მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ზოგჯერ ძალიან უჭირთ მათი დაძინება. ამ დროს სხვადასხვა რიტუალს მიმართავენ: მულტფილმებს ძილის წინ, ზღაპრებს, იავნანას, რწევას. სამწუხაროდ, ყველა მეთოდი ყველა ბავშვთან არ მუშაობს. არიან ბავშვები, რომლებიც ძილის წინ უფრო გრძნობენ ენერგიის მომზღვავებას და მშობელი ფიქრობს, რომ ჯობია ეს ენერგია დახარჯოს, კარგად დაიღალოს და უკეთესად დაიძინებს. სინამდვილეში როგორ უნდა მოერიოთ დაძინების პრობლემას მოუსვენარ ბავშვებში.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 14 ქვეყანაში მცხოვრები 841 მშობელი გამოკითხა, რათა გაერკვია, როგორ უმკლავდებიან ისინი შვილების ძილის პრობლემას.
1,5-დან 3,5 წლამდე ბავშვების მშობლებს სთხოვეს აღეწერათ, როგორი ხასიათი აქვს მათ ბავშვს და როგორ ამშვიდებენ მათ ძილის წინ. კვლევა მოიცავდა რესპონდენტებს ბელგიიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, იტალიიდან, მექსიკიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან, სამხრეთ კორეიდან, თურქეთიდან და შეერთებული შტატებიდან.
მეცნიერებმა ბავშვების დაძინების მეთოდები ორ კატეგორიად გაჰყვეს: აქტიური და პასიურ. პირველი მოიცავს ძილის წინ აქტიურ თამაშს, დაღლას. ხოლო მეორეში შედის რწევა, ჩახუტება, სიმღერა, კითხვა.
გაირკვა, რომ აშშ-ში, ფინეთსა და ნიდერლანდებში ბავშვებს ძირითადად მშვიდი მეთოდებით აძინებენ, მაგრამ უფრო აქტიურები არიან მშობლები რუმინეთში, ესპანეთში და ჩილეში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აქტიური მეთოდები,უფრო მეტად იწვევს დისტრესს. შეგახსენებთ, რომ დისტრესის, იგივე „ცუდი“ სტრესის ცნება ჯერ კიდევ 1963 წელს შემოიღო ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ და აღნიშნა, რომ მისთვის დამახასიათებელია დაღლილობა და გაღიზიანება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ხშირად ცდილობენ მშობლები ბავშვის დაღლას და ენერგიისგან დაცლას ძილის წინ, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ის კიდევ უფრო აღეგზნოს და მოუსვენარი გახდეს. მიზეზი ისაა, რომ ბავშვის ნერვული სისტემა არ მუშაობს ისე, როგორც მოზრდილებში. ბავშვს ძილისწინა გადაღლა კი არ თენთავს, უფრო აღიზიანებს. შესაბამისად, მისი დაძინება კიდევ უფრო რთული იქნება.
მოუსვენარი ბავშვისთვის საუკეთესო ვარიანტია მშობლებთან ჩახუტება ძილის წინ, მშვიდი სიმღერა, იშვიათად ზღაპრის კითხვა.
მკვლევარების დასკვნით, იმ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტად იყენებენ პასიურ სტრატეგიებს, ბავშვები უფრო ხშირად იღიმებიან, უფრო ხშირად იცინიან და ზოგადად უფრო კომუნიკაბელურები არიან.
შეგახსენებთ, რომ ერთნახევრიდან ორ წლამდე ბავშვებს დღე-ღამეში 12,5-13 საათი ძილი სჭირდებათ. 2 წლიდან 3 წლამდე 11 საათი ძილია საჭირო. სამიდან ხუთ წლამდე ჯობია იძინო მინიმუმ 10 საათი. 13 წლამდე სკოლის მოსწავლეებს კი უფლება აქვთ საწოლში გაატარონ 9-11 საათი, მოზარდებს - 8-10 საათი.