ონლაინრომანი "თეთრი მთვარე"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ბანკეტი თითქმის შუაღამემდე გაგრძელდა. მე და საბას მეტჯერ არ გვიცეკვია. გია დათვრა, თანაც ისე, რომ ფეხზე ვერ იდგა. შეუძლებელი იყო, საჭე ემართა. რაღაც უნდა მეღონა. ლევანი გავიხმე გვერდზე, რომ დავლაპარაკებოდი. ამ დროს საბაც მოგვიახლოვდა.
- მოხდა რამე? - ლევანს ჰკითხა.
- ჰო, გია ისეთი მთვრალია, საჭეს ვერ დაიმორჩილებს. შეწუხდა მაგდა, ახლა გამოსავალს ვეძებთ.
- მე წაგიყვანთ, რა პრობლემაა?
- მერე შენ? შენც ხომ მანქანით ხარ, - ლევანმა ჯერ მას შეხედა, მერე - მე.
- არა უშავს, ამათ მე წავიყვან და აქ დაცვის რომელიმე ბიჭს ვთხოვ, უკან გამომყვეს გიას მანქანით.
- მერე დაცვა უკან რითი დაბრუნდება?
- ტაქსით, რა მოხდა, გია უცხო ხომ არ არის, აბა რისთვის ვართ მეგობრები? - მხრები აიჩეჩა საბამ.
გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ღმერთო, შენ მიშველე, ოღონდ არ გადაიფიქროს. ვიცოდი, იგი შინ პირველად გიას მიიყვანდა და კიდევ ერთხელ მომიწევდა მასთან მარტო დარჩენა. მეც ეგ მინდოდა. თავს ვერ ვიმორჩილებდი სიხარულისგან.
- რა ვიცი, საბა, თუ მაგ სიკეთეს იზამ... მთავარია, შენ არ გაგიფუჭდეს საქმე. მაგდასი მერიდება, თორემ გიას მეც მივიყვანდი სახლში. მაგრამ მანქანას აქ ხომ არ დატოვებს, რა ვიცი...
- ჩათვალე, რომ ეს საქმე მოგვარებულია. მე მომანდე მაგდას და გიას დაბინავება. ყველაფერი კარგად იქნება.
- აგაშენა ღმერთმა, მაშინ აღარ ვინერვიულებ და ამ ლამაზ გოგოსაც შენ გაბარებ. გიას უკვე გონი აღარ ეკითხება.
- არა უშავს, საკუთარი თავივით გავუფრთხილდები ორივეს.
- შენ რას შვრები, დღეს ვეღარ გამოგელაპარაკე წესიერად, როდის მიდიხარ?
- ჯერ არ ვიცი, აქაც უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, ჯერ არ გადამიწყვეტია.
- მოკლედ, ჩაგვაბერდი ხელში ამ გადაფრენ-გადმოფრენაში.
- რას იზამ, ასეთია ცხოვრება, - გაიღიმა საბამ და მალულად გამომხედა.
მათი საუბრიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი - საბას ხშირად უწევდა ქალაქიდან გასვლა. თუმცა სად, რატომ და რამდენი ხნით, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩებოდა. ეს არ მომეწონა, თუმცა არ შევიმჩნიე.
ავჩქარდი. რადგან საბამ გადაწყვიტა ჩვენი წაყვანა, ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი რესტორნიდან. ლევანმა და საბამ გია ძლივს წამოაყენეს და, რომ იტყვიან, კი არ ჩასვეს, ჩადეს მანქანის უკანა სალონში. მანქანაც არის და მანქანაც! საბას უძვირფასესი ავტომობილი "ნისანის" ჯიპი აღმოჩნდა, მუქი ნაცრისფერი, ერთ-ერთი ბოლო მოდელის. საიდან ასეთი ძვირად ღირებული ფუფუნება? რას წარმოადგენს? რა პროფესიისაა? აკი უმუშევარი ვარო? მთელი ცხოვრება რომ ვიმუშაო, ცხვირით მიწა რომ ვჩიჩქნო, ასეთი მანქანის ფულს ვერასდროს დავაგროვებ. ვინ არის? ინტერესი მკლავდა.
მე წინ დავჯექი, საბას გვერდით. გზა ისე გავლიეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. დაცვის ერთ-ერთი წევრი უკან მოგვდევდა გიას მანქანით.
- ჯერ გია მივიყვანოთ, წინააღმდეგი ხომ არ იქნები? - მკითხა საბამ.
- არა, რა თქმა უნდა, ასე აჯობებს, - დავეთანხმე.
გული ამოვარდნაზე მქონდა. ლოყები მიხურდა სიმხურვალისგან. საბა მთელი სისწრაფით მიაქროლებდა ჯიპს.
- იცი, სად ცხოვრობს?
- ვიცი რომელია, მთელი სტუდენტობა ლამის მის სახლში გვაქვს გატარებული. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ, - ღიმილით გადმომხედა.
თვალი ავარიდე. მისი შემოხედვა მაბნევდა. ასე მეგონა, სულში მიძვრებოდა და ყველაფერს დაწვრილებით კითხულობდა, რაც იქ ხდებოდა. იქ კი... იქ ნამდვილი ქაოსი სუფევდა...
გია ვაკეში ცხოვრობდა. მის სახლს რომ მივუახლოვდით, საბამ სვლა შეანელა და სადარბაზოსთან ახლოს გააჩერა მანქანა. მან და დაცვის ბიჭმა ძლივს გადმოიყვანეს გია, რომელსაც უკვე ჩასძინებოდა და ლამის იყო, მხარზე გადაკიდებული შეიყვანეს სადარბაზოში.
- მალე დავბრუნდები, შენ არ მოიწყინო, - მომაძახა საბამ და ორივენი "გემრიელი ტვირთით" კიბეს აუყვნენ.
ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ისინი რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ ვიღაც ქალთან ერთად.
- დიდი მადლობა, შვილებო, გაიხარეთ, დალოცვილი იყავით. კიდევ კარგი, საბუნია, სახლამდე რომ მოაცილე, თორემ ამის ჯავრი მომკლავდა ამაღამ, - ვიშვიშებდა ქალი.
დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ეს ლამაზი ქალბატონი გიას დედა იქნებოდა. კარი გავაღე და ზრდილობის გულისთვის მანქანიდან გადავედი. ამასობაში საბამ რესტორნის თანამშრომელი გააცილა, ტაქსი რომ გაეჩერებინა.
- გამარჯობათ, ქალბატონო, - მივესალმე მომავალ "სადედამთილოს".
- გაგიმარჯოს, დედა, შენ რომელი ხარ, ვერ გიცანი...
- მე... მე მაგდა ვარ, გიას მეგობარი.
- უიმე, უიმე, მაგდა, შვილო, როგორა ხარ, გენაცვალე? რა კარგი გოგო ყოფილხარ, ტყუილად არ არის თურმე ჩემი ბიჭი შენზე გადარეული. აბა, ახლა ასეთ სიტუაციაში უნდა გაგვეცნო ჩვენ ერთმანეთი? გიას რა ვუთხარი, რა დაემართა, კაცო, რა დალია ამისთანა, ასე რამ დაათრო, ვერაფერი გამიგია, - ვიშვიშებდა შეწუხებული ქალი, თან ბოდიშს მიხდიდა...
საბა ორიოდე წუთში დაბრუნდა. როგორც იქნა, დავემშვიდობეთ გიას დედას და გზა გავაგრძელეთ.
- ახლა საით? - მკითხა საბამ.
ავუხსენი, საითაც უნდა წასულიყო, თან ხმა მიკანკალებდა. ამჯერად საბას ნელა მიჰყავდა მანქანა, სულაც არ ჩქარობდა. მეც მინდოდა, რაც შეიძლება დიდხანს გაწელილიყო ჩვენი მარშრუტი, ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და იმწუთას სხვა სურვილი არ მამოძრავებდა.
მან კიდევ ერთხელ გამომხედა, ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა. არ შევიმჩნიე. ცოტა ხანში კვლავ გამომხედა. ვეღარ მოვითმინე და მეც შევხედე. ისევ მომნუსხა მისმა თვალებმა, რომელიც ღამის შუქზე მომაჯადოებლად უბრწყინავდა. ვეღარ გავუძელი მის მზერას და წინა გავიხედე. უცებ საბამ მარჯვენა ხელი უშვა საჭეს და ჩემკენ გამოსწია. თრთოლამ ამიტანა. სიბნელეში მისმა თითებმა ადვილად იპოვეს ჩემი გაყინული თითები და... გადაიხლართნენ ერთმანეთში. ვნების ტალღამ მთელ სხეულში დამიარა, ეს სიამოვნების კულმინაცია იყო. მისი თითები არ ისვენებდნენ, არც ჩემი. საბამ კიდევ უფრო შეანელა სვლა, მერე ცენტრალური გზიდან გადაუხვია და სადღაც, ქუჩის ყველაზე ბნელ ადგილას გააჩერა მანქანა. სუნთქვა შემეკრა. "ახლა დაიწყება", - გავიფიქრე სიამოვნებისაგან "დაზაფრულმა" და თვალები მექანიკურად დავხუჭე.
- შეგიძლია მაკოცო? - საბას ხმამ გამომაფხიზლა.
თხოვნის გამეორება არ დამჭირვებია. თითქოს ამას ველოდიო, მისკენ გადავიხარე და პირდაპირ ტუჩებზე დავაკვდი. რა ცხელი და ვნებიანი ტუჩები ჰქონდა... დიდხანს, ძალიან დიდხანს, უსასრულოდ ვკოცნიდით ერთმანეთს. ეს სწორედ ის იყო, რასაც წლების განმავლობაში ველოდი. ოდესღაც მსგავსი რამ მხოლოდ ლუკამ მაგრძნობინა, ახლა კი თითქოს მეორდებოდა ყოველივე. სრული ნეტარება, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რასაც განვიცდიდი. ბედნიერებისაგან გათანგულმა სრული თავისუფლება მივანიჭე მამაკაცის ტუჩებს და ისინიც ნება-ნება მოგზაურობდნენ ჩემს ღაწვებზე, ბაგეებზე, ყელზე... მოღეღილ მკერდზე. ამ უკანასკნელზე რომ შემეხო, თავი ვერ შევიკავე და კვნესა აღმომხდა. ეს ის წერტილია, რაზე შეხებაც ბოლომდე მაგიჟებს, ყველაფერს მავიწყებს... დაიწყო თავაწყვეტილი ალერსი...
არ მინდოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, არ შემეძლო და არც მსურდა მოძალებული ვნების მოთოკვა. დრო თითქოს გაჩერდა.
- დიდი ხანია მინდოდა შენთვის მეკოცნა, - თქვა საბამ და ამ სიტყვებით "წუთშესვენება" გამოაცხადა.
- ჩვენ ხომ დღეს გავიცანით ერთმანეთი, - ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
- სამაგიეროდ, დიდი ხნის წინ შევხვდით ერთმანეთს. გამოგიტყდები და, როგორც კი დაგინახე, მაშინვე ეს სურვილი დამებადა, - შემომცინა მამაკაცმა, - თუმცა მაშინ როგორ მივცემდი თავს ამის უფლებას. ალბათ ადგილზე მიმაკლავდი.
- არა, რატომ... მე...
- ანუ შემეძლო მეცადა?
- ეგ არ მითქვამს.
- მაშინ მითხარი, რისი თქმა გინდოდა.
- არ ვიცი... - ალმური წამეკიდა სახეზე. კიდევ კარგი, სიბნელე იყო და საბა ჩემს ალეწილ სახეს ვერ ხედავდა.
- გზა გავაგრძელოთ, თუ... - ეშმაკურად მოჭუტა თვალები მამაკაცმა.
მივხვდი, "თუ"-ში კოცნის გაგრძელება იგულისხმებოდა. დიდი სიამოვნებით დავრთავდი ამის ნებას, მაგრამ შემრცხვა, რამე ისე არ იფიქროს-მეთქი და პირველი ვარიანტი ვარჩიე.
- გზა, - მოკლედ მოვჭერი და თმა გავისწორე.
- გასაგებია, რა გაეწყობა, როგორც შენ იტყვი, ისე იქნება, ნება შენია, ყველაზე ლამაზო ლედი, - პოეტურად წარმოთქვა და მანქანა დაქოქა.
მთელი სხეული მიხურდა. ყელსა და სახეზე ისევ ვგრძნობდი საბას ტუჩების ნაკვალევს, თითქოს მეწვოდა ის ადგილები, სადაც მამაკაცმა კოცნის "ნაფეხურები" დატოვა. მან სიბნელეში კვლავ მონახა ჩემი თითები და თავის ხელისგულში მოიქცია. თვალები მივლულე. ნეტავ არასდროს დამთავრდეს ეს გზა, ნეტავ მანქანა გაუფუჭდეს ან... რომ შემომთავაზებდეს, სიამოვნებით გავყვები, სადაც მეტყვის, ახლავე ჩავუგორდები ლოგინში, ოღონდ კი მოისურვოს. არ მაინტერესებს, რას იფიქრებს, რა წარმოდგენა შეექმნება ჩემზე. მინდა, მინდა მასთან ყოფნა და რა ვქნა, ვეღარ ვერევი თავს. რატომ ვუთხარი, გზა გავაგრძელოთ-მეთქი, ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავით ერთად, არ შეიძლებოდა?
- მეშინია ყველაფერი არ გავაფუჭო ამ ერთ ღამეში, - თქვა უცებ, თითქოს ჩემს ფიქრებს ჩასწვდაო.
შევკრთი. რატომ ამბობს ამას?
- რა უნდა გააფუჭო? - გავბედე და ვკითხე.
- პირველ რიგში, შენი და გიას ურთიერთობა.
- ჩვენ შორის არაფერი ისეთი არ ხდება, - დავიცავი თავი.
- ასეთი? - გამეხუმრა.
- არც ასეთი და, საერთოდ, ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ და მეტი არაფერი. სიყვარულზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა. არასდროს, - დავაზუსტე.
- მაგრამ ოდესმე ხომ ალაპარაკდება?
- არა მგონია... მისთვის ამის საბაბი არ მიმიცია და... არც მივცემ.
- ალბათ მაინც აჯობებს, გიამ არ გაიგოს ის, რაც...
- დამოძღვრა არ მჭირდება, ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, - უხეშად გავაწყვეტინე დაბოღმილმა.
- გეწყინა, არა?
- ისე, რა.
- მაპატიე, ცუდად გამომივიდა.
- არა უშავს, ხდება ხოლმე.
- ხომ მაპატიებ?
- უკვე გაპატიე, ნუ მებოდიშები.
- არა არ მაპატიე და რომ იცოდე, მიხარია კიდეც.
- რატომ?
- რატომ? იმიტომ, რომ პატიება სხვა რამეს ნიშნავს.
- რას?
- იმას, რომ უკვე ყველაფერი დასრულებულია.
- როგორც ჩანს, ღრმა ფილოსოფიური აზრი დევს ამაში.
- არა, ეს უბრალო ჭეშმარიტებაა, თუ დაუკვირდები, ადვილად მიხვდები.
საბამ ჩემი "დატყვევებული" თითები ტუჩებთან მიიტანა და ეამბორა - დიდხანს, ხანგრძლივად.
- ამათ გარეშე რა გაძლებს, გამიჭირდება. მინდა ეს იცოდე, მაგდა, - ხმაშეცვლილმა თქვა.
"შენც ნუ დარჩები მათ გარეშე, - გავიფიქრე, - თუ მოისურვებ, მუდამ შენთან იქნებიან".
- ადამიანის კლონირება რომ შეიძლებოდეს, ვერავინ დამასწრებდა, - გააგრძელა საბამ, - და ჩემზე ბედნიერი კაცი მეორე არ იქნებოდა ამქვეყნად.
- შენი აზრით, კლონირებულ მაგდას უფრო ეყვარები? - ძალაუნებურად წამომცდა.
- უფრო? ეს რას ნიშნავს, რომ ნამდვილ მაგდას ვუყვარვარ? - მოულოდნელად დაამუხრუჭა, ხელი შემიშვა და გამომცდელად შემომხედა.
ენა ჩამივარდა. ეს რა წამომცდა? არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ცოტა ნაადრევი ხომ არ არის? იქნებ ეს მხოლოდ სექსუალური ლტოლვაა და მეტი არაფერი? იქნებ არც მიყვარს?
- ჰა, მაგდა, რას ფიქრობს რეალური მაგდა? შენს პასუხს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ჩემს ცხოვრებაში.
- არ ვიცი... ჯერ არ ვიცი, - თავი შევიკავე ნაჩქარევი დასკვნებისგან.
- აი, კლონირებულს კი ეცოდინებოდა, - დაბეჯითებით თქვა და კვლავ დაქოქა მანქანა.
თითები, რომელიც საბას ჰქონდა ჩაბღუჯული, თითქოს გამეყინა. საოცარი სიცივე ვიგრძენი. ამასობაში სახლს მივუახლოვდით. საბამ მანქანა გააჩერა.
- მგონი, მოვედით, - ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლა.
- ჰო, მოვედით.
- რა სამწუხაროა, ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემა შენი ნახვის შესაძლებლობა, - ისე ხმადაბლა გამოუვიდა ნათქვამი, ძლივს გავიგონე მისი სიტყვები.
- მე არსად დავიკარგები, - "გავამხნევე".
- ვიცი, ვიცი, მაგრამ... მე ცოტა სხვა მხრიდან ვუყურებ ამ ამბავს. ვნახოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ბინამდე მიგაცილებ, კარგი? უხერხული ხომ არ იქნება?
- არა, არა, მარტო ვცხოვრობ, არავინ მაკონტროლებს... ჯერჯერობით, ასე რომ... - გავიცინე.
საბამ ჯიპი დისტანციური მართვის პულტით ჩაკეტა და ჩემთან ერთად წამოვიდა... აკანკალებული თითებით ძლივს მოვარგე გასაღები საკეტს.
- აბა, კარგად, იმედია, აღარ გჭირდები...
- შემიძლია ყავაზე დაგპატიჟო, თუ არ გეჩქარება, - შევაპარე.
თითქოს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. მერე შეყოყმანდა, გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ჯერ დოინჯი შემოიყარა, მერე ჯიბეში ჩაიწყო ხელები და თავი ჩაღუნა.
- იცი? უმჯობესია, წავიდე, თორემ ნამდვილად დიდ სისულელს ჩავიდენ, პასუხისმგებელი არ ვარ ჩემს საქციელზე, - ასწია ბოლოს თავი და დამნაშავესავით შემომხედა.
- მე ვაგებ პასუხს... - გაბედულად წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.
- რაზე?
- რომ ეს სისულელე არ იქნება.
- დარწმუნებული ხარ? - თავი გვერდზე გადახარა.
- ისე, როგორც არასდროს.
- მე შენ მაგიჟებ, მაგდა, რატომ ცდილობ ამას?
- სულაც არ ვცდილობ, ეს თავისთავად ხდება, - თანდათან გავთამამდი.
- არ გეშინია, ხვალ ყველაფერი ინანო?
- არ ვინანებ.
- ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ არის მშვენიერი ლედი?
- ამ შემთხვევაში არა, - ამასობაში კარი გავაღე, შევედი, შუქი ავანთე და განზე დავდექი, რითაც მივანიშნე, შემოდი-მეთქი.
შეყოვნდა. კარგა ხანს დაჟინებით მიმზერდა, მერე ერთი ამოიხვნეშა, მიიხედ-მოიხედა და... თითქოს ვიღაცას ემალებაო, ისე შემოიპარა, ქურდულად.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს სამოთხეში, - თქვა ღიმილით და ოთახი შეათვალიერა, - რა სილამაზეა, მომწონს აქაურობა.
- მეც მომწონს, ძალიან ვეცადე, კომფორტულად მომეწყო ჩემი ბუნაგი, - ვთქვი და კარი ჩავკეტე.
- დიდი ხანია, მარტო ცხოვრობ?
- სულ რამდენიმე თვეა.
- იქამდე?
- იქამდე მშობლებთან ვცხოვრობდი, მაგრამ მომბეზრდა. მარტო ყოფნა მირჩევნია.
- ჰო, როცა არის საშუალება, მარტო უკეთესია, - კვერი დამიკრა შეცბუნებულმა.
- დაჯექი, მე ყავას მოვადუღებ, - დავფაცურდი.
- მოიცა, არ გინდა, მე მალე წავალ, - გამაჩერა სამზარეულოსკენ მიმავალი და მაჯაში ჩამაფრინდა.
ვნებამ კვლავ დამრია ხელი. ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან, ერთმანეთის სუნთქვას ვგრძნობდით. თვალებში ჩამხედა. "მინდა", ეწერა იქ. მეტის მოთმენა არ შემეძლო, სხეული თავისი მიიწევდა მისკენ.
- პასუხს შენ აგებ, იცოდე, - ჩურჩულით მითხრა და მძლავრად მიმიკრა მკერდზე.
- მზად ვარ, - ჩურჩულითვე ვუპასუხე და ხელები კისერზე შემოვხვიე თვალებდახუჭულმა...
მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია... იქვე, იატაკზე ჩავიკეცეთ ორივე. კაბის დარდი არ მქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი. საბას სახე არეოდა, გაცხარებული მკოცნიდა, მეფერებოდა... ისე ვყავდი ჩაბღუჯული, თითქოს სადმე გაქცევას ვლამობდი.
- სანატრელო, სანატრელო, - ჩურჩულებდა ვნებისაგან აღრეული, - რა საოცარი ხარ, რომ იცოდე... როგორ მწყურია შენი მოფერება...
- მიყვარხარ, საბა, სიგიჟემდე მიყვარხარ, - უკვე აღარაფრის დამალვას არ ვცდილობდი, მინდოდა ყველაფერი სცოდნოდა.
- მეც, მეც მიყვარხარ... შენ ნამდვილი საოცრება ხარ, - სადღაც შორიდან მესმოდა მისი სიტყვები.
მერე მკერდი მომიღეღა, კაბა ამიწია და შიშველ ფეხზე შემახო ხელი.
- მოიცა, გავიხდი, - ოდნავ წამოვიწიე.
ამის თქმა და... მოულოდნელად გაჩერდა, წამით გაირინდა, დამაცქერდა, მერე კი უცებ წამოდგა და სახეზე მოისვა ხელი წარბშეჭმუხნილმა.
- მე წავალ, - ყრუდ თქვა.
გავოგნდი. არ მახსოვს, როგორ ავდექი, კი არ ავდექი, მგონი წამოვფრინდი იატაკიდან.
- არ წახვიდე, გთხოვ, - მუდარა გაისმა ჩემს ხმაში, თითებით მის პერანგს ჩავაფრინდი.
- უნდა წავიდე, ასე არ შეიძლება. ეს უნამუსობა იქნება ჩემი მხრიდან, - იგი ჩემი ხელების მოშორებას ცდილობდა.
თვითონ არ ვიცი, რა მემართებოდა, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი, თავგზა ამებნა. სირცხვილის ყოველგვარი გრძნობა დავკარგე, მაგნიტივით მიზიდავდა მისი სხეულის მხურვალება, მისი სურნელი, ვნებისაგან მკერდი მითრთოდა. ვიცოდი, ურცხვად ვიქცეოდი, მაგრამ არად დაგიდევდით ჩემს საქციელს, ოღონდ არ წასულიყო, ოღონდ ახლა მარტო არ დავეტოვებინე. ასე მეგონა, არასდროს დაბრუნდებოდა უკან.
- სხვა დროს იყოს, ამით არ მთავრდება ყველაფერი, - იმავე ტონით გაიმეორა.
- სხვა დრო, როგორც ვატყობ, არ იქნება, - დანანებით ვუპასუხე მისი საქციელით განხიბლულმა.
- შენ ასე გგონია? - თავი გვერდზე გადახარა და კვლავ დოინჯი შემოიყარა.
- სამწუხაროდ, - ვთქვი და თვალებში შევხედე.
დიდხანს მიყურა, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. მეც გავუსწორე თვალი, ახლა უკვე არაფერს ვკარგავდი.
- არ მოგეწონე, არა? არა ვარ შენი შესაფერისი, ხომ ასეა? ალბათ უფრო ლამაზი უნდა ვიყო, რომ შეგიყვარდე, ხომ? - წუწუნის მთელი კორიანტელი დავაყენე.
- მართალი ხარ. რომ შეუყვარდე, ლამაზი უნდა იყო, მაგრამ ლამაზი რომ იყო, ამისთვის ვიღაცას უნდა შეუყვარდე.
- ანუ?
- შენ ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებ, ამიტომ მე უკვე შეყვარებული ვარ.
- შენ ჩემზე ლამაზი ხარ, საბა...
- მამაკაცს სილამაზე მხოლოდ ორი კვირით აძლევს უპირატესობას.
- არ გეთანხმები.
- წავედი, წავედი, - ღრმად, კაცურად ამოიხვნეშა და გატრიალდა. კართან მისული შედგა და სანამ გააღებდა, უკანმოუხედავად ჩაილაპარაკა:
- ერთი რამ იცოდე მხოლოდ, მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, ეს არასდროს დაგავიწყდეს, რაც უნდა მოხდეს.
პასუხი არ გამიცია.
- გესმის?
- მესმის.
- ჰოდა, დაიმახსოვრე. მე ძალიან დიდხანს ვეძებდი იმას, რაც შეიძლება ახლა დავკარგო.
- მერე? რა ძალა გადგია, რატომ იტანჯავ თავს? - მისკენ გადავდგი ნაბიჯი.
- არ ვიცი, ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ მაქვს.
- და როდის გექნება? - მივუახლოვდი. იგი არ შერხეულა, კვლავ ზურგშექცევით იდგა.
- არც ეგ ვიცი. დაველოდოთ და ვნახოთ, - თქვა, კარი გააღო და გავიდა.
კარს მივეყრდენი და შუბლი ცივ რკინას მივადე. თითქოს ჩემი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, თითქოს კიდევ ერთი ეტაპი ერთდროულად დაიწყო და დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში...
* * *
იმ ღამეს ალბათ სულ ორი საათი მეძინა. იმდენად დაძაბული ვიყავი, წავთვლემდი თუ არა, მაშინვე მეღვიძებოდა. გულზე თითქოს მძიმე ლოდი მედო, თითქოს სუნთქვას მიშლიდა. მეორე დღეს განადგურებული წავედი სამსახურში, სახეზე ფერი არ მედო. მსუბუქი მაკიაჟი მაინც გავიკეთე, მთლად მიცვალებულს რომ არ დავმსგავსებოდი. მაიკოს, როგორც ყოველთვის, ჩემი უგუნებობა არ გამოჰპარვია. გაკვრით მოვუყევი, ბანკეტზე რაც მოხდა, ჩემს ბინაში მომხდარი ამბების გამომზეურებას კი მოვერიდე. თუმცა არა იმიტომ, რომ მას არ ვენდობოდი, უბრალოდ, არ მინდოდა ეფიქრა, რომ პირველსავე შემხვედრს კისერზე ვეკიდებოდი.
- გამოჩნდება, აი ნახავ, - დაბეჯითებით თქვა მაიკომ, მოყოლა რომ დავამთავრე.
- რაღაც არა მგონია, მე მაგის ბედი არა მაქვს, - ხელი ჩავიქნიე.
- თუ არ მოვა და თავის თავს დააბრალოს, მე შენ გეტყვი და, შენნაირს ყოველდღე შეხვდება ქუჩაში.
- მას გიას მომენტი უფრო აფერხებს, იცი?
- მერე რა, შენ ხომ იგი გიამდე გაიცანი, თავის გასამართლებელი საბუთი გაქვს. იმან რა იცოდა, გია თუ გამოჩნდებოდა?
- ასეც არის, მაგრამ ხომ არ დავაძალებ, თავისი საქმისა თვითონ იცის. მე ვერაფერს შევცვლი.
- მაგაზე ნუ ინერვიულებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გსურს. ძლივს ვიღაცა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. რადგან მეორეჯერაც შეგახვედრა ღმერთმა, ესე იგი, ამ ურთიერთობას გაგრძელება უწერია.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ კარი გაიღო და ოთახში გიამ შემოყო თავი - ნაბახუსევმა, თვალებჩაწითლებულმა.
- შეიძლება? - დამნაშავესავით იკითხა.
- მობრძანდით, თქვენთვის ყოველთვის შეიძლება, - შესცინა მაიამ და წამოდგა, - მე წავალ, მაგდა, საქმეს მივხედავ.
მაიკო გავიდა. გია სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა.
- გუშინ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა ასე... - ჩაილუღლუღა.
- რას მებოდიშები, არა გრცხვენია? მერე რა მოხდა, ვინ არ დამთვრალა... - ხელზე დავადე ხელი.
- ვიცი, არ მაპატიებ, მით უმეტეს, იმ საუბრის შემდეგ. ალბათ შენთან მოსასვლელი ყველა გზა მოვიჭერი, არა? - თავი ასწია და გაუბედავად შემომხედა.
დავიბენი. კარგი შანსი კი მეძლეოდა, მასთან იმწუთშივე გამეწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ შემეცოდა. არ ვიცი, რატომ ვერ გავიმეტე.
- ნუ სულელობ, ეგ სიმთვრალე არაფერს წყვეტს. ხომ გითხარი, ისეთი არაფერი მომხდარა-მეთქი. მეც დამილევია და დავმთვრალვარ, მერე რა?
- უგონოდ? - გაიცინა.
- უგონოდ არა, მაგრამ... კარგი, კარგი, არ გვინდა ამაზე საუბარი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
- მითხარი, როგორ გამოვასწორო გუშინდელი შეცდომა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
- არაფერი არ არის საჭირო, ტყუილად მიხდი ბოდიშს. ჩვენ ძველებურად კარგ მეგობრებად დავრჩებით. ჰო, მართლა, დედაშენი რომ გავიცანი, გითხრა?
ამის გაგონებაზე ოდნავ გამოცოცხლდა.
- იცი, დედას როგორ მოეწონე? შენ როგორ შეგიყვ... შენ როგორ შეგიყვარებს ასეთი გოგოო, მითხრა, - შეასწორა გიამ წინადადება.
- იმ გოგოს მე უკვე ვუყვარვარ-თქო, ვერ უთხარი?
ამის გაგონებაზე გია დაიძაბა. მივხვდი, რაც გაიფიქრა და სასწრაფოდ დავაყოლე.
- მეგობრულად, რა თქმა უნდა, - და თვალი ავარიდე.
- ჰო, ასეა, ეგ იცის, ჩემი თქმა რაში სჭირდება. მთხოვა, ერთხელ ჩვენთანაც ამოიყვანეო. თუ შენთვის უხერხული და უსიამოვნო არ იქნება, ვეწვიოთ, როცა თავისუფალი დრო გექნება.
- აუცილებლად, დედაშენი ისეთი კარგი ქალია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი მის უფრო ახლოს გაცნობაზე, ოღონდ ამ დღეებში არა, ცოტა მაცალე, კარგი?
- კი ბატონო, რა პრობლემაა. როცა შენ იტყვი. ეჰ, წუხანდელი საქციელი თავიდან არ ამომდის. საბასთანაც ცუდად გამომივიდა, შევრცხვი ამხელა კაცი. თუმცა მას დიდი ხანია ვიცნობ და გამიგებს. დილით რომ დავურეკე და მობოდიშება დავუწყე, სიცილით მოკვდა, აქეთ დამანამუსა.
- ელაპარაკე საბას? - ალმური წამეკიდა სახეზე, გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
- ჰო, ერთი საათის წინ. მისი არ მერიდება, მაგრამ აი შენთან თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში.
- ჰოდა, რადგან ასეა, შენი საქციელის გამოსასწორებლად ორივე დაგვპატიჟე სადმე და გულზეც მოგეშვება, - სიცილით ვთქვი, თან სმენად ვიქეცი, ამაზე რას იტყვის-მეთქი.
- ეგრეც ვიფიქრე, მაგრამ ვერ ვასწრებ. დღეს და ხვალ უამრავი საქმე აქვს, საბუთები უნდა მოაგვაროს საელჩოში, ზეგ კი მიფრინავს.
ლოდი კიდევ უფრო დიდი სიმძიმით დამაწვა გულზე.
- სად მიფრინავს? - ჩამწყდარი ხმით ვიკითხე.
- საფრანგეთში, საბა ხომ იქ მუშაობს.
- იქ მუშაობს?
- ჰო, ძირითადად იქ არის. ექვსი თვე მაინც უწევს პარიზში ყოფნა. მერე ისევ ჩამოდის რამდენიმე თვით და ასე დადის წინ და უკან.
- რას აკეთებს პარიზში? - ცნობისმოყვარეობა გამიმძაფრდა.
- "ნიუხაჩად" მუშაობს მგონი, ზუსტად არ ვიცი.
- რა-ად? - სიტყვის არსს ვერ ჩავწვდი.
- აი, სუნამოების დეგუსტატორები რომ არიან, რა ჰქვია იმ პროფესიას, ქართულად არ ვიცი.
- ა-ა-ა, გასაგებია, - ახლა კი მივხვდი, როგორ შეძლო საბამ ჩემი სურნელის ასე ადვილად გამოცნობა.
- საფრანგეთის მოქალაქეა?
- არა მგონია, მაგრამ იმდენად კარგი სპეციალისტია, რომ მიიწვიეს. ისე, იქ შეისწავლა ეს პროფესია.
- აქ ვინ ჰყავს?
- ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა მგონი აღარ არიან ერთად, მაგრამ შვილი რომ არ ჰყავს, ეგ დანამდვილებით ვიცი.
- აბა ვისთან ცხოვრობს?
- ალბათ მარტო, როცა ერთად ვსწავლობდით, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა დიღომში, ორი წლის წინ კი წერეთელზე ოთხოთახიანი ბინა უყიდია, ბოლო პერიოდში მაგრად აიწყო ცხოვრება, ფული იშოვა, მაგარი მანქანა დაითრია და რა ვიცი, გულაობს კაცი. იქ კოლოსალურ თანხას უხდიან თურმე. მე კი იშვიათად ვხვდები, მაგრამ ლევანისგან ვიგებ ხოლმე მის ამბებს.
- პარიზში ცხოვრება ხუმრობა საქმე არ არის. მე რომ ეგ ბედნიერება მქონდეს, აქეთკენ არც კი გამოვიხედავდი. ნეტავ რისთვის ჩამოდის, ვიცოდე, - საბას ამბები უფრო დაწვრილებით რომ გამეგო, რაღას არ ვლაყბობდი.
- აქაც მუშაობს, ფრანგული სუნამოების საბაზო ქსელი აქვს თბილისში გახსნილი და იმას კურირებს. პარფიუმერიის თითქმის ყველა სერიოზულ მაღაზიას ეგ ამარაგებს.
- შემთხვევით შენც მისგან ხომ არ ყიდულობ? - გამკრა უცებ გონებაში და ეშმაკურად გავხედე.
- ერთი-ორჯერ მეც დამეხმარა. მერე რა?
- არა, არაფერი. გემოვნებით რომ იყო შერჩეული, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ...
- ანუ, შენი აზრით, მე ვერ შევარჩევდი?
- მე ეგ არ მითქვამს. რადგან შენ მოყევი, მეც დავაკავშირე ერთმანეთთან, თორემ შენს გემოვნებაში ეჭვი ერთი წუთითაც არ შემპარვია.
ახლა კი მივხვდი, საიდან იცოდა საბამ, რა სუნამოები მქონდა სახლში, როგორც ჩანს, გია მისი რჩევით ყიდულობდა ჩემთვის ფრანგულ ფლაკონებს.
გია წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- მალე აცივდება.
- ჯერ ადრეა, რა დროს სიცივეა.
- სექტემბერში ყოველთვის ფუჭდება ამინდები.
- სექტემბრამდე ჯერ დიდი დროა...
- არც ისე. შვებულებაში არ გადიხარ?
- ვაპირებ, ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, როდის ჯობია.
- საით უმიზნებ?
- ალბათ ზღვაზე წავალ. ახლა ყველაზე კარგი სეზონია გასარუჯად.
- არ გინდა ერთად წავიდეთ?
- არა, გმადლობთ, - გავიცინე, - მე მარტო არ მივდივარ.
- აბა ვისთან ერთად მიემგზავრები, თუ საიდუმლო არ არის?
- საიდუმლოა, - ხაზი გავუსვი ჩემს ნათქვამს.
- ანუ მეგობარ მამაკაცს გულისხმობ?
- თუნდაც. რა, არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, - გია შეიშმუშნა, ფანჯარას მოშორდა და კარისკენ გასწია, - მე წავალ, მოგვიანებით შეგეხმიანები, თუკი შენი სურვილიც იქნება. ისეთ "პახმელიაზე" ვარ, თავი მისკდება, ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება სადმე გავგორდე.
- ლუდი ჩაარტყი და ისე დაიძინე, ეგ ყველაზე კარგი გამოსავალია.
- ყოჩაღ! შენ საიდან იცი ამდენი?
- ხომ გითხარი, მეც დავმთვრალვარ-მეთქი, არ გჯერა?
- ეგ როდის, მე რომ არ მახსოვს?
- ეგ ადრე იყო, ღრმა ახალგაზრდობაში, შენ კი არა, მეც აღარ მახსოვს, - სიცილი ვერ შევიკავე.
- კარგი, აბა, წავედი და დაგირეკავ, ო კეი?
- ო კეი, არ დაიკარგო, - დავემშვიდობე გიას და კარი გაიხურა თუ არა, სასოწარკვეთილი სკამზე მივესვენე.
საბა, საბა... აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის? არა, არა, წასვლამდე უნდა ვნახო, ასე არ შეიძლება... მაგრამ როგორ? არც სახლი ვიცი მისი, არც ტელეფონი. თვითონაც რომ არ გამომართვა ჩემი მობილურის ნომერი? რა მოვიმოქმედო? ვის დავუკავშირდე? გიას ხომ არ ვთხოვ, მისი ნომერი მომეცი-მეთქი, რა უსინდისო ვარ, ეგ როგორ გავიფიქრე. რაღაც სხვა გზა უნდა გამოვნახო.