმივად ყველგან დაძვრება, ყველაფერი აინტერესებს - საგნები, მოვლენები, ემოციები. იგი აგროვებს ცოდნას, როგორც ნამდვილი მეცნიერი - აყალიბებს თეორიებს, ამოწმებს პრაქტიკაში, გამოაქვს დასკვნები. ეს ყველაფერი აქტიურობას მოითხოვს. მაგრამ არსებობს ზღვარი ნორმალურ აქტიურობასა და ქცევით დარღვევას შორის. როდესაც ბავშვის ქცევა ასაკობრივი ნორმის საზღვრებს სცილდება და უქმნის პრობლემებს გარშემომყოფებს ოჯახში, თუ მის გარეთ, ეს უკვე დარღვევაა, რომელიც ჩარევას საჭიროებს.
- ქცევითი დარღვევის ქვეშ იგულისხმება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული ქცევის ასაკობრივი ნორმიდან გადახრა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქცევის ნორმები სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავდება. ქცევითი დარღვევის მქონე ბავშვებს ახასიათებთ ემოციური პრობლემები და სხვების ინტერესების უგულებელყოფა, მათ უჭირთ ქცევის არსებული სოციალური ნორმების დაცვა, მათი ქცევა შეიძლება იყოს მტრული და, რიგ შემთხვევაში, ძალადობრივი. ქცევის აშლილობის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ქცევის აშლილობის განვითარებას. ქცევითი აშლილობები გვხვდება ყველა რასაში, კულტურასა და სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფში, მათი სიხშირე დაახლოებით 5%-ია, უფრო ხშირია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.
- ქცევითი დარღვევა ადრეული ასაკში დაუმორჩილებლობით, მრისხანების შეტევებით (ე.წ. ტემპერ-ტანტრუმით), გამომწვევი და ოპოზიციური ქცევით ვლინდება. ასევე 3 წლამდე ასაკში შესაძლოა გამოვლინდეს აგრესიის ადრეული ნიშნები, მაგ. კბენა, ჩარტყმა, ხელის კვრა, საგნების განგებ გაფუჭება. მოზარდობის პერიოდში ვლინდება უფრო სერიოზული დარღვევები, როგორებიცაა ბულინგი, ადამიანების დამცირება, დაცინვა, სისასტიკე ცხოველების მიმართ, ქურდობა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ.
- ქცევითი აშლილობის განვითარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და ხელს უწყობს. კვლევამ აჩვენა, რომ ქცევის აშლილობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, როგორც ჩანს, ტვინის შუბლის წილის დისფუნქცია აქვთ, რაც მათ უნარს, დაგეგმონ ქმედება, თავიდან აიცილონ ზიანი და ისწავლონ ნეგატიური გამოცდილებიდან, ხელს უშლის.
- რა თქმა უნდა, არა. უმეტეს შემთხვევებში, ქცევის დარღვევა თავისით არ ალაგდება, პირიქით, დინამიკაში მძიმდება და ჩარევას საჭიროებს. რაც უფრო ხანგრძლივი და მძიმეა ქცევითი აშლილობა, მით უფრო რთულია მასთან მუშაობა.
- ჰიპერაქტიური აშლილობა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროგანვითარებითი დარღვევა. როგორც წესი, ჰიპერაქტიურობის დიაგნოზი დაისმის ბავშვობაში (უმეტესად 5-6 წლის ასაკში) და ხშირად გრძელდება ზრდასრულ ასაკში. ჰიპერაქტიური აშლილობის მქონე ბავშვებს ჭარბ აქტივობასთან ერთად, აღენიშნებათ ასევე ყურადღების კონცენტრირების სირთულეები და იმპულსური ქცევა (ქცევა შედეგებზე დაფიქრების გარეშე). არსებობს ჰიპერაქტიური აშლილობის სამი ტიპი: უპირატესად ჰიპერაქტიურობით და იმპულსურობით - ქცევის ჰიპერაქტიური აშლილობა (უმეტესად გვხვდება ბიჭებში); უპირატესად ყურადღების დეფიციტით მიმდინარე - აქტიურობის და ყურადღების დარღვევები (უფრო ხშირია გოგონებში) და შერეული ტიპი. ჰიპერაქტიურ აშლილობას ახასიათებს მრავალი სიმპტომი და არ არის აუცილებელი ყველა მათგანი ერთდროულად იყოს წარმოდგენილი. ეს სიმპტომებია:
- როგორც უკვე ავღნიშნე, ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჭარბი აქტივობა და ყურადღების მცირე დროით კონცენტრირება შეიძლება ნორმის ვარიანტი იყოს, თუმცა ასაკთან ერთად აქტივობა მცირდება და კონცენტრაციის დრო იზრდება. ჰიპერაქტიურობის შემთხვევაში კი სიმპტომები ნარჩუნდება და მძიმდება, იწვევს პრობლემებს როგორც სახლში, ასევე ბაღში, სკოლაში, თანატოლებთან ურთიერთობაში, არღვევს ადაპტაციას. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭიროა სპეციალისტის ჩარევა.
- პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვის მდგომარეობის სწორი შეფასება და დიაგნოსტირება. იდეალურ შემთხვევაში ბავშვს აფასებს მულტიგუნდი, რომლის შემადგენლობაში შედის: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, საჭიროების შემთხვევაში, ნევროლოგი და მეტყველების თერაპევტი. ფასდება ბიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები. კლინიკური ინტერვიურს დროს ხდება ინფორმაციის შეკრება როგორც ბავშვისგან, ასევე მშობლებისგან და სხვა მზრუნველებისგან, შეისწავლება სამედიცინო დოკუმენტაცია, გროვდება ინფორმაცია სკოლიდან და ბაღიდან. ხდება ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და ფსიქოლოგიური ტესტირება, დამხმარე დიაგნოსტიკური კითხვარების და შკალების შევსება. ქცევითი აშლილობების დროს არც თუ იშვიათად ვლინდება თანმხლები ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები, რომელთა სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა აუმჯობესებს მიმდინარე მდგომარეობას. ჩარევის მეთოდებიდან გამოიყენება:
მკურნალობის პროცესი მულტისისტემური და ხანგრძლივია. ეს არ არის მარტივი პროცესი, იგი მოითხოვს ოჯახის და სკოლის სრულ ჩართულობას, ქცევის მართვის არაეფექტური სტრატეგიების შეცვლას. ქცევითი აშლილობების მქონე ბავშვები ხშირად უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, არ ენდობიან უფროსებს, ნეგატიურად ან ოპოზიციურად არიან განწყობილნი, რაც ბუნებრივი ართულებს მკურნალობის პროცესს. როგორც სხვა ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დარღვევების შემთხვევაში, მკურნალობის დროული დასაწყისი უკეთეს გამოსავალს ნიშნავს.თამარ იაკობაშვილი