სეზონური ვირუსების გააქტიურების პარალელურად, პედიატრიულ განყოფილებებს სულ უფრო მეტი ბავშვი და მშობელი მიმართავს. ისინი, როგორც წესი, მთავარ სიმპტომად უმართავ, მაღალ ტემპერატურასა და ხველას ასახელებენ. პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება, როგორია მიმართვიანობის მაჩვენებელი, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა სიმპტომების გამოვლენისას და როგორი უნდა იყოს ამ დროს ბავშვის კვება:
- სეზონური ვირუსული ინფექციები აციების პარალელურად აქტიურდებიან. თუმცა, წელს მომართვიანობის მატება შედარებით ადრე დაიწყო. მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელებისას ნიღაბს აქტიურად ვიყენებდით, სეზონური ვირუსებით მშობლებიც ნაკლებად ავადდებოდნენ. ახლა, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, გადამდებლობაც გაცილებით მარტივია და სხვადასხვა ინფექციაც ცირკულირებს. როდესაც მშობელი ავადაა, ფაქტობრივად, ბავშვებსაც მაღალი რისკი აქვთ, რომ კონკრეტული ვირუსით დაინფიცირდნენ. ამიტომ, მომართვიანობის რისკიც საკმაოდ მაღალია.
- ხშირ შემთხვევაში, ავად არიან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ძირითადად, გამოხატულია ძალიან მაღალი ცხელება, 40-41 გრადუსამდეც კი ადის, რაც ხშირად დამწევ პრეპარატებს არ ემორჩილება. ბავშვები ცუდად ღებულობენ სითხეებს, ვერ მიირთმევენ საკვებს. ძალიან ხშირად რთულდება ყურის ტკივილით, არა მხოლოდ ჩვილებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, არამედ მის ზემოთაც. მწვავდება ქრონიკული დაავადებები. თუ ბავშვს ქრონიკული ტონზილიტი აქვს, ვირუსულ ინფექციასთან ერთად, მიკრობული ფლორის გააქტიურება თან ერთვის და ჩირქოვანი პროცესებით მიმდინარეობს. თუ ბავშვი ობსტრუქციული ბრონქიტით ხშირად ავადობს, ბრონქიტებიც მწვავდება. 2 წლამდე ასაკში ბრონქიოლიტები საკმაოდ ხშირია და არც თუ ისე იშვიათად, ფილტვების ანთებითაც მოგვმართავენ. კორონავირუსი კვლავ გვხვდება, მაგრამ ამჟამად უფრო სუსტი სახითაა გამოხატული. სეზონური ვირუსები გაცილებით რთულად მიმდინარეობს. როგორც უკვე აღვნიშნე, შესაძლოა, ტემპერატურამ 40-41 გრადუსამდე აიწიოს და ის არა მხოლოდ 2-3 დღე, არამედ მთელი კვირაც კი გაგრძელდეს. მსგავსი მიმდინარეობა ხშირად ჰონგ-კონგის ვირუსს ახასიათებს. გარდა ამისა, მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს სპაზმური, შეტევითი ხასიათის ხველა აქვთ და მთელი ღამის განმავლობაში სუნთქვა უჭირთ. მსგავსი მიმდინარეობა ხშირად ღორის გრიპს ახასიათებს. ღორის გრიპი წლების წინ აქტიურად იყო გავრცელებული. ყოველწლიურად ვირუსები სახეს იცვლიან და შესაძლოა, განსხვავებული სიმპტომებითაც მოგვევლინონ. მშობლებს ვურჩევთ, რომ ბინის პირობებში ინფექციების მართვას ეცადნონ. გამოიყენონ სიცხის დამწევი საშუალებები და მაქსიმალურად დატვირთონ ბავშვები სითხეებით. აქ იგულისხმება წყალი, გაზგასული მინერალური წყალი, კომპოტები, რომლებშიც იქნება ვაშლი, მსხალი, კომში - ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა ხველისთვისაც. მაგრამ, როგორც კი საშიშროების ნიშნებს იგრძნობენ, მაშინვე უნდა მიმართონ სპეციალისტს. საშიში სიმპტომებია: მივარდნილობა, სიცხე, რომელიც არ ექვემდებარება დამწევ საშუალებებს და 39-ნახევარზე ზემოთ რჩება, გამოხატულია სუნთქვის გაძნელება, გახშირება. ასევე, როცა ბავშვი ზედმეტადაა აგზნებული და ვერ ისვენებს. საყურადღებო სიმპტომებია თავის ტკივილი, შეუპოვარი ღებინებას 4-6-ჯერ გამოხატული და ამ ფონზე, ბავშვი საკმარისი რაოდენობის სითხესაც ვერ იღებს. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის შესაბამის სტაციონარში დროულად გადაყვანა აუცილებელია.
- როდესაც ბავშვს ტემპერატურა ემატება, ეს საპასუხო იმუნური რეაქციაა. მაღალი ტემპერატურის პირობებში ნებისმიერი ვირუსი იღუპება. თუ ჩვენ 37-ნახევარი, 38 გრადუსიც კი, როდესაც ბავშვი ჩვეულებრივად გრძნობს თავს და დისკომფორტი არ აქვს, ხელოვნურად დავწიეთ, ასეთ შემთხვევაში, ნორმალური ტემპერატურის ფონზე ვირუსი ხელსაყრელ პირობებს ნახულობს და ისევ იწყებს გამრავლებას. მაგრამ, როდესაც ბავშვს თავის, ყურის ტკივილი აქვს გამოხატული და დისკომფორტს გრძნობს, სიცხის დამწევ საშუალებებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელს, ისე ვიყენებთ. აქედან ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტებს გააჩნია. თუმცა, 2-4 საათში შესაძლოა, ისევ აიწიოს ტემპერატურამ და ასეთ შემთხვევაში, ჯობს სითხეები მივცეთ. თუ ბავშვს აღებინებს და სიცხის დამწევ საშუალებებს ვერ იღებს, სპეციალური სანთლები შეგვიძლია გამოვიყენოთ და ვეცადოთ, რომ სიცხის დამწევი საშუალება ხშირად არ მივცეთ. თუ ერთი ჯგუფის პრეპარატის გამოყენებისას ტემპერატურამ 3-4 საათში კვლავ მოიმატა და იქამდე იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები გვაქვს მიცემული, სხვა ჯგუფის, კონკრეტულად კი, პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები გამოვიყენოთ. ვეცადოთ, რომ სიცხის დამწევი ერთი ჯგუფი, მეორეთი შევცვალოთ. საჭიროების შემთხვევაში, ღებინების დროს, გამოვიყენოთ სანთელი.
- როდესაც ბავშვი ავადაა, დაავადებულ ორგანიზმს საკვების ჩვეული პორციის გადამუშავება არ შეუძლია. ამიტომ, კუჭ-ნაწლავმა ნორმალურად რომ იმუშაოს, ხშირად და მცირე ულუფებით მივცეთ. ეს შეიძლება ადვილად გადასამუშავებელი ფაფები იყოს, ქათმის წვნიანი, ხილი, ახლადგამოწურული წვენები, კომპოტები. ძუძუთი კვების შემთხვევაში, უფრო ხშირად უნდა იკვებონ, ვიდრე იქამდე, ვინაიდან ბავშვი კარგად ვერ წოვს. ამიტომ, დეფიციტი ხშირი კვებით უნდა შეივსოს. დედებმა ამ დროს მეტი სითხე და ვიტამინებით მდიდარი საკვები უნდა მიიღონ. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ როდესაც ბავშვი ავადაა, უნდა ვეცადოთ, რომ ერთბაშად ბევრი სითხე არ მივაწოდოთ, იმიტომ, რომ შეიძლება კუჭი გაღიზიანდეს და ღებინება გამოიწვიოს. მცირე ყლუპებად და ხშირ-ხშირად მივაწოდოთ.
თამარ იაკობაშვილი