"ყველას შეყვარებულები ვეგონეთ და ერთად დავდიოდით, სინამდვილეში კი მე და მის მის ძმაკაცს ერთმანეთი გვიყვარდა" - მშობლები

"ყველას შეყვარებულები ვეგონეთ და ერთად დავდიოდით, სინამდვილეში კი მე და მის მის ძმაკაცს ერთმანეთი გვიყვარდა"

2022-12-09 22:03:55+04:00

ონლაინრომანი "თეთრი მთვარე"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

იხილეთ რომანის დასაწყისი

გია თანდათან დამიახლოვდა. მართალია, იმ დღეს რესტორანში არ გავყევი, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. რა მოხდა მერე, სხვა დროს იყოსო. სამაგიეროდ, სახლამდე მიმაგრიალა მანქანით. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა გავიგე, რატომაც მეპატიჟებოდა პომპეზურ სადილზე, გულწრფელად ვინანე, რატომ არ დავთანხმდი-მეთქი. იმ დღეს თურმე იუბილარი ყოფილა. გული დამწყდა, მაგრამ ჩემი ბრალი სულაც არ იყო. არავითარი სურვილი არ მქონდა, ახალგაცნობილ ადამიანს მეორე შეხვედრაზევე რესტორანში გავყოლოდი. არადა, ნამდვილი მიზეზი რომ ეთქვა, აუცილებლად შევუსრულებდი ამ თხოვნას.

ძალიან საყვარელი ტიპი იყო. შესახედავად დიდი არაფერი, მაგრამ არაჩვეულებრივი ხასიათი ჰქონდა, თავისი ქცევებით ძალაუნებურად შეგაყვარებდა თავს. რომ იტყვიან, ცარიელი სული და გულიაო, სწორედ მასზე იყო ნათქვამი.

გიას მამა არ ჰყავდა. მეათე კლასში ყოფილა, გულის შეტევით რომ გარდაცვლილა. დედასთან ერთად ცხოვრობდა. პროფესიით იურისტი მცირე ბიზნესს აწარმოებდა - იურიდიული ფირმა გაუხსნია ორი წლის წინ - ბინების დაგირავება-გაქირავება-გაყიდვის "პროცესით" იყო დაკავებული. შენს ფირმას სახელი რა ჰქვია-მეთქი, ერთხელ ვკითხე. არ გაინტერესებთ, რა მიპასუხა? აქამდე უსახელო იყო, ახლა კი ჩვენს პატივსაცემად მაგი-ს დავარქმევო, ანუ ჩვენი სახელების პირველი ასოების აბრევიატურას. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.

თანდათან შევეჩვიე. არ მიყვარდა და ალბათ ვერც ვერასდროს შევიყვარებდი, მაგრამ მის გვერდით ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ პუტკუნა და ბუთხუზა იყო, ჩემი დასაწუნი მაინც არაფერი სჭირდა. საოცრად ყურადღებიანი გახლდათ, ყოველ მოსვლაზე ხელდამშვენებული გამომეცხადებოდა სამსახურში. ყვავილები და სუნამოები, შოკოლადები და სხვა ნუგბარ-ტკბილეული ყველაზე ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც, გარანტირებული მქონდა. პირველ ხანებში ძალიან ვწუხდებოდი მისი თავგამოდებით, უხერხულობას ვგრძნობდი, ასე რომ იხარჯებოდა, მაგრამ რა მექნა. კაცი არც სიყვარულს მიხსნიდა და არც არაფერს მთხოვდა - მოდიოდა და მოჰქონდა. გარდა ამისა, მეპატიჟებოდა ბარ-რესტორნებში. ხშირ შემთხვევაში უარს ვეუბნებოდი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. ხანდახან ისე შემეხვეწებოდა, ისე ლამაზად მთხოვდა, უარის თქმა აზრს კარგავდა. მასთან თავისუფლად ვგრძნობდი თავს. შეიძლება იმიტომაც, რომ არ მიყვარდა. ან კიდევ იმიტომ, რომ თვითონ იყო ჩემთან ძალიან თავისუფალი, ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა. მე კი თვალს ვარიდებდი, ვითომ ვერ ვამჩნევდი მის განცდებს, ერთობ გულუბრყვილო ქალის როლს ვთამაშობდი - ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით და მორჩა!

* * *

თბილისში დაცხა. ერთი სული მქონდა, როდის გავქანდებოდი ზღვაზე, აგვისტო როდის მოვიდოდა, რომ შვებულებაში გავსულიყავი და ადამიანურად დამესვენა. გია გვერდიდან არ მშორდებოდა. კვირაში სამჯერ, დაბარებულივით ჩემი კაბინეტის კართან იდგა, პაციენტებთან ერთად დგებოდა რიგში და დიდი მოთმინებით ელოდებოდა, როდის გავთავისუფლდებოდი. არ ეზარებოდა ლოდინი. ეს მაშინებდა. ისე მომეტმასნა, ალბათ რაღაც მომენტში გამიჭირდებოდა კიდეც მისთვის სიყვარულზე უარის თქმა. მართალია, ჯერჯერობით ხმას არ იღებდა, ამ თემაზე კრინტიც არ დაუძრავს, მაგრამ ვიცოდი, ადრე თუ გვიან, იგი ამ საკითხს შეეხებოდა. მე კი პასუხი მზად არ მქონდა. ჰოს ვერ ვეტყოდი, რადგან არ მიყვარდა, მაგრამ უარის სათქმელადაც არ მემეტებოდა ჩემდამი გადამეტებული ყურადღებისა და თავაზიანობის გამო. ბევრჯერ ვაიძულე ჩემი თავი, მეფიქრა მასზე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გია, როგორც მამაკაცი, არ მაღელვებდა. მის შეხებაზე სიამოვნებას არ განვიცდიდი, ეს არ იყო ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია, სექსუალური ლტოლვა - მით უფრო. კი, კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, ბრწყინვალე პიროვნება, მაგრამ მასთან ლოგინი ვერ წარმომედგინა. როგორც ჩანს, თვითონაც გრძნობდა ამას, ამიტომაც არ ჩქარობდა რამის თქმას. ალბათ იმედს არ კარგავდა, რომ შეძლებდა თავი შეეყვარებინა ჩემთვის. უდიდესი მოთმინების უნარი გააჩნდა. ამას ვაფასებდი მასში, მაგრამ გარკვეულ მომენტში მგონი მაღიზიანებდა კიდეც.

სამსახურში უკვე ყველა იცნობდა და ეგონათ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ამაზე ნერვები მეშლებოდა, ვამტკიცებდი, ერთი სიტყვაც არ დასცდენია ჩემთან სიყვარულზე-მეთქი, გოგოები კი სიცილით კვდებოდნენ. მეტი რაღა უნდა გითხრას, კაცმა საჩუქრებით აგავსო, მთელი თბილისის რესტორნები მოგატარა, ჭკუაზე არ არის და კიდევ ახსნა სჭირდება ამ ურთიერთობასო? განსაკუთრებით ჯულიეტა მიბურღავდა ტვინს. გადასარევი ბიჭია, უარი არ უთხრა, ისე უხდებით ერთმანეთს, ყველა თქვენზე ლაპარაკობსო. რამდენჯერმე გადავწყვიტე, მე თვითონ წამომეწყო გიასთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერ გავბედე, არ მინდოდა მოვლენები დამეჩქარებინა, არც გიას განაწყენება მსურდა. ხომ ვიცოდი, ჩემი პასუხი ნებისმიერ ვარიანტში უარყოფითი იქნებოდა. არადა, არც ხელი მინდოდა მეკრა. ადამიანის ბუნება ხარბია, მაინც მსიამოვნებდა, რომ ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაც ზრუნავდა ჩემზე, მაღმერთებდა... თავს ძალას ვატანდი, იქნებ რაღაც მიახლოებითი გრძნობა მაინც გამეღვიძებინა ჩემში, თუმცა ჯერჯერობით არ გამომდიოდა.

ამასობაში დრო გადიოდა, ჩემს მოლოდინს კი ბოლო არ უჩანდა. გია შეგნებულად არიდებდა ამ თემაზე საუბარს თავს. ხასიათი შემეცვალა, საკუთარ თავში ჩავიკეტე, დავსევდიანდი. მაწუხებდა შექმნილი სიტუაცია, გამოსავალს კი ვერა და ვერ ვპოულობდი. ყველა სიკეთეს ისიც დაემატა, რომ მაიამ ერთხელაც ახალი ამბავი "მახარა".

საღამო ხანი იყო. კაბინეტში ვიჯექი გიას მოლოდინში და წარამარა მობილურისკენ ვიყურებოდი, როდის დამირეკავდა, რომ ჩავსულიყავი. უცებ მაია შემოვიდა.

- ჯერ აქ ხარ? - რაღაც შეცვლილი ხმით მითხრა და მაგიდაზე ჩამომიჯდა.

- ჰო, ველოდები, გია უნდა მოვიდეს.

- აჰა, ხომ ხედავ, ზიხარ და ელოდები. კაცმა რომ გკითხოს, არ გიყვარს და არაფერი გაკავშირებს მასთან.

- რა ვქნა, მაიკო, მართლა არ მიყვარს, მაგრამ რა ვუთხრა? კაცი ხმას არ იღებს და მე რა პრეტენზიები წავუყენო? როცა მეტყვის, პასუხსაც მაშინ გავცემ, - კალამს უაზროდ ვატრიალებდი ხელში.

- ახალი ამბავი იცი? - შეფარვით დაიწყო და მარჯვენა ხელით მაგიდას დაეყრდნო.

- არა, რა ამბავი? ცუდი არაფერი მითხრა, იცოდე.

- გააჩნია, როგორ შეხედავ. შეიძლება გაგიხარდეს კიდეც.

- რა არის ამისთანა, არ იტყვი?

- კოკას საქმეები ცუდად წაუვიდა.

გავფითრდი. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ გავწყვიტე, მისი ცუდი ნამდვილად არ გამიხარდებოდა.

- რატომ, რა შეემთხვა?

- არაფერი, თემომ მითხრა, ისე აიცრუა გული ყველაფერზე, დალევის მეტი არაფერი ახსოვსო. მთელი დღეები სვამს თურმე და მერე ხან სად აგდია და ხან სად, კაცმა არ იცის.

- რას მეუბნები! - ვიგრძენი, როგორ დამიწყო გულმა ჩხვლეტა, - და შენ გგონია, ამის მოსმენა მიხარია?

- არა, გასახარებელი არც არაფერია, მაგრამ შენ ისეთი ტკივილი მოგაყენა... არ გამიკვირდება, თქვა, ახია მაგაზეო.

- რა სისულელეა! ერთი წამითაც არ გამივლია გულში მსგავსი რამ. კი მაგრამ, სამსახური?

- სამსახური კი არა, ყველაფერი ფეხზე დაიკიდა. ძმაკაცები ვეღარ აფხიზლებენ უკვე, ხომ გეუბნები, ყოველდღე მთვრალია - დილიდან მეორე დილამდე.

- მერე? დედამისი რა აკეთებს ამ დროს? როგორ უთმენს ამდენს?

- დედამისი! დედამისს კი არა, თემოსაც არ უჯერებს, არაფრის გაგონება არ უნდა. იმას ნანობს თურმე, შენ რომ დაგკარგა.

- ახლა მე ნუ დამაბრალებთ კოკას გალოთებას, ძალიან გთხოვთ. კოკამ ის მიიღო ჩემგან, რაც დაიმსახურა. მე რა შუაში ვარ?

- არა, ადამიანო, შენ ვინ რას გაბრალებს, უბრალოდ, თვითონ რაც თქვა, იმას ვიმეორებ. აშკარაა, დარდობს კაცი შენთან განშორებას.

- ეგ თემა ჩემთვის დიდი ხანია, ამოწურულია, მაიკო, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.

- დედამისი ახლა კი ირტყამს თავში ხელს, რატომ ვუშლიდი მაგდასთან ურთიერთობას, მოეყვანა ცოლად და დაესვა სახლშიო, მაგრამ რა დროსია.

ამ დროს მობილურმა დარეკა, გია უკვე მოსულიყო. წამოვდექი.

- მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ კოკაზე, გთხოვ, არც ერთი სიტყვა დღეიდან, კარგი? თავის თავს დააბრალოს, რაც სჭირს. მე ამ საქმეში უდანაშაულო ვარ.

- ვიცი, მაგდა, ვიცი. ეს ისე მოგიყევი. რომ არ მეთქვა, ისიც არ შემეძლო.

გულდამძიმებული გამოვემშვიდობე მაიას და თითქმის აცრემლებული ჩავჯექი მანქანაში.

- მოხდა რამე? - შეშფოთდა გია ჩემი სახის დანახვაზე.

- ისეთი არაფერი, ერთ ახლობელზე რაღაც ცუდი ამბავი გავიგე და შემეცოდა.

- მე ვერაფრით დაგეხმარებით შენ და შენს ახლობელს?

- ვერა, ისეთი მომენტია, რომ... ვერავინ დაეხმარება.

- ეს შენ, - თქვა გიამ და უკანა სავარძლიდან ვარდისფერი ტიტების უზარმაზარი თაიგული გადმომაწოდა.

- აუ! რა ლამაზია და რამხელა! რატომ წუხდები, გიუშკი, რა საჭიროა ყოველ მოსვლაზე ასეთი სიურპრიზები?

- მსიამოვნებს და იმიტომ, ახლა ესეც არ ამიკრძალო, თორემ გავგიჟდები!

- ერთი უყურე, როდის რა აგიკრძალე, რო?

- რესტორნის ხსენებას რომ მიკრძალავ ხოლმე?

- ხოლმე არ ითვლება. აბა ყოველდღე რესტორანში სიარული ვის გაუგია?

- ჯერ ერთი, ყოველდღე არ გეპატიჟები, მეორეც, ქალები აქეთ მეხვეწებიან, შენ ოღონდ წაგვიყვანე და უარს როგორ გეტყვითო, შენ კი იქით მყავხარ სახვეწარი. გაგიგონია? - ღიმილით თქვა და ისე ლამაზად შეკრა წარბები, სიცილი ვერ შევიკავე.

- კარგი, ბატონო, აწი აღარ აგიკრძალავ.

- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა.

- მართლა, მართლა, - ისევ გამეცინა.

- პირობა პირობაა?

- ახლა ნამეტანს ნუ მომთხოვ. ხანდახან მართლა არ ვარ რესტორნის ხასიათზე.

- კარგი, რადგან ასეა, სიტყვაზე გამოგიჭერ. ზეგ, შაბათს, ჯგუფელები ვიკრიბებით. ინსტიტუტის დამთავრების თხუთმეტ წლისთავს აღვნიშნავთ. მინდა შენც წამოხვიდე.

- რას ამბობ, ასეთი ბებერი ხარ, გია? - გავეხუმრე და თვალმოჭუტულმა გადავხედე.

- შენ წარმოიდგინე, უკვე დიდი ბიჭი ვარ, ხომ არ დაგავიწყდა, ახლახან ოცდაჩვიდმეტის რომ გავხდი?

- რა ვიცი, რა ვიცი, კაცი რომ შემოგხედავს, ოცდაათსაც არ მოგცემს. კარგი შენახული ხარ ნამდვილად, - სიცილი წამსკდა.

- გმადლობთ, გმადლობთ, ქალბატონო მაგდა, კომპლიმენტისთვის. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი. ესე იგი, წამოხვალ?

- ნუ გადამრიე, მე რა შუაში ვარ? შენს ჯგუფელებთან მე რა მესაქმება?

- ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა. იქ ყველა წყვილ-წყვილად მოდის ახლობელ ადამიანთან ერთად: ბიჭები - ცოლებით, ქალები - ქმრებით, დასაოჯახებლები შეყვარებულებით ან საქმროებით.

- ჰო-ო? მე რომ არც ერთი არა ვარ შენთვის?

გია შეცბა, სიწითლემ გადაუარა სახეზე, მაგრამ არ შეიმჩნია.

- მერე რა, მეგობრები ხომ ვართ? მეც მინდა ჩემი ახლობელი ადამიანი მივიყვანო. მარტო არ მინდა გამოვცხადდე.

- რატომ, გეშინია უცოლო მამაკაცზე შენმა ჯერ კიდევ გაუთხოვარმა ჯგუფელებმა იერიში არ მიიტანონ?

- თუნდაც, - თავი დამიქნია გიამ და ახლა მას აუტყდა სიცილი, - რა მიხვედრილი გოგო ხარ. ეგ კი არ მიფიქრია, მაგრამ შენ რომ მითხარი, მივხვდი, რომ ასეც არის. ჰა, რას იტყვი, დამიხსნი გაუთხოვართა თავდასხმისგან?

- რა ვიცი, მოვიფიქრებ.

- ახლა ეგეთები არ იყოს. მოვიფიქრებ და წავიფიქრებ არ გამაგონო. ახლავე უნდა მითხრა პასუხი, თან აუცილებლად დადებითი.

- სხვა გზას არ მიტოვებ?

- არანაირს, განსაკუთრებით - უკან დასახევს.

- შენ უჩემოდ უკვე მიგიღია გადაწყვეტილება და მე რაღას მთხოვ, არ მესმის, - ხელები გავშალე და მხრები ავიჩეჩე გაღიმებულმა.

- აი, ეს მესმის. ასეთი მაგდა მომწონს, ასეთი მაგდა სულ სხვა ქალია, - ტაში შემოჰკრა გახარებულმა.

- რომელ საათზე იკრიბებით და სად?

- სად ვიკრიბებით, არ გეტყვი, მაგრამ შვიდ საათზე სახლში გამოგივლი და მზად დამხვდი, არ მიყვარს, როცა ქალები მალოდინებენ.

- და ეს ხშირად ხდება? - ფლირტის ხასიათზე დავდექი.

- მერე რა სიხშირით, ვერ წარმოიდგენ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქალების ლოდინში გავლიე, - თქვა და ეშმაკურად შემომხედა.

- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ მე როდის გალოდინე, საძაგელო, ერთ შემთხვევას მაინც თუ გაიხსენებ?

- შენ არა, შენ პუნქტუალური გოგო ხარ, ყველასგან განსხვავებული. ამიტომაც ხარ ჩემი მეგობარი.

- ის ქალები რა, შენი მეგობრები არ არიან?

- კარგი, გეყოფა, რომელ ქალებზე მელაპარაკები, სად არიან ქალები, ვერ ხედავ, რომ ვხუმრობ? - უცებ შეიცვალა ტონი, - შენ ის მითხარი, რა უნდა ჩაიცვა?

- რა უნდა ჩავიცვა? რა, რამე განსაკუთრებული უნდა მეცვას? რა შეურაცხყოფას მაყენებთ, ამხანაგო, ჩასაცმელის მეტი რა მაქვს, როგორ მიბედავთ? - ისევ გავეხუმრე.

- მინდა, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდე, დედოფალივით.

- აჰა, დედოფალივით. ვაი და, არა მაქვს ასეთი ტანსაცმელი, მერე? - ტუჩები მოვკუმე და გამომცდელად მივაჩერდი.

- მერე და მერე, ავდგები და გიყიდი.

- უყურე შენ! მიყიდი რა, შენი ცოლი ვარ თუ საყვარელი, რატომ უნდა მიყიდო?

მოულოდნელად მოიღუშა, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.

- ეგ რა შუაშია...

- კარგი, კარგი, მეც გეხუმრე, მაგრამ მეორედ ასეთი რამ არ მითხრა. ნუ დარდობ, ისე გამოვეწყობი, შენც კი ვერ მიცნობ. მაგრამ მაინც დამაკვალიანე, ალბათ საღამოს კაბა უნდა მეცვას, არა?

- ჰო, - მოწყვეტით თქვა და იქ დაამთავრა, მერე მთელი გზა სახლამდე ხმა არ ამოუღია.

მეც არაფერი მითქვამს, ისედაც ცუდ ხასიათზე დამაყენა მაიას მონაყოლმა.

უბრად კი დავცილდით ერთმანეთს, მაგრამ ვერ მოვითმინე, გვიან ღამით დავურეკე და შემოვირიგე, მთელი საათი ვლაპარაკობდით ტელეფონზე კარგი შეყვარებულებივით. იმდენი დადებითი ემოცია მივიღე მასთან საუბრით, ჩემს თავს პირობა მივეცი, ბანკეტის დამთავრების შემდეგ მისთვის კოცნის უფლება მიმეცა. რა ვიცი, იქნებ მომეწონოს კიდეც და, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტო მასთან რომანის გაბმა.

* * *

ერთი "საკუბოე" გამოსასვლელი კაბა მქონდა, ოქროსფერი, ტანზე მოტმასნილი. ისე მიხდებოდა, ზედ მაკვდებოდა. ექვსი თვეა ვიყიდე და მხოლოდ ერთხელ მომეცა მისი ჩაცმის საშუალება, ჩემი მეგობრის ჯვრისწერაზე. მას შემდეგ კიდია და კიდია გარდერობში. არადა, შვილივით ოთხასი ლარი გადავიხადე მის შესაძენად. სამ საათზე სალონში ჩავედი, თმა დავივარცხნე, მაკაიჟი გავიკეთე და სარკეში რომ ჩავიხედე, მე თვითონ მომეწონა ჩემი თავი. მართლა ლამაზი ვიყავი, ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს. ხოლო შვიდი საათისთვის, კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო. თუმცა ბოლო წუთებში ცოტა შევყოყმანდი კიდეც - ვაითუ აგრესიულად შემხვდნენ იქ მყოფი ქალები? ძალიან გამომწვევად ხომ არ გამოვიყურები? იქნებ ასე გაპრანჭვა სულაც არ არის საჭირო? კინაღამ გადავიფიქრე წასვლა, მაგრამ გია რომ მოვიდა, აზრები შემეცვალა. კარი გავაღე და ოდნავ უკან დავიხიე, რომ კარგად დავენახე. არ დამავიწყდება მისი სახე, როგორი გაოგნებული მიყურებდა. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო, ისე იყო დაშოკილი.

- რა სხვანაირი ხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, - ძლივს ამოთქვა განცვიფრებულმა.

- როგორი სხვანაირი, ძალიან ვულგარულად მაცვია? - ცოტათი შევშინდი და სხეულზე დავიხედე.

- ვულგარულად? რას ამბობ! ვულგარულად კი არა, ზღაპრულ ფერიასავით გამოიყურები, ფილმიდან გადმომხტარ კლეოპატრას ჰგავხარ.

- მაშინ გამხვიე ხალიჩაში და დამაფინე რესტორნის კართან, გადავკოტრიალდები და დარბაზის ბოლოში პირდაპირ შენს ჯგუფელებთან ამოვყოფ თავს, - ხამაღლა გავიცინე.

- კარგი აზრია, მაგრამ ისევ შენი ფეხით წამოხვიდე, ის ჯობია. ხალიჩა არამოდურია, - ამყვა გიაც, - უკვე მორჩა? მზად ხარ?

- კი, რა თქმა უნდა, წავედით, მეტი რაღა უნდა ვქნა? - პატარა კრემისფერ ხელჩანთას ხელი დავავლე და ქუსლების ბაკაბუკით მივყევი კავალერს უკან.

გიამ წინ გამატარა. მივდიოდი და ვგრძნობდი, როგორ მაყოლებდა იგი თვალს. მსიამოვნებდა, რომ მოვწონდი. ვგრძნობდი, რომ იმ საღამოს მე მისი სავიზიტო ბარათი ვიყავი.

- მაგარი ტანი გაქვს, თან ისე დადიხარ, თითქოს ბალეტის მოცეკვავე იყო.

- ბალეტის რა მოგახსენო, მაგრამ მოცეკვავე დიდხანს ვიყავი, თანაც ძალიან კარგი მოცეკვავეც, - ამაყად მოვახსენე.

- მართლა? მართლა ცეკვავდი? ისე, მიხვრა-მოხვრაში გეტყობა.

- დიდი მადლობა, ეს მიხვრა-მოხვრაცეკვის დამსახურებაა.

- სად ცეკვავდი?

- ჯერ სკოლაში, მერე ერთ-ერთ ანსამბლში, ბოლოს სუხიშვილებშიც დამიპირეს გადაყვანა, მაგრამ უარი ვთქვი.

- რატომ?

- რა ვიცი, სასიყვარულო დეპრესია დამემართა და ცეკვა კი არა, სიცოცხლე აღარ მინდოდა.

- ძნელი დასაჯერებელია, რომ შენნაირ ქალს სიყვარულში იმედგაცრუება ჰქონდა. წარმოუდგენელი ამბავია.

- რას იზამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ მოხდა. სიყვარულში არასდროს მიმართლებდა.

- აწი გაგიმართლებს, აი ნახავ, - მტკიცედ მითხრა გიამ და ისე მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, სითბო ჩამეღვარა სხეულში...

* * *

ნაცნობ რესტორანს მივადექით. კაბის კალთა ხელით ავწიე და ტანის რხევით ავუყევი კიბის საფეხურებს. დიდი ხანია, აქ არ ვყოფილვარ. რა რემონტი გაუკეთებიათ! როგორ მოუწყვიათ აქაურობა. კმაყოფილება ვერ დავმალე. შესასვლელში უცხო ხალხი ირეოდა. გავჩერდი, რატომღაც დავიბენი. გიამ წელზე ხელი მომხვია და კარისკენ მიბიძგა. დარბაზში შევედით. ირგვლივ მიმოვიხედე. უცხოდ ვიგრძენი თავი. რა მინდა აქ, რა საჭირო იყო ჩემი მოსვლა? იმწუთას ვინანე კიდეც, გიას რომ დავთანხმდი წამოსვლაზე, მაგრამ გვიან იყო, მომხდარს არაფერი ეშველებოდა. შუა დარბაზში ათასგვარი კერძით დახუნძლული მაგიდა მთელ სიგრძეზე გაეშალათ. შევედით თუ არა, რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგვაჩერდა. ზოგს გაოცება აღებეჭდა სახეზე, ზოგს ინტერესი, ნეტავ ეს ვინ მოჰყავს გიასო. თავი უხერხულად ვიგრძენი.

- მოეშვი, ნუ ხარ დაძაბული, მალე გაშინაურდები, - მშვიდად მითხრა გიამ და მარჯვენა მხარეს მდგარი ქალებისკენ გამიძღვა.

- გიორგი, სანატრელო, მოხვედი? - შეჯგუფებულ ქალებს ერთი ცისფერკაბიანი გამოეყო და ჩვენკენ გამოემართა.

- პრივეტ, თიკო, როგორ ხარ? - გიამ გადაკოცნა დამხვდური და მერე ჩემზე ანიშნა, - ეს მაგდაა, ჩემი მეგობარი, გაიცანი.

თიკომ ხელი ჩამომართვა და თავაზიანად გამიღიმა. მისგან აგრესია ვერ ვიგრძენი.

- ლევანი სად არის, არ მოსულა? - ჰკითხა გიამ.

- სამზარეულოშია, სიტუაციას აკონტროლებს, - გაიცინა თიკომ, - მიდი, მიეხმარე, თორემ ხომ იცი, რა დაბდურაა, რაღაცას გააფუჭებს, მაგდას მე მივხედავ.

გიამ ბოდიში მომიხადა, სულ ერთი წამით დაგტოვებო და წავიდა, თიკომ კი ხელი ჩამავლო და ქალებისკენ წამიყვანა, შენს თავს სხვებსაც გავაცნობო. რამდენიმე წუთში გავშინაურდი. ყველანი თბილად შემხვდნენ. ცოტა ხანში დაძაბულობა მომეხსნა და შვებით ამოვისუნთქე, თავისუფლად ვიგრძენი თავი. მალე ქალების კამპანიას მამაკაცებიც შემოუერთდნენ. ადვილი მისახვედრი იყო, ყველას ჩემი ვინაობა აინტერესებდა. მეც თავაზიანად ვეცნობოდი ყველას, თან გაფაციცებით ვიყურებოდი დაბლა ჩასასვლელი კიბისკენ, სადაც სამზარეულო მეგულებოდა, რომ გია დროზე გამოჩენილიყო, მაინც უცხოდ ვგრძნობდი თავს ახალ საზოგადოებაში.

ამ დროს ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გონება დავძაბე, თითქოს მეცნო ის "ვიღაცა", კარგად დავაკვირდი... ლამის იყო, გაოგნებისგან იქვე ჩავიკეცე. ის იყო... ის, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი, ვისზე ფიქრშიც თვეების განმავლობაში უიმედოდ ვათენ-ვაღამებდი - მომნუსხველი ლურჯთვალება მამაკაცი, რომელმაც მაგნოლია მომიწყვიტა... მუხლები მომეკვეთა. უცნობმა ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა, თითქოს მომესალმა კიდეც და მერე თვალი ამარიდა. გავწითლდი, გავმწვანდი და გავყვითლდი. მე თვითონ არ ვიცი, რა ფერი დამედო. სხეული ამიკანკალდა, მუხლები მომეკვეთა. ნუთუ გიას ჯგუფელია? ნუთუ მაინცდამაინც აქ უნდა შევხვედროდი? ნუთუ აქ უნდა გამეცნო? რაღა გიას ნაცნობი გამოდგა? ბედის ირონიაც ამას ჰქვია. აი, ბედის დაცინვა რას ნიშნავს. ხომ გეუბნებოდით, სიყვარულში უიღბლო ვარ-მეთქი? ახლაც არ გჯერათ? რატომ ხდება ასე, რატომ? რა დავაშავე ასეთი? რა მოხდებოდა, მაშინ შემდგარიყო ჩვენი შეხვედრა? გიას გაცნობას ხომ ავცდებოდი? ამ დღეში ხომ არ ჩავვარდებოდი? რა ვქნა ახლა მე, რა მეშველება? ნეტავ ფეხი მომტეხოდა და არ წამოვსულიყავი. არ უნდა დამეჯერებინა გიასთვის. ეს რა სისულელე ჩავიდინე, ეს რა მომივიდა! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ შევამჩნიე, როგორ გამოემართა ჩემკენ უცნობი... გულმა უარესად დამიწყო ცემა...

* * *

სანამ ახლოს მოვიდოდა, მე ჩემი დამემართა. ადამიანის ფერი არ მედო სახეზე.

- გამარჯობათ, კინაღამ ვერ გიცანით, - გამიღიმა და თავი დამიკრა.

- გაგიმარჯოთ, - ძლივს ამოვილუღლუღე.

- ახლა არ მითხრათ, რომ ჩვენთან ერთად სწავლობდით და არ გამაგიჟოთ, - თავი გვერდზე გადახარა და კარგი ნივთივით შემათვალიერა.

- არა, მე სტუმრად ვარ, დამპატიჟეს, - როგორც იქნა, გავიღიმე.

- ჰო, ეგ კარგია. თუ საიდუმლო არ არის, ვისი სტუმარი ხართ?

- გიას ახლობელი ვარ, - ახლა კი გავწითლდი.

ჯანდაბას! ეგ მინდოდა? რატომ, რატომ, რატომ?!

- ფრიად სასიამოვნოა. უკაცრავად, მერე გნახავთ, - კვლავ დამიკრა თავი და გამერიდა.

თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. მორჩა, რადგან ვუთხარი, გიას ახლობელი ვარ-მეთქი, ალბათ ზედაც არ შემომხედავს, მაგრამ ახლობელი ხომ შეყვარებულს არ ნიშნავს? მე სპეციალურად შევარჩიე ეს სიტყვა, რომ სხვანაირად არ ეფიქრა. იქნებ არც იფიქრა? იქნებ ვიღაცების ცნობისმოყვარე მზერას მოერიდა? ვნახოთ, ვნახოთ.

მოლხენის სურვილი გამიქრა. ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი. მთელი გულისყური იმისკენ იყო მიმართული, ჩემი საოცნებო ობიექტისკენ, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი.

ამასობაში გიაც გამოჩნდა. კარგ გუნებაზე ჩანდა.

- უჩემოდ არაფერი კეთდება, - სიცილით მითხრა, - ძლივს ავარჩევინე ღვინო, მაგრები არიან.

- ასე გაუჭირდათ ღვინის არჩევა?

- უფრო იაფი ჯდებაო, გამაგიჟებს ეს ხალხი, რაღაც ლარშია განსხვავება. ამის გამო ღირს მჟავე ღვინის დალევა?

- იქნებ ფული არ ჰყოფნით?

- არა, რა ფული არ ჰყოფნით, ვითომ რაც მოგვრჩება, ხვალ გავაგრძელოთო. ერთი დღის ქეიფი არ იკმარეს. ხომ არ მოიწყინე?

- ცოტათი.

- სად წავიდა თიკო?

- გოგოებთან.

- და მარტო დაგტოვა, არა? უყურე მაგას!

- არა უშავს, მერე რა მოხდა.

- ორ წუთში დავსხდებით. ახლავე მოვალ, - გიამ უცებ ვიღაც შეამჩნია და გეზი დარბაზის შუაგულისკენ აიღო.

იქ ის იდგა ვიღაც ორ მამაკაცთან ერთად. გია მივიდა, ყველას ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა. ცოტა ხანს ილაპარაკეს, მერე ისევ ჩემკენ წამოვიდა.

ცოტა ხანში ყველანი სუფრას შემოვუსხედით. მე, რა თქმა უნდა, გიას გვერდით დავჯექი. ჩემი "სამიზნე" მოპირდაპირე მხარეს, ჩემგან მარცხნივ მოხვდა. თიკომ და ლევანმა გიას დაუმშვენეს მხარი. თამადად ვინმე მაღალი, სიმპათიური, ჰალსტუხიანი ვაჟა შეარჩიეს. მანაც ყელი მოიღერა და სუფრის გაძღოლას შეუდგა.

ისე ვნერვიულობდი, შუა ზაფხულში ხელ-ფეხი გამეყინა. ხანდახან თვალი გამექცეოდა იმისკენ, მაგრამ მას ერთხელაც არ გამოუხედავს. დამერხა! ეგ მე ყურადღებას არ მომაქცევს, ვფიქრობდი გულში. მინდოდა გიასთვის მეკითხა, რა ჰქვია-მეთქი, მაგრამ ვერ ვბედავდი, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამომეჩინა. არა უშავს, მერე გავიგებ, დავიმშვიდე თავი.

გია ყურადღებას არ მაკლებდა, ხან რას მთავაზობდა, ხან რას. ქალებისთვის ლიქიორი იდგა მაგიდაზე, მე კი ლიქიორს ვერ ვიტან, არც ღვინო მეხატება გულზე მაინცდამაინც. ჩემს კავალერს ვთხოვე, იქნებ კონიაკი მოატანინო-მეთქი. მაშინვე ამისრულა თხოვნა, კონიაკი მოატანინა. პირველივე ჭიქამ ცხლად დამიარა ძარღვებში, მესიამოვნა. ცოტათი შევხურდი, მეორე და მესამე ჭიქაზე კი უკვე ღაწვები შემეფაკლა, მომეკიდა სასმელი.

- შენ რა მსმელი ყოფილხარ, არ ვიცოდი?! ჩემთან რატომ არასდროს სვამდი?

- შენ გგონია, დიდი მსმელი ვარ? უბრალოდ, მამცივნებს და იმიტომ დავლიე, თორემ მაინცდამაინც არ ვეტანები, - თავი ვიმართლე.

- კონიაკი გიყვარს, არა? - ეშმაკურად გამომხედა.

- კი, ყველა სასმელს მირჩევნია, - თავი დავუქნიე.

- მე სულ შამპანურზე გეპატიჟებოდი. მომავალში გავითვალისწინებ, - ხელები მოიფშვნიტა გიამ.

- შენ გგონია, დავლევ?

- ვითომ რატომ არა, ჩემთან გიტყდება, თუ რამის გეშინია?

- არა, რა სისულელეა, რატომ უნდა მიტყდებოდეს, ან რატომ უნდა მეშინოდეს. არ მიყვარს დალევა, მით უფრო - დათრობა.

- ქალები არ თვრებიან, ხომ?

- როგორ არ თვრებიან, მაგრამ რა სასიამოვნოა მთვრალი ქალის ყურება, ამაზე საშინელება მგონი არც არაფერია.

- დაგისხა?

- არა, არა, მეტს ვერ დავლევ, საკმარისია, დიდი მადლობა, - ჭიქას ხელი დავაფარე, რომ აღარ დაესხა.

- ისე დავასხამ, არ არის ლამაზი ცარიელი სასმისი, - თქვა გიამ და ბოთლი მოიმარჯვა. კონიაკი ნელ-ნელა ჩარაკრაკდა ჭიქაში.

- ბავშვებო, ეგ კონიაკი ჩემთვის არ შეიძლება? - თიკომ გამოგვძახა.

- როგორ არ შეიძლება, ქალბატონო თიკო, თქვენ ოღონდ მთხოვეთ... - გიამ მასაც დაუსხა.

თამადამ მორიგი სადღეგრძელო შესვა - მეგობრობის და თბილი ურთიერთობების. მივუჭახუნეთ ერთმანეთს. კიდევ ერთი ჭიქის დალევამ მომიწია, მაგრამ მხოლოდ მოვსვი, დათრობის შემეშინდა. ნელ-ნელა დავწყნარდი. უფრო მეტიც, სასმელმა სითამამე შემმატა. ახლა უკვე მალულად აღარ მიწევდა იმისკენ თვალის გაპარება, ჩვეულებრივად გავხედავდი ხოლმე. რაღაც მომენტში ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. სხვებისთვის შეუმჩნევლად რაღაც მითხრა თვალებით, რაღაც ძალიან სასიამოვნო, მეც ვუპასუხე და სიამოვნებისგან დავდნი კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ წამში მოხდა, მერე კვლავ ამარიდა მზერა.

სტუმრები თანდათან ახმაურდნენ, ალკოჰოლმა თავისი გაიტანა. კარგა ხნის შემდეგ თამადამ პირველი მუსიკალური პაუზა გამოაცხადა. ამან გამოაცოცხლა თანამესუფრეები, ქალები და მამაკაცები რიგრიგობით დგებოდნენ სუფრიდან და დარბაზის შუაგულისკენ მიიწევდნენ წყვილ-წყვილად.

- ჩვენ არ ვიცეკვოთ? - გია ჩემკენ გადმოიხარა და ყურში მიჩურჩულა.

- რა ვიცი, თუ გინდა ვიცეკვოთ.

- რომ არ მეხერხება ეგეთი რაღაცები?

- მაშინ არ ვიცეკვოთ და ეგ იქნება, - თავი გავწიე, რომ მისი ტუჩები არ შემხებოდა.

- არა, მაინც ვიცეკვოთ, შენ ხომ არ დამძრახავ, ცუდად თუ გამომივა?

- არა გრცხვენია?

- მაგდა კარგად ცეკვავს, არა? - მკითხა, როცა ავდექით.

- მაგდა კი, ბავშვობიდან ცეკვავს, ერთხელ უკვე ხომ გითხარი? - ხმამაღლა ვუპასუხე, რომ მუსიკის ხმაში გაეგონა.

- ჰოდა, რა მეშველება ახლა მე? - გიამ ორივე ხელი წელზე მომხვია და დავტრიალდით.

სულაც არ ცეკვავდა ცუდად. ან კი რა ცეკვა ვალსს უნდოდა, გახვალ - გამოხვალ, გახვალ - გამოხვალ და მორჩა, სულ ეგ არის.

- ტყუილად მაცოდებ თავს, მშვენივრად გამოგდის, - თითი დავუქნიე.

- შენი ტანის რხევის რიტმს ავყევი და იმიტომ, - იმართლა თავი, - მაგარი ტანი გაქვს, დედას გეფიცები, - კვლავ ყურში მიჩურჩულა.

- გმადლობ, სასიამოვნო მოსასმენია, - მორიდებით გავუღიმე.

მერე ორივე გავჩუმდით. დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. თვალებით იმას ვეძებდი, ვისზე ფიქრიც გონებიდან არ მშორდებოდა, მაგრამ ვერსად შევამჩნიე - არც მოცეკვავეებს შორის ჩანდა და არც მოქეიფეებს შორის.

- მაგდა, რაღაც მინდა გითხრა.

გამაჟრჟოლა, ახლა რომ სიყვარული ამიხსნას, აქვე ჩავიკეცები.

- ცუდი თუ კარგი?

- არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ დიდი ხანია, ამას ვაპირებ.

- რას ეხება, ჯერ ის მითხარი.

- ვერ ხვდები?

- მაინც? დავუშვათ და, ვერ ვხვდები.

- ჩვენს ურთიერთობას.

ამაკანკალა.

- გია, გთხოვ, ოღონდ დღეს არა, არ გინდა, გემუდარები.

- რატომ, რატომ, ოდესმე ხომ მომიწევს ამაზე ლაპარაკი? - გიას სახე მოეღუშა.

- ჰო, მაგრამ დღეს ნუ... დამიჯერე.

- გინდა მითხრა, რომ პასუხი მზად არ გაქვს?

- ვშიშობ, გულს გატკენს ჩემი პასუხი და იმიტომ.

- დღეს თუ მერეც?

- არ ვიცი, ალბათ მერეც.

- მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, როდის გეტყვი? ბარემ დღესვე მეცოდინება, რისი იმედი უნდა მქონდეს.

- არ გინდა...

- მინდა და ნუ გამაჩერებ. დედაჩემი უნდა გაგაცნო.

წარბები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან. ამას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომანტიკული სიტყვების ნიაღვარი წამოვიდოდა, ლამაზ სიტყვებად დაიღვრებოდა, ის კი დედამისის გაცნობას მთავაზობდა მხოლოდ.

- კი ბატონო, მაგაზე ადვილი არაფერია, მაგრამ რა ისეთი სათქმელი ეს იყო? ადრე გეთქვა და ნებისმიერ დროს გამოგყვებოდი.

- დედამ შენ შესახებ ყველაფერი იცის და მთხოვა, გამაცანიო.

- ჩემ შესახებ? საინტერესოა, რას უყვები ჩემ შესახებ, - კოპები შევკარი გაღიმებულმა.

- იმას, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ, უიშვიათესი, რომ ძალიან მიყვარხარ და რომ...

- ნუღარ გააგრძელებ, საკმარისია, - ტუჩებზე ავაფარე თითები.

ხელისგულზე მაკოცა. დამდუღრულივით გამოვწიე ხელი.

- რატომ გამირბიხარ ასე, ნუთუ სულ არ მოგწონვარ? - სევდა ჩაუდგა თვალებში.

- გია, ხომ გითხარი...

- მაცალე, ნუ მაწყვეტინებ.

- მე გაწყვეტინებ თუ შენ მაწყვეტინებ? - მოჩვენებითად გავბრაზდი.

- ნუ მაწყვეტინებ-მეთქი, გეუბნები. ბოლომდე მათქმევინე და პირობას გაძლევ, მერე, სანამ საჭირო არ გახდება, ამ თემას არ შევეხები. გასაგებია, რომ არ გიყვარვარ, მაგრამ შტერი უნდა იყო ადამიანი, ჩემს დამოკიდებულებას ვერ ხვდებოდეს. ეს გამორიცხულია. ვიცი, რომ ყველაფერს ხვდები, ისიც ვიცი, რომ ამ ეტაპზე არ გიყვარვარ, მაგრამ ეს არ მანერვიულებს. მე დაგელოდები. იმედი არ გადამიწურავს. შევძლებ, რომ თავი შეგაყვარო. მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ოღონდ კი შენ ეცადე. კარგი?

პასუხი არ გავეცი, თვალი ავარიდე.

- კარგი? მაძლევ ამის პირობას? - გია თავის მოძრაობით ცდილობდა, დაეჭირა ჩემი მზერა, - მითხარი, ეცდები?

- არ ვიცი, გია, ვერ მოგატყუებ. მე შენ ისე შეგეჩვიე, თავადაც მიკვირს, მაგრამ სულ სხვა თვალით გიყურებ, შენ ჩემთვის სულ სხვა ხარ, - მუდარა გავურიე ხმაში.

- სხვა ხომ არ გიყვარს? იქნებ ხდება ისეთი რამ შენს ცხოვრებაში, რაც მე არ ვიცი? ხვდები ვინმეს?

- არა, არა, შენც ხომ იცი, რომ ასე არ არის. უბრალოდ, რა ვქნა, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ... მე შენ არ მიყვარხარ, გია.

- ეგ ვიცი. ცოტა ხანს დამაცდი?

- ვნახოთ.

- მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, აი ნახავ.

ამასობაში მუსიკაც დამთავრდა და ჩვენ-ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით. გიას ხასიათი გაუფუჭდა. მეც. თითქოს უბრად ვიყავით ერთმანეთთან. ირგვლივ სიცილ-კისკისის და მამაკაცების როხროხის ხმა ისმოდა, ჩვენ კი ჩუმად ვისხედით და არ ვერეოდით საერთო მხიარულებაში. მექანიკურად გავიხედე იქითკენ, სადაც ჩემი ლურჯთვალება უცნობი მეგულებოდა. სკამი ცარიელი იყო. გული შემიქანდა. ხომ არ წავიდა? ირგვლივ მიმოვიხედე, არსად ჩანდა. ამ დროს თიკოს ხმა მომესმა.

- მაგდა, ერთიც ხომ არ დაგველია?

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გიამ უხალისოდ ჩამოასხა. სადღეგრძელო ლევანმა თქვა, თამადას უკვე აღარ უსმენდა.

- მანდილოსნებს გაუმარჯოს, ჩვენი სუფრის და ქალაქის მშვენებას, - თქვა ლევანმა.

გიამაც ჩაიბურტყუნა რაღაც. ახლა ბოლომდე დავცალე ჭიქა. ყელი ჩამიწვა სასმელმა. უცებ ჩემ წინ იმან გაიარა, თავისი სკამისკენ მიიჩქაროდა. "აქ ყოფილა", - გახარებულმა გავიფიქრე და თავისუფლად ამოვისუნთქე.

- გიუშკი, ნუ ხარ დარდიანი, თორემ მეც გადმომედო, იცოდე, - გიას მხარი გავკარი უცნობის დანახვით გახალისებულმა.

- გამივლის, არა უშავს, - ნაძალადევად გამიღიმა და შუბლი ხელებში ჩამალა.

- რა გჭირს, გიო, ახლა მელანქოლიის დროა? - ლევანმა მხარზე გადახვია ხელი, - გამოფხიზლდი, ბიჭო, ახლა სიყვარულის დროა, - ომახიანად შესძახა და ჭიქა შეუვსო.

მერე კვლავ გამოაცხადა თამადამ მუსიკალური პაუზა.

- წამო, ვიცეკვოთ, - ვუთხარი გიას, თითქოს დანაშაულის გამოსყიდვა მინდოდა.

- არ მინდა, არ გეწყინოს... ხომ გესმის ჩემი... - გიას თვალები ისე უბრწყინავდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ კარგა გვარიანად შეთვრა.

შემეცოდა. ვინანე, ასე რომ ველაპარაკე ცეკვის დროს. რას გადავუწურე ადამიანს იმედი, დავპირებოდი მაინც... მაგრამ არ შემეძლო მისი მოტყუება, ის ამას არ იმსახურებდა.

მერე... მერე მოხდა, რაც მოხდა. "ის" წამოდგა, ერთი თვალის შევლებით დაზვერა სიტუაცია, მაგიდას შემოუარა და ჩვენ მოგვადგა.

- გია ბატონო, შეიძლება შენი სტუმარი საცეკვაოდ გავიწვიო? - მხარზე დაადო უცნობმა გიას ხელი.

- აუცილებლად, აუცილებლად, ჩემი ნებართვა რა საჭიროა, - გია წამოდგა და ოდნავ შებრუნდა მისკენ.

- გთხოვთ, - მარჯვენა გამომიწოდა მამაკაცმა.

რაღაც საშინელება დამემართა, თითქოს წონასწორობა დავკარგე. არა, ეს კონიაკის ბრალი სულაც არ იყო. მე სხვა რამით ვიყავი მთვრალი. მის ხელს ხელი შევაგებე და ასე, ხელიხელჩაკიდებულები მოცეკვავე წყვილებთან აღმოვჩნდით. გული გამალებით მიცემდა. დარბაზის ეს ადგილი თითქმის ჩაბნელებული იყო, სხვადასხვა ფერის სინათლის ფონით ოდნავ ნათდებოდა მხოლოდ. უცნობმა მარცხენა ხელი წელზე მძლავრად მომხვია, მარჯვენაში კი ჩემი მარცხენა ისე მოიმწყვდია, რომ თავისი ცერა თითი ჩემს ხელისგულში ჩამალა. სასიამოვნო ჟრჟოლამ ამიტანა, მუხლები მეკვეთებოდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეში მცემდა. თითქოს მთელი სამყარო ჩემ ირგვლივ დატრიალდა. ჩემზე თითქმის ერთი თავით მაღალი იყო. ცეკვა რომ დავიწყეთ, შევხედე. იგი უკვე მიყურებდა.

- თეთრი მთვარე, - თქვა მან ზუსტად ისე, როგორც მაშინ.

ისევ დამიარა სასიამოვნო ტალღამ. ესე იგი, თეთრ მთვარეს მე მიმასგავსა და არა მაგნოლია.

- რა გქვია? - მკითხა უცნობმა და მომნუსხველი ღიმილი მესროლა.

- მაგდა.

- ლამაზი სახელია... შენსავით... - ახლა უფრო ფართოდ გაიღიმა და თვალებში ჩამაშტერდა.

- შენ რა გქვია? - არც მიკვირდა, რომ შენობით ვსაუბრობდით, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.

- საბა.

- საბა... - გავიმეორე და თვალები მივბნიდე.

- გიას საიდან იცნობ? - იდუმალი ხმით მკითხა.

- სამსახურიდან, - თან ვიცრუე, თან მართალიც ვთქვი, მე ხომ სამსახურში გავიცანი იგი.

- დიდი ხანია მეგობრობთ? - შემპარავად აგრძელებდა ჩემს დაკითხვას.

- არც ისე, - არ დავუკონკრეტე და გიასკენ გავიხედე, იგი ისევ ხელებში თავჩარგული იჯდა და ჩვენკენ საერთოდ არ იყურებოდა.

- მაშინ რატომ არ მოხვედი, მაგდა, რატომ მომატყუე?

ალმური წამეკიდა. ამოვიოხრე და თავი გავაქნიე.

- არ მომიტყუებიხარ, გეფიცები. უბრალოდ, დამაგვიანდა. ტრანსპორტში რომ ავედი, მერე დაგინახე, ოპერის ბაღიდან როგორ გამოხვედი. მე მაინც დავბრუნდი უკან, მაგრამ არ დამხვდი. ეს იმის ბრალია, რომ დავაგვიანე, თუმცა ჩემი ბრალი არ იყო, პაციენტი მყავდა და...

- ექიმი ხარ?

- ექიმი-ფსიქოლოგი. შენ?

- მე? მე... პროფესია არა მაქვს, არც სამსახური. ერთი სიტყვით, ცუდი ბიჭი ვარ. ესე იგი, მოხვედი, არა? - კვლავ ძველ თემაზე გადაიტანა საუბარი.

- ჰო, მოვედი. ისიც მახსოვს, რა გეცვა. გითხრა?

- არა, არ მინდა. მჯერა შენი.

მე და საბა ნელა ვირხეოდით. მას, ყველა სიკეთესთან ერთად, საოცარი პლასტიკა ჰქონდა. ისე კარგად ავუწყვეთ ფეხი ერთმანეთს, თითქოს წლების განმავლობაში წყვილში გვეცეკვოს. უდიდეს ნეტარებას განვიცდიდი მისი სიახლოვით. ეს ღვთაებრივი სიამოვნება იყო. გადავწყვიტე, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რაც მასში ემოციას აღძრავდა ან ვნებას. თავი ავწიე და "შემთხვევით" ჩემი ღაწვი მის ნიკაპს შევახე. სხეული უფრო გამიხურდა, კიდევ ერთხელ ჩავიქნიე ნამუსზე ხელი და ახლა მკერდით გავეხახუნე. უცებ მისი მარცხენა ხელი ამოძრავდა, უფრო მოხერხებულად ჩაბღუჯა ჩემი წელი და მძლავრად მიმიკრა გულზე.

- კარგია, როცა სასიამოვნო მამაკაცთან ცეკვავ, - ტუჩები ახლოს მივუტანე ყურთან და ვუჩურჩულე, - დიდი ხანია, მსგავსი რამ არ განმიცდია, - კონიაკმა ისე გამათამამა, ახლა ყველაფრის სათქმელად მზად ვიყავი.

კვლავ ვიგრძენი საბას ხელის მოძრაობა ჩემს სხეულზე. მისმა თითებმა ნელ-ნელა მაღლა აიწია და ჩემს მკერდს ქვემოთ დაიდო ბინა, ხოლო მარჯვენა ხელის ცერა თითი წრიულად ამოძრავდა ჩემს ხელისგულზე. საბა არაფერს ამბობდა, თავის სათქმელს მხოლოდ თითებით გამოხატავდა. თვალები დავხუჭე და კვლავ შევეხე ნიკაპზე.

- მე შენ გელოდი, დიდხანს ვიცადე მაშინ გაჩერებაზე, მაგრამ... მერე კი გეძებდი, მთელ თბილისში გეძებდი და ვერ გიპოვე. არ მეგონა, თუ ისევ გნახავდი... როგორ ფიქრობ, ეს ბედისწერაა? - ალაპარაკდა იგი.

- ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ... ის მაგნოლია დღესაც შენახული მაქვს, - ლოყას არ ვაშორებდი მის ნიკაპს.

- შენახული? გინდა მითხრა, რომ აქამდე გაძლო? - ყურთან მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი.

- არა, მალევე გახმა, მაგრამ წიგნში მაქვს ჩადებული. იცი? ის დღე არასდროს დამავიწყდება. ასე მგონია, საუკუნეა, ერთმანეთს ვიცნობთ.

- მეც ასე მეჩვენება.

ახლა ჩემს მარცხენა ძუძუსთან ამოძრავდნენ მისი თითები. ვგრძნობდი, როგორ გადმოდიოდა ვნების უხილავი ტალღები მისი სხეულიდან ჩემში.

- მომწონს შენისურნელი, უცხო რამეა, - თქვა მან.

ეს სუნამო გიამ მაჩუქა. სწორედ ის დავიპკურე დღეს, სანამ წამოვიდოდით.

- გიამ გაჩუქა?

- ჰო, - ვთქვი და ამოვიოხრე, არ მინდოდა მომეტყუებინა.

- მას კარგი გემოვნება აქვს, თვითონაც კარგი ბიჭია.

- ჰო, - გავიმეორე და მზერა ავარიდე.

- გიყვარს? - მკითხა მოულოდნელად.

- ვინ, გია?

- გია, აბა სხვა ვინ?

- არა, გია არ მიყვარს.

- სხვა ვინმე გიყვარს?

კითხვა უპასუხოდ დავტოვე. დიდი სიამოვნებით ვეტყოდი, შენ მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ ახლა არ ღირდა, ყალბად გამომივიდოდა.

- ქალს რომ გავიცნობ, მაშინვე ვგრძნობ, დაახლოებით რომელ სურნელს ანიჭებს უპირატესობას.

- ამჯერად არ დაგეთანხმები. ეს სუნამოები მაჩუქეს და მხოლოდ იმიტომ მაქვს, თორემ ჩემი სურვილით არ შემირჩევია.

- მოგართვეს, არა? - გაიღიმა, ჩემი მარჯვენა ხელი მხარზე დაიდო და ახლა მკლავები მომხვია წელზე, - დაივიწყე, ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, - თქვა და... მუსიკაც მიწყდა.

- მორჩა, - ისე ამოვიოხრე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე.

- რა სამწუხაროა. ვინ იცის, ოდესმე კიდევ მეღირსება შენთან ცეკვის სიამოვნება?

- რატომაც არა, მთავარია მონდომება, - მრავლისმეტყველი თვალებით შევხედე.

- გია კარგი ადამიანია, კარგი მეგობარიც, - რატომღაც ხაზგასმით თქვა და მივხვდი, რატომაც - მიმანიშნა, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება ეჭვქვეშ დგებოდა.

ბარიერი, რომელიც გიას სახით გვეღობებოდა წინ, ადვილად გადასალახი არ იქნებოდა...

გაგრძელება